Facebook Twitter

საქმე №ას-45-2019 5 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე. მ-ე (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ამ ნაწილში, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა, მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. ე. მ-ე (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) მუშაობდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი ან დამსაქმებელი ან მაუწყებელი) პ. არხზე, წამყვანის პოზიციაზე. პერიოდულად, დამსაქმებელი ახდენდა მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების განახლებას. 2014 წლის 30 ივნისს, მაუწყებელსა და დასაქმებულს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დასაქმებულმა დაიკავა პ–ი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუში („პ–ი ს-ია“) წამყვანის თანამდებობა.

2. 2014 წლის 4 ივლისიდან მხარეებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსში (შემდეგში - სშკ-ი) 2013 წლის 12 ივნისის ცვლილებების საფუძველზე (ამოქმედდა 2013 წლის 4 ივლისადან) ჩაითვალა უვადოდ დადებულად ე.ი. მოსარჩელე 2014 წლის 4 ივლისიდან დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა განუსაზღვრელი ვადით;

3. 2015 წლის 10 ივლისიდან, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ „პ–ი ს-ია“ მაუწყებლის პ. არხის ეთერში არ გასულა. ამ პერიოდში დასრულდა პ–ი არხის სეზონი. შემოდგომიდან, ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებიდან, გადაცემა არ განახლებულა. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ „პ–ი ს-ია“ ოფიციალურად დაიხურა მაუწყებლის 2016 წლის 11 თებერვლის N9-კ ბრძანებით, რითაც მოხდა მხოლოდ არსებული ფაქტის დადასტურება.

4. მაუწყებლის 2016 წლის 11 თებერვლის N8-კ ბრძანების საფუძველზე, დასაქმებულთან 2016 წლის 15 თებერვლიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ი) 37-ე მუხლის პ–ი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

5. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა მაუწყებლის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

6. ა) 2016 წლის 11 თებერვლის N8-კ ბრძანების ბათილად ცნობა;

7. ბ) დამსაქმებლის 2016 წლის 11 თებერვლის N9-კ ბრძანების (2016 წლის 15 თებერვლიდან, მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს „პ–ი ს-ია“ დახურვის შესახებ) ბათილად ცნობა;

8. გ) დასაქმებულის აღდგენა მაუწყებლის პ. არხზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანის პოზიციაზე;

9. დ) სამსახურიდან გათავისუფლებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასის _ 3750 ლარის გათვალისწინებით;

10. ე) შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის, ყოველდღიურად 0,07 პროცენტის ანაზღაურება იმ მომენტიდან, როდესაც მოხდა დაყოვნება _ დასაქმებულის სამსახურში აღდგენამდე;

11. ვ) დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიღებული მორალური ზიანის ანაზღაურების 3000 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება.

12. სარჩელი ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ წლების განმავლობაში მოსარჩელე დასაქმებული იყო მაუწყებელში საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანად. ბოლო შრომის ხელშეკრულება დამსაქმებელთან გააფორმა 2014 წლის 30 ივნისს, რომლითაც განისაზღვრა, რომ დასაქმებული იკავებდა პ–ი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუში („პ–ი ს-ია“) წამყვანის პოზიციას. 2015 წლის სატელევიზიო სეზონის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა მედია საშუალებებით ვრცელდებოდა ინფორმაცია დასაქმებულის გადაცემის დახურვის შესახებ. 2015 წლის სექტემბრის დასაწყისში (ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყების წინ), მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ბ. ჯ-მა (შემდეგში - დირექტორის მრჩეველი) საჯაროდ განაცხადა, რომ დასაქმებულმა ოჯახი შექმნა პოლიტიკურ ლიდერთან და ამის შემდეგ პოლიტიკური თოქ-შოუს წაყვანა, შესაძლოა, იწვევდეს ინტერესთა კონფლიქტს. დირექტორის მრჩეველმა დასაქმებულს მიმართა შემდეგი ფრაზით: „ქალბატონო ე..., გილოცავთ გაბედნიერებას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა.“ აღნიშნულ განცხადებაზე საზოგადოების მწვავე გამოხმაურების საპასუხოდ, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ პოზიცია შეიცვალა და დასაქმებულს მისცა პირობა, რომ მისი გადაცემა შეცვლილი ფორმატით გავიდოდა ეთერში. დაპირების თანახმად, გადაცემა ეთერში იანვრიდან უნდა გასულიყო, თუმცა გადაცემა ეთერში არ გავიდა. იმის გასარკვევად, თუ როდის გავიდოდა გადაცემა ეთერში, დასაქმებულმა წერილობით მიმართა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს. განცხადების საპასუხოდ, 2016 წლის 9 თებერვალს, დასაქმებულს ეცნობა, რომ გადაცემა „პ–ი ს-იის“ დახურვის გამო, მასთან დადებული შრომის ხელშეკრულება შეწყდა. 2016 წლის 27 თებერვალს, დასაქმებულს ჩაბარდა 2016 წლის 11 თებერვლის ბრძანებები შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ „პ-ი ს-იის“ დახურვის თაობაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა არაკანონიერად, დისკრიმინაციული საფუძვლით შეწყდა, რითაც დაირღვა მისი შრომითი უფლებები და მიადგა მორალური ზიანი.

13. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შედავება წარმოადგინა.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2016 წლის 11 თებერვლის 8-კ ბრძანება დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; დაეკისრა მაუწყებელს დასაქმებულის სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდა 30 000 ლარის (დარიცხული) ოდენობით.

15. არ დაკმაყოფილდა სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა სატელევიზიო გადაცემის გაუქმების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას; სამსახურში აღდგენას; იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას; პირგასამტეხლოს გადახდას; დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ. მაუწყებელმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში, სარჩელის უარყოფა, ხოლო დასაქმებულმა მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

18. მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, როგორც ამ განჩინების პპ:1-3 ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე, მხარეთა შორის სადავოდ ქცეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

19. 2015 წლის ზაფხულში, მოსარჩელემ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან შექმნა ოჯახი (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება).

20. შრომითი ურთიერთობის შეწვეტას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები:

21. ახალი სატელევიზიო სეზონისათვის მზადების პროცესში ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ „პ–ი ს-ია“ დაიხურა, იმის გათვალისწინებით, რომ გადაცემა, რომლის წამყვანის პოზიციასაც იკავებდა მოსარჩელე დაიხურა და ეთერში აღარ გადის, მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად მიღწეული იქნა ზეპირსიტყვიერი გადაწვეტილება, რომ მოსარჩელე გააგრძელებდა არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობას იმ პირობით, რომ იგი წარადგენდა ახალი გადაცემის პროექტს, რომლის წარმოებაში გაშვებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმდებოდა ახალი შრომის ხელშეკრულება შეცვლილი პირობების გათვალისწინებით.

22. 2016 წლის თებერვლის თვეში მოსარჩელის მიერ წარდგენილი საავტორო გადაცემის პროექტი განსახილველად გადაეცა საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმსარულებელ საბჭოს, რომელმაც არ მისცა შესაბამისი რეკომენდაცია პროექტს და არ იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება მისი წარმოების დაწყების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

23. იმის გათვალისწინებით, რომ გადაცემა, რომლის წამყვანის პოზიცია მოსარჩელეს ეკავა, დაიხურა, ხოლო მოსარჩელის მიერ პროექტის სახით წარდგენილი გადაცემის თემატიკა საკმაოდ ვრცლად არის წარმოდგენილი სატელევიზიო ბადეში არსებულ სხვადასხვა გადაცემაში და შესაბამისად არ არის მიზანშეწონილი დამატებით ცალკე პროექტის სახით მსგავსი ტიპის გადაცემის ჩაშვება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა შრომის ურთიერთობის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული გარემოება.

24. ამასთან, რადგან შრომის ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი, გადაცემის დახურვა რეალურად მოხდა 2015 წლის ივლისში, ხოლო შრომითი ურთიერთობა აღნიშნულის მიუხედავად გაგრძელდა 2016 წლის თებერვლამდე, ამ ვითარებაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტისათვის უნდა შეფასდეს გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოებების ობიექტურობა, დამსაქმებლისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებები, რამაც შეუძლებელი გახადა შრომითი ურთიერთობის გაგრძელება, თუ ეს გარემოებები წარმოადგენს დამსაქმებლის ქმედებების უშუალო შედეგს, მიმართულს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ.

25. ამ მიმართულებით საქმის გარემოებების კვლევისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 10 ივლისიდან გადაცემა „პ–ი ს-ია“ ეთერში არ გადიოდა და მოსარჩელე წამყვანის ფუნქციებს არ ასრულებდა, ამასთან, არც რომელიმე სხვა პოზიციაზე ყოფილა დასაქმებული, 2016 წლის 15 თებერვლამდე - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, ის ჩვეულებისამებრ, ყოველთვიურად იღებდა მხარეთა შორის 2014 წლის 30 ივნისის შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებულ შრომის ანაზღაურებას.

26. მაუწყებელი იმაზე მიუთითებდა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო კონკრეტული სამუშაოს შესრულების პირობით, კერძოდ, არსებული შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებდა კონკრეტული გადაცემის - ,,პ–ი ს-იას“ წაყვანას.

27. სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რადგან გადაცემა ,,პ–ი ს-იას“ ფაქტობრივად დახურვის შემდეგ მოპასუხემ აღნიშნული საფუძვლით არ შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, მაშასადამე, მოპასუხემ თავადვე არ დაუკავშირა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება თოქ-შოუ „პ–ი ს-იას“ არსებობა/არარსებობას. ამასთან, მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა გადაცემა ,,პ–ი ს-იას“ დახურვის შემდედ მოსარჩელისათვის შეეთავაზებინა მის მიერ დაკავებული პოზიციის, მისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისი სხვა სამუშაო, რაც მან არ განახორციელა.

28. ამასთან, მაუწყებელში საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემების პროექტების შერჩევის მიზნით, 2015 წლის ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, კონკურსი არ გამოცხადებულა, განსხვავებით სხვა მიმართულების გადაცემებისაგან (ახალგაზრდული, კულტურის, საბავშვო და სხვ., იხ. ს.ფ. 66); მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად (ს.ფ.137) 2015 წლის ახალ სატელევიზიო სეზონზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებით განახლებულიყო როგორც ფორმატები, ისე მოწვეული ყოფილიყვნენ ახალი წამყვანები. ახალი სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა გადაცემები, რომლებიც ფარავდნენ ,,პ–ი ს-იას“ თემატიკას - გადაცემა ,,მთავარი“, გადაცემა „ინტერ-ვიუ“, გადაცემა ,,ცხოვრება ციფრებში“, და გადაცემა ,,კვირის შემაჯამებელი მოამბე“. შესაბამისი შრომის ხელშეკრულებები დაიდო გადაცემის წამყვანებთან. ამავე ინფორმაციის თანახმად (ს.ფ. 138) აღნიშნული გადაცემები და წამყვანის კანდიდატურები ინიცირებული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს მიერ. იმ მოცემულობაში, როდესაც დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეს წლების მანძილზე მიჰყავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემები, ხოლო გადაცემა ,,პ–ი ს-იას“ დახურვის შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა ამ მიმართულების ოთხი ახალი გადაცემა და მოპასუხეს ესაჭიროებოდა საზოგადეობრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემების წამყვანები.

29. ამასთან, გადაცემათა წამყვანების ინიცირება (შერჩევა) მოხდა არა საკონკურსო წესით, არამედ თავად მოპასუხის მიერ, ამ გადაცემების წამყვანის პოზიციაზე დასასაქმებლად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ცხადია, მოპასუხეს უპირატესობა უნდა მიენიჭებინა სწორედ მოსარჩელისათვის, რომელიც წამყვანის პოზიაციას იკავებდა უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. ხოლო იმ გარემოებაზე თუ, რატომ მიენიჭა უპირატესობა ახალი წამყვანების და არა მოსარჩელის დასაქმებას, რომელსაც, როგორც აღინიშნა, წამყვანის პოზიცია უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძვლზე ეკავა და წლების მანძილზე მიჰყავდა სწორედ ამ მიმართულების გადაცემები, მაუწყებელმა არ მიუთითა.

30. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მოსარჩელე თავად არ იყო დაინტერესებული ხსენებული გადაცემების წამყვანის პოზიციით, რადგან მხარეთა შეთანხმებით, მას გადაცემის ახალი პროექტი უნდა წარედგინა, რადგან შრომით სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური წესის მიხედვით აღნიშნული უნდა ემტკიცებინა დამსაქმებელს, რომელმაც ჯეროვნად ვერ გაართვა თავი ამ გარემოების მტკიცებას. ამდენად, დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის ახალ პროექტებში დასაქმება არ შეუთავაზებია. მოპასუხე განმარტავდა, რომ გადაცემის დახურვის შემდეგ, მხარეები გადავიდნენ მოლაპარაკების რეჟიმში, რადგან საეთერო ბადე უკვე შევსებული იყო და შეუძლებელი იყო სხვა ტოლფასი სამუშაოს შეთავაზება მოსარჩელისათვის (01.03.2018წ. სხდომის ოქმი, 12:58), შეთანხმდნენ, რომ თუ მოსარჩელე წარმოადგენდა ახალი გადაცემის პროექტს და თუ მიიღებდა შესაბამის რეკომენდაციას, შრომითი ურთიერთობა გაგრძელდებოდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ მხარეთა შეთანხმება ახალი გადაცემის პროექტის მომზადებასთან დაკავშირებით, განპირობებული იყო სწორედ იმით, რომ მოპასუხემ არ უზრუნველყო მოსარჩელის დასაქმება დაკავებული პოზიციის შესაბამისი სამუშაოთი და არა იმით, რომ მოსარჩელემ უარი თქვა შეთავაზებაზე.

31. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. დამსაქმებელმა უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება უვადოდ დასაქმებული პირის ინტერესების დასაცავად.

32. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა არ გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალება დასაქმებული პირის ალტერნატიული სამუშაოთი უზრუნველსაყოფად და ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ასეთი საშუალება არ გააჩნდა. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მისივე დასაქმების ალტერნატიული გზის მოძიების შეთავაზება, თანაც იმ პირობებში, როცა საეთერო ბადე შევსებული იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემებით, სწორედ იმ გარემოებას ადასტურებს, რომ დამსაქმებელმა არ უზრუნველყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, რაც მის ვალდებულებას წარმოადგენდა, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა, კი ვერ ჩაითვლება ობიექტურ გარემოებად, რაც გაამართლებდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

33. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი იმ პრეტენზიით წარადგინა, რომ სასამართლოს მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ საკითხი უნდა შეეფასებინა მხოლოდ იმ ჭრილში, ჰქონდა თუ არა მოსარჩელის მიმართ დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი, ვინაიდან მისი მოსაზრებით, სარჩელი ემყარებოდა მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ არ დაადგინა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების შესახებ გარემოებები, აღნიშნული თავის მხრივ გამორიცხავდა მოსარჩელის გათავისუფლების არაკანონიერების შესახებ გარემოების დადგენის შესაძლებლობას. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის აღნიშნული პრეტენზია უარყოფილი იქნა იმ დასაბუთებით, მოსარჩელე დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობასთან ერთად მიუთითებდა სადავო ბრძანებების უკანონობაზე და მიიჩნევდა, რომ არ არსებობდა შრომითი ურთოერთობის შეწყვეტის სშკ-ის 37-ე მუხლის „ო“ ქვპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი (იხ. სარჩელი), აღნიშნულიდან გამომდინარე, განმსაზღვრელი იყო იმ საკითხის გამორკვევა, თუ რამდენად იყო მოცემულ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებამოსილი სადავო ბრძანებაში მითითებული საფუძვლით შეეწყვიტა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულება და გაეთავისუფლებინა ის დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად მოპასუხის სააპელაციო პრეტენზია, რომ მხოლოდ დისკრიმინაციული დამოკიდებულების არსებობა - არარსებობის ჭრილში უნდა მომხდარიყო სასამართლოს მიერ მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შემოწმება, უსაფუძვლოდ და არარელევენტურად ჩათვალა სააპელაციო სასამართლომ.

34. უარყოფილი იქნა შედავება კომპენსაციის ოდენობის არაგონივრულობასთან დაკავშირებითაც [სშკ-ის38-ე მუხლის მე-8 ნაწილი]. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია დამსაქმებელი ვალდებულია, გადაუხადოს დასაქმებულს კომპენსაცია. სშკ-ი არ აწესებს კომპენსაციის მინიმალურ ან მაქსიმალურ ოდენობას, აგრეთვე არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნის (სამსახურში აღდგენის) ალტერნატიული ღონისძიების (კომპენსაციის) დაკმაყოფილების სამართლებრივ წინაპირობას უკანონოდ დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის მიზნით, დამსაქმებლისთვის ყოფილი დასაქმებულის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრება, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებას ისახავს მიზნად, არამედ - პრევენციული ფუნქციაც გააჩნია, რათა ზოგადად არიდებულ იქნეს დასაქმებულთა არამართლზომიერი და უსაფუძვლო გათავისუფლება. სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, კანონის მიზნებისათვის სწორედ კომპენსაცია მიიჩნევა უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამართლიანი დაკმაყოფილების /მისაგებლის/ ერთ-ერთ ღონისძიებად, როდესაც შეუძლებელია იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ზიანის ამგვარი სახით ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობები განმტკიცებულია როგორც სპეციალურ კანონში (სშკ-ის 38.8-ე მუხლი), ასევე სსკ-ის შესაბამისი ნორმებითაც. კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან (იხ. სუსგ Nას-969-934-2016, 17.03.2017წ.). შრომის კოდექსის 44-ე მუხლით შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებლის უკანონო ბრძანების შედეგად დასაქმებულს მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა მის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობასა და კუთვნილი ანაზღაურების (ხელფასის) მიუღებლობაში, რაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობის პირობებში, მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდით უნდა ჩანაცვლდეს.

35. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს.

36. როდესაც დასაქმებული დამსაქმებელთან უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა, სასამართლომ კომპენსაციის ოდენობა უნდა განსაზღვროს გონივრულობის ფარგლებში, ისე, რომ აღნიშნულმა რომელიმე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება არ გამოიწვიოს და ამავდროულად, ზიანის ანაზღაურების მიზნით დასაქმებულისთვის ღირსეულ პირობასაც ქმნიდეს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინატანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა კომპენსციის ოდენობა - 8 თვის განმავლობაში ასაღები ხელფასის (დარიცხული) ოდენობით, რაც გონივრულია, სამართლიანია და სრულ შესაბამისობაშია კომპენსაციის, როგორც ზიანის ანაზღაურების დანიშნულებასთან.

37. ამდენად, ზემოაღნიშნული დასაბუთებით სააპელაციო სასამართლომ უარყო მაუწყებლის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ უარყოფილია დასაქმებულის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარიც, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია მხოლოდ მაუწყებლის მიერ, საკასაციო პალატა არ მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ საფუძვლებზე, რომლებიც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით წარდგენილი დასაქმებულის სააპელაციო საჩივრის უარყოფას შეეხება.

38. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინების ნაწილობრივი გაუქმების და სარჩელის სრულად უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მაუწყებელმა.

39. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ საკასაციო პრეტენზიებს:

40. კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული; ამასთანავე, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანებოს შემოწმება შეუძლებელია. კასატორი ციტირებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, 2015 წლის 10 ივლისიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ „პ–ი ს-ია“ პ–ი არხის ეთერში არ გასულა. ამ პერიოდში დასრულდა პ–ი არხის სატელევიზიო სეზონი. შემოდგომიდან, ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებიდან, გადაცემა არ გასულა.

41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში- სსსკ-ის) 102-ე და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა გარემოება იმის, შესახებ, რომ მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ იყო დაკავშირებული ზემოთ ხსენებულ თოქ-შოუსთან „პ–ი ს-ია“. 30.06.2014 წლის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე დასაქმებული იყო უშუალოდ პ–ი არხსი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუში „პ–ი ს-ია“ წამყვანის თანამდებობაზე 2014 წლის 1-ლი ივლისიდან 2015 წლის 1-ელ ივლისამდე. მათ შორის, შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო კონკრეტული სამუშაოს შესრულების პირობით, რაც ითვალისწინებდა კონკრეტული გადაცემის - „პირევლი ს-იის“ წაყვანას. საქმის მასალებში არ არსებობს სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც საწინააღმდეგოს დაადასტურებდა. შესაბამისად, ის გარემოება, რომ გადაცემის დახურვის მიუხედავად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე მხარეთა შორის მოლაპარაკებების პროცესში დასაქმებული არ იქნა გათავისუფლებული სამუშაოდან და იგი იღებდა შრომით ანაზღაურებას, არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ურთიერთობა გაგრძელდა, როგორც ზოგადად წამყვანთან. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატის მსჯელობიდან გამომდინარე, მაუწყებელს თავიდანვე უნდა შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან და რადგან მან ეს არ გააკეთა, სასამართლომ ჩათვალა, რომ კასატორმა თავიდანვე არ დაუკავშირა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება თოქ-შოუ „პ–ი ს-იის“ არსებობა/არარსებობას. გარდა იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობრივია (რადგან ფაქტობრივად აღიარებს სასამართლო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტურ გარემოებად გადაცემის დახურვის ფაქტს), ამასთან ყოველგვარ ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო ვერ გაერკვა და სათანადოდ ვერ შეაფასა საქმეში არსებული მასალები, მხარეთა განმარტებები და ის ურთიერთობა, რაც ამ გადაცემის დახურვიდან დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებამდე პერიოდის განმავლობაში არსებობდა მხარეებს შორის.

42. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად არის დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოპასუხეს ქონდა შესაძლებლობა გადაცემა „პ–ი ს-იის“ დახურვის შემდეგ მოსარჩელისათვის შეეთავაზებინა მის მიერ დაკავებული პოზიციის, მისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისი სხვა სამუშაო, რაც მან არ განახორციელა; ბ) რაიმე დასაბუთება, თუ რატომ მიენიჭა უპირატესობა ახალი წამყვანების და არა მოსარჩელის დასაქმებას საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემის წაყვანასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი არ არის; გ) მოპასუხის განმარტებიდან გამომდინარე, რომ მხარეთა შეთანხმება ახალი გადაცემის პროექტის მომზადებასთან დაკავშირებით განპირობებული იყო სწორედ იმით, რომ მოპასუხემ არ უზრუნველყო მოსარჩელის დასაქმება დაკავებული პოზიციის შესაბამისი სამუშაოთი და არა იმით, რომ მოსარჩელემ უარი თქვა შეთავაზებაზე.

43. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ თავად დაადგინა, რომ ახალ სატელევიზიო სეზონზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულებით განახლებულიყო როგორც ეთერი, ასევე, მოწვეულნი ყოფილიყვნენ ახალი წამყვანები (რაც განხორციელდა კიდეც პ–ი ინსტანციის სასამართლომაც დაადგინა აღნიშნული გარემოება). კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში პირდაპირ და უხეშ ჩარევას, როდესაც ის ავალდებულებს კასატორს, რომ მას უპირატესობა უნდა მიენიჭებინა სწორედ მოსარჩელისთვის და ამასთან დაკავშირებით მოითხოვს შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენას. კასატორი უთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლს და განმარტავს, რომ სასამართლოს და ხელისუფლების ვერც ერთი ორგანოს განსჯის საკითხი ვერ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა და ის, თუ რა სახის გადაცემებით შეივსება ამა თუ იმ სეზონზე სამაუწყებლო ბადე და ასევე, რომელი წამყვანი ეყოლება ამა თუ იმ გადაცემას. გარდა ამისა, მოსარჩელე არ ხდიდა სადაოდ საკითხს იმის თაობაზე, თუ რატომ არ გააგრძელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მასთან შრომითი ურთიერთობა სხვა არსებითი პირობებით (რაც თავისთავად დამოუკიდებელ დავის საგანს წარმოადგენს და მოცემულ დავაზე არ შეიძლებოდა გამხდარიყო სასამართლოს მსჯელობის საგანი) და ასევე საკითხს სხვა გადაცემებში შესაბამისი პირების დასაქმების და ახალი გადაცემებით საეთერო ბადის განახლების შესახებ. კასატორის განმარტებით, საქმის ორივე ინსტანციაში განხილვისას მოსარჩელემ არაერთხელ განაცხადა რომ მაუწყებლის ადმინისტრაციამ მას შესთავაზა დასაქმება სხვა გადაცემაში, რაზეც მან უარი განაცხადა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადენილია, რომ 2015 წლის ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, სხვა მიმართულების გადაცემებზე გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მ-ეს მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, მოსარჩელემ წარმოადგინა ახალი გადაცემის პროექტი, რომლის სახელწოდება იყო საზოგადოებრივ-ანალიტიკური და არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა. ეს კი თავისთავად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე თავად მკაფიოდ გაემიჯნა პოლიტიკურ თემატიკას. მოსარჩელემ თავად განაცხადა სასამართლო სხდომაზე, რომ ახალ გადაცემებში არ მოიყვანდა პოლიტიკოსებს (პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის კითხვაზე, თუ რატომ გაემიჯნეთ პოლიტიკურ თემას, დასაქმებული პასუხობს, რომ ის მიხვდა, რომ არ უნდა გაეკეთებინა ეს თემა.

44. კასატორის განმარტებით, მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, მაუწყებელმა დაადასტურა შესაბამისი გარემოებები, თუ რატომ გადავიდა მხარეთა შორის ურთიერთობა მოლაპარაკებების რეჟიმში ახალი გადაცემის პროექტის წარმოდგენასთან დაკავშირებით და რატომ არ დასაქმდა მოსარჩელე ახალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში, რომლებიც ახალი სეზონიდან გავიდა ეთერში. კასატორის განცხადებით, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა, უპირველეს ყოვლისა საქმეში არსებული მასალები და რაც მთავარია, თავად მოსარჩელე მხარის განმარტებები.

45. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ წარმოადგინა ახალი გადაცემის პროექტი, რითაც თავად ადასტურებს გადაცემა „პ–ი ს-იის“ დახურვის ლეგიტიმაციას და მხარეთა შორის არსებული მოლაპარაკებების პროცესს ახალი გადაცემის პროექტის წარმოდგენის თაობაზე, რითაც აღიარებს 2015 წლის ახალი სეზონისთვის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს ახალი გადაცემებით და წამყვანებით საეთერო ბადის განახლებასთან დაკავშირებით. თავად ახალი გადაცემის პროექტის სახელწოდებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ წარმოადგინა საზოგადოებრივ-ანალიტიკური და არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის პროექტი, ვინაიდან თავად მკაფიოდ გაემიჯნა პოლიტიკურ თემატიკას. პროექტი განხილულ იქნა აღმასრულებელი საბჭოს მიერ და აღმასრულებელი საბჭოს მხრიდან პროექტს არ მიეცა რეკომენდაცია. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. საეთერო ბადე შევსებული იყო და არ არსებობდა რეალური საშუალება მოსარჩელის დასაქმებისთვის. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებები მაუწყებლის მიერ სამოქალაქო კოდექსის 115-ე და სშკ-ის 37(1) მუხლის „ო“ პუნქტის დარღვევის შესახებ.

46. ზემოაღნიშნული საფუძვლით, კასატორს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო თავის განჩინებაშივე უთითებს, რომ შრომის კოდექსი არ აწესებს კომპენსაციის მინიმალურ ან მაქსიმალურ ოდენობას, აგრეთვე არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. სასამართლომ მიუთითა, რომ კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან.

47. კასატორის განცხადებით, მაუწყებლის ადმინისტრაციამ მოსარჩელეს აუნაზღაურა 2015 წლის სექტემბრიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული პერიოდის ხელფასი, მაშინ, როდესაც მოსარჩელე ფაქტობრივად არც დადიოდა მაუწყებელში და გადაუხადა ყველანაირი კომპენსაცია სამუშაოდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მოსარჩელე ისე რომ არ ახორციელებდა შრომით საქმიანობას, მიღებული აქვს 8 თვის სახელფასო ანაზღაურება (მათ შორის კომპენსაცია). კასატორის განმარტებით, ამ ნაწილშიც ზედაპირული, დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კომპენსაციის სახით 8 თვის განმავლობაში ასაღები ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი:

48. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

49. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

50. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნებიდან (იხ., ამ განჩინების პპ: 5-11) დაკმაყოფილებულია მოთხოვნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 11 თებერვლის N8-კ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და მოსარჩელეს მიკუთვნებული აქვს კომპენსაცია 30 000 ლარის (დარიცხული) ოდენობით (იხ., ამ განჩინების პ- 14) [სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი].

51. საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და კასატორს მიაჩნია, რომ ჯერ ერთი, არ არსებობდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 11 თებერვლის N8-კ ბრძანების ბათილად ცნობის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები და მეორეც, საკასაციო საჩივრის პირველი საფუძვლიდან გამომდინარე კომპენსაციის მიკუთვნებას არ გააჩნდა ფაქტობრივი წინაპირობა და ამასთან, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების ის ნაწილი, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრას, დაუსაბუთებელია [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი].

52. წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში [სსსკ-ის 407-ე მუხლი] საკასაციო პალატა იმსჯელებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამდგარი იურიდიული შედეგის მართლზომიერებაზე და პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2016 წლის 11 თებერვლის N8-კ ბრძანების კანონიერებაზე.

53. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ: საქმე №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი).

54. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მაუწყებლის 2016 წლის 11 თებერვლის N8-კ ბრძანების საფუძველზე, დასაქმებულთან 2016 წლის 15 თებერვლიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე [დისპოზიცია: შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას]. კასატორი აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის არსებობდა ობიექტურად გამართლებრული გარემოებები, სახელდობრ, 30.06.2014 წლის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე დასაქმებული იყო უშუალოდ პირველი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუში „პ–ი ს-ია“ წამყვანის თანამდებობაზე 2014 წლის 1-ლი ივლისიდან 2015 წლის 1-ელ ივლისამდე. მათ შორის, შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო კონკრეტული სამუშაოს შესრულების პირობით, რაც ითვალისწინებდა კონკრეტული გადაცემის - „პ–ი ს-იის“ წაყვანას.

55. კასატორის ზემოაღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგოდ საქმის მასალებით დადგენილია, რომ:

56. - 2014 წლის 30 ივნისს, მაუწყებელსა და დასაქმებულს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დასაქმებულმა დაიკავა პ–ი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუში („პ–ი ს-ია“) წამყვანის თანამდებობა, ხოლო 2014 წლის 4 ივლისიდან მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა სშკ-ში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მიჩნეული იქნა უვადოდ დადებულად. ამ პერიოდში დასრულდა პ–ი არხის სეზონი. შემოდგომიდან, ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებიდან კი, გადაცემა -საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ „პ–ი ს-ია“ არ განახლებულა და 2015 წლის 10 ივლისიდან მაუწყებლის პ. არხის ეთერში არ გასულა.

57. - საგულისხმოა, რომ ახალი სატელევიზიო სეზონისათვის მზადების პროცესშივე ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ „პ–ი ს-ია“ დაიხურა და იმის გათვალისწინებით, რომ გადაცემა, რომლის წამყვანის პოზიციასაც იკავებდა მოსარჩელე დაიხურა და ეთერში აღარ გადის, მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად მიღწეული იქნა ზეპირსიტყვიერი გადაწვეტილება, რომ მოსარჩელე გააგრძელებდა არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობას იმ პირობით, რომ იგი წარადგენდა ახალი გადაცემის პროექტს, რომლის წარმოებაში გაშვებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმდებოდა ახალი შრომის ხელშეკრულება შეცვლილი პირობების გათვალისწინებით. თუმცა, 2016 წლის თებერვლის თვეში მოსარჩელის მიერ წარდგენილი საავტორო გადაცემის პროექტი განსახილველად გადაეცა საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმსარულებელ საბჭოს, რომელმაც არ მისცა შესაბამისი რეკომენდაცია პროექტს და არ იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება მისი წარმოების დაწყების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

58. ამდენად, ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად გამომდინარეობს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მართალია გადაცემა დაიხურა 2015 წლის ივლისში (იხ., ამ განჩინების პ-56), თუმცა, მხარეთა ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მათი თანამშრომლობა რეალურად გაგრძელდა 2016 წლის თებერვლამდე, ვიდრე მოსარჩელის მიერ შეთავაზებული საავტორო გადაცემის (ახალი გადაცემა) პროექტი უარყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმსარულებელმა საბჭომ. მაშასადამე, სატელევიზიო ბადეში არ ჩაეშვა მოსარჩელის მიერ შეთავაზემული გადაცემა, რაც მოგვიანებით დაედო საფუძვლად შრომის ურთიერთობის შეწყვეტას (იხ., ამ განჩინების პ - 54).

59. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა არაკანონიერად, დისკრიმინაციული საფუძვლით შეწყდა (იხ., ამ განჩინების პ-12), რის გამოც, თავისი დარღვეული შრომითი უფლების დასაცავად მიმართა სასამართლოს.

60. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის, მოსარჩელის პრეტენზიის და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს, მოქმედებდა თუ არა დამსაქმებელი მართლზომიერად, როდესაც შეწყვიტა დასაქმებულთან წარმოშობილი უვადი შრომითი ხელშეკრულება, ხომ არ არსებობდა ისეთი გარემოებები, რომლის ჯეროვნად რეალიზებისა და თანამშრომლობის სურვლის არსებობის პირობებში, შესაძლებელი იყო უვადო შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება, საკასაციო პალატას მხედევლობაში აქვს შრომითი ურთიერთობის რღვევასთან მიმართებით ამავე ურთიერთობის შენარჩუნების პერსპექტიულობა.

61. ზემოაღნიშნული მიდგომა კი, განაპირობებს მხარეთა შორის მტკიცცების ტვირთის სპეციალური გადანაწილების აუცილებლობას, კერძოდ, საკასაციო პალატის მიერ არაერთხელ გამახვილდა ყურადღება პროცესუალურ საკითხებზე, რომელიც შეეხება მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებას, სახელდობრ, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება დადებითი მოვლენის მტკიცების ვალდებულება ნეგატიური მოვლენის მტკიცების შეუძლებლობის გამო. თავის მხრივ, შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელის მითითება უკანონო გათავისუფლების თაობაზე, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს აკისრებს მის მიერ გამოვლენილი ნების - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის გადასაწყვეტად სწორად არის თუ არა განხორციელებული შრომითი ურთიერთობის რღვევა. შესაბამისად, მოპასუხე, რომელიც ზოგადად ასეთი შინაარსის დავებში ვალდებულია მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება ამტკიცოს, ასევე ვალდებულია რელევანტური მტკიცებულებით დაადასტუროს და სასამართლოს წარმოუჩინოს ის გარემოებები, რომლებიც დაედო საფუძვლად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილებას (შდრ: სუსგ-ები №ას-654-610-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი; №ას-903-843-2017, 19 ოქტომბერი, 2017 წელი).

62. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი სწორად გადანაწილდა მხარეებს შორის და სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც ნიშანდობლივია შრომითსამართლებრივი ურთიერთობისათვის და დამსაქმებელს დაეკისრა იმისი დადასტურების ვალდებულება თუ რა ობიექტური საჭიროებით იყო განპირობებული, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა უვადოდ სახელშეკრულებაში მყოფ დასაქმებულთან შრომითი საქმიანობის გაგრძელება.

63. ამ მნიშვნელოვანი საკითხის კვლევისა და აღნიშნულთან მიმართებით წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის განხილვისას, ყურადღება უნდა მიექცეს საკასაციო პალატის მიდგომას, რომელიც არაერთ გადაწყვეტილებაშია ხაზგასმული: „სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად“ (შდრ: სუსგ-ები №ას-98-94-2016, 26 ივლისი, 2016 წელი; №ას-903-843-2017, 19 ოქტომბერი, 2017 წელი).

64. შესაბამისად, უნდა შეფასდეს გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გარემოებების ობიექტურობა, დამსაქმებლისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებები, რამაც შეუძლებელი გახადა შრომითი ურთიერთობის გაგრძელება, თუ ეს გარემოებები წარმოადგენს დამსაქმებლის ქმედებების უშუალო შედეგს, მიმართულს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ.

65. ამ მიმართულებით საქმის გარემოებების კვლევისას, ყურდაღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ 2015 წლის 10 ივლისიდან გადაცემა „პ-ი ს-ია“ ეთერში არ გადიოდა და მოსარჩელე წამყვანის ფუნქციებს არ ასრულებდა, ამასთან, არც რომელიმე სხვა პოზიციაზე ყოფილა დასაქმებული, 2016 წლის 15 თებერვლამდე - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, ის ჩვეულებისამებრ, ყოველთვიურად იღებდა მხარეთა შორის 2014 წლის 30 ივნისის შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებულ შრომის ანაზღაურებას. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება. მაუწყებელი იმაზე მიუთითებდა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო კონკრეტული სამუშაოს შესრულების პირობით, კერძოდ, არსებული შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებდა კონკრეტული გადაცემის - ,,პ–ი ს-იას“ წაყვანას. თუმცა, რადგან გადაცემა ,,პ–ი ს-იას“ ფაქტობრივად დახურვის შემდეგ მოპასუხემ აღნიშნული საფუძვლით არ შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, სავარაუდოა, რომ მოპასუხემ თავადვე არ დაუკავშირა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება თოქ-შოუ „პ–ი ს-იას“ არსებობა/არარსებობას და საშუალება მისცა დასაქმებულს მოემზადებინა ახალი გადაცემა (იხ., ამ განჩინების პპ: 57, 58). მაშასადამე, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების არგუმენტი იმის თაობაზე, რომ დამსაქმებელს შესაძლებლობა ჰქონდა გადაცემა ,,პ–ი ს-იას“ დახურვის შემდედ მოსარჩელისათვის შეეთავაზებინა მის მიერ დაკავებული პოზიციის, მისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისი სხვა სამუშაო, რაც მან არ განახორციელა. ამ დასაბუთების საპირისპიროდ კი, კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, ამგვარ შედავებად, საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას, რომელიც ამ განჩინების პპ: 43 - 45 - შია მითითებული და რომლის მიხედვით, მოსარჩელე თავად არ იყო დაინტერესებული გადაცემების წამყვანის პოზიციით, რადგან მხარეთა შეთანხმებით, მას გადაცემის ახალი პროექტი უნდა წარედგინა, რომელიც მოგვიანებით, დაწუნებული იქნა. საეთერო ბადე შევსებული იყო და არ არსებობდა რეალური საშუალება მოსარჩელის დასაქმებისთვის. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში პირდაპირ და უხეშ ჩარევას, როდესაც ის ავალდებულებს კასატორს, რომ მას უპირატესობა უნდა მიენიჭებინა სწორედ მოსარჩელისთვის და ამასთან დაკავშირებით მოითხოვს შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენას. კასატორი უთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლს და განმარტავს, რომ სასამართლოს და ხელისუფლების ვერც ერთი ორგანოს განსჯის საკითხი ვერ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა და ის, თუ რა სახის გადაცემებით შეივსება ამა თუ იმ სეზონზე სამაუწყებლო ბადე და ასევე, რომელი წამყვანი ეყოლება ამა თუ იმ გადაცემას.

66. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო; ცვლილება შეეხო შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის საკანონმდებლო მოწერიგებასაც. ახლებური მოწესრიგების საფუძველზე განსახილველ საქმეშიც დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წარმოიშვა უვადო შრომითი ურთიერთობა (იხ., ამ განჩინების პ-2). ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ., სუსგ Nას-941-891-2015, 29.01.2016წ. პ-48). აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი შრომის უფლების შემადგენელი ნაწილია შრომითი ურთიერთობის სტაბილურობა. მოცემულ საქმეშიც, სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმების კვაკუთხედი იმაში მდგომარეობს, რომ გაირკვეს რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება. ამ თვალსაზრისით კი, დამსაქმებელმა ვერ წარმოადგინა წონადი არგუმენტი, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, როგორც აღნიშნულია ამ განჩინების პ-61-ში. მართალია კასატორი აღნიშნავს, რომ მაუწყებლის ამგვარი დავალდებულება სასამართლოს მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაა (იხ., ამ განჩინების პ-44), თუმცა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მითითება დაუშვებელი და დაუსაბუთებელია. აღნიშნულ საკითხზე მრავალჯერ აქვს ნამსჯელი საკასაციო პალატას, როდესაც დამსაქმებლები პრეტენზიას გამოთქვამენ სამეწარმეო სუბიექტის დამოუკიდებლობასა და კადრების შერჩევის თავისუფლებაში ჩარევად მიიჩნევენ. ერთ-ერთ საქმეში, საკასაციო პალატამ აღნიშნა: „...გასათვალისწინებელია, ასევე, საწარმოს მენეჯმენტის მიზნები და სწრაფვა, რათა გონივრულად, სამართლიანად და კანონიერად შეფასდეს საწარმოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, მათ შორის ეკონომიკური მოთხოვნების საფუძველზე, დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. სასამართლოებმა ძალზედ ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმსჯელონ სასამართლო კონტროლის ფარგლებში, კონკრეტული საწარმოს ბიზნეს გადაწყვეტილებასა და სამეწარმეო პოლიტიკაზე“. (მაგალითად შეადარეთ სუსგ №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი, პ-52). ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობისგან განსხვავებულია შრომითსამართლებრივი ურთიერთობა და ამის ნათელი საფუძველია სშკ-ის დებულებებშია განმტკიცებული, თუნდაც კონტრაქტის ვადის საკანონმდებლო რეგულირება [სშკ-ის მე-6 მუხლის 12 მუხლი], მსუბუქი სანქციის გამოყენების აუცილებლობა და ა.შ. ევროპის სოციალური ქარტიის (ESC, /შესწორებული/, სტრასბურგი 3.05.1996წ., საქართველოს პარლამენტის 01.07.2005წ. # 1876-რს დადგენილებით (გამოქვეყნებულია სსმ, 82, 13/07/2005) სავალდებულოდ არის აღიარებული მისი კონკრეტული მუხლები, თუმცა, ამ ეტაპზე, საქართველოს არ აქვს აღებული ვალდებულება ქარტიის 24-ე მუხლზე-უფლება დაცვაზე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში), პირველი მუხლით დადგენილია შრომის უფლება, რომელიც მხარეებს, შრომის ეფექტური განხორციელების მიზნით, კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს. შესაბამისად, იმ ფაქტების დადგენა, თუ რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა დასაქმებულთან უვადო შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანია, რათა სოციალური სამართლიანობის პრინციპით შეფასდეს დამსაქმებლის ქმედება, რათა დასაქმებულმა იცოდეს მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთებული საფუძველი, უნდა გამოიკვეთოს დამსაქმებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილების მართებულობა და აშ. სწორედ ამიტომ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დასაქმებულის შრომითი უფლების შეწყვეტა, მოითხოვს შეწყვეტის საფუძვლის დეტალურ შესწავლასა და შეფასებას.

67. განსახილველ შემთხვევაში, იმ მოცემულობაში, როდესაც დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეს მიჰყავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემები, ხოლო გადაცემა ,,პ–ი ს-იას“ დახურვის შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა ამ მიმართულების ოთხი ახალი გადაცემა და მოპასუხეს ესაჭიროებოდა საზოგადეობრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემების წამყვანები, ამასთან, წამყვანების ინიცირება (შერჩევა) მოხდა არა საკონკურსო წესით, არამედ თავად მოპასუხის მიერ, ამ გადაცემების წამყვანის პოზიციაზე დასასაქმებლად, საკასაციო პალატას შეუსაბამოდ მიაჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ უპირატესობა არ მიენიჭა სწორედ მოსარჩელეს, რომელიც წამყვანის პოზიაციას იკავებდა უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

68. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია იმის თაობაზეც, რომ მოსარჩელე არ ხდიდა სადაოდ საკითხს იმის თაობაზე, თუ რატომ არ გააგრძელა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მასთან შრომითი ურთიერთობა სხვა არსებითი პირობებით (რაც თავისთავად დამოუკიდებელ დავის საგანს წარმოადგენს და მოცემულ დავაზე არ შეიძლებოდა გამხდარიყო სასამართლოს მსჯელობის საგანი) და ასევე საკითხს სხვა გადაცემებში შესაბამისი პირების დასაქმების და ახალი გადაცემებით საეთერო ბადის განახლების შესახებ (იხ., ამ განჩინების პ-43). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ი პრინციპების სახით უზრუნველყოფს ყოველი პირისათვის უფლების სასამართლო წესით დაცვას, რაც იწყება უშუალოდ იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად [სსსკ-ის მე-2 მუხლი]. ფუძემდებლური პრინციპებითაა უზრუნველყოფილი პირის უფლება და ვალდებულება განსაზღვროს სასამართლო დავის საგანი [სსსკ-ის მე-3 მუხლი]. ამ პრინციპების კონკრეტულ გამოხატულებას ვხვდებით სსსკ-ის 178-ე მუხლის დისპოზიციურ დანაწესში, რომელიც ადგენს სარჩელის შინაარსობრივ მოთხოვნებს და მოსარჩელისაგან მოითხოვს, რომ მან სარჩელში აღნიშნოს დავის საგანი, მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოებები და სხვა [სსსკ-ის 178-ე მუხლის „გ“, „ზ“, „ე“]. თავის მხრივ, სასამართლო შებოჭილია სარჩელის მოთხოვნის ფარგლებით და უფლებაშეზღუდულია მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა [სსსკ-ის მე-3 და 248-ე მუხლები]. სხვა საკითხია მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. ერთ-ერთ საქმეში სადავო ბრძანების ბათილად ცნობის და სამუშაო ადგილზე დაბრუნების საკითხის განხილვისას საკასაციო პალატამ მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო სამართილს ნორმა, როდესაც იმსჯელა სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისთვის დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დადებული ხელშეკრულების უვადოდ დადებულად მიჩნევის სამართლებრივ საკითხზე (შდრ: სუსგ №ას-1052-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი, პ-42). განსახლველ შემთხვევაშიც, სადავო იყო რა გათავისუფლების შესახებ ბრძანება და მისი კანონიერების შემოწმების მიზნით, სასამართლოს უნდა გამოიკვია დამსაქმებელის მოქმედების მართლზომიერება.

69. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დამსაქმებელმა არ გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალება დასაქმებული პირის ალტერნატიული სამუშაოთი უზრუნველსაყოფად და ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ასეთი საშუალება არ გააჩნდა. შესაბამისად, დამსაქმებელმა არ უზრუნველყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, რაც მის ვალდებულებას წარმოადგენდა, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა, კი ვერ ჩაითვლება ობიექტურ გარემოებად, რაც გაამართლებდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

70. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობას კომპენსაციის მიკუთვნების ნაწილშიც.

71. ვინაიდან მიჩნეული იქნა, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, კასატორმა დასაბუთებული შედავება ვერ წარმოადგინა, კომპენსაციის მიკუთვება სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე მართებულად უნდა იქნეს მიჩნეული. ერთ-ერთ საქმეში (იხ., სუსგ №ას-941-891-2015, 29 იანვარი, 2016 წელი, პ- 46) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“.

72. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენასა და ტოლფას სამუშაოზე აღდგენაზე, მისთვის კომპენსააციის მიკუთვნება სრულად შეესაბამება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა: „კასატორის პოზიციას არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი გამომდინარე იქედან, რომ კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგს (სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი) იმ შემთხვევებისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაშიც სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე გათავისუფლებამდე არსებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში. პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანიც სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო (ტოლფასი თანმდებობა) ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება სულ მცირე, კომპენსაცია. ხოლო რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, აღნიშნულს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ისე, რომ როგორც ამას კასატორი აღნიშნავს, უპრიანი არ არის მხოლოდ სახელფასო ანაზღაურება ყოფილიყო კომპენსაციის განსაზღვრის ერთადერთი კრიტერიუმი და ისიც , თუ რამდენს შეადგენს მოსარჩელის დარიცხული სახელფასო განაკვეთი. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნელყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და ამ საკითხის განსაზღვრას სასამართლოებს მიანდობს. შესაბამისად, სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას“(იხ. სუსგ Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ.). სხვა საქმეშიც იმსჯელა საკასაციო პალატამ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის მართებულ გამოყენებაზე და განმარტა, რომ „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება“ (შდრ: სუსგ №ას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი). სხვა დავაში კი, რომელშიც ბათილად იქნა ცნობილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, საკასაციო პალატამ იმსჯელა სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც შეეხებოდა მუშაკის დარღვეული უფლების აღდგენის საკითხს. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „როდესაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. ამ დავაში საკასაციო პალტამ იმსჯელა დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის კანონიერებაზე და განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272) (შდრ: სუსგ №ას-1623-2018, 29 იანვარი, 2019 წელი, პპ:115, 117, 118). განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის ხელფასის, შრომითი ურთიერთობის უვადოდ არსებობის პირობებში, გონივრულ ოდენობად 30 000 ლარის დაკისრება საკასაციო პალატას მართლზომიერად მიაჩნია.

73. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, წინამდებარე საქმეში არსებულ სამართლებრივ საკითხებზე დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

74. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

75. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელს (ს/კ: 2...) დაუბრუნდეს 2018 წლის 6 დეკემბერს საგადახადო მოთხოვნა №29528 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1560 ლარის) 70% – 1092 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი