საქმე № ას-6-2019 26 თებერვალი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - ნ.დ., ხ.ც–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "G."(მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს “G.”-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის ხ.ც–ძისა და ნ.დ–თვის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც, მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) თანხის დაკისრებას მოითხოვდა, დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ სასესხო დავალიანების - 1562.00 ლარის გადახდა, ასევე, დავალიანების ცნობის გაცემიდან 2016 წლის 23 მაისიდან სესხის ძირითად თანხაზე - 986 ლარზე სამი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებლის გადახდა, რაც თვეში 164,36 ლარია. მათვე დაეკისრათ სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის - 50 ლარის, საგარანტიო თანხის - 50 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის - 150 ლარისა და იურიდიული მომსახურების საფასურის - 80 ლარის გადახდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. პალატის დასკვნებით, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ - სასესხო დავალიანების დაანგარიშების ნაწილში გაუქმება მოითხოვეს და სააპელაციო საჩივრის ღირებულებად 1020 ლარი მიუთითეს. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება 2000 ლარზე ნაკლები იყო, და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 365-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველს ქმნიდა.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2000 ლარს არ აღემატებოდა. ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას რეალურად არა ნაწილობრივ არამედ სრულად ასაჩივრებდნენ, სწორედ ამიტომ, სააპელაციო პალატას მათთვის მოთხოვნის დაზუსტების მიზნით, ხარვეზი უნდა დაედგინა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოპასუხეთა მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
8. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
9. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, მოცემული ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.
10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ სასესხო დავალიანების 1562 ლარის, ასევე, 2016 წლის 23 მაისიდან სესხის ძირითად თანხაზე - 986 ლარზე სამი თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებლის გადახდა, რაც თვეში 164.36 ლარს შეადგენს. ასევე, დადგენილია, რომ აპელანტებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრეს და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სესხის ძირითად თანხად 986 ლარის განსაზღვრა, ნაცვლად 782 ლარისა, შესაბამისად, ცალსახაა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება განსახილველ შემთხვევაში, 2000 ლარზე ნაკლებია და სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
11. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017).
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
13. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2000 ლარზე ნაკლები იყო, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-1648-2018, 16.11.2018; №ას-978-2018, 04.09.2018; №ას-718-718-2018, 20.09.2018; Nას-117-117-2018, 02.04.2018 და Nას-614-614-2018, 31.08.2018).
14. კერძო საჩივრის ავტორებს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვთ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.დ–ასა და ხ.ც–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი