Facebook Twitter

№ას-1743-2018 27 თებერვალი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ო.ი.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – რ.ლ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქალაქ თბილისში, ..... მდებარე #859 კვ.მ ფართი, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით №......, 2015 წლის 9 დეკემბრიდან, კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე, რ.ლ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 21-22, ტ.1, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

2. ქალაქ თბილისში, ..... მდებარე #66 კვ.მ ფართი, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით №....., ო.ი–ას (შემდეგში: ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კასატორი) საკუთრებააა. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2015 წლის 27 აგვისტოს გაცემული #3682 საკუთრების მოწმობა, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2015 წლის 26 ივნისის #NE-273-2-15599 ოქმი და 2015 წლის 1 ივლისის #ე-273-2-15599 აუქციონის ხელშეკრულება.

3. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონებიდან, 23 კვ.მ ფართს(შემდეგში: ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ფართი ან სადავო მიწის ნაკვეთი) მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.

4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 6 სექტემბრის დასკვნით, სადავო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრები (ღობე) ზოგჯერ, შეესაბამება მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს (წითელ ხაზებს) ზოგჯერ კი - არა, მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 23 კვ.მ ფართი, ფაქტობრივად მოპასუხემ დაიკავა (შემდეგში - ექსპერტიზის დასკვნა) (იხ. დასკვნა, ს.ფ. 32-43. ტ.1).

5. სადავო ფართს მოპასუხე არ ათავისუფლებს, მიუხედავად იმისა, რომ მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

6. 2016 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის, მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მტკიცებით, იგი 2015 წლის 9 დეკემბრიდან სადავო ქონების მესაკუთრეა, თუმცა მოპასუხე მაინც განაგრძობს მისი ნივთის უკანონოდ ფლობას და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებს მას.

7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთან ხელშეკრულების დადების შემდეგ, უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხა, საზღვრები ქონების მართვის სააგენტომ დაადგინა და არ იჭრება მოსარჩელის კუთვნილ ნაკვეთში.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე და 312-ე მუხლები გამოიყენა.

8.1. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში არ იყო მითითებული, რომ მოპასუხე ფაქტობრივად ფლობდა საჯარო რეესტრში მის საკუთრებად რეგისტრირებულ 66. კვ.მ მიწის ნაკვეთზე მეტს და, რომ მოპასუხის მფლობელობაში არსებული ნაკვეთი, საჯარო რეესტრში მის საკუთრებად არ იყო რეგისტრირებული. სსიპ ქონების მართვის სააგენტომაც დაადგინა ნაკვეთის საზღვრები, განახორციელა საკადასტრო აღწერა და არსებულ საზღვრებში გადაეცა ნაკვეთი მოპასუხეს საკუთრებაში და იგი ფლობს ამ ნაკვეთს, ეს კი, გამორიცხავდა სადავო ნაკვეთის მის მიერ ფლობას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

9.1. აპელანტის მტკიცებით, ექსპერტმა, რომელმაც ადგილზე ჩაატარა აზომვითი და რეგისტრირებულ მონაცემებთან შესადარებელი სამუშაოები, გამოკვლევის გრაფაში დაადასტურა, რომ მის საკუთრებაში არსებული 23 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოპასუხემ დაიკავა. სასამართლომ კი, არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნას, შესაგებელში ჩამოყალიბებული მოსაზრების გარდა, წონადი საპირისპირო მტკიცებულება ან არგუმენტი ვერ დაუპირისპირა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო ფართი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

10.1. პალატამ დაადგინა, რომ არსებობდა სსკ-ის 172-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის გამოყენებისთვის სამივე აუცილებელი წინაპირობა (მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ნივთი უნდა იმყოფებოდეს მესაკუთრის მფლობელობაში და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება) და სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია.

11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

11.1. კასატორის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს დოკუმენტს, რომელზე დაყრდნობითაც რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. დასკვნაში მითითებულია, რომ, თითქოს მოპასუხემ დაიკავა მოსარჩელის 23 კვ.მ ფართი და ეს ფართი, მის საკუთრებაშია მოქცეული. ეს მოხდა მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებიდან და გარკვეულ საკითხებზე მისი მითითებით. წინა ინსტანციის სასამართლოებში, მტკიცებულებები არ გამოკვლეულა სათანადოდ, არ დაკითხულა ექსპერტი და საქმეში მესამე პირად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ ჩაბმულა. სადავო ნაკვეთთან კავშირი არ აქვს და კუთვნილი ფართის გარდა, არ სარგებლობს არავის საკუთრებაში არსებული გოჯი მიწითაც კი, არათუ 23 კვ.მ მიწის ნაკვეთით.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.

18. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

19. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

20. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მან, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები სათანადოდ არ შეაფასა და დაუსაბუთებლად გაიზიარა მოსარჩელის მიერ წადგენილი ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებს, რადგან დანართ #3-ზე კარგად ჩანს, როგორც №....., საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის წითელი ხაზები, ასევე - №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის წითელი ხაზები. ისინი ერთმანეთს არ კვეთს, შესაბამისად, არც გადაფარვა ვლინდება. სამაგიეროდ, ნათლად ჩანს, რომ №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ წითელ ხაზებშია მოქცეული სადავო 23 კვ.მ ფართი და მას მოპასუხე ფლობს ფაქტობრივად(იხ. დანართი, ს.ფ 42. ტ.1).

22. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით დაამტკიცა მოპასუხის მიერ სადავო ფართის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის ფაქტი, ხოლო მოპასუხემ, რომელსაც მფლობელობის მართლზომიერება უნდა ემტკიცებინა, ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტებით გაბათილება და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არ არის საკმარისი საკასაციო შედავების დასაბუთებულად მიჩნევისათვის.

23. რაც შეეხება მესამე პირის საქმეში ჩაბმის საკითხს, პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე-90-ე მუხლებით მოწესრიგებულია დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საქმეში ჩაბმის ინსტიტუტი და საპროცესო მოქმედების განხორციელების წინაპირობას მისაღები გადაწყვეტილების შესაძლო გავლენა წარმოადგენს ამ პირის უფლებაზე (ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო, სსსკ-ის 89-ე მუხლი). ამდენად, სასამართლომ მესამე პირის საქმეში ჩართვის საკითხი თავად ამ პირის შუამდგომლობის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მესამე პირად საქმეში ჩართვის მოთხოვნით, სასამართლოსათვის არავის მიუმართავს, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა მიმართული იყო უშუალოდ მოპასუხის მიმართ, რომელიც სადავო მიწის ნაკვეთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ფორმალური თვალსაზრისითაც არ არსებობდა საქმეში მესამე პირის მოწვევის საფუძველი.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.ი–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ო.ი–ას (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ბ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 200 ლარიდან (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 05.11.2018) ზედმეტად გადახდილი 50 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი