საქმე №ას-148-2019 5 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. კ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ს. კ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა „ბ-ის“ (შემდგომ – ამხანაგობა), ზ. გ-ის (შემდგომ – პირველი მოპასუხე), გ. ბ–ის, ნ. გ-ასა (შემდგომ – ამხანაგობის დამფუძნებლები) და ა. ბ–ის (შემდგომ – მოპასუხე, კასატორი) მიმართ სადავო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული 50 კვ.მ კომერციული ფართის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 19 ივნისის №-... სანოტარო აქტით დაფუძნდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა. 2013 წლის 31 ივლისს ამხანაგობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ შეიძინა სადავო მშენებარე სახლის პირველ სართულზე 50 კვ.მ კომერციული ფართი, რომლის საზღაური 42 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი შემძენმა გადაიხადა სრულად, ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომერციული ფართი აშენებულია და მოსარჩელემ ის გაარემონტა, ამხანაგობა მისი მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემაზე უარს აცხადებს.
მოპასუხის პოზიცია:
3. პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არ არის ინფორმირებული მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ. საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჭიროა 2013 წლის 31 ივლისს ნოტარიუსის მიერ №-... სანოტარო აქტით გაფორმებული წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში წარდგენა, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია და არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგენია, რომ მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა რაიმე ქმედების განხორციელება, ან საჯარო რეესტრში მისი უფლების რეგისტრაციას რაიმე სახით შეეშალა ხელი. ამდენად, არ არსებობს დავის საგანი და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
4. დანარჩენმა მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული 50 კვ.მ კომერციული ფართის (აზომვით ნახაზზე ლურჯი ფერით შეფერილი ფართი) მესაკუთრედ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3050 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის – 2000 ლარის გადახდა, რაც სასამართლო ხარჯების მისთვის დაკისრების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 3050 ლარის გადახდა დაევალა ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტი – მოპასუხე გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ დასკვნას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ მან სარჩელი ცნო სრულად, რაც შესაგებლით დასტურდება, სასამართლომ მოპასუხეებს და, მათ შორის აპელანტსაც, მაინც სოლიდარულად დააკისრა ამ თანხის გადახდა (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე- 3 პუნქტი).
8. სააპელაციო პალატამ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის – 3050 ლარის უსაფუძვლოდ დაკისრების ნაწილში გაიზიარა აპელანტის პრეტენზია და მიიჩნია, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ შესაგებლით ცნო სარჩელი. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა მოპასუხის მიერ მთავარ სხდომამდე სარჩელის ცნობას უკავშირებს იმ საპროცესო შეღავათს, რომ მხარეს ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენადაც მოპასუხემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზევე ცნო სარჩელი, მასზე უპირობოდ უნდა გავრცელდეს სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო შეღავათი (სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება).
10. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რადგან თანამოპასუხეებიდან მოპასუხესთან ერთად ყველამ არ ცნო სარჩელი და რამდენიმე თანამოპასუხემ განახორციელა სარჩელის შედავება, აღნიშნული გავლენას ვერ იქონიებს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობიდან გამომდინარე, ამ საპროცესო შეღავათზე (ბაჟისგან გათავისუფლება).
11. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხის მიერ მთავარ სხდომამდე სარჩელის ცნობა მას ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და არ არსებობს მოსარჩელის მიერ გაღებული სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების პროცესუალური წინაპირობები. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო პრეტენზია და ამ ნაწილში დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.
12. რაც შეეხება იურიდიული მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯებს, სააპელაციო პალატამ კვლავ გაამახვილა ყურადღება სსსკ-ის 49-ე მუხლის შინაარსზე და აღნიშნა, რომ სარჩელის ცნობა იწვევს მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ წარმოშობს მის გათავისუფლებას იმ ხარჯებისაგან, რომელიც მოსარჩელის მიერ სამართლებრივი მომსახურებისთვის იქნა გაწეული. აღნიშნულის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტმა წარადგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რის საფუძველზეც დგინდება, რომ მოპასუხე სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის – 2 000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების პროცესუალურ საფუძველს, რამდენადაც სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული 2 000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების ნაწილში სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
14. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთავისუფლებინა იგი მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებისაგან, რადგან მოპასუხე პენსიონერი, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა პირია და იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის იმ მოპასუხისათვის დაკისრება, რომელმაც სარჩელზე შესაგებლის წარდგენის ეტაპზევე ცნო სასარჩელო მოთხოვნა.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
20. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
21. მითითებული ნორმის ძალით მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა გარკვეულ შეღავათს აწესებს ისეთი მოპასუხის მიმართ, რომელიც საქმის წარმოების დაწყებისთანავე, დავის სასამართლოს მთავარ სხდომამდე პერიოდში ცნობს სასარჩელო მოთხოვნას. კანონმდებლის აღნიშნული დათქმა მიზნად ისახავს კეთილსინდისიერი მხარის წახალისებას ფინანსური დაინტერესების გზით და ათავისუფლებს მხარეებს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
22. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს არა მხოლოდ სამომავლოდ სარჩელზე დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას, არამედ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ წინასწარ უკვე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებასაც. შესაბამისად, მოპასუხე, რომელიც აცნობიერებს მის წინააღმდეგ წარდგენილი მოთხოვნის პერსპექტიულობას ან გააჩნია სხვა სუბიექტური თუ ობიექტური საფუძველი, რომელთა გამოც ცნობს სარჩელს, ფინანსური შეღავათის სახით არ დაეკისრება მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
23. აქვე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან განსხვავებით, ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი პირობა არ ვრცელდება მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯზე. მითითებული განპირობებულია იმით, რომ, სახელმწიფო ბაჟისაგან განსხვავებით, იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის გადახდა ხდება არა სახელმწიფო ბიუჯეტის, არამედ წარმომადგენლის – ადვოკატის სასარგებლოდ. შესაბამისად, კანონმდებელი უფლებამოსილია, დაზოგოს მოპასუხის ფინანსები მხოლოდ ბიუჯეტის ინტერესების საზიანოდ და ვერ დააწესებს შეღავათს მოპასუხისათვის იმ ხარჯთან მიმართებით, რომელიც თავად მოსარჩელის მიერაა გაღებული.
24. მოცემულ შემთხვევაში კასატორის პრეტენზია შეეხება სწორედ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გადახდისაგან გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ პენსიონერი, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა პირია და იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში.
25. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის ზემოთ დასახელებული არგუმენტი დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებისაგან მოპასუხის გათავისუფლების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური