№ ას-147-139-2017 18 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ბ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ ს. (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ. ბ-ე (შემდგომში „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) ა(ა)იპ ს-ში (შემდგომში „სააგენტო“, „მოპასუხე“, ან „დამსაქმებელი“) მუშაობდა 2012 წლიდან.
2. 2012 წლის 4 იანვარს თ. ბ-ე დაინიშნა საგზაო მოძრაობის ტექნიკური რეგულირების განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
3. 2016 წლის 1 აპრილს დასაქმებულს კონფლიქტი მოუვიდა ერთერთ თანამშრომელთან, რის შემდეგაც განცხადებით მიმართა სააგენტოს დირექტორს და მოითხოვა ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება 2016 წლის 18 აპრილამდე, ხოლო 19 აპრილიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
4. 2016 წლის 1 აპრილს დასაქმებულს მიეცა უფლება ესარგებლა ანაზღაურებადი შვებულებით 2016 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 18 აპრილის ჩათვლით.
5. 2016 წლის 4 აპრილს სააგენტოს დირექტორმა გამოსცა ბრძანება 2016 წლის 19 აპრილიდან თ. ბ-ის დაკავებულ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
6. შვებულების ვადის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, 2016 წლის 18 აპრილს, დასაქმებულმა განცხადებით მიმართა სააგენტოს დირექტორს და აცნობა, რომ სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე 2016 წლის 1 აპრილის განცხადება მის მიერ დაწერილი იყო აღელვების ნიადაგზე, პირადი პრობლემებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამოწვეული ემოციური ფონის გამო, შესაბამისად, იგი აღარ უნდა ყოფილიყო განხილული.
7. 2016 წლის 19 აპრილს სააგენტომ დასაქმებულს აცნობა, რომ მისი 2016 წლის 1 აპრილის განცხადება დაკმაყოფილებულია და 2016 წლის 19 აპრილიდან იგი გათავისუფლებულია სამუშაოდან.
8. თ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სააგენტოს 2016 წლის 4 აპრილის #0-... ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
9. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი სამუშაოდან გაათავისუფლეს უკანონოდ. მოპასუხემ აღნიშნული ბრძანება გამოსცა დასაქმებულის შვებულებაში ყოფნის პერიოდში და გათავისუფლების საფუძვლად მიუთითა დასაქმებულის პირად განცხადებაზე, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2016 წლის 1 აპრილის განცხადებაში დასაქმებული დამსაქმებელს სთხოვდა სამუშაოდან გათავისუფლებას 2016 წლის 19 აპრილიდან, შესაბამისად, დასაქმებულის მიერ გამოხატული ნება რეალიზაციას ჰპოვებდა მხოლოდ 19 აპრილს, ხოლო ვინაიდან წინა დღეს, 2016 წლის 18 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ უარს ამბობდა მის მიერ განცხადებაში გამოთქმულ ნებაზე - საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან წასვლაზე, მოპასუხეს აღარ ჰქონდა უფლება პირადი განცხადების საფუძველზე გაეთავისუფლებინა იგი სამსახურიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახეზეა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის წინაპირობები.
10. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე კანონის სრული დაცვით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მის მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილია და არანაირ იძულებას დამსაქმებლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, სააგენტოს მოსარჩელის ნების გამოვლენის სისწორეში ეჭვი არ შეუტანია და იძულებული გახდა მიეღო ახალი თანამშრომელი, რათა არ შეფერხებულიყო სააგენტოს საქმიანობა.
11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელე აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და მოპასუხეს დაეკისრა მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან დათხოვნის დღიდან სრულ აღდგენამდე თვეში 750 ლარის ოდენობით.
12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
15. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს 2016 წლის 18 აპრილის განცხადებაში (რომლითაც იგი ითხოვდა 2016 წლის 1 აპრილის განცხადებაში გამოვლენილი ნების არანამდვილად ცნობას) არც რაიმე პირადი პრობლემის და არც ემოციური ფონის გამომწვევი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე (გარემოებაზე) მიუთითებია. უფრო მეტიც, მან უპასუხოდ დატოვა სააპელაციო სასამართლოს მცდელობა, გაერკვია მოსარჩელის აღელვებისა და მის მიერ სამუშაოდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.
16. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დასაქმებულის მიერ სამუშაოდან წასვლის ნება გამოვლინდა 2016 წლის 1 აპრილს, რომელიც იმავე დღეს მიუვიდა ადრესატს - დამსაქმებელს. ამ პერიოდიდან კი დამსაქმებელი იმყოფებოდა დასაქმებულის მიერ ნების ნამდვილობის პრეზუმფციულ ვითარებაში, ვინაიდან მას არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი არ ჰქონდა იმისა, რომ ეჭვი შეეტანა გამოვლენილი ნების ნამდვილობაში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თავისი დისკრეციის ფარგლებში მას ნების გამოვლენის მომენტიდან წარმოეშვა გადაწყვეტილების მიღების კანონიერი უფლება, დამსაქმებელმა გადაწყვეტილება მიიღო არა დაუყოვნებლივ, არამედ 4 დღის შემდეგ, 2016 წლის 4 აპრილს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია, რომ მოპასუხემ მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო გაუაზრებლად და არ დაელოდა მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების უარყოფას.
17. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თუნდაც დასტურდებოდეს, რომ მოსარჩელე 2016 წლის 1 აპრილის განცხადების დაწერისას არ გამოხატავდა თავის ნამდვილ ნებას, არ შეიძლება იგივე ითქვას 2016 წლის 18 აპრილის განცხადებაზე, რომელშიც მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებს გამოხატული ნების არანამდვილობაზე და არა კონკრეტულად იმაზე, თუ რა გახდა მის მიერ ამგვარი ნების გამოვლენის მიზეზი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, თუ რამ გამოიწვია მისი აღელვება განცხადების დაწერისას, რა სახის ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რამაც ემოციური ფონის გაძლიერება და მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია და ა.შ.. ხოლო, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულზე მას არც მოპასუხისათვის გაგზავნილ განცხადებაში, არც სარჩელში და არც სასამართლოში საქმის განხილვისას მიუთითებია, არ არსებობდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის დანარჩენი პრეტენზიებიც სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
19. კასატორის აზრით, მოპასუხემ ისე მიიღო მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რომ არ გაუანალიზებია დასაქმებულის მიერ გამოხატული ნების შინაარსი. მან აღნიშნული ბრძანება გამოსცა დასაქმებულის შვებულებაში ყოფნის პერიოდში და არ დაუცადა იმ თარიღის დადგომას, რაზეც დასაქმებული მიუთითებდა. კერძოდ, 2016 წლის 1 აპრილის განცხადებით მოსარჩელე ითხოვდა 2016 წლის 18 აპრილის ჩათვლით კუთვნილი შვებულებით სარგებლობას, ხოლო 2016 წლის 19 აპრილიდან სამსახურიდან გათავისუფლებას, მოპასუხემ კი მისი 19 აპრილიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა 2016 წლის 4 აპრილს და აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ 18 აპრილს აცნობა მოსარჩელეს.
20. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, მან ზემოაღნიშნული განცხადება დაწერა ემოციურ მდგომარეობაში ყოფნისას, სათანადო განსჯის გარეშე, რასაც ჰქონდა გარკვეული სუბიექტური და ობიექტური წინაპირობები (კერძოდ, მოსარჩელეს კონფლიქტი მოუვიდა რამდენიმე დასაქმებულთან არასამსახურეობრივ საკითხზე). იგი არ ფიქრობდა სამსახურის დატოვებას, მითუფრო, რომ ოჯახში მხოლოდ თვითონ მუშაობდა, ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი და ავადმყოფი დედა, რის თაობაზეც ინფორმირებული იყო დამსაქმებელიც. ამდენად, მოპასუხეს უკეთეს შემთხვევაში, სწორად უნდა დაედგინა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოსარჩელის მიერ გამოხატული ნების ნამდვილი შინაარსი და გამოეკვლია, ხომ არ უკავშირდებოდა იგი ზემოთ მითითებულ ობიექტურ და სუბიექტურ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ნება კონკრეტულ პირობას, შვებულებიდან დაბრუნებას და 19 აპრილის დადგომას უკავშირდებოდა, ეს გარემოება კი მას აძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ 19 აპრილამდე ნებისმიერ დროს უკან წაეღო თავისი მოთხოვნა, რაც არ იქნებოდა დაგვიანებული.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას საფუძვლად დაედო დასაქმებულის წერილობითი განცხადება თანამდებობის დატოვების თაობაზე, რომლის შესაბამისად, დამსაქმებელმა 2016 წლის 4 აპრილს მართებულად გამოსცა ბრძანება 2016 წლის 19 აპრილიდან მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
28. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოსარჩელეზე რაიმე სახის ზეწოლას ან იძულებას. პირიქით, თავად კასატორი აცხადებს, რომ მან საკუთარი ნებით დაწერა განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად იგი მიუთითებს გამოხატული ნების არანამდვილობაზე და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სადავოდ ხდის სწორედ ამ გარემოების არასათანადოდ გამოკვლევის გამო. კერძოდ, საკასაციო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადება მან დაწერა ძლიერი ემოციური აღელვების გამო, რაც გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობით.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
30. მოცემული კატეგორიის დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის, სასამართლოს მოსაზრებით, გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადების არსებობის პირობებში, მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მხარის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება კი იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნულ განცხადებას სადავოდ ხდის (იხ. სუსგ საქმე №ას-649-616-2014, 5 ნოემბერი, 2014 წელი).
31. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნება, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ცალმხრივი გარიგებაა, რომლის ნამდვილობაც, ამავე კოდექსის 51-ე მუხლის წინაპირობის არსებობაზეა დამოკიდებული. უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-649-616-2014, 5 ნოემბერი, 2014 წელი).
32. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მიუთითებდა მის მიერ გამოვლენილი ნების ნაკლზე და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას უკავშირებდა ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის ფონზე გამოვლენილ ძლიერ ემოციურ აღელვებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ნების ფორმირებაზე ზემოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენა მოსარჩელის ვალდებულება იყო.
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
34. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
35. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
36. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ მის მიერ 2016 წლის 1 აპრილის განცხადებაში გამოვლენილი ნება სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე არ იყო ნამდვილი. კასატორის მითითება, რომ მან გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ძლიერი ემოციური აღელვების ნიადაგზე გამოხატა სამუშაოდან გათავისუფლების სურვილი, სინამდვილეში კი სამსახურის დატოვებას არ აპირებდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ასევე ვერ მიიჩნევა კასატორის მითითება იმის თაობაზეც, რომ ვინაიდან სამუშაოდან გათავისუფლება 2016 წლის 1 აპრილის განცხადებით მან მოითხოვა 2016 წლის 19 აპრილიდან, აღნიშნულ დღემდე ნებისმიერ დროს ჰქონდა უფლება უკან წაეღო თავისი მოთხოვნა.
37. ამრიგად, ზემოაღნიშნული განმარტებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა სრულად შეესაბამება წინამდებარე განჩინებაში მოყვანილ განმარტებებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-484-465-2016, 12 ივლისი, 2016 წელი).
38. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კასტორის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი, 200 ლარის გადახდა მას გადაუვადდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მარტის განჩინებით, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კასატორს უნდა დაეკისროს 10 (ათი) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ თ. ბ-ეს (პ/ნ: 6-...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს 10 (ათი) ლარის გადახდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე