საქმე №ას-857-801-2017 23 ოქტომბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ა–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ ქ.მ.თ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სარჩელის საფუძვლები
1.1. შპს „ქ.მ.თ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია ან შემსრულებელი) 2016 წლის 24 მაისს სარჩელი აღძრა მ.ა–ძის (შემდეგში:შემკვეთი, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის 9 082.97 ლარის დაკისრების თაობაზე.
1.2. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 1 ივლისის მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, სავაჭრო ცენტრში მდებარე შემკვეთის (მოპასუხის) კუთვნილ კომერციულ ფართებს შემსრულებელი შემდეგ მომსახურებას უწევდა: საერთო ქონების დალაგება-დასუფთავება, კომუნიკაციების გამართული ფუნქციონირება, შიდა და გარე პერიმეტრების დაცვა, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მომსახურება. ხელშეკრულების თანახმად შემკვეთი ვალდებული იყო, შემსრულებლისათვის მომსახურების ღირებულება გადაეხადა, კერძოდ, 1 კვ.მ ფართზე 5 აშშ დოლარი, სულ 398.65 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, თვის ბოლო დღის ოფიციალური კურსის შესაბამისად (იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 12-15).
1.3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ, მოპასუხის მიერ ყოველთვიურად გადასახადების გადაუხდელობის გამო, სავაჭრო ცენტრში ლიფტი და ესკალატორი არ ფუნქციონირებდა. ამასთან, თუ არ იქნებოდა სისუფთავე, ობიექტი არ იქნებოდა დაცული, მომხმარებელს სავაჭრო ცენტრის მიმართ დაინტერესება აღარ ექნებოდა, რაც ცენტრთან დაკავშირებულ სხვა მესაკუთრეებსაც დააზარალებდა.
1.4. მოპასუხე 2014 წლის პირველი იანვრიდან ყოველთვიური მომსახურების ღირებულებას არასრულად იხდიდა, რის გამოც მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ, 2016 წლის 19 მაისამდე, 9 082.97 ლარია (იხ. ცნობა, ს/ფ 16).
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში არ წარუდგენია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 9 082.97 ლარის გადახდა დაეკისრა.
3.2. საქალაქო სასამართლომ შემსრულებლის სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად პირადად მოპასუხეს ჩააბარა, 2016 წლის 11 ივლისს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხეს განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის სსსკ-ით გათვალისწინებული შედეგები (იხ. ხელწერილი, ს/ფ 38).
3.3. მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია, არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის და არც საპროცესო ვადის გაგრძელება უთხოვია.
3.4. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 201.1-ე, 2321-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლებით, დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით, შემსრულებლის სარჩელი დააკმაყოფილა.
3.5. საქალაქო სასამართლომ შემსრულებლის სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია (იხ. ამ განჩინების 1.2-1.4 ქვეპუნქტები) დადაასკვნა, რომ ეს გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდნენ.
3.6. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა (სსკ-ის 629-ე მუხლი). ნარდობის ხელშეკრულების საგანი კი ინდივიდუალიზებულია. ეს არის მენარდის შრომის შედეგი. მოსარჩელეს მის მიერ ვალდებულების შესრულების მომენტიდან წარმოეშვა შესრულებული სამუშაოს საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. მოპასუხის საჩივრის საფუძვლები
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, საჩივარი წარადგინა მოპასუხის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონშეუსაბამოა. მისი მარწმუნებელი, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების ჩაბარებისას, კუთვნილ შვებულებაში იმყოფებოდა, ამასთან, მას არ აქვს იურიდიული განათლება, არ ფლობდა ინფორმაციას შესაგებლის წარდგენის ვადებზე და მისი წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებზე.
4.2. საჩივრის ავტორის მოსაზრებით სსსკ-ის 230.2-ე მუხლის თანახმად სარჩელში მითითებული გარემოებები სარჩელს იურიდიულად არ ამართლებდა.
5. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5.2. საქალაქო სასამართლომ სსსკ-ის 2321-ე, 70-78-ე, 240-ე, 241-ე, 215.3-ე, 233-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი მოპასუხის მიერ სსსკ-ით დადგენილი წესით სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების, 2016 წლის 11 ივლისს, ჩაბარების ფაქტი. მოპასუხე ამ ფაქტს სადავოდ არ ხდიდა, თუმცა აცხადებდა, რომ მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაზე (10 დღე) და ვალდებულებაზე (შესაგებლის წარდგენა) ყურადღება არ გაუმახვილებია, რადგან იურიდიული ცოდნა არ გააჩნდა.
5.3. სასამართლომ სსსკ-ის მე-3.2 მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ ყოველი ადამიანი მიიჩნევა კანონის მცოდნედ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი გახდება, განისაზღვროს ჩარჩოები, რომლებშიც კანონის არცოდნა საპატიოდ ჩაითვლება. მთლიანად მხარეზეა გადატანილი არასწორი სამართლებრივი შეფასების რისკი, ზემოაღნიშნული გარემოება კი არ წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, სასამართლოს გზავნილი შეიცავდა შესაბამის განმარტებებს და ინსტრუქტაჟს შესაგებლის სათანადო წესით წარდგენის აუცილებლობისა და მისი წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ.
5.4. სასამართლომ, ასევე, იმსჯელა შესაგებლის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ არ არსებობს შესაგებელი ისეთი აუცილებელი კომპონენტის გარეშე, როგორიცაა სარჩელის უარყოფა (არცნობა), სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას (ივარაუდება ისეთი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას), ამით მოსარჩელე თავისუფლდება ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთისგან.
6. სააპელაციო საჩივარი
6.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება და 2016 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინებით, შემკვეთის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
7.2. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივად გამართულად მიიჩნია, საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სრულად გაიზიარა და განმარტა, რომ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
7.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიკვეთა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულო შემთხვევა, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა, შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც თავად მოპასუხეს ეკისრებოდა.
8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე - საფოსტო გზავნილის ჩაბარების დოკუმენტზე დაყრდნობით გამოიტანა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოპასუხეს ნამდვილად, პირადად ჩაბარდა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები.
8.3. შემკვეთის მოსაზრებით, სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია მხარის გამოუცხადებლობის მიზეზები, ისევე როგორც, სარჩელის დაკმაყოფილებისას არ უმსჯელია თანხის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებზე.
8.4. კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა 9 082.97 ლარი, მხარეებს შორის არსებული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხასთან მიმართებით შეუსაბამოა.
8.5. აპელანტის მითითებით, სასამართლო უნდა მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და, შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემკვეთის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 2321-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია:
15.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემკვეთს შემსრულებლის სარჩელი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, რასაც თავად კასატორიც ადასტურებს და სადავოდ არ ხდის. მას შესაგებლის წარსადგენად 10-დღიანი ვადა განესაზღვრა, თუმცა, მოპასუხეს ამ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია, აღნიშნულს თავადაც ადასტურებს და განმარტავს, რომ შესაგებლის წარუდგენლობა პროცესუალური საკითხების უცოდინრობამ გამოიწვია (იხ. ამ განჩინების 4.1-4.2 და 8.2-8.5 ქვეპუნქტები).
15.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, თუ რამდენად მართებულად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები. სსსკ-ის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
15.3. სსსკ-ის 2321-ე მუხლის თანახმად შესაგებლის წარუდგენლობის გამო სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელს დააკმაყოფილებს თუ სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლო ნიშნავს სხდომას, თუმცა მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
15.4. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის არა იმ გარემოებას, რომ მან საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა შესაგებელი, არამედ იმას, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებს, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხემ მასზე დაკისრებული საპროცესო ვალდებულება - შესაგებლის წარდგენა - დაარღვია, ამასთან, იგი საამისო საპატიო მიზეზს ვერ ასაბუთებს. ის გარემოება, რომ მოპასუხე იურისტი არ არის, შესაგებლის წარუდგენლობით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებს ვერ შეუმსუბუქებს მხარეს, რადგან საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესები ყველასათვის საერთოა. ამასთან, სასამართლომ მოპასუხეს განუმარტა სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაგებლის წარდგენის სავალდებულოობის შესახებ და ისიც აცნობა, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვებოდა ამ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობას. აღნიშნულს კასატორიც ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მითითებას ყურადღება ვერ მიაქცია, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მისთვის საკანონმდებლო მოწესრიგება უცნობი იყო, მაშინ შეიძლებოდა მსჯელობის საგანი გამხდარიყო, თუკი სასამართლო თავის ვალდებულებას დაარღვევდა და მხარეს სათანადოდ არ გააფრთხილებდა შესაძლო სამართლებრივ შედეგებზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ გამოვლენილა. აქედან გამომდინარე, კასატორის მტკიცება, რომ მან შესაგებლის წარდგენის სავალდებულოობის შესახებ არ იცოდა, იურისტი არ იყო, გვიან აღმოაჩინა, უსაფუძვლოა და კანონშეუსაბამო, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
15.5. სსსკ-ის 2321-ე მუხლის თანახმად მოპასუხე, რომელიც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით შესაგებელს არ წარადგენს, კარგავს უფლებას სასამართლოს მტკიცებულებებით მიმართოს, მას მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრების გამოთქმის უფლება რჩება, ისიც მაშინ, თუ სასამართლო სარჩელს იურიდიულად გამართლებულად არ მიიჩნევს და სხდომას დანიშნავს. განსახილველ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდნენ (სსკ-ის 629-ე და 361-ე მუხლები), რისი გაქარწყლებაც მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი ვერც ერთი საჩივრით ვერ შეძლო.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან „სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ # ას-1108-1065-2016, 18.04.2017წ.).
17. სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ შემსრულებლის სარჩელი იურიდიულად გამართლებული იყო, ამასთან, კასატორს სარჩელის იურიდიულ გამართულობასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენია და მოპასუხის მიერ შესაგებლის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობას დაუკავშირდა სსსკ-ის 201-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას- 664-635-2016, 02.03.2017წ; პ.202). კასატორი აცხადებს, რომ შემსრულებლის მიერ მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია, მაგრამ ის არ უარყოფს და არც ადასტურებს დავალიანების არსებობის ფაქტს. მოპასუხე სარჩელს იურიდიულად გაუმართლებლად მიიჩნევს, თუმცა, მიზეზს ვერ ასაბუთებს.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
19. კასატორს, სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.ა–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ა–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 454.14 ლარის (საგადასახადო დავალება N1, გადახდის თარიღი 2017 წლის 14 ივლისი), 70% – 317.89 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე