საქმე №ა-5451-შ-133-2018 5 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – სს „ხ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო-ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.შიმკენტის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.შიმკენტის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სს ხ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ო-ს“ (საქართველო, ქ-ი, ა–ის ქ. №-...) სს „ხ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 5000 აშშ დოლარის, რაც 1 616 000 ტენგეს ეკვივალენტია, პირგასამტეხლოს – 12300 აშშ დოლარის, რაც 3975 360 ტენგეს ეკვივალენტია და სახელმწიფო ბაჟის – 174410 ტენგეს გადახდა.
სს „ხ-მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.შიმკენტის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 26 თებერვალს და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სს „ხ-ის“ შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.შიმკენტის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. აღნიშნული შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებისა და შუამდგომლობისა და დართული მასალების ასლები შპს „ო-ს“ რამდენჯერმე გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე, მაგრამ ფოსტიდან დაბრუნებული შეტყობინიდან ირკვევა, რომ არცერთ მისამართზე შპს „ო-ს-ი“ არ მდებარეობს.
საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებისა და სს ხ-ის“ შუამდგომლობის თანდართული მასალით შპს „ო-სისათვის“ ჩაბარება, რაც ვერ მოხერხდა.
საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 4 მარტის განჩინებით დადგინდა უწყების ჩაბარება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – საჯარო შეტყობინებით და განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე საჯაროდ გაცნობის მიზნით.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე შპს „ო-ს“ თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სს „ხ-ის“ შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.შიმკენტის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.შიმკენტის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სს „ხ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ო-ს“ (საქართველო, ქ-ი, ა–ის ქ. №-...) სს ხ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 5000 აშშ დოლარის, რაც 1 616 000 ტენგეს ეკვივალენტია, პირგასამტეხლოს – 12300 აშშ დოლარის, რაც 3975 360 ტენგეს ეკვივალენტია და სახელმწიფო ბაჟის – 174410 ტენგეს გადახდა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 26 თებერვალს და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე შპს „ო-ს“ თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.შიმკენტის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ხ-ის“ შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.შიმკენტის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ყაზახეთის რესპუბლიკის ქ.შიმკენტის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ხ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ო-ს“ (საქართველო, ქ-ი, ა–ის ქ. №-...) სს ხ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 5000 აშშ დოლარის, რაც 1 616 000 ტენგეს ეკვივალენტია, პირგასამტეხლოს – 12300 აშშ დოლარის, რაც 3975 360 ტენგეს ეკვივალენტია და სახელმწიფო ბაჟის – 174410 ტენგეს გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე