№ას-173-2019 28 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – მ.ბ–ძე, შ.შ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ც.ბ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით:
- ც.ბ–ის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მ.ბ–ძის და შ.შ–ის (შემდეგში მოპასუხეების) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი ...... (ს/კ N .....) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. 2019 წლის 6 მარტის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).
9. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოთხსენებული განჩინება 2019 წლის 7 მარტს, სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორს - შ.შ–ს, რომელიც არის ასევე მეორე კასატორის ოჯახის წევრი (მეუღლე).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 8 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 18 მარტს. ამდენად, კასატორები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2019 წლის 18 მარტის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავთ სასამართლოსთვის.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ბ–ძისა და შ.შ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე