საქმე №ას-545-545-2018 18 მაისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თელავის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა. ჰ. ა. ა. ს., შპს „... - ....“ (მოპასუხე)
თავდაპირველი თანამოპასუხეები _ მ. ს-ის უფლებამონაცვლე ი. კ-ი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგოში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ს-ის (უფლებამონაცვლე ი. კ-ი), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხეები), მ. ა. ჰ. ა. ა. ს. და შპს „... - ...-ის“ (შემდგომში _ მოპასუხეები, მ. ა. ჰ. ა. ა. ს. და შპს „...- ..., ასევე, წოდებული, როგორც აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორის მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა მ. ს-სა და მ. ა. ჰ. ა. ა. ს. შორის #53.15.36.015. უძრავ ქონებაზე 2011 წლის 7 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს მიერ ამ ქონებაზე მ. ა. ჰ. ა. ა. ს. სახელზე განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი მ. ს-სა და მ. ა. ჰ. ა. ა. ს. შორის 2011 წლის 7 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე, ამ ხელშეკრულების საფუძველზე მ. ა. ჰ. ა. ა. ს. სახელზე შესრულებული ჩანაწერი.
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ა. ჰ. ა. ა. ს. და შპს „... - ...-მა“, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს შემოწმების საგანს წარმოადგენს აღაირებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხი. ამ თვალსაზრისით, პალატა განმარტავს, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზის შედეგია და, დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაცაა, თუმცა აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას?. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:
ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში;
ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;
გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
1.3. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ ვლინდება მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, გასთვალისწინებელია საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.
1.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ-ებები: 10.11.2015, #ას-937-887-2015; #ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; #ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; #ას-773-730-2015, 08.09.205წ.; #ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; #ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
1.5. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა. კერძო საჩივრის ავტორი ამტკიცებს, რომ მას გააჩნია იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, რაც გამოიხატება მოპასუხის (შემძენი) მიერ ნაწარმოები მშენებლობის შეჩერებაში, ასევე, მუნიციპალიტეტსა და მ.ს-ს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის შესრულების შეუძლებლობაში და სურს დაამტკიცოს, მ. ა. ჰ. ა. ა. ს.არ არის კეთილსინდისიერი შემძენი, არამედ, მ.ს-მა ქონება შეიძინა იმ მიზნით, რომ ქონება გადაცემოდა მ. ა. ჰ. ა. ა. ს. და მას არ ჰქონდა პირობებიანი აუქციონით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ნება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თეორიული თვალსაზრისით მოსარჩელის ნამდვილ ინტერესს შესაძლოა წარმოადგენდეს აუქციონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების დავალდებულება, რომლის ფარგლებშიც მტკიცების საგანს შესაძლოა წარმოადგენდეს, როგორც მ. ა. ჰ. ა. ა. ს. კეთილსინდისიერება, ისე _ მასზე საკუთრების გადასვლის ნამდვილობა, იმგვარად, რომ გარიგების ბათილობის დამოუკიდებელი მოთხოვნის დაყენების საჭიროება არც არსებობს, გარდა ამისა, დასახული მიზნის მიღწევა (რასაც კერძო საჩივრის ავტორი იურიდიულ ინტერესად აღიქვამს) წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებითაც კი შეუძლებელია, რადგანაც სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის იმპერატიული შეზღუდვიდან გამომდინარე, ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას და ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმას, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ აღიარებითი სარჩელი, განსახილველ შემთხვევაში, დაუშვებელია.
1.6. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. (იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).
1.7. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი. თავის მხრივ, საკასაციო პალატის ზემოხსენებული მოტივაცია სრულად გამორიცხავს კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას, რომ მას აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი აქვს და სააპელაციო სასამართლომ მას არასწორად დაუტოვა განუხილველად სარჩელი.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.9. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი