Facebook Twitter

№ას-729-729-2018 28 თებერვალი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ი.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ შესრულებული სამუშაოს ღირებულების დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ი–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მენარდე) და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, ან შემკვეთი) შორის 2012 წლის 20 ივლისს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #01/10/227 ხელშეკრულება (გამარტივებული შესყიდვა), (იხ. ს.ფ. 18-20. ტ.1), (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს თბილისის იუსტიციის სახლი სპეციალური ალუმინის პერფორირებული ჭერებით უნდა გადაეხურა. მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად, ღირებულება განისაზღვრა 372 350 ლარით (დღგ-ს ჩათვლით), (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629.1 მუხლი).

2. მხარეთა შორის ხელშეკრულებით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის ანალოგიურად, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ 982.95 კვ.მ ლითონის ჭერის მოწყობისათვის, დამატებით, 79 276 ლარის სამუშაოები შეასრულა, რომელიც მოპასუხეს არ აუნაზღაურებია.

3. თბილისის იუსტიციის სახლის მთლიანი ლითონის ჭერი მოსარჩელემ და შპს „ა–მა“ დაამონტაჟა.

4. თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობის, მათ შორის, შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოების ნაწილს ზედამხედველობდა შპს „ს–სი“ (შემდეგში - ზედამხედველი). 2013 წლის 17 სექტემბერს ზედამხედველმა წერილი გაუგზავნა მოსარჩელეს და მიუთითა, რომ, საბოლოო აზომვის შედეგად, ჭერები სრულად 10436 კვ.მ-ია, აქედან, შპს „ა–ის“ მიერ დამონტაჟებული ჭერის ფართი არ აღემატება 4264 კვ.მ-ს, ხოლო მოსარჩელე კომპანიის მიერ დამონტაჟებული რაოდენობა აღწევს 4950+1263+6213 კვ.მ-ს, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო შეადგენს დამატებითი ხარჯთაღრიცხვით 1263 კვ.მ-ს და, შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება 101 862.88 ლარი, ნაცვლად მოთხოვნილი, 122636.90 ლარისა (იხ. წერილი, ს.ფ. 33. ტ.1).

5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 იანვრის ექსპერტიზის დასკვნით, თბილისის იუსტიციის სახლში დამონტაჟებული ლითონის ჭერები საერთო მოცულობით 10203,68 კვ.მ-ია (10203,68-4270,73-4950=982,95 კვ.მ) და მისი მოწყობითი სამუშაოები დასრულებულია მთლიან ფართზე, მათ შორის - სადავო 982.95 კვ.მ-ც. ექსპერტის მიერ კვლევისას გათვალისწინებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 3 დეკემბრის (4950 კვ.მ ლითონის ჭერების მოწყობის დადასტურების შესახებ) და 2014 წლის 18 ნოემბრის (4270,73 კვ.მ ლითონის ჭერების მოწყობის დადასტურების შესახებ) დასკვნები (იხ. დასკვნა, ს.ფ. 129-132. ტ.1).

6. 2015 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, მხარეებს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება შესრულდა ჯეროვნად, რაზეც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. ამის შემდეგ, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე დამატებით, 79 276 ლარის სამუშაოები შეასრულა, რომელიც მოპასუხეს არ აუნაზღაურებია. მისი მითითებით, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვერ მიიღო ამ თანხის დეპოზიტზე განთავსებით მისაღები სარგებელი (წლიური 12%), რაც 2015 წლის 14 სექტემბრამდე, 26 475 ლარია.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ 2012 წლის 20 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების გარდა, სხვა სამუშაოების შესრულებაზე მხარეებს შორის შეთანხმება და, შესაბამისად, დამატებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობები არ არსებობს.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 79 276 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; სარჩელი ზიანის, 26 475 ლარის, ანაზღაურების ნაწილში უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629-ე, 327-ე, 69-ე, 361-ე, 630-ე, 325-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე და 412-ე მუხლები გამოიყენა.

8.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ იუსტიციის სახლის შენობის სახურავზე სამუშაოების შესრულებით, დასტურდებოდა მხარეებს შორის შეთანხმება, ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის თაობაზე, შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა შესრულებული სამუშაოების, 79 276 ლარის, ანაზღაურების ვალდებულება.

8.2. სასამართლოს დასკვნით, მხოლოდ მითითება, რომ თანხის საკრედიტო დაწესებულებაში ანაბარზე განთავსებით მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს, წლიური 12%-ის სახით, არ წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს, რადგან მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას ზიანის ანაზღაურება მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ისე, რომ დაზარალებული უსაფუძვლოდ არ გამდიდრდეს.

9. აღნიშნული გადაყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

9.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე დაადგინა მოსარჩელის მიერ 982.95 კვ.მ ლითონის ჭერების მოწყობის სამუშაოების შესრულების ფაქტი. არ გაითვალისწინა, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელი იყო მხარეთა თანხმობის შემთხვევაში და მხოლოდ წერილობითი ფორმით. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებები/დამატებები არ შეტანილა და არც დამატებითი შეთანხმება არ მიღწეულა. არასწორად დადგინდა, რომ ნარდობის ხელშეკრულებისათვის წერილობითი შეთანხმება არ იყო საჭირო.

9.2. აპელანტის მითითებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 იანვრის დასკვნით, მოსარჩელის მიერ 982.95 კვ.მ ლითონის ჭერების მოწყობა არ დასტურდებოდა, დასკვნა არ ადგენს მოსარჩელის მიერ ექსპერტიზით დაუფარავი ჭერის მიმწოდებლის მიერ შესრულებას. მოსარჩელესა და სააგენტოს შორის დადებულ ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, ხელშეკრულების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის დასადასტურებლად სააგენტოსთვის წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ერვნული ბიუროს შესაბამისი დასკვნა და საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ამასთან, მიმწოდებლის მიერ მითითებული სამუშაოები შემსყიდველს არ მიუღია და სამუშაოების შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი, კონტრაჰენტებს შორის არ შედგენილა.

9.3. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ, მიმწოდებლის მიერ დამატებითი სამუშაოების შესრულება დაადგინა ორი საფუძვლით: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცალმხრივად შედგენილი აქტით და მოწმეთა ჩვენებებით. ხელშეკრულების საფუძველზე ზედამხედველი „იუსტიციის სახლის“ საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას (მშენებლობის დასრულებამდე) ახორციელებდა საკონსულტაციო-საზედამხედველო მომსახურებას და ევალებოდა, კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტების განხილვა, მოცულობისა და ფასების შედარება რეალურად შესრულებულ სამუშაოებთან/კონტრაქტთან და, გადახდის შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა შემსყიდველთან. ამდენად, თუ იარსებებდა მოსარჩელის მიერ დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა და ეს ცნობილი გახდებოდა ზედამხედველისთვის, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო ამის შესახებ ეცნობებინა ხელშეკრულების მხარეებისთვის, რაც არ განუხორციელებია. 2013 წლის 17 სექტემბრის წერილიც მას შემდეგაა დაწერილი, რაც ზედამხედველსა და მეორე მხრივ, მოპასუხესა და სსიპ სამოქალაქო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან დადებულ ხელშეკრულებას, ვადა გაუვიდა. სასამართლო ისე დაეყდნო მოწმის ჩვენებას, რომ არ გამოუკვლევია, არის ან იყო თუ არა იგი ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ზემოაღნიშნული წერილი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 იანვრის დასკვნაში, ექსპერტიზით დაუფარავი ჭერების მოცულობიდან განსხვავებულ მონაცემებსაც შეიცავს. ამდენად, სასამართლო სადავო საკითხის გადაწყვეტისას ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს დაეყრდნო. რაც შეეხება, მეორე მოწმის ჩვენებას, იგი იყო მოსარჩელე კომპანიის თანამშრომელი, რომელიც არ მონაწილეობდა მხარეებს შორის შეთანხმების გაფორმების პროცესში. იგი არც სხვა კონტრაქტორის წარმომადგენელია, რომელიც იუსტიციის სახლის მშებლობისას ჭერს ამონტაჟებდა, შესაბამისად, მისი ჩვენება ვერ მიიჩნევა იმ უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც ვალდებულების არსებობასა და მის შესრულებას დაადასტურებდა. ამასთან, მხოლოდ მოწმის ჩვენების საფუძველზე შეუძლებელია ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

10.1. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო შედავება და საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 იანვრის ექსპერტიზის დასკვნის, ზედამხედველის 2013 წლის 17 სექტემბრის წერილისა და მოწმის ჩვენების) შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ იუსტიციის სახლის შენობის სახურავზე, 982.95 კვ.მ ლითონის ჭერის მოწყობისა და შესაბამისად, 79 276 ლარის, სამუშაოების შესრულების ფაქტობრივი გარემოება.

10.2. პალატამ აღნიშნა, რომ ექსპერტიზა იკვლევდა მასალებისა და გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე დათვალიერების შედეგად მიღებული მონაცემებს ურთიერთშედარების მეთოდით, ხოლო ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვაზე (ლითონის ჭერების რა ნაწილი არ არის დაფარული ექსპერტიზით) პასუხის გაცემის მიზნით, გამოსაკვლევ ობიექტზე შესრულებულია შესაბამისი აზომვითი სამუშაოები და შესწავლილია 2012 წლის 3 დეკემბრისა და 2014 წლის 18 ნოემბრის დასკვნები. პალატამ ყურადღება გაამახვილა დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც აღნიშნულია, რომ 10 203,68 კვ.მ დამონტაჟებული ჭერების (რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანი ჭერი იყო ლითონით მოწყობილი) საერთო მოცულობაა, ანუ ლითონის ჭერი გადაიხურა მთლიან ფართზე, მათ შორის, აპელანტის მიერ სადავოდ გამხდარ 982.95 კვ.მ-ზეც. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ 2017 წლის 10 იანვრის დასკვნა, ადასტურებდა იუსტიციის სახლის სახურავზე, გარდა დადგენილი წესით (ექსპერტიზის დასკვნებით) დადასტურებული სამუშაოებისა, კიდევ დამატებით, 982.95 კვ.მ ლითონის ჭერის მოწყობის სამუშაოების არსებობის (დასრულების) ფაქტს. სააპელაციო სასამართლომ ის გარემოებაც გაითვალისწინა, რომ სამუშაოები არ იყო დადასტურებული შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით, რაც გავლენას არ ახდენდა ფაქტის არსებობის დადგენაზე იმდენად, რამდენადაც ფაქტები შეიძლება დადგინდეს სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 8.1-8.3) და დამატებით განმარტა, უდავოა, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა 2012 წლის 20 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიც შესრულდა. რაც შეეხება დამატებითი სამუშაოების შესრულებას, სააპელაციო პალატამ ფაქტობრივი გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე დაადგინა მოსარჩელის მიერ 982.95 კვ.მ ლითონის ჭერების მოწყობის სამუშაოების შესრულება, ვინაიდან, ხელშეკრულების პირობების ნებისმიერ ცვლილებაზე უნდა გაფორმდეს წერილობითი შეთანხმება, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად ჩაითვლება. არასწორად დადგინდა, რომ ნარდობის ხელშეკულებისათვის წერილობითი ფორმა საჭირო არ იყო. სარჩელზე დართული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა მხარეთა მიერ ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულის გარდა, სხვა სამუშაოების შესრულებისა ან/და დამატებითი სამუშაოების შესრულებაზე ახალი წერილობითი შეთანხმების ფაქტი.

11.1. სასამართლომ მოსარჩელის მიერ დამატებითი სამუშაოების შესრულება დაადგინა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცალმხრივად შედგენილი აქტით, მოწმეთა ჩვენებებითა და ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც დამატებითი სამუშაოების შესრულების ფაქტს არ ადასტურებს, ძირითადი ხელშეკრულების გვერდის ავლით შეაფასა სადავო ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, უფლების გამოყენების კანონიერება.

11.2. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ ისე დაადგინა მოსარჩელის მიერ 982.95 კვ.მ ლითონის ჭერების მოწყობის სამუშაოების შესრულება, რომ დამატებითი შესრულების დასადასტურებლად საქმეში არ წარდგენილა არათუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი, ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა და საგადასახადო ანგარიშფაქტურა, არამედ მიმწოდებლის მიერ ცალმხრივად შედგენილი აქტის შემსყიდველისათვის წარდგენის დამადასტურებელი მტკიცებულებაც.

11.3. კასატორის მითითებით, საქმეში წარდგენილი სიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 იანვრის დასკვნით, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ 982.95 კვ.მ ლითონის ჭერის მოწყობა, ამ დასკვნით პასუხი გაეცა ლითონის ჭერების არსებული საერთო მოცულობის რომელი ნაწილი არ არის დაფარული ექპერტიზით, რაც ცალსახაა, რომ არ ადგენს მოსარჩელის მიერ ექსპერტიზით დაუფარავი ჭერების მის მიერ შესრულებას. არ არის მითითება, რომ დასკვნის მომზადების დროს იუსტიციის სახლის ჭერი ადგილზე დათვალიერდა და ჩატარდა აზომვითი სამუშაოები (აზომვითი ნახაზები, ფოტოსურათები და სხვა). ჭერების საერთო მოცულობის დადგენასთან დაკავშირებით, ექსპერტმა იხელმძღვანელა შპს „ა–თან“ და მოსარჩელესთან დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული მონაცემებისა და წინა დასკვნების მომზადების დროინდელი აზომვითი სამუშაოებით.

11.4. კასატორის მტკიცებით, ვინაიდან, მხარეებს შორის არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა დამატებითი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, არც ხელშეკრულების პირობებზე არ შეთანხმებულან, მათ შორის - არც ხელშეკრულების ფასზეც.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. მოცემულ შემთხვევაში, მენარდე ითხოვს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას. ეს მოთხოვნა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) გამომდინარეობს. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა, რომ დამატებითი სამუშაოს შესრულების თაობაზე მოპასუხესთან ზეპირად დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო (982.95 კვ.მ ლითონის ჭერის მოწყობა) შეასრულა და გადასცა შემკვეთს. მიუხედავად ამისა, შემკვეთი უარს აცხადებს შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 79 276 ლარის ანაზღაურებაზე. მითითებული გარემოებების დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, სამუშაოთა შესრულებაზე ზედამხედველად დანიშნული პირის წერილი და მოწმეთა ჩვენებები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, ზემოხსენებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეასრულების ფაქტი და მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება სწორად დააკისრა.

17. კასატორი/მოპასუხე უარყოფს როგორც დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე შეთანხმების არსებობას, ასევე - თავად სამუშაოს შესრულებას. მისი განმარტებით, სამუშაოს შესრულების თაობაზე მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულება არ დადებულა, ამასთან, ასეთი გარიგება ზეპირად რომც დადებულიყო, იგი მხარეთა უფლება-მოვალეობებს არ წარმოშობდა, ვინაიდან ამ გარიგებისათვის წერილობითი ფორმა იყო სავალდებულო. რაც შეეხება სამუშაოს შესრულებას, ამ გარემოების დამტკიცება, კასატორის მოსაზრებით, სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტით იყო შესაძლებელი, რაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. საკასაციო სასამართლო კასატორის მითითებულ მსჯელობას არ იზიარებს და განმარტავს, რომ ნარდობა ფორმასავალდებულო გარიგებათა კატეგორიას არ განეკუთვნება, რომლის ნამდვილობასაც სამოქალაქო კოდექსი დაუკავშირებდა რაიმე ფორმის დაცვის აუცილებლობას. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონზე კასატორის აპელირება კი, არასწორია, ვინაიდან ამ კანონით გათვალისწინებული გარიგების წერილობითი ფორმით დადება მიმართულია საჯარო მიზნისკენ (სახელმწიფო შესყიდვისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვისკენ) და მისი დაუცველობა კერძოსამართლებრივი გარიგების ბათილობის საფუძველი ვერ გახდება. ზეპირი ფორმით გარიგების დადება კი, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება. საკასაციო პალატა ვერც მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენის აუცილებლობაზე კასატორის პრეტენზიას ვერ გაიზიარებს. რაკი წარდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება მოსარჩელის მიერ სამუშაოს შესრულებისა და შემკვეთის მიერ მისი მიღების ფაქტი (დამონტაჟებულია ლითონის ჭერი, შენობა მიღებულია ექსპლუატაციაში და ფუნქციონირებს), სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა (იმ ვითარებაში, როცა თავად მოპასუხე აცხადებს უარს მის გაფორმებაზე) ამ უდავო ფაქტს ვერ გააქარწყლებს, შესაბამისად, კასატორის ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელია (შდრ. იხ. სუსგ. #ას-989-950-2014, 04.03.2015წ) .

18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები სათანადოდ არ შეაფასეს და დაუსაბუთებლად გაიზიარეს მოსარჩელის მიერ წადგენილი ექსპერტიზის დასკვნის შინაარსიც. პალატა განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებს, რადგან დასკვნაში მითითებულია, რომ ლითონის ჭერის მოწყობითი სამუშაოები მთლიან ფართზე (10203,68-4270,73-4950=982,95 კვ.მ), მათ შორის, სადავო, 982.95 კვ.მ-ზე დასრულებულია და შემკვეთმაც მიიღო შესრულება.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, კასატორის მსჯელობა, რომ მხარეები შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე (ფასზე) არ შეთანხმებულან, უსაფუძვლოა. პალატა განმარტავს, რომ ზედამხედველის მიერ 2013 წლის 17 სექტემბერს მოსარჩელისათვის გაგზავნილ წერილში დეტალურადაა გაწერილი მენარდის შესრულებული სამუშაოც და მისი ღირებულებაც, რაზეც მოპასუხეს/კასატორს არ უდავია წარდგენილი შესაგებლით.

20. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით დაამტკიცა მხარეთა შორის დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე ზეპირი შეთანხმებისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი (სსკ-ის 629.1 მუხლი), ხოლო მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გააბათილა სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტებით (სსსკ-ის 102 მუხლი) და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არ არის საკმარისი საკასაციო შედავების დასაბუთებულად მიჩნევისათვის და განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ანგარიშსწორების ფაქტობრივ საფუძველს ექსპერტიზის დასკვნა, ზედამხედველის წერილი და მოწმეთა ჩვენებები წარმოადგენს.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომც გავიზიაროთ კასატორის მსჯელობა მხარეთა შორის დამატებით სამუშაოს (982.95 კვ.მ ჭერის მოწყობის) შესრულების შესახებ შეთანხმების არარსებობაზე, მოცემულ შემთხვევაში, მაინც იარსებებდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მოპასუხე ვალდებულია, მოსარჩელეს გადაუხადოს მოთხოვნილი თანხა სსკ-ის 987.1 მუხლის (პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა) საფუძველზე. როგორც საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა: უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე“... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე გამდიდრდა, ვინაიდან მან მიიღო მოსარჩელის ხარჯით გაუმჯობესებული ქონება. სსკ-ის 987.3 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნის გამომრიცხველ გარემოებებზე კასატორი არ მიუთითებს, შესაბამისად, იგი ვალდებულია, მის ქონებაზე გაწეული დანახარჯი აუნაზღაუროს მოსარჩელეს (შდრ. სუსგ-ები # ას-1193-1122-2015, 31.05.2016; #ას-74-71-2016, 25.05.2016; 225-215-2016, 25.05.2016, #ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-960-2018, 22.11.2018; № ას-472-448-2013, 05.12.2013).

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: #ას-719-672-2017, 19.07.2017წ; #აs-637-595-2017, 11.07.2017წ).

23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3963.8 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #17201, გადახდის თარიღი 18.06.2018) 70% – 2774.66 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: პ.ქათამაძე

ე.გასიტაშვილი