Facebook Twitter

საქმე №ას-744-744-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – იბა „ს–ი“, თ. ხ-ე, გ. ა–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. და ვ. ო-ოები (მოსარჩელე)

თვადაპირველი თანამოპასუხეები _ ა. ჩ-ე, მ. მ-ე, თ. ლ-ია, კ. ლ-ია, ქ. ი–ი, ნ. ა–ი, ი. ბ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ს. და ვ. ო-ოებმა (შემდგომში _ მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან კრედიტორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში იბა „ს–ის“, თ. ხ-ის, გ. ა–ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები, მოვალეები, თ.ხ-ე ასევე წოდებული, როგორც ამხა--გობის თავმჯდომარე), ა. ჩ-ის, მ. მ-ის, თ. ლ-იას, კ. ლ-იას, ქ. ი-ის, ნ. ა-ისა და ი. ბ–ის (შემდგომში _ თავდაპირველი თა--მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვეს 2012 წლის თებერვლიდან სარჩელის აღძვრამდე (17.09.2014წ.) ქირის _ თვეში 350 აშშ დოლარის (რაც ჯამში 19 936 ლარს შეადგენს) მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2007 წლის 24 აგვისტოს, ერთი მხრივ, ამხანაგობის თავმჯდომარე თ. ხ-ესა და ამხანაგობ წევრს, ა. ჩ-ის წარმომადგენელს, საზოგადოების თანათავმჯდომარე გ. ჩ-ეს და, მეორე მხრივ, მოსარჩელეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, კრედიტორების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების _ საცხოვრებელი სახლის დათმობა მოხდა იბა „ს–ის“ სასარგებლოდ. ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენების შემდგომ მოსარჩელეებისათვის იმავე მისამართზე 124 კვ.მ საცხოვრებელ ფართისა და ერთი ავტოსადგომის გადაცემის შესახებ. ამხანაგობას ხელშეკრულების გაფორმებისთანავე უნდა გადაეხადა 5 000 აშშ დოლარი, ხოლო მშენებლობის დასრულებამდე, მოსარჩელეებისთვის ყოველთვიურად - ბინის ქირა თვეში 350 აშშ დოლარი, რასაც ასრულებდა კიდეც, თუმცა ბოლო სამი წლის განმავლობაში შეწყვიტა ქირის გადახდა. მიუხედავად მოსარჩელეთა მცდელობისა, ეწარმოებინა მოპასუხებთან მოლაპარაკება, მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხებმა: იბა „ს-მა“, თ. ხ-ემ, მ. მ-ემ და გ. ა–მა სარჩელი არ ცნეს. იბა „ს–ი“ და თ. ხ-ე მიუთითებენ, რომ ქირის გადაუხდელობა განპირობებული იყო ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, კონკრეტულად კი მესამე პირების მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა სარჩელი და ამხანაგობის ქონებას დაედო ყადაღა, რის გამოც ფართები ვერ გაიყიდა. მოპასუხეს მიადგა მატერიალური ზიანი და აღარ გააჩნდა ფინანსური სახსრები მოსარჩელეებისათვის ბინის ქირის გადახდისა. გ. ა–ის განმარტებით, ის არ წარმოადგენს ამხანაგობის დამფუძნებელ წევრს და არ არის უფლებამოსილი ამხანაგობის სახელით აწარმოოს მოლაპარაკება, შესაბამისად, მას მოსარჩელეთა მიმართ ვალდებულება შესასრულებელი არ აქვს.

2.2. მოპასუხეებს: ა. ჩ-ეს, კ. ლ-იას, თ. ლ-იას, ქ. ი–სა და ი. ბ–ს სარჩელის წინააღმდეგ არც შესაგებელი წარუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 2012 წლის თებერვლიდან სარჩელის აღძვრამდე (17.09.2014წ.) ქირის დავალიანების _ 19 936 ლარის გადახდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ამხანაგობამ, მისმა თავმჯდომარემ და მ. მ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2007 წლის 12 ივნისს გაფორმდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ს–ის“ სადამფუძნებლო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ერთობლივი საქმიანობის მონაწილეებს წარმოადგენენ: თ. ხ-ე, გ. ჩ-ე, რომელიც წარმოადგენს ა. ჩ-ეს, ლ. პ–ი, გ. ი–ი, თ. ლ-ია, კ. ლ-ია, გ. ქ–ი. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, „ამხანაგობის წევრად“ გახდომის ფაქტით, ნებისმიერი ასეთი პირი ადასტურებს, რომ იგი ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და მას მიიჩნევს სავალდებულოდ.

1.2.2. 2008 წლის 23 ივლისის ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა #1 კრების ოქმით, გ. ქ–მა საკუთარი წილი და მოთხოვნის უფლება დაუთმო ნ. ა–ს. ამავე კრების ოქმით დღის წესრიგში შემავალი საკითხი იყო ამხანაგობის ახალი წევრების: მ. მ-ის, ი. ბ–ის, გ. ა–ისა და ნ. ა–ის მიღება, ამასთან, ისინი აცხადებენ თანხმობას, განახორციელონ ამხანაგობის წევრის უფლება-მოვალეობები და გახდნენ ერთობლივი საქმიანობის წევრები;

1.2.3. წილისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ 2008 წლის 23 ივლისის ხელშეკრულების თანახად, ამხანაგობამ, როგორც „წილისა და მოთხოვნის უფლების“ დამთმობმა, მ. მ-ეს, როგორც წილის ნაწილის მიმღებს, დაუთმო მოთხოვნის უფლება, რომელიც წარმოადგენს ქ.თბილისში, ს-ის ქ#40-42-ში მდებარე უძრავი ქონების იდეალურ წილს;

1.2.4. წილისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ 2008 წლის 23 ივლისის ხელშეკრულების თანახად, ამხანაგობამ, როგორც „წილისა და მოთხოვნის უფლების“ დამთმობმა, ი. ბ–ს, როგორც წილის ნაწილის მიმღებს, დაუთმო, ქ.თბილისში, ს-ის ქ#40-42-ში მდებარე უძრავი ქონების იდეალური წილის მოთხოვნის უფლება;

1.2.5. წილისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ 2008 წლის 23 ივლისის ხელშეკრულების თანახად, ამხანაგობამ, როგორც „წილისა და მოთხოვნის უფლების“ დამთმობმა, გ. ა–ს, როგორც წილის ნაწილის მიმღებს, დაუთმო, ქ.თბილისში, ს-ის ქ#40-42-ში მდებარე უძრავი ქონების იდეალურ წილის მოთხოვნის უფლება;

1.2.6. 2007 წლის 24 აგვისტოს, ერთი მხრივ, ამხანაგობის თავმჯდომარე თ. ხ-ესა და ამხანაგობის წევრ ა. ჩ-ის წარმომადგენელს საზოგადოების თანათავმჯდომარე გ. ჩ-ესა და, მეორე მხრივ, ს. ო-ოსა და ვ. ო-ოს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძვლეზეც ამხანაგობამ აიღო ვალდებულება, მოსარჩელეებს გადასცეს ქ.თბილისში, ს-ის ქუჩა #40-42-ში, IV სართულზე 124 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და ერთი ავტოსადგომი, ამასთან, ამხანაგობა ვალდებულია, მოსარჩელეებს გადაუხადოს - 5 000 აშშ დოლარი, ხოლო საცხოვრებელი ბინის მშენებლობის დასრულებამდე გადაუხადოს ყოველთვიური ქირა - 350 აშშ დოლარი;

1.2.7. 2012 წლის თებერვლიდან ქირის გადაუხდელობის ფაქტი მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორების პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობა ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე მოთხოვნას შეეხება (სკ-ის 930-ე მუხლი), რომლის ფარგლებშიც ამხანაგობის წევრებმა, როგორც მენარდეებმა, მოსარჩელეების, როგორც შემკვეთების წინაშე 2007 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარულად იკისრეს ქირის გადახდის ვალდებულება (სკ-ის 464-ე მუხლი). უდავოა, რომ ამხანაგობამ ეს ვალდებულება დაარღვია, შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 937.1 მუხლის საფუძველზე, იურიდიულად გამართლებულია. გარდა ამისა, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლების დასკვნას იმის თაობაზე, რომ ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულების 8.2. მუხლისა და ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მოპასუხეები სწორედ სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ კრედიტორის წინაშე (სკ-ის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორის უფლებაა, ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს, როგორც ყველა მოვალეს, ისე _ ნებისმიერ მათგანს), ხოლო ის გარემოება, რომ ამხანაგობის მიმართ მიმდინარე დავის გამო ყადაღა დაედო საერთო საკუთრების საგანს, არც სადამფუძნებლო ხელშეკრულების მე-13 მუხლით განსაზღვრულ ფორსმაჟორს და არც ვალდებულებისაგან გათავისუფლების კანონისმიერ საფუძველს არ წარმოადგენს (ყადაღის გაუმართლებლობის შემთხვევაში, ამხანაგობას, როგორც სოლიდარულ კრედიტორს არ დაუკარგავს სსსკ-ის 199-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.). გარდა ამისა, საკასაციო პალატა ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.5. პუნქტისა და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე უარყოფს კასატორთა შედავებას, რომ გ.ა–ი არ წარმოადგენს ამხანაგობის წევრსა და ქირის გადახდაზე პასუხისმგებელ პირს, ასევე, პალატა არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიას გაუმართავი სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე და განუმარტავს მხარეებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად (მოსამართლეს უფლება აქვს, შეკითხვები მისცეს მხარეებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენას და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას), საქმის გარემოებათა გამოკვლევა-გამოვლენის მიზნით სასამართლოს მხრიდან დამაზუსტებელი შეკითხვების დასმა, ამავე კოდექსის მე-4 მუხლით გარანტირებული შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას არ წარმოადგენს. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორები ვერ ამტკიცებენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ამხანაგობიდან გამომდინარე ურთიერთმოთხოვნებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ თ.ხ-ის მიერ 30.07.2018წ. #17247543 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი, 996,80 ლარის 70% _ 697,76 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. იბა „ს–ის“, თ. ხ-ისა და გ. ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: იბა „ს–ს“ (ს#კ 20-...), თ. ხ-ესა (პ/#0-... და გ. ა–ს (პ/#4-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ თ.ხ-ის მიერ 30.07.2018წ. #17247543 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 996,80 ლარის 70% _ 697,76 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე