№ას-928-2018 28 თებერვალი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ვ.ა–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ი.ა.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ნაწილში დავალიანების არარსებობის აღიარება, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლში ნაწილობრივ ცვლილებების შეტანა, გარიგების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება- საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 31 აგვისტოს ი.ა–სა (შემდეგში - მოპასუხე, გამსესხებელი ან კრედიტორი) და ზ.ბ–ს (შემდეგში - თავდაპირველი მსესხებელი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ -ის, 623-ე და 286-ე მუხლები; იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 30-32), შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 7 000 აშშ დოლარი, სესხის დაბრუნების ვადა - 2013 წლის 1 დეკემბერი, სარგებელი - 3.5% თვეში, პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა ქალაქ თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონებიდან მოვალის კუთვნილი შენობა-ნაგებობა #1 და #4, მიწის ნაკვეთთან ერთად, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №..... (შემდეგში - იპოთეკის საგანი).
2. 2013 წლის 31 აგვისტოს იპოთეკის საგანი შეიძინა ვ.ა–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე), (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 38-39).
3. 2015 წლის 15 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით, სესხის თანხა 1000 აშშ დოლარით გაიზარდა, საერთო თანხა განისაზღვრა 8 000 აშშ დოლარით, სარგებელი 3.37%-ით, ხოლო, სესხის დაბრუნების ვადა -2015 წლის 15 ნოემბრით (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 35-37).
4. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხი, რის გამოც მოპასუხემ ნოტარიუსს მიმართა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
5. ამ განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, 2016 წლის 8 ივნისს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 48-51). სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირი თანხა - 8 000 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო (შემცირებული) 1700 აშშ დოლარით (ძირი თანხის 0.03% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო საქმისწარმოების დაწყებამდე), ჯამში - 9700 აშშ დოლარით, ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარით. ვალდებულების შესრულების მიზნით აღსასრულებლად მიექცა მოვალის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
6. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
7. 2016 წლის 21 ივლისს, მოვალემ სარჩელი აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ნაწილში დავალიანების არარსებობის აღიარების, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლში ნაწილობრივ ცვლილებების შეტანისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ სარჩელის შეტანის დროისათვის მოპასუხისათვის გადახდილი აქვს 6370 აშშ დოლარი, რომელშიც შედის 2013 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3 თვის პროცენტი (245*3=735 აშშ დოლარი), ამდენად, ძირითადი თანხის, 5820–735 =5635 აშშ დოლარის ნაწილში ვალდებულება შესრულებული აქვს. რაც შეეხება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ 1000 აშშ დოლარს, იგი მას არ მიუღია.
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ თანხის გადაცემა დასტურდება წერილობითი მტკიცებულებით, რაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, რაც შეეხება 550 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს, მან ეს დაადასტურა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 427-ე, 429-ე, 623-ე და 625-ე მუხლები გამოიყენა.
9.1. საქალაქო სასამართლომ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, რომ მოვალემ ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მან 2013 წლის 31 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორს გადაუხადა 5635 აშშ დოლარი. ამდენად, მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა გამსესხებლისათვის არ დაუბრუნებია.
9.2. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანაზე შეთანხმების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნაც და განმარტა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსესხებელი ვერ მიიღებდა სესხად 1000 აშშ დოლარს, ეს არ წარმოადგენდა ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს, თუკი, თანხა რეალურად არ გადაცემულა, ეს არა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია, არამედ გავლენას ახდენს მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა/არწარმოშობაზე.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
10.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მან გადაიხადა 5635 აშშ დოლარი. სასამართლომ არ იმსჯელა და არ დაადგინა, რა უძღვოდა წინ 2015 წლის 15 ოქტომბრის შეთანხმებას და მიიღო თუ არა მან დამატებით 1000 აშშ დოლარი. სასამართლომ მოპასუხისათვის 550 აშშ დოლარის გადახდის ფაქტიც არ გაითვალისწინა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
11.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება (წინამდებარე განჩინების 9.1-9.2 პუნქტები) და დამატებით აღნიშნა, რომ 5635 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების შესრულების შესახებ აპელანტის მითითება, ვერ იქნებოდა გაზიარებული, რადგან მას კანონით გათვალისწინებული წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულებას, არ წარუდგენია.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 10.1) და დამატებით ანიშნა, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი დასაბუთება 1000 აშშ დოლარის მიუღებლობის შესახებ და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი ამ ნაწილში მაინც უნდა გაეუქმებინა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
16. სსსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია მოთხოვნის უფლების არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესი 5635 აშშ დოლარის ნაწილში ფულადი ვალდებულების შესრულების აღიარება და 1 000 აშშ დოლარის ნაწილში ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 8 ივნისს გაცემული #160616019 სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაა, ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებდა კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულებას, ანუ გამოვლინდებოდა უფლების მომსპობი შესაგებლის წინაპირობები (სსკ-ის 427-ე მუხლი - ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
18. იმისათვის, რომ ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შეწყდეს სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გამოიკვეთოს შესრულების მიზნით ქმედება, რომელიც განხორციელებულია : ა) ჯეროვნად, ბ) დათქმულ დროსა და ადგილას, გ) უფლებამოსილი პირის მიმართ, დ) ვალდებული და უფლებამოსილი პირის მიერ, ე) ვალდებულების შესრულების საგნითა და ვ) კეთილსინდისიერად. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულაციურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ N ას-1541-1547-2011, 19.04.2012).
19. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მას მოპასუხისაგან 1000 აშშ დოლარი არ უსესხებია. აღნიშნულ მსჯელობას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რაკი დადგენილია, რომ 2015 წლის 15 ოქტომბრის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით, სესხის თანხა 1000 აშშ დოლარით გაიზარდა და საერთო თანხა 8 000 აშშ დოლარით (რაც, ცხადია, მოიცავს სადავო 1000 აშშ დოლარს) განისაზღვრა, ეს სწორედ სადავო თანხის (1000 აშშ დოლარის) რეალურად გადაცემას ნიშნავს, ვინაიდან, მითითებულ ხელშეკრულებაში პირდაპირაა აღნიშნული, რომ გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა სადავო თანხა, ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მან დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება ვერ შეძლო. ამასთან, კასატორი ვერც 5635 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს ვერ ადასტურებს, რომელიც, მისი აზრით, ძირ თანხას - 7 000 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული თანხა, გადახდილი რომ ყოფილიყო, მხარეები ამას გაითვალისწინებდნენ 2015 წლის 15 ოქტომბრის ხელშკრულებაში და ძირ თანხად, 8 000 აშშ დოლარსაც არ მიუთითებდნენ.
20. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება 550 აშშ დოლარის გაქვითვაზეც, კერძოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და /ან დამატების შეტანის შესახებ შეთანხმებით, სესხის დაბრუნების ვადა ერთი თვით გაგრძელდა, შესაბამისად, კასატორს ამ ერთი თვის პროცენტიც გადასახდელი ჰქონდა, ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ კასატორს ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია (არ აქვს გადახდილი ძირი თანხა), რაც უდავოა რომ ზიანს აყენებს კრედიტორს.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ #ას-28-28-2018, 18.05.2018წ) .
22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: პ.ქათამაძე
ე.გასიტაშვილი