Facebook Twitter

№ ას-1181-1142-2016 1 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ს-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ტ-ი“ (ყოფილი სს „კ-ი") (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2013 წლის 31 დეკემბერს სს „კ-სა" (ამჟამად „სს „ტ-ი“) (შემდგომში „დამსაქმებელი“ ან „მოპასუხე“) და მ. ს-ეს (შემდგომში „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის დაიდო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მ. ს-ე დაინიშნა შესაბამისობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და მისი სახელფასო სარგო განისაზღვრა 5 500 ლარით.

2. 2014 წლის 15 მაისს დასაქმებულს მიეცა გაფრთხილება, დაეტოვებინა სამუშაო ადგილი და ჩაებარებინა პირადი საშვი, ასევე მითითება ჩაელაგებინა პირადი ნივთები ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის თანდასწრებით.

3. 2014 წლის 21 მაისის წერილით დამსაქმებელმა დასაქმებულს აცნობა, რომ ბანკის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით მას მიეცა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 2014 წლის 15 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით; აღნიშნული შვებულების ვადა 2014 წლის 28 მაისის წერილით გაუგრძელდა 2014 წლის 29 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, 2014 წლის 4 ივნისის წერილით გაუგრძელდა 2014 წლის 5 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით, ხოლო 2014 წლის 11 ივნისის წერილით - 2014 წლის 12 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით.

4. დასაქმებულმა არაერთხელ მიმართა დამსაქმებელს მისი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურებად შვებულებაში გაშვების კონკრეტული საფუძვლის მითითების მოთხოვნით, თუმცა დამსაქმებელს აღნიშნულ განცხადებებზე პასუხი არ გაუცია.

5. დამსაქმებლის 2014 წლის 17 ივნისის №8-... ბრძანების თანახმად, 2014 წლის 20 ივნისიდან დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე [ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას].

6. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დამსაქმებლის მიმართ და მოითხოვა 2014 წლის 15 მაისს დამსაქმებლის მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედებით და შრომითი ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 23 833 ლარის ოდენობით.

7. მოსარჩელის განცხადებით, 2014 წლის 15 მაისს მოპასუხემ აცნობა, რომ აქციონერთა გადაწყვეტილებით მას შეუჩერდა უფლებამოსილება და უნდა დაეტოვებინა სამუშაო ადგილი, ხოლო არაერთი მოთხოვნა გადაეცათ მისთვის სათანადო პირის მიერ გამოცემული ბრძანება შესაბამისი საფუძვლის მითითებით, მოპასუხემ არ დააკმაყოფილა და არ აცნობა მას, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. მოსარჩელის განცხადებების პასუხად მოპასუხე ატყობინებდა დასაქმებულს მისთვის სხვადასხვა ვადით დამატებით ანაზღაურებად შვებულებაში გაშვების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოთხოვნით მოსარჩელეს მოპასუხისთვის არ მიუმართავს.

8. მოსარჩელის განცხადებით, დღემდე მას არ გადასცემია მისი უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანება; მოპასუხის ქმედება კანონსაწინააღმდეგო და აშკარად დისკრიმინაციული ხასიათისაა, შესაბამისად, უნდა აუნაზღაურდეს ამ ქმედებით მიყენებული ზიანი. იმის გათვალისწინებით, რომ დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 5 500 ლარს, ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო იგი ვადამდე ადრე უსაფუძვლოდ შეწყდა დამქირავებლის მხრიდან, არსებობდა უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანის 38 500 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.

9. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბანკის აქციონერების გადაწყვეტილებით 2014 წლის მაისი-ივნისის პერიოდში ორგანიზაციაში დაიწყო და განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის, ორგანიზაციული ხასითის ცვლილებებიც. ამის მიზეზი იყო ბანკის არაეფექტური საქმიანობა და დაგეგმილი პარამეტრების შეუსრულებლობა. აღნიშნული რეორგანიზაციის პროცესი არ შემოიფარგლებოდა რამდენიმე დღით და საზოგადოების აქციონერებისა და მენეჯმენტის მხრიდან საჭიროებდა ბანკში არსებული მდგომარეობის საფუძვლიან შესწავლასა და ანალიზს მანამ, სანამ იქნებოდა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები ბანკის საქმიანობის ეფექტურობისა და მომგებიანობის გაზრდის მიზნით.

10. რეორგანიზაციის პროცესში (და მას შემდეგ) დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდა რამდენიმე ათეული ადამიანი, რისი მიზეზიც, ზოგიერთ შემთხვევაში, იყო არადამაკმაყოფილებელი საქმიანობა, ხოლო სხვა შემთხვევაში, ბანკის მართვის სტრუქტურის ოპტიმიზაცია (რეორგანიზაცია).

11. სწორედ აღწერილი გარემოებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს, რომელიც იკავებდა შესაბამისობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას, 2014 წლის 15 მაისს განემარტა, რომ რადგან მიმდინარეობდა რეორგანიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდებოდა შესაბამისობის დეპარტამენტის საქმიანობის შესწავლა/შეფასება, იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეასრულებდა ხელშეკრულებითა და ბანკის შიდა რეგულაციებით გათვალისწინებულ მოვალეობებს. ამასთან, მოსარჩელეს განემარტა, რომ იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდის განმავლობაში იგი მიიღებდა კუთვნილ ანაზღაურებას ხელფასის ოდენობით, რასაც ბანკი კეთილსინდისიერად ასრულებდა და რასაც თავად მოსარჩელეც არ უარყოფს.

12. ბანკის რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა რეგულაციების შესაბამისობის განყოფილება, რომელსაც დაეკისრა არსებითად განსხვავებული ფუნქციები, ვიდრე ჰქონდა მოსარჩელეს ამ განყოფილების ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნის დროს. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომიდნარე, 2014 წლის 17 ივნისს ბანკის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია წინამდებარე დავის ფარგლებში. მოსარჩელეს გათავისუფლების შემდეგ მიეცა კომპენსაცია 2 თვის ხელფასის ოდენობით, გარდა ამისა, აუნაზღაურდა 12 სამუშაო დღის გამოუყენებელი შვებულება. ამრიგად, არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი.

13. მოპასუხემ ასევე უარყო მოსარჩელის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ქმედების განხორციელება და აღნიშნა, რომ ბანკში მიმდინარე ორგანიზაციული ცვლილებები შეეხო არა მხოლოდ მოსარჩელეს, არამედ ბანკის 40-ზე მეტ სხვა თანამშრომელს.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 თებერვლის მთავარ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ნაცვლად 38 500 ლარისა ზიანის სახით მოპასუხისათვის 23 833 ლარის დაკისრება მოითხოვა.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 23 833 ლარის ოდენობით.

16. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 5 500 ლარის ოდენობით.

18. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 36.1 მუხლით და დაასკვნა, რომ 2014 წლის 15 მაისს ადგილი ჰქონდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეჩერებას.

19. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მართალია, სარჩელის აღძვრის პერიოდში მოსარჩელეს ხელთ არ ჰქონდა მისი გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 17 ივნისის ბრძანება, თუმცა მას არც დაზუსტებული სარჩელის წარდგენის დროს მიუთითებია აღნიშნული ბრძანების უკანონობაზე, ანუ გათავისუფლების საფუძვლის კანონიერება სადავოდ არ გაუხდია. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს მოსარჩელისათვის ანაზღაურებული აქვს მისი უფლებამოსილების შეჩერებიდან (2014 წლის 15 მაისიდან) თანამდებობიდან გათავისუფლებამდე (2014 წლის 20 ივნისამდე) პერიოდის შვებულების თანხა, ასევე გათავისუფლების შემდგომ მიცემული აქვს 2 თვის კომპენსაცია, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შეუძლებელია მოსარჩელის უფლების შელახვაზე მსჯელობა.

20. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელი იყო წარმოადგენდა თუ არა პირის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციას 2014 წლის 15 მაისს მოსარჩელის საქმიანობის შეჩერება - ხელმძღვანელის მოწოდება სამსახურის დატოვების თაობაზე, ნივთების წაღებისას მოსარჩელის ქმედებების კონტროლი, მისთვის საშვის ჩამორთმევა, იძულებით ანაზღაურებად შვებულებაში დასაქმებულის გაშვება და საქმიანობის შეჩერების საფუძვლის მოთხოვნით წარდგენილ წერილებზე პასუხის გაუცემლობა.

21. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-2, მე-3 მუხლებით, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლზე, კონვენციის მე-12 ოქმის პირველ მუხლზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, რომლის არსებობის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარუდგენია. მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ ორგანიზაციაში სადავო პერიოდში მიმდინარე აუდიტორული შემოწმების გამო აუცილებელი იყო მოსარჩელის სამუშაო ადგილზე არდაშვება. მოპასუხემ ვერ განმარტა, კონკრეტულად რა თავისებურებებით ხასიათდებოდა მოსარჩელის სამუშაო სპეციფიკა და რატომ იქნებოდა მიღწეული შემოწმების შედეგი მოსარჩელის სამსახურიდან ჩამოცილებით. მოპასუხემ ვერც ის გარემოება დაადასტურა, რომ სხვა პირების მიმართაც გამოიყენა განსაკუთრებული ღონისძიება - უფლებამოსილებისაგან ჩამოშორება დამატებით ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების საბაბით მაშინ როდესაც შრომის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დასაქმებულის იძულებით შვებულებაში გაშვებას და აღნიშნული მხოლოდ დასაქმებულის თანხმობით არის შესაძლებელი.

22. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაასკვნა, რომ ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან დადასტურდა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, არსებობდა ზიანის ანაზღაურების საფუძველიც, თუმცა სასამართლომ მოპასუხისათვის დაკისრებული ფულადი კომპენაცია გონივრულ და სამართლიან ოდენობად არ მიიჩნია და ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს ბანკის რეორგანიზაციის ფაქტი და მისი გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 17 მარტის ბრძანება სადავოდ არ გაუხდია, დისკრიმინაციის ფაქტი ეხებოდა მხოლოდ მოსარჩელის სურვილის გარეშე, შეურაცხმყოფელი ფორმით, ანაზღაურებად შვებულებაში გაშვებას, თუმცა მოსარჩელეს სრულად აუნაზღაურდა შვებულების თანხა, გათავისუფლების შემდეგ კი მას მიეცა 2 თვის კომპენსაცია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ხასიათიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გონივრულად მიიჩნია მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მხოლოდ ერთი თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაციის დაკისრება.

23. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.

25. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

25.1. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება და დაასკვნა, რომ 2014 წლის 15 მაისს მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება კი არ შეწყდა, არამედ შეჩერდა. კანონმდებლობა დასაქმებულის საქმიანობის შეჩერების ამგვარ საფუძველს არ იცნობს, ისევე როგორც არ იცნობს იძულებით შვებულებაში დასაქმებულის გაშვებას;

25.2. სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციად მიიჩნია მოპასუხის მიერ დასაქმებულის უფლებამოსილების შეჩერება, რაც ასევე ეწინააღმდეგება შრომით ხელშეკრულებასაც. თუმცა, მიუხედავად ამისა, დაასკვნა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა მოგვიანებით, მოპასუხის ბრძანების საფუძელზე. თუ ამ ლოგიკას გავიზიარებთ, გამოდის, რომ სამუშაოზე არდაშვება სულაც არ ნიშნავს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას, თუ გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ არის გამოცემული. უფრო მეტიც, სამუშაოზე არდაშვებული მუშაკი თურმე ინარჩუნებს გარკვეულ ვალდებულებებსაც დამსაქმებლის წინაშე მანამ, სანამ დამსაქმებელი არ გამოსცემს მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას. სასამართლოს მხრიდან ამგვარი მიდგომა აშკარად დისკრიმინაციულია;

25.3. შრომის ხელშეკრულება დასაქმებულთან ფაქტობრივად შეწყდა მაშინ, როდესაც მოსარჩელე გააძევეს სამუშაო ადგილიდან და არ დაუშვეს სამსახურში. შესაბამისად, სასამართლოს უნდა დაედგინა შრომითი ხელშეკრულების ფაქტობრივად შეწყვეტის დრო და 2014 წლის 17 ივნისის ბრძანება არ უნდა შეეფასებინა, როგორც სამუშაოდან მოსარჩელის გათავისუფლების ფაქტი. მოპასუხეს თუნდაც არ გამოეცა ეს ბრძანება, შრომის ხელშეკრულება მისი მხრიდან მაინც დარღვეული იყო და იგი გაგრძელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ამაზე თანხმობას განაცხადებდა.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

30. კასატორის პრეტენზია ძირითადად ეხება იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად დაადგინა შრომითი ხელშეკრულების ფაქტობრივად შეწყვეტის დრო და მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების დღედ ნაცვლად 2014 წლის 15 მაისისა მიიჩნია 2014 წლის 20 ივნისი. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ დისკრიმინაციულ ქმედებად შეაფასა მოპასუხის მიერ დასაქმებულის უფლებამოსილების შეჩერება, მიუხედავად იმისა, მოპასუხე მოგვიანებით გამოსცემდა თუ არა ბრძანებას დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა აენაზღაურებინა უფლებამოსილების შეჩერებით გამოწვეული ზიანი სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით, ვადიანი ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის გამო.

31. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიების შემოწმების მიზნით ყურადღებას მიაქცევს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლებს და აღნიშნავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლებული მოსარჩელე წინამდებარე საქმეში სადავოდ ხდის არა მასთან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის თაობაზე მოპასუხის მიერ გამოცემული ბრძანების კანონიერებას, არამედ სწორედ ხელშეკრულების შეწყვეტამდე მისი უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლიანობას მოპასუხის მიერ მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის გამო.

32. სამოქალაქო სამართალწარმოება ემყარება რა შეჯიბრებითობის პრინციპს (სსსკ-ის მე-4 მუხლი), კანონი ადგენს მხარის ვალდებულებას, თვითონვე განსაზღვროს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპის გამოხატულებაა თავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დათქმა, სარჩელში ფაქტობრივი გარემოებების მითითების, ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენისა და მოთხოვნის ფორმირების თაობაზე.

33. დამატებით განმარტებას მოთხოვს სარჩელის საგნისა და ფაქტობრივი საფუძვლის ცნება: სარჩელის საგანი არის განმცხადებლის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისადმი, რომელიც უნდა განიხილოს სასამართლომ და რომლის ფარგლებშიც უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განჩინება), უფრო კონკრეტულად დავის საგანი არის მოთხოვნის შინაარსი და არა მისი მატერიალური ობიექტი; რაც შეეხება სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს, ეს არის გარემოებები, რომელზეც მხარე ამყარებს საკუთარ მოთხოვნებს და რომელთა დადასტურებაც სწორედ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ემსახურება მიზნად. სარჩელის საგნისა და ფაქტობრივი საფუძვლის შეცვლა მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და სასამართლო, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს მასში.

34. მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლებისაგან განსხვავებულია მიდგომა სამართლებრივ საფუძველთან მიმართებით, მართალია, სარჩელში მისი მითითების ვალდებულებას ასევე ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი, თუმცა, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ეს არ არის შემზღუდავი სასამართლოსათვის და არც გავლენას ახდენს დავის შედეგზე, ანუ მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (იხ. სუსგ საქმე №ას-1170-1125-2016, 13 ივნისი, 2017 წელი; საქმე №ას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი).

35. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნის საგანია არა დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნისა და ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის თაობაზე გამოცემული ბრძანების კანონიერების შემოწმება, არამედ თანამდებობიდან გათავისუფლებამდე პერიოდში - 2014 წლის 15 მაისიდან 2014 წლის 20 ივნისამდე - დასაქმებულის საქმიანობის შეჩერების გამო დამსაქმებლის მხრიდან მიყენებული ზიანის საფუძვლიანობის კვლევა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა სწორედ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მხრიდან განხორციელებული ქმედების კანონიერება და დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც მართებულად განსაზღვრა ერთი თვის ხელფასის ოდენობით. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია, რომ მოპასუხისათვის დასაკისრებელი ზიანის ოდენობა უნდა გამოთვლილიყო დასაქმებულის საქმიანობის შეჩერებიდან (2014 წლის 15 მაისიდან) ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე (2014 წლის 31 დეკემბერი) პერიოდის გათვალისწინებით.

36. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა სრულად შეესაბამება წინამდებარე განჩინებაში მოყვანილ განმარტებებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე