Facebook Twitter

№ ას-60-56-2017 18 დეკემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. კ-ესა (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „გამყიდველი“) და გ-ს (შემდგომში „მოპასუხე“, „მყიდველი“ „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის შედგა ზეპირი შეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის შესახებ, რომლის შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა ავტოსატრანსპორტო საშუალება (სამარკო ნიშანი - SETRA, მოდელი - S 4-..., გამოშვების წელი - 2004) 100 000 აშშ დოლარად, საიდანაც 15 000 აშშ დოლარი მყიდველის მიერ გადახდილია.

2. ნასყიდობის საგანი - ავტომანქანა ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას.

3. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, 2014 წლის 3 ოქტომბერს, მხარეთა შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება ვალის უზრუნველსაყოფად და მოსარჩელის წინაშე მოპასუხის ფულადი ვალდებულების, 30 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა კასპში, სოფელ ფ-ში მდებარე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება.

4. 2014 წლის 7 ოქტომბერს მხარეებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ავტომანქანის მყიდველზე, მოპასუხეზე რეგისტრაციის მოთხოვნით.

5. 2014 წლის 17 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 55 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

6. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხემ ავტომანქანის ნასყიდობის საფასურიდან - 100 000 აშშ დოლარიდან - აანაზღაურა 15 000 აშშ დოლარი, 30 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთა კუთვნილი უძრავი ქონება, ხოლო ასანაზღაურებელი დარჩა 55 000 აშშ დოლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ თანხას მოპასუხე მოსარჩელეს გადაუხდიდა მყიდველზე ავტომანქანის რეგისტრაციის მოთხოვნით მომსახურების სააგენტოში მხარეთა ერთობლივი განცხადების შეტანიდან 2 დღეში, რაც მას არ გაუკეთებია.

7. მოპასუხემ სარჩელზე წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ერთობლივი განცხადების შეტანამდე მან ნასყიდობის საფასური სრულად დაფარა, რაზეც მეტყველებს ავტომანქანის მოპასუხის სახელზე რეგისტრაციის ფაქტი. ვალის სახით გადასახდელი იყო 30 000 აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფადაც მოსარჩელემ იპოთეკით დატვირთა მოპასუხის უძრავი ქონება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 55 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებაზე, საფუძველსმოკლებული და ალოგიკურია.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 55 000 აშშ დოლარის გადახდა.

10. სააპელაციო სასამართლომ დაადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

11. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 431-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს (მოვალეს), შესაბამისად, აუცილებლობას წარმოადგენს მისთვის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, ხოლო კრედიტორს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით არანაირი საჭიროება არ აქვს ფლობდეს მას. უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერ კრედიტორს შეუძლია, ასეთი დოკუმენტის გაუცემლობის შემთხვევაში, განმეორებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. სწორედ ამიტომ, კანონი მას ავალდებულებს სათანადო დოკუმენტის გაცემას, ხოლო მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი წარმოადგენს მის რისკს და აძნელებს ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.

12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სპეციალური მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ 55 000 აშშ დოლარის ნაწილში ვალდებულების შესრულების ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ იყო.

13. სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის მოწმის ჩვენებით დადასტურების შესახებ და აღნიშნა, რომ მოწმის ჩვენება არარელევანტურ მტკიცებულებას წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად (სამოქალაქო კოდექსის 429-431-ე მუხლები). სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს მითითება იმ ფაქტზე, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს ნასყიდობის ფასის ნაწილის - 30 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მეტყველებდა არა მოსარჩელის, არამედ მოპასუხის საწინააღმდეგოდ, ვინაიდან აღნიშნულით დგინდებოდა, რომ 2014 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს არ გააჩნდა საკმარისი თანხა ავტომანქანის შესაძენად, რის გამოც მან ნასყიდობის საფასურის ნაწილის - 30 000 აშშ დოლარის გადახდის უზრუნველსაყოფად, მოსარჩელის სასარგებლოდ დატვირთა უძრავი ქონება. აღნიშნული გარემოება კი კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებდა ქონების იპოთეკით დატვირთვიდან 4 დღეში მოპასუხის მიერ 55 000 აშშ დოლარის გადახდასთან დაკავშირებით.

14. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოში ავტომანქანის რეგისტრაციის ფაქტს, სასამართლომ, ა/მ რეგისტრაციის დანიშნულებიდან გამომდინარე, აღნიშნული არ მიიჩნია თანხის გადახდის დამადასტურებელ გარემოებად.

15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

16. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 427-ე, 429-ე, 477-ე მუხლები, რის შედეგადაც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.

17. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 55 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. კასატორის მოსაზრებით, სადავო არ არის, რომ მხარეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომანქანა საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მყიდველის მხრიდან ფულადი ვალდებულება შესრულებულია. სხვა მხრივ, ცხადია, მოსარჩელე რისკს არ გასწევდა და ნასყიდობის საგანს საკუთრებაში არ გადასცემდა მყიდველს, რომელსაც თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადა და იპოთეკით დაატვითინა უძრავი ქონება.

18. არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად მოწმის ჩვენება არარელევანტურ მტკიცებულებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან ნასყიდობის ღირებულების წინაწარი წესით გადახდისა და ფულადი ვალდებულების მთლიანად შესრულების ფაქტი დასტურდება არა მხოლოდ მოწმე ალმაზ მამედოვის ჩვენებით, არამედ მოპასუხის მიერ ნასყიდობის ღირებულების ნაწილის, 15 000 აშშ დოლარის წინასწარი გადახდით (რაც მყიდველის მხრიდან აღიარებულია), იპოთეკის ხელშეკრულების დადებისა და მისი გაფორმების მიზნებით, ერთობლივი განცხადების შედგენისა და გამყიდველის მხრიდან მასში გამოიხატული ნების - სატრანსპორტო საშუალების მყიდველისათვის საკუთრებაში გადაცემით.

19. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას სამოქალაქო კოდექსის 429-ე-431-ე მუხლებზე, აღნიშნული ნორმები არ გამორიცხავს ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების მიზნებისათვის ერთ-ერთი მტკიცებულების სახით მოწმის ჩვენების გამოყენებას, მით უფრო, როცა შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ კრედიტორის მიერ მოვალის მოთხოვნით ან/და მოთხოვნის გარეშე მოვალეზე არ არის გაცემული ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება იყოს წერილობითი დადასტურება. განსახილველ დავაში კი ფულადი ვალდებულების შესრულების წერილობითი დადასტურებაა ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალების, როგორც ნასყიდობის საგნის მყიდველის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ერთობლივი განცხადების არსებობა და ნასყიდობის საგნის მყიდველის საკუთრებაში გადაცემა, 15 000 აშშ დოლარის წინასწარი წესით გადახდა, 30 000 აშშ დოლარის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკის ხელკშეკრულების გაფორმება და, ასევე მოწმე ალმაზ მამედოვის ჩვენება.

20. სამოქალაქო კოდექსი და მისი 429-ე მუხლი არ ზღუდავს მოვალეს, რომ შესრულების მიღების დადასტურების მიზნებისთვის ასევე გამოიყენოს სხვა სახის მტკიცებულებები და მიუთითოს შესაბამის გარემოებებზე. თვითონ ის ფაქტი, რომ ნასყიდობის საგანი გამყიდველმა მყიდველს საკუთრებაში გადასცა, უკვე ნიშნავს მისი მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლიდან გამომდინარე მყიდველისთვის ნასყიდობის საგნის და მასთან დაკავშირებული საბუთების, ამ ქონების გადაცემის შესახებ ვალდებულების არსებობას, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ცხადია, რომ თუ ფულადი ვალდებულება წინასწარი წესით ანუ ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების გადაცემამდე არ იქნებოდა შესრულებული, გამყიდველი არ გასწევდა რისკს და ძვირადღირებულ მოძრავ ქონებას - ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ავტობუსს, რომელიც მომეტებული საფრთხის შემცველია, არ გადასცემდა მყიდველს საკუთრებაში.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩნებით საკასაციო საჩვარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

25. მოცემულ შემთხვევაში სადავოა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფაქტი 55 000 აშშ დოლარის ნაწილში.

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება, უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება, პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში (იხ. სუსგ საქმე №ას-528-501-2015, 4 ნოემბერი, 2015 წელი). აღნიშნული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

27. ამდენად, მითითებული საპროცესო ნორმა განსაზღვრავს ამა თუ იმ ფაქტის დადასტურებისათვის განკუთვნილი მტკიცებულების სახეებს, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ.

28. ამავდროულად, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებელი თავად უთითებს მხარეს, კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად წარადგინოს მატერიალური კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სახის მტკიცებულება. ასეთ შემთხვევას ვხვდებით სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსში, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

29. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული მუხლი. საკასაციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების მიხედვით, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში (იხ. სუსგ საქმე №1541-1547-2011, 19 აპრილი, 2012 წელი) .

30. გამომდინარე იქიდან, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მყიდველს (მოვალეს), შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს მის მიერ გამყიდველისათვის (კრედიტორისათვის) თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება. მოპასუხე მოსარჩელის მიმართ დარჩენილი ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის (55 000 აშშ დოლარის გადახდის) დასადასტურებლად ძირითადად იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ გამყიდველმა მას გადაუფორმა ნასყიდობის საგანი - ავტომანქანა, შესაბამისად, თუ მის მიერ ნასყიდობის თანხა არ იქნებოდა გადახდილი სრულად, გამყიდველი არ გასწევდა ამგვარ რისკს.

31. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ აქტს. ამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. ავტოსატრანსპორტო საშუალება არის მოძრავი ნივთი და მასზე უნდა გავრცელდეს მოძრავ ნივთების შეძენისათვის დადგენილი წესები (იხ. სუსგ საქმე №ას-241-572-07, 17 ოქტომბერი, 2007 წელი, საქმე №ას-919-859-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი).

32. ამრიგად, საკასაციო პალატა დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს და თვლის, რომ გაყიდული ავტომობილის მყიდველის სახელზე დარეგისტრირების ფაქტი არ ადასტურებს მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდას.

33. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

34. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა სრულად შეესაბამება წინამდებარე განჩინებაში მოყვანილ განმარტებებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის გადახდა კასატორის გადაუვადდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარის) 30% - 1800 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ ი–ს (პ/ნ: 2-...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარის) 30% – 1800 ლარის გადახდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე