საქმე №ას-98-2019 5 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „თ-ი“ (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ხ. ე-ე (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი –იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.05.2014 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია ხ. ე-ის (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) თავდაპირველი სარჩელი სს „თ-ის“ (შემდეგში: დამსაქმებელი ან მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) მიმართ, რომელშიც დავის საგანი იყო 2013 წლის 17 დეკემბრის Nკ-387 ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა (იხ., კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება - ტ.1. ს.ფ. 16-21). იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა დასაქმებულს არ ჰქონდა წარდგენილი სასამართლოსთვის. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დასაქმებული აღდგენილი იქნა სამსახურში იძულებითი აღსრულების შედეგად.
2. წინამდებარე საქმე კი, შეეხება დასაქმებულის სარჩელს, რომელიც წარედგინა დამსაქმებელს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო, მიუღებელი ხელფასის - 11 900 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
3. მოსარჩელის განმარტებით, იძულებითი მოცდენის პერიოდში (2013 წლის 18 დეკემბრიდან ანუ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 2015 წლის 22 მაისის ჩათვლით ანუ, სამსახურში აღდგენამდე) მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევაში უნდა მიეღო ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, რაც მისი ყოველთვიური სარგოს (თვეში 700 ლარი) გათვალისწინებით შეადგენს 11 900 ლარს.
4. მოსარჩელემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი და მომსპობი (ხანდაზმულობა) შესაგებელი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 10 500 ლარის (დარიცხული) ოდენობით. სარჩელის დანარჩენი მოთხოვნები უარყოფილი იქნა.
6. სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა დამსაქმებელმა.
7. დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი დაეფუძნა შემდეგ მოსაზრებებს: მოსარჩელეს სწორედ განთავისუფლების თარიღის მომდევნო დღიდან, ანუ 2013 წლის 18 დეკემბრიდან წარმოეშვა, როგორც ძირითადი (განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის), ასევე დამატებითი მოთხოვნის (განაცდური ხელფასის) წარდგენის უფლება. განაცდურის ანაზღაურებაზე მოთხოვნა (როგორც დამატებითი მოთხოვნა) მოსარჩელის მხრიდან წარდგენილია 2015 წლის 1 ივლისს. დამატებითი (განსახილველ შემთხვევაში, განაცდური ხელფასის ანაზღაურების) მოთხოვნა, წარმოადგენს მთავარ/ძირითად მოთხოვნასთან ისე დაკავშირებულ მოთხოვნას, რომლის ხანდაზმულობის ვადაც ავტომატურად გასულად ითვლება მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად მაშინაც, კი, როდესაც ამ დამატებით მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი უარყოფილი იქნა.
9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ამ განჩინების პპ:1-2 მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
10. სააპელაციო სასამართლომ განხორციელებულად მიიჩნია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ი) 32-ე მუხლის (დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით) წინაპირობები. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.
11. სშკ-ის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან.
13. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დამსაქმებლის/აპელანტის მოსაზრება, რომ მოსარჩელეს განთავისუფლების თარიღის მომდევნო დღიდან, ანუ 2013 წლის 18 დეკემბრიდან წარმოეშვა, როგორც ძირითადი (განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის), ასევე დამატებითი მოთხოვნის (განაცდური ხელფასის) წარდგენის უფლება, რაც შრომის კოდექსის თანახმად უნდა განხორციელებულიყო 30 დღის ვადაში.
14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი მოთხოვნის მიმართ მოქმედებდა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
15. ამასთან, სშკ-ის შრომის კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრული ვადა (30 დღე) ეხება დასაქმებულის შესაძლებლობას 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რაც განხორციელებულ იქნა მოსარჩელის მიერ. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მართებულად ჰქონდა საქმის გარემოებები შეფასებული სსკ-ის 129-ე და 130-ე მუხლებით. შესაბამისად, მართლზომიერი იყო დასკვნა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გავრცლების და ვადის დაცულობის კუთხით, ვინაიდან დასტურდებოდა, რომ დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლდა 2013 წლის 18 დეკემბერს, სარჩელი სასამართლოს კი, წარედგინა 2015 წლის 2 ივლისს.
16. ვინაიდან, კომპენსაციის სახით, მოსარჩელეს მოპასუხისაგან მიღებული ჰქონდა 2 თვის შრომის ანაზღაურება, დამსაქმებლისთვის დაკისრებული თანის ოდენობად განისაზღვრა 10 500 (11900-1400)
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
18. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შედავებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შედავების იდენტური საფუძვლებით (იხ., ამ განჩინების პ-7), სახელდობრ, კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეს სწორედ განთავისუფლების თარიღის მომდევნო დღიდან, ანუ 2013 წლის 18 დეკემბრიდან წარმოეშვა, როგორც ძირითადი (განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის), ასევე დამატებითი მოთხოვნის (განაცდური ხელფასის) წარდგენის უფლება. განაცდურის ანაზღაურებაზე მოთხოვნა (როგორც დამატებითი მოთხოვნა) მოსარჩელის მხრიდან წარდგენილია 2015 წლის 1 ივლისს. დამატებითი (განსახილველ შემთხვევაში, განაცდური ხელფასის ანაზღაურების) მოთხოვნა, წარმოადგენს მთავარ/ძირითად მოთხოვნასთან ისე დაკავშირებულ მოთხოვნას, რომლის ხანდაზმულობის ვადაც ავტომატურად გასულად ითვლება მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად მაშინაც, კი, როდესაც ამ დამატებით მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
სამოტივაციო ნაწილი:
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება (ამ განჩინების პ- 3; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: სშკ-ის 44-ე მუხლი საქართველოს სსკ-ის 408-ე მუხლი).
21. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს კანონერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (იხ., ამ განჩინების პ-1), რომლითაც გადაწყვეტილია დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის და სამსახურში აღდგენის შესახებ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის შესახებ გააჩნია პრეიუდიციული ძალა უკანონო დათხოვნით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოების მიმართ (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სსსკ-ის 106-ე მუხლის განმარტების თაობაზე იხ., სუსგ №ას-1281-2018, 27 მარტი, 2019 წელი).
22. მაშასადამე, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე უკანონოდ იყო დათხოვნილი სამსახურიდან და უკანონო დათხოვნის პერიოდში მას აქვს უფლება მოითხოვს ზიანის ანაზღაურება (სშკ-ის 44-ე მუხლი და სსკ-ის 408-ე მუხლი) მოპასუხისაგან იმისგან დამოუკიდებლად ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას იგი მოითხოვდა თუ არა სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შესახებ წარმოებულ დავაში (იხ., ამ განჩინების პ-1). ამასთან, ყოველი პირისთვისაა უზრუნველყოფილი მიმართოს სასამართლოს უფლების დასაცავად და თავად განსაზღვროს დავის საგანი და მოთხოვნის შინაარსი (სსსკ-ის მე-3, მე-4, 178-ე მუხლები; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი). რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყევტის მოთხოვნიდან, მართებული და გასაზიარებელია, თუმცა, კასატორის მითითება მასზე, რომ ეს მოთხოვნები არ შეიძლება წარმოადგენდნენ ცალ-ცალკე დავის საგანს, დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება.
23. უსაფუძვლოა შედავება მოთხოვნის ხანდაზმულობის კუთხითაც, ვინაიდან, იძულებითი განაცდურის მოთხოვნის უფლების სასამართლო წესით განხორციელების ხანდაზმულობის ვადა და სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის შესახებ ბრძანების გასაჩივრების ვადა იდენტური არ არის. ამასთან, სშკ-ის შრომის კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრული ვადა (30 დღე) ეხება დასაქმებულის შესაძლებლობას 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რაც განხორციელებულ იქნა მოსარჩელის მიერ. აღსანიშნავია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გასაჩივრების ვადასთან მიმართებით დადგენილია სტაბილური სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, დასაქმებული შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების 30 დღიანი ვადით (სშკ-ის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილი). აღნიშნულთან დაკავშირებით იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მნიშვნელოვანი განმარტება სუსგ №ას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მართებულად ჰქონდა საქმის გარემოებები შეფასებული სსკ-ის 129-ე და 130-ე მუხლებით. შესაბამისად, მართლზომიერი იყო დასკვნა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გავრცლების და ვადის დაცულობის კუთხით, ვინაიდან დადასტურებულია, რომ დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლდა 2013 წლის 18 დეკემბერს, სარჩელი სასამართლოს კი, წარედგინა 2015 წლის 2 ივლისს.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „თ-ს“ უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 8 თებერვალს დავალება N83755 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (525 ლარი) 367.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე