საქმე №ას-1715-2018 26 თებერვალი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ნ.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ო.კ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხარჯების ანაზღაურება, ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......., 218.14 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და 94.97 კვ.მ სარდაფი, ს/კ-ით ........ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი უძრავი ქონება ან მოსარჩელის საკუთრება) შპს „ნ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) საკუთრებას წარმოადგენს (იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი, ს.ფ. 83-84).
2. უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........, 100 კვ.მ ფართი, ს/კ-ით ........ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე უძრავი ქონება, მოპასუხის საკუთრება ან მოპასუხის უძრავი ქონება), ო.კ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) საკუთრებაა (იხ.საჯარო რეესტრის ამონაწერი, ტ.1, ს.ფ. 14-15).
3. სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის 2003 წლის 10 აგვისტოს №1480 ბარათის მიხედვით, თბილისში ჩუღურეთის რაიონის ..... - 2 შენობა აგებულია 1860 წელს, გაძლიერების გარეშე, შენობა ორსართულიანია, სარდაფით მთელი შენობის ქვეშ. მისი მახასიათებელია მწვავე ავარიული მდგომარეობა, შენობის მზიდი კონსტრუქციები მნიშვნელოვნად დაზიანებულია და შეიმჩნევა: შენობის ნაწილების ჩამონგრევა, კედლების ჩანგრევა, შენობის ნაწილებს შორის კავშირის დარღვევა, შენობის ჩამოხვავება. შენობა ხასიათდება მისი უმრავლესობის - 75%-ის დაზიანებით (იხ. სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტის 2003 წლის 10 აგვისტოს №1480 ბარათი, ტ.1, ს.ფ 373).
4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 4 ოქტომბრის №005331414 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში .... მდებარე სახლის მე-2 სართულზე არსებული საცხოვრებელი ფართის (მეორე უძრავი ქონება) მდგომარეობა ავარიულია. ადვილი შესაძლებელია ფასადის მხარეს არსებული შუა კედლების მდგრადობის დაკარგვა და გადავარდნა ქუჩისკენ, ასევე - ხის იატაკის ჩავარდნა პირველ სართულზე. აუცილებელია დაზიანებული კონსტრუქციების აღდგენა-გაძლიერება დამუშავებული პროექტის მიხედვით. სასურველია ტროტუარის სავალი ნაწილის დროებით გადაკეტვაც.
5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ზედამხედველობის სამსახური) 2014 წლის 1 დეკემბრის №000901 მითითებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს განესაზღვრათ 30 - დღიანი ვადა მათ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟისა და ტროტუარის მხარეს უსაფრთხოების დამცავი ღობის დაუყოვნებლივ მოსაწყობად, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო სათანადოდ დამუშავებული პროექტისა და საექსპერტო დასკვნის მიხედვით, პასუხისმგებელი პირის თანდასწრებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით. სამუშაოების შესრულების შემდეგ მათ უნდა წარედგინათ საექსპერტო დასკვნა განხორციელებული სამუშაოების შედეგად ადამიანების სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებების აღმოფხვრის შესახებ (ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 1 დეკემბრის №000901 მითითება, იხ. ს. ფ. 57-58).
6. 2014 წლის 12 დეკემბერს, მოსარჩელემ, ზედამხედველობის სამსახურის მითითების შესაბამისად, შპს „პ“-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შემსრულებელი) რკინის კონსტრუქციის დამცავი ნაგებობა დაამზადებინა, რაშიც 5000 ლარი გადაიხადა.
7. მოსარჩელის შეკვეთით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტირებისა და ექსპერტიზის ცენტრმა 2015 წლის 10 იანვარს გასცა ექსპერტიზის დასკვნა იმის თაობაზე, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისა და სავალი ნაწილის ტროტუარზე დამცავი ნაგებობის აგების შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდა სადავო უძრავი ქონების მდგრადობა და აღმოიფხვრა კედლის გადმონგრევის საშიშროება ქუჩის სავალი ნაწილის მხარეს. ექსპერტიზის დასკვნის მომზადებაში მოსარჩელემ 1500 ლარი გადაიხადა.
8. ზედამხედველობის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის, 2015 წლის 5 მაისს, მოსარჩელე და მოპასუხე 5000 ლარით დაჯარიმდნენ (იხ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 5 მაისი №000901 დადგენილება, ტ.1, ს.ფ 374-377).
9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 20 ივლისის №488 ბრძანებით, მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა და მის ნაწილში ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 5 მაისის დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 20 ივლისის №488 ბრძანება, იხ. ს.ფ 121-127).
10. 2016 წლის 23 აგვისტოს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა :
10.1. მის მიერ გაწეული ხარჯების ნახევრის - 3250 ლარის ანაზღაურება;
10.2. მოპასუხის დავალდებულება, მოეყვანა კუთვნილი უძრავი ქონება ისეთ მდგომარეობაში, რომ აღმოფხვრილიყო ადამიანების სიცოცხლისა ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებები.
10.3. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით, განმარტა, რომ მოპასუხე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა ის თანხა, რომელიც მან ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 1 დეკემბრის მითითებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობით დაზოგა. მან ხსენებული მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები სრულად შეასრულა, ხოლო მოპასუხეს, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, მონაწილეობა არ მიუღია მითითებების შესრულებაში. ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 1 დეკემბრის მითითებით განსაზღვრული შესრულებისთვის მოსარჩელემ გაიღო 5000 ლარის ხარჯი, კერძოდ: შენობის წინ მოაწყო რკინის კონსტრუქციის დამცავი ნაგებობა, რომლის მომსახურების ღირებულება მთლიანად მან გადაიხადა. მანვე გადაიხადა სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეფასებისათვის ექსპერტიზის დასკვნის მომზადების საფასური - 1500 ლარი. გარდა ამისა, მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს საცხოვრებელი სახლის უსაფრთხო მდგომარეობამდე მოყვანის მოთხოვნით, თუმცა ამ უკანასკნელის მხრიდან აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია.
11. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ვინაიდან 2014 წლის 1 დეკემბერს ზედამხედველობის სამსახურმა სამუშაოების შესრულების შესახებ მითითება მას უსაფუძვლოდ მისცა.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 974.1 და 170.1 მუხლები გამოიყენა.
13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
14.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა, რომ მოსარჩელის მიერ იმ საქმეთა შესრულება, რომლის ხარჯების ანაზღაურებასაც მოითხოვდა მოპასუხისგან, არ შეესაბამებოდა ამ უკანასკნელის ინტერესებს (სსკ-ის 974.1 მუხლი);
14.2. სააპელაციო პალატის დასკვნებით, მოსარჩელის მიერ გაცხადებული საფრთხე მომდინარეობდა არა მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში კაპიტალური რემონტის არარსებობიდან, არამედ მისი ბინის ავარიული მდგომარეობა გამოწვეული იყო, მოდავე მხარეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სართულშორისი გადახურვის ავარიული მდგომარეობით, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჭერის მხარეს, ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის იატაკის მხარეს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინისა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სართულშორისი გადახურვის სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოების გარეშე მოპასუხისათვის მის საცხოვრებელ ბინაში რაიმე სარემონტო სამუშაოების წარმოების დაკისრება, საფუძველს იყო მოკლებული, სართულშორისი გადახურვის ჩამონგრევის საფრთხის გამო;
14.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში არსებული სართულშორისი გადახურვა და არა მოპასუხის ბინაში რემონტის არარსებობა, რომლის განხორციელება უშედეგო იქნებოდა სართულშორისი გადახურვის მდგომარეობის გამოსწორებამდე.
15. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
15.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხის უძრავი ქონებიდან მომდინარე საფრთხის არსებობა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით უდავოდ დასტურდებოდა, რომ მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა საფრთხის შემცველია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთისთვის;
15.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2014 წლის 1 დეკემბრის მითითებით, მოსარჩელისა და მოპასუხისათვის დავალებული სამუშაოების შესრულება ორივე მხარისათვის თანაბრად სავალდებულო იყო, თუმცა აღნიშნული მითითება მხოლოდ მოსარჩელემ შეასრულა და, შესაბამისად, ხარჯებიც სრულად მხოლოდ ამ უკანასკნელმა გაიღო. მხარეებს ერთად უნდა შეესრულებინათ ზემოაღნიშნული მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები და, მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხარჯის ნახევარი აენაზღაურებინა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
18.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. მართალია, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივი თვალსაზრისით (არსებითად), სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მართებულად უარყო აპელანტის მოთხოვნა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორად დატოვა უცვლელად, თუმცა პალატამ ნაწილობრივ არასწორად განსაზღვრა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, დაზოგილი თანხის ანაზღაურებისა და მეზობელი უძრავი ნივთიდან მომდინარე საფრთხის აღკვეთის მოთხოვნა სსკ-ის 986-ე (პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება) და ამავე კოდექსის 177-ე (თუ მიწის ნაკვეთს მეზობელი ნაკვეთიდან შენობის ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება, მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს აუცილებელ ღონისძიებათა გატარება ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. დაუშვებელია რამდენ–ე მიწის ნაკვეთზე გამდინარე წყლებისა და მიწისქვეშა წყლების მიმართულების შეცვლა ან ამ წყლებით მანიპულირება ისე, რომ ამან სხვა მიწის ნაკვეთზე წყლის რაოდენობის შემცირება ან/და ხარისხის გაუარესება გამოიწვიოს; დაუშვებელია მდინარეთა ბუნებრივი დინების ხელყოფა) მუხლებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მოთხოვნა განხორციელებადი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი გამოვლინდებოდა : მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად, კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორიდან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.
20. სსკ-ის 986-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია, ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. მითითებული ნორმის მიხედვით, სხვისი ვალის გადახდა კონდიქციური ვალდებულების საფუძველი ხდება იმის გამო, რომ უსაფუძვლოდ დაიზოგა სხვისი ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში, ვალის გადამხდელს უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფუძვლოდ დაზოგილის უკან დაბრუნება (შდრ. სუსგ №ას-1069-1022-2014,16 ივნისი, 2016).
20.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ზოგადად, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად, კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორიდან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. სსკ-ის 986-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია, დადგინდეს, რომ არსებობს სხვისი ფულადი ვალდებულება და იგი არა მოვალემ, არამედ მესამე პირმა შეასრულა (გაისტუმრა) (შდრ. სუსგ. №ას-1298-2018, 22.03.2019).
20.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსკ-ის 986-ე მუხლით გათვალისწინებული კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელი წინაპირობების ერთობლიობა, სახელდობრ, არ იკვეთება მოვალის გამდიდრება. პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხე, მოსარჩელის მხრიდან ზედამხედველობის სამსახურის მიერ დავალებული სამუშაოების მხოლოდ მისი ხარჯებით შესრულებით უსაფუძვლოდ გამდიდრდა, მოსარჩელეს ეკისრება (სსსკ-ის მე-4.1 და 102.1 მუხლები), რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება ვერ შეძლო. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება მოსარჩელის მიერ მოპასუხის ვალდებულების შესრულების ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზედამხედველობის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის, 2015 წლის 5 მაისს მოპასუხე 5000 ლარით დაჯარიმდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ხარჯების გაწევას, ზედამხედველობის სამსახურის მიმართ მოპასუხე მისი წილი პასუხისმგებლობისაგან არ გაუთავისუფლებია და მას კვლავ ეკისრება გაფრთხილებით დავალებული სამუშაოების გაწევა.
20.3. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება მოსარჩელის მხრიდან ხარჯების გაღების შედეგად მოპასუხის გამდიდრების ფაქტი, საკასაციო პალატას, დაზოგილი თანხის დაკისრების ნაწილში კასატორის სარჩელი უსაფუძვლოდ მიაჩნია.
21. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის მე-2 სასარჩელო მოთხოვნაზე, სახელდობრ, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაევალოს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ისეთ მდგომარეობაში მოყვანა, რომ აღმოიფხვრას ადამიანების სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი გარემოებები.
21.1. სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთს მეზობელი ნაკვეთიდან შენობის ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება, მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოსთხოვოს აუცილებელ ღონისძიებათა გატარება ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს თავად კასატორის მიერ სასამართლოში წარდგენილ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტირებისა და ექსპერტიზის ცენტრის 2015 წლის 10 იანვრის ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დასტურდება, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისა და სავალი ნაწილის ტროტუარზე დამცავი ნაგებობის აგების შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდა სადავო უძრავი ქონების მდგრადობა და აღმოიფხვრა კედლის გადმონგრევის საშიშროება ქუჩის სავალი ნაწილის მხარეს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი).
აღნიშნული დასკვნის მიხედვით, დადგენილია, რომ მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამოქცევის საფრთხე აღმოფხვრილია და აღარ არსებობს.
21.2. ამასთან, საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ავარიული მდგომარეობა ძირითადად გამოწვეულია მოდავე მხარეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების სართულშორისი გადახურვის ავარიული მდგომარეობით, რისგანაც მომდინარეობდა ყველა სხვა საფრთხე. ვინაიდან სართულშორისი გადახურვა მხარეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს, ისინი თანაბრად არიან პასუხისმგებელი მის მოვლა-პატრონობაზე, შესაბამისად, მისი აღდგენა-გამაგრებაც მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოთხოვნა, მხოლოდ მოპასუხეს დაეკისროს მოდავე მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული შენობის აღდგენა-რეკონსტრუქცია.
22. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ნ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ნ–ის" (ს/კ .....) დაუბრუნდეს გ.ა–ის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 26.11.2018წ.) 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი