Facebook Twitter

№ ას-490-458-2017 4 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – პ. ც–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. გ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2013 წლის 30 აგვისტოს ე. გ-ს (შემდგომში „მოპასუხე“), ც. ხ–სა და პ. ც–ს (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის სამი თვის ვადით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა 11 000 აშშ დოლარი, ხოლო ც. ხ–ისაგან 13 000 აშშ დოლარი. სესხისათვის განისაზღვრა ყოველთვიური სარგებელი, თვეში ძირითადი თანხის 3,5 %. მხარეებმა ასევე განსაზღვრეს პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, ყოველდღიურად ძირითადი თანხის 0.3%.

2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება - მდებარე, ქ. თბილისში, დიღმის მასივი, V.., ბინა #17 (საკადასტრო კოდი 0-...).

3. მოპასუხის მიმართვის საფუძველზე 2015 წლის 14 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციისა და სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ.

4. სააღსრულებო ფურცლით შესასრულებელ ვალდებულად განისაზღვრა ძირითადი თანხა - 11 000 აშშ დოლარი და კრედიტორის მიერ შემცირებული პირგასამტეხლო - 990 აშშ დოლარი, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126, 72 ლარი.

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა 2015 წლის 14 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი 2014 წლის 30 ივლისის ჩათვლით მოპასუხეს უხდიდა თანხებს, თუმცა მის მიერ გადახდილი 3080 აშშ დოლარი მოპასუხემ მიიჩნია არა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ძირითად თანხად, არამედ საპროცენტო სარგებლად. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მის მიერ გადასახდელი ძირითადი თანხა, 11 000 აშშ დოლარი უნდა შემცირებულიყო 3080 აშშ დოლარით. მოსარჩლემ ასევე მოითხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება 100 აშშ დოლარამდე.

6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მისთვის არანაირი თანხა არ გადაუხდია და უშედეგო დაპირებებით ცდილობს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან თავის არიდებას.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგენილად მიიჩნია 1-4 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით და აღნიშნა, რომ სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს. ასეთი დოკუმენტი კი, შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ გადაუხდია მის მიერ სარჩელში მითითებული თანხა - 3080 აშშ დოლარი, რაც სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული ძირითადი თანხის შემცირების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.

10. სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 417-ე-420-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე გასაჩივრებული სააღსრულებო ფურცლით მოსარჩელისათვის დაკისრებული 990 აშშ დოლარი წარმოადგენდა უკვე შემცირებულ პირგასამტეხლოს, რომელიც ფულადი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების ხანგრძლივობის (ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2013 წლის 30 ნოემბერს) და თავად დავალიანების (დაუბრუნებელი ძირითადი თანხის) მოცულობის - 11 000 აშშ დოლარის გათვალისწინებით, წარმოადგენდა პირგასამტეხლოს იმ მინიმუმ ოდენობის, რაც მოცემულ შემთხვევაში ფულადი ვალდებულების დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის გათვალისწინებით შეიძლებოდა განსაზღვრულიყო.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

12. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მოსარჩელე კვლავ აგრძელებდა მოპასუხისათვის თანხის გადახდას, რაც უნდა გამოკლებოდა ძირითად ვალს და არ უნდა ჩათვლილიყო საპროცენტო სარგებელში.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ივნისის განჩნებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

17. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ფულადი ვალდებულების შესრულებას და აცხადებს, რომ სასამართლომ 3080 აშშ დოლარი უსაფუძვლოდ არ მიიჩნია მის მიერ მოპასუხისათვის გადახდილად.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

19. ამდენად, მითითებული საპროცესო ნორმა განსაზღვრავს ამა თუ იმ ფაქტის დადასტურებისათვის განკუთვნილი მტკიცებულების სახეებს, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ.

20. ამავდროულად, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებელი თავად უთითებს მხარეს, კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად წარადგინოს მატერიალური კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სახის მტკიცებულება. ასეთ შემთხვევას ვხვდებით სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსში, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

21. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში (იხ. სუსგ საქმე №1541-1547-2011, 19 აპრილი, 2012 წელი).

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მხარის მხოლოდ განმარტება, რომ მას მოპასუხისათვის გადახდილი აქვს სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ნაწილი, ვერ მიიჩნევა იმგვარ შედავებად (პრეტენზიად), რაც ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და მოსარჩელის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებად მიჩნევის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით დადგენილი დანაწესი სახელშეკრულებო ურთიერთობისას ვალდებულების შესრულების მიღების წესის შესახებ და სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც მსგავს სამართლებრივ საკითხებზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით. არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

27. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებაში ასახული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ მყარ სასამართლო პრაქტიკას, სადაც განმარტებულია სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, ასევე სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის (ვალდებულების შესრულების მიღება) გამოყენების სამართლებრივი წინაპირობები (იხ. სუსგ საქმე №ას-1198-1158-2016, 18 მაისი, 2017 წელი; საქმე №ას-570-541-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-441-420-2015 29 იანვარი, 2016 წელი).

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს - პ. ც–ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 471.35 ლარის 70% – 329.94 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. პ. ც–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ პ. ც–ს (პ/ნ: 0-...) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 29 მაისს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 471.35 ლარის 70% – 329.94 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე