Facebook Twitter

საქმე №ას-330-330-2018 18 მაისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ე. ბ-ი, ა. ტ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ–ი, ი. ს-ა (მოპასუხე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ ნ. ბ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20-- წლის 28 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ე. ბ-მა და ა. ტ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელეები ან აპელანტები, ე.ბ-ი ასევე, წოდებული, როგორც პირველი კასატორი, ხოლო, ა.ტ-ე _ მეორე კასატორი) სარჩელი აღძრეს სასამართლოში დ. ბ–ის, ი. ს-ასა და ნ. ბ–ის (შემდგომში _ მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან მფლობელები, ნ.ბ–ი, ასევე, წოდებული როგორც თავდაპირველი თანამოპასუხე) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელეთა კუთვნილი ქ.თბილისში, დ.ბ-ის (ყოფილი ი-ის) შესახვევის #12-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #01.18.03.065.0--, შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სადავო ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ მოსარჩელეები. ამ უძრავ ნივთში უკანონოდ შესახლდნენ მოპასუხეები და მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მას. მოსარჩელეებმა მიმართეს შსს-ს მოპასუხეთა გამოსახლების თხოვნით, თუმცა, ამ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია. მოპასუხეთა მფლობელობით ირღვევა მესაკუთრის უფლებები, რის გამოც, მათ სარჩელით მიმართეს სასამართლოს.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ დ. ბ–ი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეს. სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მიზნით მოსარჩელეებმა წარადგინეს ძველი ამონაწერი. დ.ბ–ი დაიბადა სადავო მისამართზე და უძრავი ქონება ეკუთვნოდა მის დედას _ ხ. კ–ს, რომელმაც 1995 წლის 13 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება გადასცა შვილს _ დ.ბ–ს, ხოლო ეს უკანასკნელი მეუღლესთან და შვილთან (თანამოპასუხეები) მართლზომიერად ფლობს ნივთს. სწორედ ეს გარემოება გახდა შსს-ს მეშვეობით მოპასუხეთა გამოსახლებაზე უარის თქმის საფუძველი. მოპასუხეთა მხრიდან ქონების ფლობით არ ირღვევა მოსარჩელეების უფლებები, მოსარჩელეები თავად არ აძლევენ საშუალებას დ.ბ–ს საჯარო რეესტრში მიწის ფართი დააზუსტოს, ხოლო დაუზუსტებელ ფართზე მოპასუხე საკუთრების უფლებას ვერ ირეგისტრირებს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა პირველი კასატორის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ასევე, შეისწავლა მეორე კასატორის პრეტენზიის ნაწილში მისი წარმოებაში მიღების წინაპირობები და მიიჩნევს, რომ პირველი კასატორის პრეტენზიის ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო მეორე კასატორის პრეტენზიის ნაწილში _ განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 30 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით ირიცხება ე. ბ-ისა და ა. ტ-ის სახელზე (1/3 და 2/3 წილი). აპელანტთა განმარტებით, ბინაზე, საიდანაც მოპასუხეების გამოსახლებას ითხოვენ, რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება, გარდა ამისა, მოპასუხე მხარეს არ გააჩნია რაიმე იურიდიული საფუძველი საცხოვრებელი სახლის მართლზომიერი მფლობელობისა, რადგან გადაწყვეტილება, რაც საფუძვლად დაედო მოპასუხის უძრავ ნივთზე მესაკუთრედ რეგისტრაციას, გაბათილდა;

1.2.2. დ. ბ–ი სადავო ქონების თანამესაკუთრედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 11 მარტის #882013046061-13 გადაწყვეტილებით აღირიცხა, რომელიც ე. ბ-ისა და ა. ტ-ის ადმინისტრაციული საჩივრების საფუძველზე ამავე სამსახურის 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი;

1.2.3. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხე მითითებულ ქონებას ფაქტობრივად ფლობს;

1.2.4. მოსარჩელე მხარე დავის საგნის ფაქტობრივ საფუძველს აყრდნობს საქმეში წარმოდგენილ 2012 წლით დათარიღებულ საჯარო რეესტრის ამონაწერს, სადაც უძრავი ქონების მესაკუთრედ მხოლოდ მოსარჩელეა რეგისტრირებული, ამავე დროს, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად უთითებს სარეგისტრაციო სამსახურის იმ გადაწყვეტილებას, რითაც გამოსასახლებელ ქონებაზე მოპასუხე მხარის საკუთრების უფლება 2013 წლის მონაცემებით გაბათილდა. სააპელაციო სამართალწარმოებისას, 2017 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე, მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა 2016 წლის 22 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებად აღრიცხული არიან: ა. ტ-ე - შენობა-ნაგებობა #1-დან (ლიტ „ა“) 2/3 ნაწილი, ე. ბ-ი - შენობა #1-დან (ლიტ „ა“) 1/3 ნაწილი, დ. ბ–ი ლიტერ „ა1“ და ლიტერ „ბ“. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, უძრავი ქონების საკუთრების უფლებით მოპასუხისადმი კუთვნილების ფაქტი, რომლის სამართლებრივი საფუძვლები სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 3111-312-ე მუხლებით შეფასების ფარგლებში ისაზღვრება, დადგენილია; შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე სადავო ქონებაზე დ. ბ–ის საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ რეესტრის ჩანაწერი იურიდიული ძალისაა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ძირითად პრეტენზიას, რომ მოპასუხე დ.ბ–ის საკუთრების უფლება მისი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე 2013 წლის 23 ივლისს ბათილადაა ცნობილი, ხოლო მოპასუხეს საკუთარი უფლება არა საჯარო რეესტრის განახლებული ამონაწერით, არამედ, სხვა, უფრო სარწმუნო მტკიცებულებით უნდა დაესაბუთებინა. პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქმვემდგომმა სასამართლოებმა სწორად მოიძიეს და განმარტეს ვინდიკაციური სარჩელის დამფუძნებელი ნორმები _ სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი თანამოპასუხის მიერ წარდგენილ იქნა არსებითი ხასიათის შესაგებელი _ საჯარო რეესტრის განახლებული ამონაწერის თანახმად, დ.ბ–ი უძრავი ქონების თანამესაკუთრეა და ამ მონაცემთა გაქარწყლებამდე სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის საფუძველზე პრეზუმირებულია, რომ იგი ნამდვილად ქონების თანამესაკუთრეა, ეს ფაქტი კი, გამართლებულს ხდის სხვა თანამოპასუხეთა ფლობის მართლზომიერებას (ისინი მოპასუხის ოჯახის წევრები არიან, შესაბამისად, თანამესაკუთრის თანხმობა განაპირობებს მათ მართლზომიერ მფლობელობას, თანახმად სკ-ის 162-ე მუხლისა).

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. მეორე კასატორის პრეტენზიის ნაწილში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დასაბუთება:

განსახილველი საჩივარი მეორე კასატორის მიერ არ არის ხელმოწერილი (სსსკ-ის 396.1. მუხლის „თ“ ქვეპუნქტი), არამედ, მას ხელს პირველი კასატორი აწერს. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილია ა.ტ-ის მიერ ე.ბ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, თუმცა საქმის მასალებში მისი ადვოკატის მოწმობა არ იძებნება, რაც ამავე კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად, კანონის იმპერატიული მოთხოვნაა. 2018 წლის 19 მარტის განჩნიებით საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მეორე კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში დაავალა უშუალოდ მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის ან მეორე კასატორის ადვოკატის მოწმობის წარმოდგენა, თუმცა, მხარეს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია (ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა სასამართლოს კურიერის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, მითითებულ მისამართზე მას დახვდა პირველი კასატორი, რომელმაც განუმარტა, რომ ა.ტ-ე ცხოვრობს საზღვარგარეთ, ხოლო თავად კორესპოდენციას არ ჩაიბარებდა მასთან კონფლიქტის გამო. ამდენად, საკასაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, 04.04.2018წ. განჩინებით საჯარო შეტყობინებით გაავრცელა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, რომელიც ვებგვერდზე განთავსდა ამავე დღეს და კანონის თანახმად, ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვალა 11.04.2018 წელს, თუმცა ა.ტ-ეს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მეორე კასატორის პრეტენზიის ნაწილში არსებობს მისი განსახილველად მიღებაზე უარის თქმის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული წინაპირობა (თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება).

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 29.01.2018წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ე. ბ-ს (პ/#0-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 29.01.2018წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. ა. ტ-ის მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი