№ას-1762-2018 27 თებერვალი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ე.პ.
მოწინააღმდეგე მხარეები – გ.ო–ძე (მოსარჩელე), რ.გ–ძე, ნ.დ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.ო–ძესა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გამყიდველი, მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) და ნ.დ–ძეს (შემდეგში - პირველი მოპასუხე), ე.პ–ს (შემდეგში - მეორე მოპასუხე, განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) და რ.გ–ძეს (შემდეგში - მესამე მოპასუხე) შორის 2010 წლის 27 ოქტომბერს დაიდო უძრავი ქონების, ქალაქ ბათუმში, ...... მდებარე, 182.19 კვ.მ, ბინა #1, ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით (შემდეგში - უძრავი ქონება), ნასყიდობის საგნის ფასი 65 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.
2. 2012 წლის 6 აპრილს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების მიმართ, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება სრულყოფილად არ შეასრულეს, კერძოდ, ნასყიდობის ფასი სრულად არ გადაუხადეს.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 2010 წლის 27 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება ცნობილ იქნა ბათილად; გაუქმდა მოპასუხეების საკუთრების უფლება ქალაქ ბათუმში, ...... მდებარე უძრავ ქონებაზე, სადავო ბინა მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა; მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებული სესხის, 65 000 აშშ დოლარის, უზრუნველსაყოფად, უძრავი ქონება იპოთეკით დაიტვირთა და შესაბამისი ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრის ჩანაწერში. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 2155 ლარის გადახდაც დაეკისრათ.
6. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მეორე მოპასუხის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სადავო უძრავი ქონება აუქციონზე, თავად კრედიტორმა/მეორე მოპასუხემ შეიძინა, რითაც თავისი წილი მოთხოვნა დაიკმაყოფილა, ხოლო დანარჩენი თანაიპოთეკარების, პირველი მოპასუხის 15 000 აშშ დოლარისა და მესამე მოპასუხის 20 000 აშშ დოლარის მოთხოვნები არ დაკმაყოფილებულა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 57-60, ტ.4).
7. მეორე მოპასუხემ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით ა.ა–ძეს (შემდეგში - მყიდველი) მიჰყიდა, ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება პირველი და მესამე მოპასუხეების/იპოთეკარების მიმართ, იპოთეკის თანხის (35 000 აშშ დოლარის) ანაზღაურების თაობაზე. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მყიდველს არ შეუსრულებია.
8. 2016 წლის 21 მარტს, უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაში, შევიდა ცვლილება და, მყიდველის ნაცვლად, ლარისა პოლიტიდი დაფიქსირდა, რომელზეც გადავიდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც.
9. პირველმა და მესამე მოპასუხეებმა/იპოთეკარებმა სარჩელი აღძრეს მოსარჩელისა და მეორე მოპასუხის მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
9.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელისათვის პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული 20 000 აშშ დოლარისა და, მესამე მოპასუხის სასარგებლოდ, 15 000 აშშ დოლარის ამოღების უზრუნველსაყოფად დადგინდა იპოთეკით დატვირთული სადავო ქონების რეალიზაცია (იხ. გადაწყვეტილება, ს.ფ. 61-75, ტ.4).
10. 2018 წლის 4 ივნისს, მეორე მოპასუხემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
10.1. მეორე მოპასუხის/განმცხადებლის მითითებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებული სესხის, 65 000 აშშ დოლარის, უზრუნველსაყოფად სადავო უძრავი ქონება იპოთეკით დაიტვირთა, გადაწყვეტილებაში კი, არ არის მითითებული თითოეული კრედიტორის კუთვნილი თანხა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 2155 ლარის გადახდა დაეკისრათ ისე, რომ გადაწყვეტილებით არ განსაზღვრულა თითოეული მოპასუხის გადასახდელი თანხაც, რაც ქმნის გარკვეულ პრობლემებს და საჭიროებს განმარტებას.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მეორე მოპასუხის განცხადება უარყოფილ იქნა. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 262-ე მუხლით.
11.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებას მისი სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად განმარტავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ორაზროვან, ბუნდოვან დებულებებს ემყარება იმგვარად, რომ შეუძლებელია ამ გადაწყვეტილებით აღიარებული უფლების სწორად განმარტება და ილახება მოდავე მხარეთა ინტერესები.
11.2. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არა ბუნდოვანი, არამედ მკაფიოდ და გარკვევით იყო ჩამოყალიბებული. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემობაზეც, რომ, რადგანაც განმცხადებელმა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უკვე აღასრულა, არ არსებობს გადწყვეტილების სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით გათვალისწინებული განმარტების წინაპირობა („განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული...“) .
12. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და განცხადების დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
12.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გადაწყვეტილების განმარტებაზე უსაფუძვლოდ ეთქვა უარი. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილება განმცხადებლის ნაწილში აღსრულებულია და პირველი და მესამე მოპასუხეები დამოუკიდებლად ითხოვენ მოსარჩელისაგან სესხის თანხას და ერთხელ უკვე გაყიდული ქონების რეალიზაციას. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული თითოეულის წილი სესხის თანხაში, რამაც შექმნა საფუძველი იმისა, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სოლიდარულ კრედიტორებს მოსარჩელის მიმართ. ამ საკითხის გარკვევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან, თუ დადგინდება, ისინი მართლაც სოლიდარული კრედიტორები არიან, როგორც ეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იკვეთება, ამით საფუძველი გამოეცლება პირველი და მესამე მოპასუხის პრეტენზიებს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416 მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
15. გასაჩივრებული განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ არსებოდა სსსკ-ის 262-ე მუხლით განსაზღვრული ის წინაპირობები, რომელიც გადაწყვეტილების განმარტებას განაპირობებდა.
16. სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება, აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მხარეებს ეგზავნებათ შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
17. აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას (ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის შინაარსი), ხოლო განმარტების მიზნად კი, მისი აღსრულების უზრუნველყოფას. ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს. კანონის მიხედვით, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან, თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან.
18. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მეორე მოპასუხის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სადავო უძრავი ქონება აუქციონზე, თავად კრედიტორმა/მეორე მოპასუხემ შეიძინა, რითაც თავისი წილი მოთხოვნა დაიკმაყოფილა, ხოლო დანარჩენი თანაიპოთეკარების, პირველი მოპასუხის 15 000 აშშ დოლარისა და მესამე მოპასუხის 20 000 აშშ დოლარის მოთხოვნები არ დაკმაყოფილებულა, შესაბამისად, განმცხადებელი აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ, ხოლო პირველი და მესამე მოპასუხეები - იპოთეკარებად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 3065-ე მუხლის მე-6 ნაწილი განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება ახალი მესაკუთრე იმ უფლებრივი ტვირთის მატარებელი, რომელიც ძველ მესაკუთრეს ნივთთან მიმართებით ჰქონდა (აუქციონზე გაყიდული უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტისათვის ამ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე). ამდენად, მოხმობილი ნორმა ცხადყოფს, რომ ნებისმიერი მესაკუთრე, რომელიც უფლებრივი ტვირთის მატარებელ ნივთს შეიძენს, ჩაენაცვლება რა წინა მესაკუთრეს, თავად გახდება ამ ნივთთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქონების ბოლო მესაკუთრე ინფორმირებული იყო ნივთზე არსებული უფლებრივი დატვირთვის შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობდა გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და, ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია. ეს კი, გამორიცხავს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას (შდრ. სუსგები №ა-3605-გან-5-2017, 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინება; №ას-267-255-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება).
19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.პ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი