საქმე №ას-332-332-2018 29 ივნისი, 2018 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - რ.მ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მარტივი ფორმის სესხის ხელშეკრულების (შემდეგში: ხელშეკრულება ან ხელწერილი) თანახმად, რ.ჩ–ამ (შემდეგში: მსესხებელი, მოვალე, მამკვიდრებელი), 2013 წლის 30 ნოემბერს, მ.ბ–გან (შემდეგში: გამსესხებელი, მოსარჩელე) ისესხა 42 000 აშშ დოლარი, რისთვისაც ყოველი თვის პირველ რიცხვში, პროცენტის სახით, 1700 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. თანხის გადახდა უნდა დაეწყო 2014 წლის 1 იანვრიდან. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ამ თანხის მიღების უფლება ასევე გააჩნდათ მოსარჩელის შვილს - ე.ღ–ას (შემდეგში: გამსესხებლის ქალიშვილი) და მოსარჩელის შვილიშვილს - ნ.ფ–ას იხ. ტ.1,ს.ფ.80-81).
2. გამსესხებლის ქალიშვილმა 2013 წლის 30 ნოემბერს 42 000 აშშ დოლარი ჩაურიცხა მსესხებელს (ტ.1,ს.ფ. 198).ხელწერილის თანახმად, აღნიშნულ თანხას დაემატა 28 000 აშშ დოლარი, სერთო ჯამში ვალმა 70 000 აშშ დოლარი შეადგინა; ყოველი თვის 22 რიცხვში პროცენტის სახით გადასახდელი თანხა იყო 1300 აშშ დოლარი, ხოლო პირველ რიცხვში სარგებლის სახით გადასახდელი თანხა - 1700 აშშ დოლარი. ამავე ხელწერილის თანახმად, თავის მხრივ, მსესხებელი, მისი არყოფნის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობას აკისრებდა ძმას - რ.ჩ–ას (შემდეგში: მსესხებლის ძმა; იხ. ტ.1,ს.ფ.80).
3. გამსესხებლის შვილიშვილსა და საქართველოს ბანკს შორის, 2014 წლის 21 ნოემბერს, დაიდო სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება 38 000 აშშ დოლარზე, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება ქ.ზუგდიდში, ...... (ს/კ:.....), რომლის მესაკუთრეს წარმოადგენდა გამსესხებელი. გამსესხებლის ქალიშვილმა 2014 წლის 21 ნოემბერს 25 000 აშშ დოლარი ჩაურიცხა მსესხებელს (ტ.1,ს.ფ. 197).
4. მსესხებელს, 2015 წლის 30 დეკემბრის ხელწერილის თანახმად, გამსესხებლის სასარგებლოდ დასაბრუნებელი ჰქონდა 70 000 აშშ დოლარი, აქედან 28 000 აშშ დოლარი მსესხებლის ძმას უნდა გადაეხადა. ამავე ხელწერილის თანახმად, 3000 აშშ დოლარი გამსესხებელს გადაუხადეს ხელწერილის შედგენის დღეს, ხოლო დარჩენილი 25 000 აშშ დოლარიდან 3000 აშშ დოლარს გადაუხდიდნენ 2016 წლის 15 იანვარს, 22 000 აშშ დოლარს - თებერვლის თვის ბოლოს, ხოლო დარჩენილ თანხაზე, გამსესხებელს პრეტენზია არ ექნებოდა (ტ.1,ს.ფ. 195).
5. იმავე ხელწერილის მიხედვით, 2016 წლის 15 იანვარს, მსესხებლის ძმის (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი) მეუღლემ - ე.ჩ–ამ გამსესხებელს გადასცა 3 000 აშშ დოლარი, ხოლო 29 თებერვალს - დარჩენილი 22 000 აშშ დოლარიდან 3 500 აშშ დოლარი (იხ. განჩინების წინა პუნქტი).
6. გამსესხებელმა 2016 წლის 27 სექტემბრის ხელწერილით დაადასტურა, რომ მსესხებლისგან მიიღო, მის მიერ გასესხებული 28 000 აშშ დოლარი. ამასთან, განმარტა, რომ დასახელებული თანხა, უნდა მიეღო 2016 წლის თებერვლის ბოლოსთვის, თუმცა, პრეტენზია არ გააჩნდა. დასახელებული ხელწერილის თანახმად, გამსესხებელს პროცენტი არ მიუღია და არც პრეტენზია გააჩნია, ასევე, გამსესხებელმა დაადასტურა, რომ მის წინაშე მსესხებლის ძმას ფინანსური ვალდებულება არ გააჩნდა (ტ.1,ს.ფ. 283).
7.სარჩელის საფუძვლები
7.1 გამსესხებელმა 2016 წლის 23 ივნისს სარჩელი აღძრა მსესხებლის ქალიშვილის - რ.მ–ის (შემდეგში: მსესხებლის ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) წინააღმდეგ, მოითხოვა 70 000 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 42 000 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი, 2013 წლის 30 ნოემბრიდან 2015 წლის 1 აგვისტომდე პერიოდზე, 28 000 აშშ დოლარი იყო.
7.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ ვინაიდან მსესხებელი, შეთანხმების შესაბამისად, ვერ ასრულებდა ვალდებულებას, 2014 წლის ოქტომბრის დასაწყისში გამსესხებელი დაუკავშირდა მოვალეს და მოსთხოვა სესხის ძირითადი თანხის მთლიანად დაბრუნება. საპასუხოდ მსესხებელმა დაარწმუნა გამსესხებელი, რომ ამ უკანასკნელს გარკვეული საქმისათვის უნდა გადაეცა მოვალისათვის დამატებით 28 000 აშშ დოლარი (იხ. წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტები).
7.3 მოსარჩელის განმარტებით, მან მსესხებელს, ჯამში სესხის სახით, მისცა 70 000 აშშ დოლარი, რისთვისაც 2015 წლის აპრილიდან, ყოველთვიურად სარგებლის სახით, მიიღებდა 3 000 აშშ დოლარს.
8. მოპასუხის პოზიცია
8.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი 39 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში კი არ ცნო მოთხოვნა და განმარტა, რომ ძირითადი თანხიდან გადახდილი აქვს 3 000 აშშ დოლარი, ასევე - სარგებელი - 28 000 აშშ დოლარი.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით გამსესხებლის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 70 000 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 42 000 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი - 28 000 აშშ დოლარი.
9.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 327-ე, 403-ე, 429-ე, 453-ე, 623-ე, 625-ე, 1306-ე, 1319-ე, 1328-ე, 1421-ე და 1484-ე მუხლებით, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 131-ე და 208-ე მუხლებით.
9.3 განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი თანხის 39 000 აშშ დოლარის ნაწილში. შესაბამისად, სარჩელი ძირითადი თანხის - 39 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა (იხ. სსსკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
9.4 სასამართლომ დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, უპირველეს ყოვლისა, იმსჯელა სადავო საკითხზე: 1. უხდიდა თუ არა მსესხებელი 42 000 აშშ დოლარის სარგებელს 1700 აშშ დოლარს მოსარჩელეს (გამსესხებელს); 2. სარგებელი უნდა გადახდილიყო მხოლოდ სესხის მოქმედების ვადაში, თუ ვალდებულების შესრულებამდე; 3. მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი 3000 აშშ დოლარი უნდა ჩათვლილიყო პროცენტის ანგარიშში გადახდილ თანხად, თუ გაქვითულიყო ძირითადი თანხიდან.
9.5 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელმა 2013 წლის 30 ნოემბერს ისესხა 42 000 აშშ დოლარი, რისთვისაც, ყოველი თვის პირველ რიცხვში, უნდა გადაეხადა პროცენტის სახით 1700 აშშ დოლარი. თანხის გადახდა უნდა დაეწყო 2014 წლის 1 იანვრიდან. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ამ თანხის მიღების უფლება ასევე გააჩნდა მოსარჩელის ქალიშვილს.
9.6 სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სარგებლის - 25 390 აშშ დოლარის ოდენობით გადახდის თაობაზე იმ გარემოებებზე მითითებით, რომ საქმეში წარდგენილია გამსესხებლის, მისი ქალიშვილისა და შვილიშვილის საბანკო ამონაწერები, რომლითაც დგინდება მსესხებლის სესხის ხელშეკრულებიდან (70 000 აშშ დოლარი) გამომდინარე სარგებლის გადახდის ვალდებულება 3000-3000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ემთხვევა 2014 წლის ხელწერილის ჩანაწერებს.
9.7 საქმეში წარდგენილი საბანკო ამონაწერებით, მართალია, დგინდებოდა გარკვეული თანხების ჩარიცხვა მითითებული პირების ანგარიშებზე, თუმცა, სასამართლოს შეფასებით წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ აღნიშნულ თანხებს რიცხავდა მსესხებელი მის გარდაცვალებამდე და იხდიდა კონკრეტულ სასესხო ვალდებულებაზე პროცენტებს, ამასთან, სარგებლის გადახდის თაობაზე არც მსესხებლის მიერ წარმოებული ჩანაწერი იყო თანხვედრაში საბანკო ამონაწერში მითითებულ თანხებთან და პერიოდთან. მოპასუხის მტკიცებით, ჩარიცხული პროცენტები წარმოადგენდა მთლიანი სესხის - 70 000 აშშ დოლარის პროცენტს 3 000 აშშ დოლარს (1700+1300), თუმცა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 27 სექტემბრის ხელწერილის მიხედვით, 28 000 აშშ დოლარი მსესხებელმა დააბრუნა ნაწილ-ნაწილ. 2015 წლის 30 დეკემბრის ხელწერილის თანახმად, თანხა უნდა დაფარულიყო 2016 წლის თებერვლის ბოლოს, თუმცა გამსესხებელს პრეტენზია არ ჰქონდა. იმავე ხელწერილის თანახმად, გამსესხებელს ან მის ქალიშვილს მსესხებლის ძმისგან 28 000 აშშ დოლარის პროცენტი არ მიუღია, თუმცა მოსარჩელეს აღნიშნულთან დაკავშირებით არც პრეტენზია ჰქონია.
9.8 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 70 000 აშშ დოლარიდან მსესხებელმა 28 000 აშშ დოლარი, სარგებლის გადახდის გარეშე, დააბრუნა, რაზეც მხარეებს პრეტენზია არ გააჩნიათ, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის დროს მსესხებლის მიერ გამსესხებლის სასარგებლოდ გადასახდელ ვალდებულებას 42 000 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული სარგებლი შეადგენდა.
9.9 სასამართლოს შეფასებით, მსესხებლის ვალდებულებას, არსებული შეთანხმების გათვალისწინებით, შეადგენს 19 თვეზე გადასახდელი პროცენტი, რაც 32 300 აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა, მოსარჩელის მოთხოვნა დასახელებულ თანხაზე ნაკლებია და 28 000 აშშ დოლარით შემოიფარგლება.
9.10 სასამართლომ სსკ-ის 429-ე მუხლზე “კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი” მითითებით განმარტა, რომ ვალდებულების შესრულების ან ნაწილობრივ შესრულების თაობაზე, მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით, მოვალეს რაიმე დოკუმენტი, რაც დასახელებულ გარემოებას დაადასტურებდა, არ წარუდგენია.
10. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
10.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გამსესხებლის სასარგებლოდ, მისთვის მხოლოდ 39 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
10.2 აპელანტის განმარტებით, მამკვიდრებელმა სხვადასხვა დროს აიღო 70 000 აშშ დოლარი გამსესხებლისგან. ის ფაქტი, რომ მსესხებელი თბილისში ჩავიდა მოსარჩელესთან და მოსთხოვა დამატებით 28000 აშშ დოლარი, არ არის სინამდვილე, პირიქით, მოსარჩელეს უნდოდა, რომ მიეღო უფრო მეტი სარგებელი და ამიტომ ასესხა სარგებლიანი 28 000 აშშ დოლარი. მსესხებელი აღნიშნული თანხიდან პროცენტს - 3000 აშშ დოლარს იხდიდა 2014 წლის იანვარის თვიდან 2015 წლის აგვისტოს თვემდე. პროცენტის სახით გადახდილია 25 390 აშშ დოლარი, რაც დასტურდება ამონაწერით სს „თ.ბ“-დან, რომლის თანახმად, ყოველი თვის ბოლოს გამსესხებლის ქალიშვილის ან შვილიშვილის სახელზე ზუგდიდიდან იგზავნებოდა 3 000 აშშ დოლარი ეტაპობრივად. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოს მსესხებელმა დაატვირთვინა მოსარჩელეს (გამსესხებელს) თავისი ქონება ბანკში და სანაცვლოდ ააღებინა 28000 აშშ დოლარი, არ შეესაბამება სინამდვილეს იმდენად, რამდენადაც მოსარჩელეს ბანკიდან აღებული აქვს 38000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც იპოთეკით დატვირთული აქვს საკუთარი ქონება ბანკში.
10.3 აპელანტის განმარტებით, მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტისათვის (2015 წლის აგვისტოსთვის) სესხის მთლიანი სარგებელი გადახდილი ჰქონდა, დარჩენილი იყო მხოლოდ ძირითადი თანხა - 70 000 აშშ დოლარი, საიდანაც მსესხებლის ძმამ გადაიხადა 28 000 აშშ დოლარი.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
11.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
11.3 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტის მტკიცება 42 000 აშშ დოლარის ფარგლებში პროცენტის გადახდისა და ძირითადი თანხიდან, დამატებით, 3 000 აშშ დოლარის აზე გამოკლების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო. ამასთან, აპელანტის მითითება, რომ სადავო თანხები მისმა მამკვიდრებელმა გამსესხებლის ქალიშვილისა და შვილიშვილის ანგარიშებზე ჩარიცხა, არ მტკიცდებოდა საბანკო ანგარიშების ამონაწერებით, სადაც თანხების ჩარიცხვა გადამხდელის იდენტიფიკაციის საშუალებას არ იძლეოდა.
11.4 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება სესხის ძირითადი თანხის - 3 000 აშშ დოლარის მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ჩარიცხვის, სესხის ძირითადი თანხის - 42 000 აშშ დოლარის 3 000 აშშ დოლარით შემცირების თაობაზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სესხის ხელშეკრულება 42000 აშშ დოლარზე იყო სარგებლიანი, კერძოდ ყოველთვიურად უნდა გადახდილიყო ძირითადი თანხის, ანუ 42 000 აშშ დოლარის პროცენტი - 1700 აშშ დოლარი 2014 წლის იანვრის თვიდან. ამასთან, მსესხებელს გააჩნდა ვალდებულება, რომ 28000 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულების ფარგლებშიც, ყოველთვიურად გადაეხადა პროცენტი - 1300 აშშ დოლარი.
11.5 დადგენილია, რომ მხარეებს სესხის ხელშეკრულებებით სესხის დაბრუნების კონკრეტული ვადა არ განუსაზღვრავთ, შესაბამისად, მსესხებელს სარგებლის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა ძირითადი თანხის დაფარვამდე. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სესხის ძირითადი არ იყო დაფარული, მოპასუხის მტკიცება სარგებლის - 25 390 აშშ დოლარის ოდენობით გადახდის თაობაზე უსაფუძვლო იყო.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1 მსესხებელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვალდებულების შესრულების თაობაზე. აგრეთვე არასწორად მიიჩნია, რომ 28 000 აშშ დოლარი გადაიხადა მოპასუხის ნათესავმა, რომელიც გამოაკლდა მსესხებლის ძმის მიერ გამსესხებლისაგან აღებულ ვალს, რაც მხოლოდ სიტყვიერად დადასტურდა.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით მიმწოდებლის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ)სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
19. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ მამკვიდრებელმა მის მიერ სესხად აღებული 70 000 აშშ დოლარიდან გადაიხადა 28 000 აშშ დოლარი და განმარტავს, რომ დასახელებული თანხა გადახდილია ისევე, როგორც დარჩენილი ძირითადი თანხის მთლიანი პროცენტი. არსებული დავალიანების 42 000 აშშ დოლარის ნაცვლად კი ასევე, უკვე გადახდილი 3 000 აშშ დოლარის გათვალისწინებით, დარჩენილი აქვს სესხის ძირითადი თანხა [42000-3000] 39 000 აშშ დოლარი.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში, 9.4-9.10 და 11.3-11.5 ქვეპუნქტებში ასახულ გარემოებებზე და განმარტავს, რომ საქმეში არსებული მარტივი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებებით დასტურდება მსესხებლის მიერ 42 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, რომელზე დასარიცხ სარგებელსაც 28 000 აშშ დოლარი შეადგენდა, აგრეთვე, მსესხებლის ძმამ გამსესხებლისგან ისესხა იყო 28 000 აშშ დოლარი. დასახელებული თანხებიდან გამსესხებელს მიღებული აქვს მსესხებლის ძმის მიერ დაბრუნებული 28 000 აშშ დოლარი პროცენტის გარეშე, თუმცა, სადავოს არ წარმოადგენს, რომ აღნიშნულ პროცენტზე გამსესხებელს პრეტენზია არ გააჩნია; შესაბამისად, გამსესხებლის სასარჩელო მოთხოვნით სადავო თანხას წარმოადგენს 70 000 აშშ დოლარი, რომელიც მსესხებელმა მიიღო.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული თანხის გადახდამდე, მსესხებელი ვალდებული იყო, გადაეხადა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, შესაბამისად იმის გამო, რომ ძირითადი თანხა გადახდილი არ იყო, კასატორის (მსესხებლის) პრეტენზია პერიოდულად გადახდილი თანხების ძირითადი თანხიდან გამოკლების თაობაზე უსაფუძვლოა.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე