Facebook Twitter

¹ბს-143-16-კს-04 15 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: განჩინების გაუქმება, სარჩელის წარმოებაში მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ჰ. შ.-ის წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ლ. ე.-ი, ა. ა.-ი, ა. მ.-ი, ა. მ.-ი, გ. გ.-ი) წარმომადგენელმა ლ. ჩ.-მ ახალქალაქის ¹... საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ და მოითხოვა ახალქალაქის ¹... საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის (არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის, მისი დამტკიცების შესახებ განკარგულების ბათილად ცნობა და ახალქალაქის ¹... საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2003წ. 2 ნოემბრის მაჟორიტარულ არჩევნებში ჰ. შ.-ის გამარჯვებულად აღიარება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 24 იანვრის განჩინებით ლ. ჩ.-ს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე იმ საფუძვლით, რომ ცესკოს 2004წ. 24 იანვრის ცნობის თანახმად, ლ. ჩ.-ე არ იყო რეგისტრირებული ¹... ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლად.

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მიუთითა, რომ განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ლ. ჩ.-მ, რომელმაც მიუთითა შემდეგზე: სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა და კერძო საჩივარს დაერთო ¹... ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მოწმობა ¹.... კერძო საჩივრის შემტანი ითხოვდა სასამართლოს 2004წ. 24 იანვრის განჩინების გაუქმებას და სარჩელის წარმოებაში მიღებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 19 თებერვლის განჩინებით ლ. ჩ.-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობისა და კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ჩ.-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, იგი დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული და უარი ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო პალატა არ იზიარებს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 27-ე პუნქტის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სასამართლოში აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ამიტომ აღნიშნულ დავის საგანზე შემოტანილი სასარჩელო განცხადების მიღებაზე უარის თქმის განჩინებაც საბოლოოა და არ საჩივრდება.

საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 27-ე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სასამართლოში აღძრულ სარჩელთან დაკავშირებული საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, მაგრამ აღნიშნული ნორმა გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც სარჩელი სასამართლოს მიერ არსებითად იქნება განხილული. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგან მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ სარჩელი არ მიიღო წარმოებაში სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამიტომ გასაჩივრების წესის მიმართაც უნდა ეხელმძღვანელა საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტით და ამ კანონით (იგულისხმება საარჩევნო კოდექსი) გაუთვალისწინებელი საკითხების გადასაწყვეტად გამოეყენებინა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა, კერძოდ, სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ლ. ჩ.-ის სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საოლქო სასამართლოს 2004წ. 24 იანვრის განჩინება ამ ნაწილში სწორია, ვინაიდან ლ. ჩ.-ის მიერ წარდგენილი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მოწმობის ასლის თანახმად, იგი ძალაში იყო 2004წ. 1 იანვრამდე, ანუ სასამართლოს მიერ სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას ლ. ჩ.-ის მოწმობას უკვე ვადა ჰქონდა გასული და იგი აღარ იყო უფლებამოსილი, აღეძრა სარჩელი როგორც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. ჩ.-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 24 იანვრის ¹3ა/141-04 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და 2004წ. 9 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის I პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ჩ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 24 იანვრის ¹3ა/141-04 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და 2004წ. 9 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული. განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.