საქმე №ას-1-2019 29 მარტი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. გ-ისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე – შპს „რ-ის“ სარჩელის გამო, ნ. ბ-ის, გ., ნ., მ., გ. და ნ. გ-ეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით გ. გ-ისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო განაცხადის წარმოდგენა, ხოლო ამავე პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ საპროცესო ვადა და დაევალათ 3 (სამი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო განაცხადის წარმოდგენა.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორებს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართზე და 2019 წლის 16 მარტს ჩაბარდა გ. გ-ეს (იხ.შეტყობინების ბარათი).
2019 წლის 19 მარტს სასამართლოს მომართეს კასატორებმა და წარმოადგინეს საკასაციო საჩივარი (დაზუსტებული სარჩელი). პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნევს, რომ იგი არაა სსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დასაბუთებული და არ შეიცავს ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილ დაზუსტებულ საკასაციო განაცხადს, რაც მხარეებს დავალებული ჰქონდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრისა და ამავე პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ, კასატორებმა სრულყოფილად არ გამოასწორეს დადგენილი ხარვეზი, ამასთან, არც საპროცესო ვადის გაგრძელება არ მოუთხოვიათ, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორებს გ. გ-ესა და ნ. ბ-ეს უნდა დაუბრუნდეთ გ. გ-ის მიერ 2019 წლის 18 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი (ოპერაციის კოდი - 30107852; ტერმინალის ნომერი - 812).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. გ. გ-ესა (პ/ნ 6-...) და ნ. ბ-ეს (პ/ნ 6-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით გ. გ-ის მიერ 2019 წლის 18 თებერვალს გადახდილი 150 ლარი (ოპერაციის კოდი - 30107852; ტერმინალის ნომერი - 812).
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე