საქმე №ას-1798-2018 26 თებერვალი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ ზ.ხ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2016 წლის 9 თებერვალს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემსყიდველი ან ექსპერტიზის ბიურო) და ინდმეწარმე ზ.ხ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №75 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს მოპასუხისათვის ხალათები, წინსაფრები და ერთჯერადი ხელთათმანები უნდა მიეწოდებინა. ხელშეკრულების ღირებულებად - 39850.00 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 2017 წლის 31 იანვარი განისაზღვრა.
2. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო, ყოველი დაგვიანებული დღისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0,6%, რომელიც დაიქვითებოდა შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან (იხ. ხელშეკრულების მე-15 პუქნტი, ტ.1, ს.ფ. 15-18; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).
3. მოსარჩელეს, შემსყიდველისათვის პროდუქცია 2016 წლის 18 აგვისტოს მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულების საერთო პირობების 5.1 პუნქტის თანახმად, 2016 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა. თუმცა მან საქონლის ნაწილი, კერძოდ XL ზომის ხელთათმანი მოპასუხეს 26 დღის დაგვიანებით, 2016 წლის 28 სექტემბერს, გადასცა.
4. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, მოსარჩელეს დაერიცხა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.6 %, რამაც მთლიანობაში 6216.6 ლარი შეადგინა. დაკისრებული ჯარიმა მოსარჩელეს დაექვითა იმ თანხიდან, რომელიც მოპასუხეს მიწოდებული პროდუქტების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა.
5. 2016 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ. მან ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება მოითხოვა. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უნდა შემცირებულიყო.
6. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია მოპასუხეს 26 კალენდარული დღის დაგვიანებით მიაწოდა, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 6216,60 ლარი, გონივრული იყო და მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. გარდა ამისა, ჯარიმის გადახდა განხორციელდა იმ თანხის დაქვითვით, რომელიც ექსპერტიზის ბიუროს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა. აღნიშნული დასტურდება შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციით. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელეს დარიცხული პირგასამტეხლო სარჩელის წარდგენის დროისათვის სრულად ჰქონდა გადახდილი, მის კანონიერებაზე მსჯელობა სამართლებრივად უსაფუძვლო იყო.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელისათვის დარიცხული პირგასამტეხლო შემცირდა და 207.22 ლარით განისაზღვრა.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის დასკვნებით, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად შეამცირა 6216.6 (0.06%) ლარიდან 207.22 (0.02%) ლარამდე. პალატის დასკვნებით, უსაფუძვლო იყო, აპელანტის პრეტენზია უკვე გადახდილი ჯარიმის შემცირების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეს დაკისრებული პირგასამტეხლო ნებაყოფლობით არ დაუფარავს, არამედ მისი გადახდა ამ უკანასკნელისათვის გადასახდელი თანხის დაქვითვით განხორციელდა.
10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
10.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად იხელმძღვანელეს სსკ-ის 420-ე მუხლით. მათ უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს, მოპასუხისათვის სარჩელის აღძვრის დროისათვის უკვე გადახდილი ჰქონდა დარიცხული პირგასამტეხლო. შესაბამისად, ცხადია, რომ ჯარიმა მოსარჩელემ არა იძულებით, არამედ ნებაყოფლობით გადაიხადა, ხოლო უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია და არ გამომდინარეობს სსკ-ის 420-ე მუხლიდან.
10.2. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა ხელშეკრულების პირობების დაცვით განხორციელდა, შესაბამისად, უსაფუძვლოა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის თაობაზე.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
13.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნა სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სახელდობრ:
14.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
14.2. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
15. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, არასწორად შეამცირეს მოსარჩელისათვის დარიცხული პირგასამტეხლო, ვინაიდან სარჩელის აღძვრის დროისათვის, მოსარჩელეს დარიცხული ჯარიმა სრულად ჰქონდა გადახდილი, სახელდობრ:
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს პირგასამტეხლო ნებაყოფლობით არ გადაუხდია, მას დაკისრებული ჯარიმა დაექვითა იმ თანხიდან, რომელიც მოპასუხეს მოსარჩელისათვის მიწოდებული პროდუქციის სანაცვლოდ უნდა გადაეხადა, შესაბამისად, კასატორის აღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელი და სამართლებრივად უსაფუძვლოა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად შეამცირეს მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 6216.6 (0.06 %) ლარიდან 207.22 (0.02%) ლარამდე.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: 2019 წლის 17 იანვრის №ას-1373-2018 განჩინება; 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება).
18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 224.7 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (ს/კ 204852089) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 321 (სამასოცდაერთი) ლარის (საგადახდო დავალება #10617, გადახდის თარიღი 15.08.2018წ.) 70% - 224.7 (ორასოცდაოთხი ლარი და 70 თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი