Facebook Twitter

საქმე №ას-1423-1343-2017 18 ივლისი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი– გ.ა–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ.ბ.“, შპს „კ.ჯ.“, ი/მ გ.გ–ძე, ი/მ ა.კ., შპს „ჯ.ა.კ.“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ა–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, შემსრულებელი, დაზარალებული, პირველი აპელანტი ან კასატორი) შპს ,,პ.ბ–ის’’ (შემდეგში: დამკვეთი, პირველი მოპასუხე ან მეორე აპელანტი) დაკვეთით ასრულებდა სამუშაოებს სამშენებლო მოედანზე, რისთვისაც ყოველთვიურად იღებდა ხელფასს - 1 000 ლარს (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 17-19).

2. მოსარჩელის მიერ, სამუშაოების შესრულების დროს, კერძოდ, ქ. ფოთში, .... მდებარე წყლის რეზერვუარის მშენებლობისას, 2015 წლის 9 თებერვალს, ა.კ–ას (შემდეგში: მძღოლი ან მეორე მოპასუხე) მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანა უკუსვლით მოძრაობის დროს შეეჯახა რკინის ქარხნულ ხარაჩოს, რის გამოც ხარაჩოდან 5 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა მოსარჩელე და მიიღო სხეულის დაზიანება. კერძოდ, მარჯვენა წვივის ორივე გოჯის ღია ნამსხვროვანი მოტეხილობა, ფრაგმენტების ცდომით, ტერფის ქვეამოვარდნილობა. მარცხენა ქუსლის ძვლის მოტეხილობა ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა წვივის ლატერალური გოჯის მიდამოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, აღნიშნული დაზიანებები სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს მიეკუთვნება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. მოსარჩელე ამჟამად ეტლით გადაადგილდება (იხ. ექსპერტიზის დასკვნები და სამედიცინო ბარათი, ტ. 1, ს/ფ 30-33, 64-66, 67).

3. შპს ,,კ.ჯ.’’ (შემდეგში: კონტრაქტორი, მესამე მოპასუხე ან მესამე აპელანტი) აწარმოებდა ქ. ფოთში, ....., სს ,,გ.წ. კომპანიის“ (შემდეგში: კომპანია) დაკვეთით წყლის რეზერვუარების მშენებლობას, დამსაქმებლისა და შპს ,,ჯ.ა.კ–ის’’ (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე, მეოთხე აპელანტი, მყიდველი ან ქვეკონტრაქტორი) მეშვეობით (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 34-56).

4. კონტრაქტორსა და ქვეკონტრაქტორს შორის დაიდო ხელშეკრულება, ქ. ფოთში, .... მდებარე წყლის რეზერვუარის მშენებლობაზე სამუშაოების შესრულების შესახებ. თავის მხრივ, მეოთხე მოპასუხემ სამუშაოების შესრულების მიზნით, გააფორმა მიწის ყიდვისა და შეტანის ხელშეკრულება, ი/მეწარმე გ.გ–თან (შემდეგში: მეხუთე მოპასუხე ან გამყიდველი), ხოლო ამ უკანასკნელმა მითითებული ვალდებულების შესასრულებლად გააფორმა ხელშეკრულება მძღოლთან (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი), მისივე კუთვნილი სატვირთო მანქანით ზემოხსენებული წყლის რეზერვუარის მშენებლობაზე, მიწის გადაზიდვის თაობაზე (იხ. ხელშეკრულებები, ტ. 1, ს/ფ 57-63).

5. კონტრაქტორსა და ქვეკონტრაქტორს შორის დადებული 2015 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების 3.11 მუხლის თანახმად, ქვეკონტრაქტორი (იხ. წინამდებარეგ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი) ვალდებული იყო, სამუშაოები ისე დაეგეგმა, რომ ხელი არ შეშლოდა ობიექტზე იმავდროულად მიმდინარე სამუშაოებს და საფრთხე არ შექმნოდათ მუშებს; ამავე ხელშეკრულების 7.5. მუხლის თანახმად, ქვეკონტრაქტორი დანიშნავდა სამონტაჟო ობიექტზე უბედური შემთხვევის აღკვეთის ოფიცერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა უსაფრთხოებაზე და უბედური შემთხვევის დაცვაზე (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 35-56).

6. მეოთხე მოპასუხესა და გამყიდველს შორის 2015 წლის 5 თებერვალს დადებული ხელშეკრულების 4.5.1 მუხლის თანახმად, გამყიდველი ვალდებული იყო, უზრუნველეყო ტრანსპორტირების უსაფრთხოება (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 57-61, ასევე - წინამდბარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი).

7. ქ. ფოთში, ..... მდებარე წყლის რეზერვუარის მშენებლობისას, 2015 წლის 9 თებერვალს მომხდარი შემთხვევის დროს, მოსარჩელის მიერ სამუშაოს წარმოება, საქმის მასალების მიხედვით, მიმდინარეობდა მოქმედი ნორმების შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოს შესრულებაში, რაიმე ნორმების გაუთვალისწინებლობა არ შეიმჩნევა. 2015 წლის 9 თებერვალს, წყლის რეზერვუარის მშენებლობისას სატვირთო ავტომანქანის უკუსვლით მოძრაობისას სამუშაო არ სრულდებოდა მოქმედი ნორმების შესაბამისად. არ იყო გათვალისწინებული CHиР III - 4-80 - ,,უსაფრთხოების წესები მშენებლობაში’’ 2.6 პუნქტში მითითებული მოთხოვნა უნდა გაეთვალისწინებინა კონტრაქტორის წარმომადგენელს, რომელსაც ევალებოდა ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვა. არ იყო გათვალისწინებული CHиР III-4-80 - ,,უსაფრთხოების წესები მშენებლობაში’’ 5.15 პუნქშტი მითითებული მოთხოვნები. მძღოლს უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული პუნქტის მოთხოვნები (იხ. 2015 წლის 27 თებერვლის №001166115 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, ტ. 1, ს/ფ 30-33).

8. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 მარტის განჩინებით სს ,,ს.ბ–სა’’ და დაზარალებულს, ვ.კ–ს, ს. ა–სა და ლ. ჭ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელის მეუღლე) შორის მორიგება დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება, ბანკის წინაშე, მოსარჩელის მეუღლის მიერ შესასრულებელი ვალდებულება - 28 901.12 ლარი, 60 თვის განმავლობაში გადაეხადათ (იხ. განჩინება, ტ. 1, ს/ფ 69-70).

9. მოსარჩელის მეუღლემ, 2015 წლის 5 ივლისს, სესხად აიღო 1 000 ლარი, 2015 წლის 13 მაისს - 600 ლარი, 2015 წლის 20 მაისს - 300 ლარი და 2015 წლის 9 მარტს - 300 ლარი, სულ - 2 200 ლარი.

10. მოსარჩელემ დაზიანების შედეგად პროფესიული შრომის უნარი 60 %-ით დაკარგა (იხ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ტ. 5, ს/ფ 3-4).

11. სარჩელის საფუძვლები

11.1. დაზარალებულმა 2015 წლის 9 ივნისს საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხეების წინააღმდეგ და მათთვის, დაზარალებულის სასარგებლოდ, სოლიდარულად, მიყენებული ზიანის 31 101.12 ლარის, სარჩოს - 1 000 ლარის 2015 წლის 9 ივნისიდან, ყოველთვიურად, მოსარჩელის გამოჯანმრთელებამდე და მორალური ზიანის - 10 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

11.2. მოსარჩელემ ამ გადაწყვეტილების 1-10 ქვეპუნქტებზე მითითებით განმარტა, რომ 2015 წლის 9 თებერვალს, სამუშაოს შესრულების დროს შემსრულებელი დაშავდა შრომის წესების უხეში დარღვევის გამო. ჯანმრთელობის დაზიანების შემდეგ იგი ვერ იღებს ხელფასს და, შესაბამისად, ვერ იხდის საკრედიტო დავალიანებას. ასევე, მოსარჩელის მკურნალობისათვის, მისი ოჯახის წევრებმა სესხის ხელშეკრულება გააფორმეს. ხელშეკრულებების თანახმად, ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვა ყველა მოპასუხეს ევალებოდა, რაც ქმნის მათზე ზიანის სოლიდარულად დაკისრების საფუძველს.

11.3. დაზარალებული მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სამუშაოს შესრულების დროს მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო მიადგა მორალური ზიანი - 10 000 ლარის ოდენობით.

12. მოპასუხეთა შესაგებლები

12.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით.

12.2. პირველმა და მეხუთე მოპასუხეებმა ფორმალური შესაგებელი წარადგინეს მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სარჩელში მითითებულ არც ერთ ფაქტობრივ გარემოებასა და მოთხოვნას არ ეთანხმებიან.

12.3. მეორე მოპასუხის განმარტებით, მან დაზარალებულს მკურალობისათვის გაწეული ხარჯი - 2 000 ლარი აუნაზღაურა, სხვა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოსარჩელეს არ წარუდგენია.

12.4. მესამე და მეოთხე მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ ისინი არასათანადო მოპასუხეები არიან.

13. ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

13.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით დაზარალებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

13.1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად ზიანის - 13 000 ლარის გადახდა დაეკისრათ;

13.1.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად მორალური ზიანის 8 000 ლარის გადახდა დაეკისრათ;

13.1.3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

13.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 35-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 ნაწილებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, 412-ე, 992-ე მუხლებით, 413-ე მუხლის პირველი ნაწილით და დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ არ იყო შექმნილი მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემო, რასაც მოჰყვა მოპასუხის ჯანმრთელობის დაზიანება და, შესაბამისად, დამკვეთი ვალდებულია მოსარჩელეს მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს.

13.3. საქალაქო სასამართლოს შეფასებით ამ გადაწყვეტილების 13.2 ქვეპუნქტში დასახელებული მუხლების თანახმად, მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანებისას ვალდებულების განსაზღვრისათვის, მხედველობაშია მისაღები პროფესიული შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი. ამასთან, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მოსარჩელე მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო.

13.4. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრისათვის რაიმე მტკიცებულება და, შესაბამისად, მისი შრომის უნარის დაკარგვის ხარისხი არ იყო განსაზღვრული. ამ პირობებში, მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს სამომავლოდ დაკისრება დაუსაბუთებელი იყო და სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

13.5. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დასაკისრებელი ზიანის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, სარჩელის აღძვრიდან 2015 წლის ივნისის თვიდან, გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის, მოსარჩელის მიერ მიუღებელი 13 თვის ხელფასის - 13 000 ლარის ოდენობით, რადგან მოპასუხეთა ქმედებით, მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო, მოსარჩელე არ მუშაობდა და, შესაბამისად, მან ვერ მიიღო 13 თვის ხელფასი, რაც მოსარჩელისათვის მიყენებული რეალური ზიანია.

13.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის, ზიანის სახით, მოსარჩელის საკრედიტო დავალიანების 28 901.12 ლარის და, ასევე, მოსარჩელის ოჯახის წევრების მიერ გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, დავალიანების 2 200 ლარის დაკისრების თაობაზე, რადგან, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელისათვის მიყენებული რეალური, ამასთან მოვალეებისათვის წინასწარ განსაზღვრული ზიანი 13 თვის მიუღებელი ხელფასი - 13 000 ლარია.

13.7. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რომლის დადგომაშიც მოპასუხეები სოლიდარულად არიან პასუხისმგებელი, კერძოდ, გამოკვეთილი იყო თითოეული მათგანის პასუხისმგებლობა, კერძოდ: პირველმამოპასუხემ, როგორც დამკვეთმა, ვერ უზრუნველჰყო შემსრულებლისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, ასევე - კონტრაქტორს, ქვეკონტრაქტორსა და გამყიდველს, ხელშეკრულებით ევალებოდათ სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების დაცვაზე კონტროლი, ხოლო მძღოლი უსაფრთხოების წესების დარღვევით მართავდა სატვირთო ავტომობილს.

13.8. სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის დაკისრებისათვის მნიშვნელოვანია ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა სამართალდამრღვევის ბრალეულობა, დამდგარი ზიანის სიმძიმე, ბრალის ხარისხი და ზიანის მიმყენებლის გადახდისუნარიანობა. სასამართლოს შეფასებით, ამ შემთხვევაში მიყენებული ზიანი მძიმეა. მოსარჩელეს თითქმის 17 თვეა დაკარგული აქვს შრომის უნარი, იგი ეტლით გადაადგილდება, რაც უდავოდ არის დაკავშირებული, როგორც ფიზიკურ, ასევე - სულიერ ტკივილთან. მოპასუხეების უმრავლესობა გადახდისუნარიანი კომპანიებია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია, მოპასუხეებისათვის სოლიდარულად, მორალური ზიანის სახით 8000 ლარის დაკისრება.

14. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

14.1. დაზარალებულმა (პირველმა აპელანტმა) საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

14.2. პირველი აპელანტის განმარტებით ზიანის ანაზღაურება მიმართულია დაზარალებულის ქონებრივი სფეროს აღდგენისაკენ ზიანის მიმყენებლის ქონების ხარჯზე. როგორც წესი, ზიანი მოიცავს როგორც ფაქტობრივ ქონებრივ დანაკლისს, ისე მიუღებელ შემოსავალსაც.

14.3. დაზარალებული მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად და უპირობოდ უნდა დაეკისროთ ყოველთვიური სარჩოს გადახდა 1000 ლარის ოდენობით მოსარჩელის გამოჯანმრთელებამდე.

14.4. შემსრულებლის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 412-ე მუხლი. მოპასუხეებმა იცოდნენ, რომ მოსარჩელე ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, რომლის კმაყოფაზე მეუღლე და სამი არასრულწლოვანი ქალიშვილი იმყოფებოდნენ. მოპასუხეთა მხრიდან დაზარალებულის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე დატოვება, გამოიწვევდა დამატებით მატერიალურ ზიანს.

15. დამსაქმებლის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

15.1. დამკვეთმა (პირველმა მოპასუხემ) საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

15.2. დამკვეთის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა პირველი მოპასუხის მხრიდან უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მოთხოვნის დარღვევაში არის დაუსაბუთებელი და გადაწყვეტილების როგორც ფაქტობრივ ნაწილში, ასევე სამოტივაციო ნაწილში არ არის მითითებული კონკრეტულად რაში გამოიხატა მეორე აპელანტის მხრიდან უსაფრთხო სამუშაო გარემოების უზრუნველყოფის მოთხოვნის დარღვევა.

15.3. პირველმა მოპასუხემ აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ხელფასის ოდენობა და მორალური ზიანის დაკისრების წინაპირობები.

16. კონტრაქტორის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

16.1. კონტრაქტორმა (მესამე მოპასუხემ) საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

16.2. მესამე აპელანტის განმარტებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 85-ე მუხლის თანახმად, კონტრაქტორი არასათანადო მოპასუხეა. კონტრაქტორი შემთხვევის ადგილზე სამუშაოებს უშუალოდ არ აწარმოებდა, შესაბამისად, უსაფრთხოების საკითხის რეგულირება მის ვალდებულებას არ წარმოადგენდა.

17. ქვეკონტრაქტორის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

17.1. ქვეკონტრაქტორმა (მეოთხე მოპასუხემ) საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

17.2. მეოთხე აპელანტის განმარტებით სარჩელი და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უდავოდ ადასტურებს, რომ ქვეკონტრაქტორს შემსრულებელზე მიყენებულ ზიანთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამის თაობაზრ მეოთხე აპელანტმა მიუთითა თავის შესაგებელში და მოსარჩელესაც არ დაუზუსტებია მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, არ მიუთითებია, რომ ქვეკონტრაქტორ კომპანიაში სამშენებლო მოედანზე იყო უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი პირი.

17.3. მეოთხე აპელანტს მიაჩნია, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ მეოთხე აპელანტი საერთოდ არანაირ კავშირში არ არის მომხდარ ფაქტთან და დადგენილია იმ პირთა წრე, ვინც უშუალოდ მიაყენა ზიანი და ვინც უნდა აგოს პასუხი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გათვალისწინებით. სასამართლომ ზიანის მიყენების ფაქტის დადგენის შემდეგ უნდა დაადგინოს, კონკრეტულად ვისი ბრალით დადგა ზიანი, დაუშვებელია ზიანის ანაზღაურება მოსთხოვო ყველა იმ კომპანიას, ვინც აღნიშნულ ობიექტზე სახელშეკრულებო ურთიერთობით გამოდიოდა შუამავალ კომპანიად. საქმეში წარდგენილი არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომ მეოთხე მოპასუხე რაიმე სამუშაოს ასრულებდა ობიექტზე, როდესაც მოსარჩელე დაშავდა. საქმეში წარდგენილია მტკიცებულება და დადგენილია კონკრეტული პირი, რომლის ქმედების შედეგადაც დადგა საზიანო შედეგი. სასამართლომ საქმის განხილვის დროს დაადგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელზედაც მოსარჩელეს არ მიუთითებდა სარჩელში ფაქტობრივ გარემოებად, რაც მოქმედი სსსკ-ის შესაბამისად დაუშვებელია.

17.4. მეოთხე აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 992-ე მუხლი, ვინაიდან ის პირია ვალდებული აანაზღაუროს ზიანი, ვინც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით ზიანს მიაყენებს.

18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

18.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

18.1.1. პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

18.1.2. მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

18.1.3. მესამე აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

18.1.4. მეოთხე აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

18.1.5. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაზარალებულის სარჩელი მძღოლისა და ქვეკონტრაქტორის მიმართ;

18.1.6. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა დაზარალებულის სარჩელი დამსაქმებლისა და კონტრაქტორის მიმართ;

18.1.7. დანარჩენ ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი;

18.1.8. შემსრულებლის სარჩელი მეორე და მეოთხე მოპასუხეების მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

18.1.9. მძღოლსა და ქვეკონტრაქტორს მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის 9 ივნისიდან სოლიდარულად ყოველთვიური სარჩოს, 600 ლარის, გადახდა დაეკისრათ;

18.1.10. დაზარალებულის სარჩელი პირველი და მესამე მოპასუხეების მიმართ არ დაკმაყოფილდა.

18.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ გადაწყვეტილების 1-10 პუნქტებში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 992-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მძღოლი დამკვეთ ან კონტრაქტორ კომპანიაში დასაქმებული არ ყოფილა. მართალია, შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში დაკითხვის დროს მძღოლმა განმარტა, რომ სამუშაოს ასრულებდა კონტრაქტორის დაკვეთით იმ ტერიტორიაზე, რომელზეც სამუშაოს ასრულებდა დამკვეთი, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ კონტრაქტორ კომპანიაში სამუშაოდ მიიყვანა ნაცნობმა, რომლისგანაც აღნიშნული შპს მიწას ყიდულობდა. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ მძღოლი სამუშაოს ახორციელებდა არა კონტრაქტორთან, არამედ - მეხუთე მოპასუხესთან (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე (ტ. 1, ს.ფ. 62-63). მეხუთე მოპასუხესთან მიწის ყიდვისა და შეტანის შესახებ ხელშეკრულება კი ქვეკონტრაქტორს ჰქონდა დადებული (ტ. 1, ს.ფ. 57-61). თავის მხრივ, ვეკონტრაქტორს კი ე.წ. ქვეკონტრაქტი გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტორთან (ტ. 1, ს.ფ. 34-56). მძღოლის განმარტებით, ის კონტრაქტორთან სახელშეკრულებო ურთიერთობებში არ იმყოფებოდა (ტ. 1, ს.ფ. 26).

18.3. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დამკვეთის ან კონტრაქტორის მუშაკს მოსარჩელისათვის ზიანი არ მიუყენებია, დამკვეთს მშენებლობის უსაფრთხოების წესები არ დაურღვევია. სასამართლომ საქმის მასალების თანახმად დადგენილად მიიჩნია, რომ ტერიტორიაზე სასიგნალო მოწყობილობა დამონტაჟებული იყო. მოწმე გ.კ–ძემ განმარტა, რომ, მართალია, უშუალოდ ხარაჩოს სასიგნალო შემოღობვა არ ჰქონია, თუმცა, სამშენებლო მოედნის თავსა და ბოლოში 8 მ სიგრძესა და მიწიდან დაახლოებით 20 სმ სიმაღლეზე ჩარჭობილი იყო არმატურის ღეროები, რომლებზეც შემოხვეული იყო ლენტი. იგივე დაადასტურა მოწმე გ.გ–ძემ, რომელმაც მიუთითა, რომ ბაფთებიანი შემოღობვა ჰქონდა თავად ხარაჩოსაც. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა განმარტა, რომ მსგავსი მოწყობილობა სასიგნალო შემოღობვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენდა.

18.4. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სასიგნალო შემოღობვა უბედური შემთხვევის პრევენციას ვერ მოახდენდა, ეს კი ნიშნავს, რომ დამდგარ შედეგსა და სამშენებლო მოედანზე სასიგნალო შემოღობვის არსებობა-არარსებობას შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობდა და, ამის გამო, დამკვეთის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

18.5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის უსაფრთხოების წესების პირველი მუხლის მეორე პუნქტზე, მეორე მუხლის პირველ პუნქტზე, პირველი მუხლის მე-3 პუნქტსა და პირველი მუხლის მე-4 პუნქტზე დაყრდნობით განმარტა, რომ მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებელი არის ის, ვინც უშუალოდ ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს. 2015 წლის 18 იანვრის ხელშეკრულების 3.10. პუნქტის თანახმად, ქვეკონტრაქტორს ევალებოდა სამუშაოები დაეგეგმა ისე, რომ საფრთხე არ შეექმნა მომუშავე პირებისათვის. მისივე ვალდებულებას შეადგენდა სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი ყველა დროებითი მისასვლელის უზრუნველყოფა. ხელშეკრულების 7.5. პუნქტის თანახმად კი, ქვეკონტრაქტორს უნდა დაენიშნა სამონტაჟო ობიექტზე უბედური შემთხვევის აღკვეთის ოფიცერი, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა უსაფრთხოებასა და უბედური შემთხვევისაგან დაცვაზე. სასამართლოს შეფასებით დავალებული სამუშაოს მართებულად შესრულება სწორედ ქვემონარდის ვალდებულება იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობაც სწორედ იმ ქვემონარდეს ეკისრებოდა, ვინც შესაბამის სამუშაოს ასრულებდა.

18.6. კონტრაქტორსა და ქვეკონტრაქტორს შორის დადებული ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, ქვეკონტრაქტორს სამუშაო უნდა შეესრულებინა კონტრაქტორის, სამუშაოთა მწარმოებლის მითითების მიხედვით. უდავოა, რომ მესამე აპელანტი (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი) მძღოლთან სახელშეკრულებო ურთიერთობებში არ იმყოფებოდა და ამ უკანასკნელის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე ზედამხედველობას ვერ განახორციელებდა. შესაბამისად, ის, რომ მიყენებული ზიანი კონტრაქტორის ქმედებით იყო გამოწვეული, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა.

18.7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მძღოლი სამუშაოს უშუალოდ მეხუთე მოპასუხესთან დადებული გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა, თუმცა, მისი მუშაკი არ ყოფილა და მეხუთე მოპასუხეს მძღოლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა არ გააჩნდა. უდავოა, რომ მოსარჩელეს ზიანი უშუალოდ მძღოლმა მიაყენა, ეს უკანასკნელი მოქმედებდა გაუფრთხილებლად, მისი მოქმედება იყო მართლსაწინააღმდეგო და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობდა პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. გარდა უშუალოდ მძღოლის მოქმედებისა, ზიანი გამოწვეული იყო იმითაც, რომ მის სამუშაოს უსაფრთხოების ინჟინერი არ ზედამხედველობდა. თავად მძღოლის განმარტებიდან დგინდება, რომ მისთვის გამოყოფილ მარშრუტზე შესაკეთებელი ტრაქტორი ეყენა და ამ გზით დანიშნულების ადგილას მისვლა შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ შეცვალა თვითნებურად მძღოლმა მოძრაობის მიმართულება. სამშენებლო მოედანზე მეორე მოპასუხის საქმიანობაზე ზედამხედველი უსაფრთხოების ინჟინერი რომ ყოფილიყო, იგი მძღოლის მოძრაობის მიმართულებას გააკონტროლებდა და სახიფათო მანევრის ჩატარების უფლებას არ მისცემდა.ცხადია, რომ უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ინჟინრის არარსებობამაც განაპირობა.

18.8. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, როგორც მშენებლობის უსაფრთხოების წესების, ასევე მესამე და მეოთხე მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულების 3.10. და 7.5. პუნქტების საფუძველზე, მეორე მოპასუხის (მძღოლის) საქმიანობაზე ზედამხედველი პირის დანიშვნა მეოთხე აპელანტს ევალებოდა. დადგენილია, რომ ეს ვალდებულება ქვეკონტრაქტორმა საწარმომ არ შეასრულა. ამრიგად, მისი მოქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, იყო მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული.

18.9. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დაზარალებულის მოთხოვნა საკრედიტო დაწესებულებების მიმართ შესასრულებელი ვალდებულების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე და განმარტა, რომ სს „ს.ბ–ის“ მიმართ შეუსრულებელ ვალდებულებასთან მოწინააღმდეგე მხარის ქმედება კავშირში არიყო. . საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ 2015 წლის 9 მარტიდან იმავე წლის 5 ივნისის ჩათვლით მოსარჩელის მეუღლემ -ლ.ჭ–ძემ ლომბარდისაგან ისესხა ჯამში 2 200 ლარი; თუმცა, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდებოდა არც ის, რომ ეს თანხა, მოსარჩელის გამოჯანმრთელებისთვის იქნა გამოყენებული და არც ის, რომ სესხის აღება ზემოხსენებულმა უბედურმა შემთხვევამ განაპირობა.

18.10. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 ნაწილებზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ნაცვლად კომპენსაციის მიღების მოთხოვნა გამონაკლისია და ამიტომაც სჭირდება მას მნიშვნელოვანი, ე.ი. განსაკუთრებული, საგამონაკლისო საფუძველი. სარჩოს ნაცვლად კომპენსაციის მიღების მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელე ცვლის, როგორც სარჩელის საფუძველს, ე.ი. უთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სარჩოს ნაცვლად კომპენსაციის მიღების უფლებას ანიჭებს, ასევე - სარჩელის საგანს. მნიშვნელოვანია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრით მან, შესაძლოა, დავის საგანი არა მარტო შეცვალოს, არამედ - გაზარდოს კიდეც. სსსკ-ის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. ფაქტები, რომლებიც შემსრულებელს კომპენსაციის მიღების საფუძვლად მიაჩნია: მოწინააღმდეგე მხარის სავარაუდო გადახდისუუნარობა და საკრედიტო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა - არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც, თუმცა მათზე, როგორც თავისი მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელეს არ მიუთითებია და არც ამის საპატიო მიზეზი განუმარტავს.

18.11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს გადახდა უნდა დაეკისროთ იმათ, ვისაც ზიანის ანაზღაურება ეკისრება. სარჩო კი არის სხვაობა შემსრულებლის ყოველთვიურ შემოსავლებსა და მის მიერ შენარჩუნებული პროფესიული შრომისუნარიანობის ხარისხს შორის. უბედური შემთხვევის შედეგად, პირველმა აპელანტმა პროფესიული შრომის უნარი 60%-ით დაკარგა. ეს კი ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ მას უნდა აუნაზღაუროს სარჩო ყოველთვიურად მიუღებელი შემოსავლის 60%-ის ოდენობით.

19. დაზარალებულის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

19.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა დაზარალებულმა, მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, კერძოდ: კასატორის სასარგებლოდ, 2016 წლის 9 ივნისიდან, ყველა მოპასუხეს სოლიდალურად დაეკისროს:

19.1.1. ყოველთვიური სარჩოს (600 ლარის) გადახდა;

19.1.2. მატერიალური ზიანის სახით სს "ს.ბ–ისგან" აღებული კრედიტის - 28 901.12 ლარის დაფარვა;

19.1.3. მოსარჩელის მეუღლის მიერ სესხად აღებული 2 200 ლარის ანაზღაურება;

19.1.4. ყველა მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით (8000 ლარი) გადახდა.

19.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა,რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის არარსებობამაც გამოიწვია, თუმცა, დაასკვნა, რომ ამ ქმედებისთვის პასუხისმგებელი არ არის კონტრაქტორი კომპანია. აღნიშნულს კასატორი არ ეთანხმება და უთითებს საქართველოს მთავრობის 28.03.2007 წ. №62 დადგენილებაზე, რომლის საფუძველზე განმარტავს, რომ მესამე და მეოთხე მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე პასუხისმგებელი ინჟინრის დანიშვნა კონტრაქტორის ვალდებულება არ ყოფილა;

19.3. კასატორი მიიჩნევს, რომ მესამე მოპასუხე პასუხისმგებელი იყო წყლის რეზერვუარის მშენებლობის უსაფრთხო გარემოში წარმართვის თაობაზე, რისთვისაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვაზე ზედამხედველი პირი ჰყავდა დანიშნული. მესამე და მეოთხე მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულების 7.5 მუხლის შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელია ორივე მხარე, რადგან მისი დაუცველობის გამო მოხდა უბედური შემთხვევა;

19.4. კასატორის განმარტებით, დამკვეთი კომპანიის ხელმძღვანელობამ (მოწმე გ.გ–ძე) იცოდა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა პრობლებური სიტუაცია სს "ს.ბ–თან", რის გამოც ხელფასს იღებდა ხელზე, სხვა ადამიანის სახელზე კუთვნილი თანხის დარიცხვით. ამდენად, მოსარჩელის მიერ სს "ს.ბ–თან" ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა (02.03.2015 წ. სამტრედიის რაიონული სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგება - იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი)) დაამძიმა როგორც პირველი მოპასუხის, ასევე სხვა მოპასუხეთა ბრალეულმა ქმედებებმა.

19.5. კასატორის მოსაზრებით, შეფასებას საჭიროებს გარემოება, რომელიც პირის დასაქმების პერიოდს უკავშირდება. დიდი ალბათობით პირი იმუშავებდა თავისი პროფესიით და მიიღებდა იმ შეღავათებს და უპირატესობას, რასაც ანალოგიურ, თანაბარ პირობებში მყოფი მუშაკი. პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელე საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. ამდენად, მაღალია ალბათობა იმისა, რომ "ბიზნეს ასპარეზზე" მოპასუხეთა გაქრობის შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება სარჩოს მიღება, რის გამოც კასატორი ერთჯერად კონპენსაციას ითხოვს, თანაც იმ პირობებში, როდესაც მისი და მეუღლის საცხოვრებელი სახლები გადაფორმდა სს "ს.ბ–ის" სახელზე და ახლო მომავალში მოსალოდნელია დაზარალებულის, ოჯახთან ერთად, გამოსახლების პროცედურის დაწყება.

20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

20.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით დაზარალებულის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

21. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს ნაწილობრივ დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი.

22. დაზარალებული მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ოთხ ძირითად მოთხოვნას აყენებს, ის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას ითხოვს, რომლითაც დამკვეთი და კონტრაქტორი პასუხისმგებელ პირთა სიიდან ამოირიცხნენ და მათ არც ყოველთვიური სარჩოს და არც მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ, ამასთან, კასატორი სს „ს.ბ–ისგან“ აღებული კრედიტისა და მისი მეუღლის მიერ აღებული სესხის ხუთივე მოპასუხისათვის სოლიდარულად დაკისრებას ითხოვს.

23. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ-ები: ას-973-1208-04; ას-1529-1443-2012; ას- 664-635-2016).

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები სსკ-ის 396-ე, 992-ე, 998-ე, 408.1-ე, 408.2-ე, 409-ე, 413-ე მუხლებსა და მთავრობის დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტიდან გამომდინარეობს.

24.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, მძღოლის, (პირველი მოპასუხე, რომელსაც სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება; იხ. ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი), მყიდველისა (კონტრაქტორი; მეოთხე მოპასუხე; იხ. ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი) და ინდმეწარმის (გამყიდველი, მე-5 მოპასუხე, რომელსაც სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება; იხ. ამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი) გარდა, დამკვეთსა (პირველი მოპასუხე; იხ. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი) და კონტრაქტორს (მესამე მოპასუხე; იხ ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი) ეკისრებათ თუ არა ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ. როგორც საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელე სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა დამკვეთთან (01.02.2015 წ. ხელშეკრულება), ხელშეკრულების თანახმად დამკვეთი ვალდებული იყო შემსრულებლისათვის სამუშაოს საწარმოებლად აუცილებელი პირობები შეექმნა (იხ. ხელშეკრულების 3.2.2 ქვეპუნქტი, ტ. 1, ს/ფ 17), შემსრულებელი კი სამშენებლო მოედანზე დამკვეთის მიერ მითითებულ სხვადასხვა ტექნიკურ და ფიზიკურ სამუშაოებს შეასრულებდა (ხელშეკრულების 2.1 ქვეპუნქტი). მითითებული ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას მოსარჩელე სამშენებლო მოედანზე განთავსებულ ხარაჩოზე იმყოფებოდა, სწორედ ამ დროს მოხდა შემთხვევა.

24.2. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად (რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებაც მოპასუხეებს არ წარუდგენიათ), შემსრულებელი სამუშაოს მოქმედი ნორმების შესაბამისად ახორციელებდა, თუმცა, მძღოლი (მეორე მოპასუხე) მოქმედი ნორმების უგულებელყოფით მოძრაობდა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 18.7 ქვეპუნქტი), სატვირთო მანქანას მართავდა და უკუსვლით მოძრაობისას ხარაჩოს გამოედო, რის შედეგადაც მოსარჩელე გადმოვარდა ხარაჩოდან და მიღებული დაზიანებით ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა; შრომის უნარი 60%-ით აქვს დაკარგული, გადაადგილდება ეტლით. ამავე ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ „უსაფრთხოების წესები მშენებლობაში“ 2.6. პუნქტში მითითებული ნორმები დაირღვა, რისი დაცვაც კონტრაქტორს (მესამე მოპასუხეს) ევალებოდა (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ტ. 1, ს.ფ 31-33). ექსპერტიზის დასკვნითა და 2015 წლის 18 იანვრის ხელშეკრულებით (კონტრაქტორსა და ქვეკონტრაქტორს შორის; იხ. ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი) ირკვევა, რომ სატვირთო მანქანების მუშაობის პროცესისათვის ზედამხედველობა კონტრაქტორის მიერ დანიშნულ ზედამხედველს უნდა გაეწია, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (ზედამხედველი დანიშნული არ ყოფილა), აღნიშნული დასტურდება როგორც დაზარალებულის განმარტებით (იხ.ტ.5, ს.ფ.134), ასევე - გამოძიების ეტაპზე მოწმეთა დაკითხვის ოქმებითაც (იხ. ტ. 1, ს.ფ 21-29).

24.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ექსპერტს უფლება არ აქვს დაადგინოს, თუ ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი სამშენებლო სამუშაოების პროცესში განხორციელებულ თუ განსახორციელებელ ამა თუ იმ ქმედებაზე. აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტის შეფასების საგანი არ არის პირისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები, რაც უდავოდ სასამართლოს კომპეტენციაა, არამედ სამშენებლო სამართლის ნორმების დარღვევა-არდარღვევის საკითხის კვლევაა, რაც უთუოდ მოიცავს იმის დადგენას, თუ ვინ რა ქმედება უნდა განახორციელოს მოქმედი სამშენებლო ნორმების, ხელშეკრულებებისა და თავად მონაწილე პირების ახსნა-განმარტებების მიხედვით. სხვაგვარად შეუძლებელია შეფასდეს მომხდარ შემთხვევასთან მოპასუხე პირების კავშირი, ზიანის დადგომაში მათი (მოპასუხეთა) მონაწილეობის ფაქტი და ინტენსივობა. სწორედ ამ მიზნით ინიშნება ექსპერტიზა, რადგან საკითხი სპეციალურ და შესაბამის ცოდნას მოითხოვს.

25. საკასაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილების 24.1-24.3 ქვეპუნქტებში დასახელებული ნორმებისა და ფაქტობრივ-სამართლებრივი შეფასებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ კასატორის მიმართ ზიანის დადგომაში წვლილი დამკვეთსაც (პირველი მოპასუხესაც) და კონტრაქტორსაც (მესამე მოპასუხესაც) მიუძღვით, რადგან ისინი ვალდებულნი იყვნენ, მოსარჩელის უსაფრთხოება დაეცვათ, რაც მათ არ განუხორციელებიათ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მხრიდან მათზე დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა იმ ზიანის თავიდან აცილება, რაც მოსარჩელეს მიადგა (სსკ-ის 408.2-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 992-ე, 998-ე, 408.1-ე, 408.2-ე, 409-ე მუხლებიდან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად, 2016 წლის 9 ივნისიდან, ყოველთვიური სარჩოს - 600 (ექვსასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

26. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში, უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულმა სარჩელის აღძვრის დროს მოითხოვა მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 10 000 (ათი ათასი) ლარის სოლიდარულად ყველა მოპასუხისათვის დაკისრება. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით, ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ხუთივე მოპასუხეს სოლიდარულად დაეკისრა 8000 (რვა ათასი) ლარის გადახდა. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაზარალებულმა გაასაჩივრა მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრებული სარჩოს ოდენობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული 600 ლარის ნაცვლად, სარჩო მოითხოვა 1000 ლარის ოდენობით (იხ. დაზარალებულის სააპელაციო საჩივარი - ტ.3, ს.ფ.94-106). სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დაზარალებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 18.1-18.1.10 ქვეპუნქტები), კერძოდ, დაზარალებულის სასარგებლოდ სარჩოს - 600 ლარის გადახდა, 2016 წლის 9 ივნისიდან, სოლიდარულად დაეკისრათ მეორე მოპასუხეს (მძღოლს, რომელსაც სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება - იხ. ტ.5, ს.ფ.139, 4.15 ქვეპუნქტი; იხ. ასევე - წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი) და მე-4 მოპასუხეს (მყიდველს; იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი), ხოლო დაზარალებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა პირველი მოპასუხის (დამკვეთს; იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტი) და მესამე მოპასუხის (კონტრაქტორის; იხ ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი) მიმართ. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაზარალებულს (პირველი აპელანტს) პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში (იხ. ტ.5, ს.ფ.139, 4.15 ქვეპუნქტი) არ გაუსაჩივრებია; მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და ხუთივე მოპასუხეს სოლიდარულად დაეკისრა მორალური ზიანის სახით დაზარალებულისათვის 8000 ლარის ანაზღაურება, შესაბამისად, სააპელაციო წესით, ამ უკანასკნელს (მოსარჩელეს, როგორც პირველ აპელანტს) შეეძლო ედავა მისი მოთხოვნის სრულად 10 000 ლარით (ანუ მოპასუხეთათვის სოლიდარულად დამატებით 2000 ლარის დაკისრების მოთხოვნით) დაკმაყოფილების ნაწილში, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მოთხოვნა მისაღებად და დამაკმაყოფილებლად მიიჩნია მოსარჩელემ, ამიტომაც არ გაუსაჩივრებია იგი სააპელაციო წესით. რაც შეეხება საკასაციო ეტაპზე მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაზარალებულის მიერ წარმოდგენილ შედავებას, აღნიშნული ეხება მხოლოდ იმ ნაწილს, რომ სოლიდარულად ხუთივე მოპასუხეს და არა მხოლოდ მეორე, მეოთხე და მეხუთე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მორალური ზიანის - 8000 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ, რაც დასაბუთებულად მიაჩნია საკასაციო სასამართლოს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით, პირველ (დამკვეთი - შპს „პ.ბ–ს“), მეორე (მძღოლი - ა.კ–ას), მესამე (კონტრაქტორს - შპს „კ.ჯ–ას“), მეოთხე (მყიდველს - შპს „ჯ.ა.კ–ს“) და მეხუთე (გამყიდველს - ინდმეწარმე გ.გ–ძეს) მოპასუხეებს სოლიდარულად აკისრებს 8000 (რვა ათასი) ლარის გადახდას დაზარალებულის სასარგებლოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელი ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული და მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში უნდა აღსრულდეს იმგვარად, როგორც ეს დაკმაყოფილებული იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი - ტ.3, ს.ფ.78).

27. კასატორის მოთხოვნა საბანკო კრედიტისა და მისი მეუღლის მიერ აღებული სესხის მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია (სსკ-ის 412-ე მუხლი). ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც წინამდებარე გადაწყვეტილების 18.9-ე ქვეპუნქტშია ასახული.

28. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოპასუხეს დაეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რადგან მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია. ხოლო სახელმწიფო ბაჟის იმ ნაწილის გადახდა, რაც მოპასუხეებმა მოიგეს, მოსარჩელეს მათ სასარგებლოდ დაეკისრება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ.ა–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით (სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და პროცესის ხარჯების განაწილების ნაწილში) მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. გ.ა–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. გ.ა–ძის სასარგებლოდ მოპასუხეებს: შპს ,,პ.ბ–ს”, შპს ,,კ.ჯ–ას”, ი/მ გ.გ–ძეს, ი/მ ა.კ–ას და შპს ,,ჯ.ა.კ–ს”, 2016 წლის 9 ივნისიდან სოლიდარულად დაეკისროთ ყოველთვიური სარჩოს, 600 (ექვსასი) ლარის გადახდა;

5. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩეს;

6. შპს ,,პ.ბ–ს”, შპს ,,კ.ჯ–ას”, ი/მ გ.გ–ძეს, ი/მ ა.კ–ას და შპს ,,ჯ.ა.კ–ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 592 (ორიათას ხუთას ოთხმოცდათორმეტი) ლარის გადახდა დაეკისროთ;

7. ი/მ გ.გ–ძეს, ი/მ ა.კ–ას და შპს ,,ჯ.ა.კ–ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 520 (ორიათას ხუთას ოცი) ლარის გადახდა დაეკისროთ;

8. გ.ა–ძეს შპს "პ.ბ–ის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 840 ლარის გადახდა დაეკისროს;

9. გ.ა–ძეს შპს "კ.ჯ–ას" სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 840 ლარის გადახდა დაეკისროს;

10. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე