¹ბს-144-136(კს-06) 10 მაისი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ სს «ს.-ი»
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს კონტროლის პალატა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 3 მაისს სს «ს.-მა» განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
განცხადების ავტორის განმარტებით, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს «ს.-ის» სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატისა და გარდაბნის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიმართ, კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს მიერ დარიცხული 88396 ლარის ბათილად ცნობის თობაზე არ დაკმაყოფილდა.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს 1996 წლის 15 სექტემბრის რევიზიის აქტით ირკვეოდა, რომ სს «ს.-ს» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 88396 ლარის ძირითადი დავალიანებისა და საჯარიმო სანქციის სახით _ 108923 ლარის გადახდა დაეკისრა.
განმცხადებელმა, იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება არ იყო აღსრულებული და არ ჰქონდა გასული აღსრულების დრო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოითხოვა სასამართლოს მიერ 2003 წლის 13 აგვისტოს გამოტანილი გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხო მხოლოდ კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს აქტით დარიცხულ ძირითად თანხას _ 88396 ლარს, თუ იგი ამავე დროს საჯარიმო სანქციის სახით დარიცხულ _ 108923 ლარის გადახდასაც მოიცავდა, რაც სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი არ იყო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სს «ს.-ს» უარი ეთქვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილების განმარტებაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება განმარტებას არ საჭიროებდა, ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება ნათლად და გარკვევით იყო ჩამოყალიბებული, არ შეიცავდა ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, ნათლად იყო მითითებული მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
სს «ს.-მა» თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა.
კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 21 ოქტომბრის განჩინება უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ მისთვის გაურკვეველი იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება შეეხო მხოლოდ დაკისრებულ ძირითად თანხას _ 88396 ლარს, თუ იგი ამავე დროს საჯარიმო სანქციის სახით დარიცხულ _ 108923 ლარის გადახდასაც მოიცავდა, რაც სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი არ იყო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 თებერვლის განჩინებით სს «ს.-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ კერძო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებებს და თვლის, რომ სს «ს.-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ოქტომბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 თებერვლის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს «ს.-მა» 2001 წლის 27 ივლისს სასარჩელო განცხადებით გარდაბნის რაიონულ სასამართლოში კონტროლის პალატის ქვემო ქართლის ბიუროს 1996 წლის 15 სექტემბრის რევიზიის აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც ბიუჯეტის სასარგებლოდ 88396,69 ლარის ძირითადი დავალიანების გადახდა დაეკისრა. მოსარჩელემ საბოლოოდ დარიცხული 88396,69 ლარის ძირითადი დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.
გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 4 დეკემბერს მოცემულ საქმეზე გამოიტანა შემდეგი შინაარსის გადაწყვეტილება: «სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი სს «ს.-ზე» უკანონოდ დარიცხული 88396,69 (ოთხმოცდარვა ათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარისა და 69 თეთრისაგან ძირითადი თანხისაგან და მასზე დარიცხული საურავისაგან».
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით საქართველოს კონტროლის პალატამ გაასაჩივრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს «ს.-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა დარიცხული თანხის _ 88396,69 ლარის ძირითადი დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 31 მარტის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განცხადების განხილვისას თვით განმცხადებელმა დაადასტურა, რომ სს «ს.-ის» სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 88396,69 ლარის ძირითადი დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლება და სააპელაციო პალატის 2003 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით ამ თანხის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ეთქვა უარი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. ბუნებრივია, კონკრეტულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს ამის საჭიროება. მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო პალატის 2003 წლის 13 აგვისტოს განჩინება ნათლად და გარკვევითაა ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, ნათლადაა მითითებული მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში
გადაწყვეტილება განმარტებას არ საჭიროებს და განმარტებაზე განმცხადებელს სწორად ეთქვა უარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს «ს.-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინებები უცვლელად დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «ს.-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ოქტომბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 თებერვლის განჩინებები;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.