Facebook Twitter

საქმე №ას-922-2018 22 თებერვალი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ.ი–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.წ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.ი–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი, აპელანტი ან კასატორი) და ბ.წ–ს (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2013 წლის 18 აპრილს, გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით (იხ. ტ.1, ს.ფ. 45-49).

2. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. დედოფლისწყაროში, ......, /ს/კ ....../.

3. ხელშეკრულებაში მითითებულ იქნა, რომ გამყიდველს გამოსყიდვა შეეძლო სურვილის გამოთქმისა და ნასყიდობის თანხის გადახდის შემთხვევაში - 2013 წლის 18 ივლისის ჩათვლით. ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 13200 აშშ დოლარით, რომელიც მოპასუხემ გამყიდველს გადაუხადა (იხ. ტ.1, ს.ფ. 45-49).

4. ნასყიდობის საგანი მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა საჯარო რეესტრში (იხ. ტ.1, ს.ფ. 55-56).

5. სარჩელების საფუძვლები

5.1. მოსარჩელემ 2016 წლის 5 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მყიდველის წინააღმდეგ, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო ქონებაზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა, ასევე - სადავო უძრავ ქონებაზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დარეგისტრირება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ ექნება გადასახდელი 2400 აშშ დოლარი.

5.2. მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ, ეკონომიკური ვითარების გამო, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა და ზემოაღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა სანოტარო წესით, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ მოსარჩელეს ასესხა 12 000 აშშ დოლარი. სესხი 3 თვის ვადით გაიცა, თვეში 5%-იანი სარგებლით. სესხის უზრუნველყოფის საგანს, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება წარმოადგენდა.

5.3. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან სესხი მთლიანად ვერ დააბრუნა, 2014 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 600 აშშ დოლარს იხდიდა, აღნიშნულის შემდეგ კი, თანხის გადახდა ვერ შეძლო. მან ჯამში 10 800 აშშ დოლარი გადაიხადა.

5.4. მოსარჩელის განმარტებით, მან 2016 წლის 28 მაისს შეიტყო, რომ მისი კუთვნილი და ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი ქონება იყიდებოდა, რა დროსაც გაირკვა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად, გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ყოფილა გაფორმებული.

5.5. მოსარჩელის მტკიცებით, მისი ნდობა მოპასუხემ ბოროტად გამოიყენა, კერძოდ, ისარგებლა გამყიდველის ასაკით, და იმით, რომ მოსარჩელე მხედველობა და სმენადაქვეითებულია, ამიტომ მყიდველმა რეალურად სხვა შინაარსის დოკუმენტზე მოაწერინა ხელი.

5.6. მოსარჩელის მტკიცებით, ზემოაღნიშნულს ადასტურებს შუამავალებთან სატელეფონო საუბარი და მის მიერ საქმეში წარდგენილი ხელწერილი, რომლის თანახმადაც, მან მოპასუხის შუამავალს სესხის პროცენტი გადაუხადა.

6. მოპასუხის შესაგებელი

6.2 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს ნოტარიუსმა სანოტარო წესით დამოწმებული სადავო ხელშეკრულების შინაარსი და ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები განუმარტა.

6.2 მოსარჩელის მიერ წარდგენილ სატელეფონო საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით მოპასუხემ აღნიშნა, რომ კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ გააჩნია.

6.3 მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე დაკავებულია ბიზნესით, რასაც შესაგებელზე თანდართული ხელწერილი ადასტურებს.

6.4 მოპასუხე აღნიშნავს, რომ მან, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსით, სახელმწიფოსგან სოლიდური თანხა რამდენჯერმე მიიღო, ამასთან, მამის პენსიას იღებდა და გარკვეული დანაზოგი შეაგროვა ქალაქგარეთ სახლის შესაძენად.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 81-ე, 319-ე, 327-ე, 509-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) მე-4, 102-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სასარჩელო განცხადებაში დასახელებული გარიგების მართლსაწინააღმდეგოდ აღიარების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელმაც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა.

7.3 სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის, რეალურად, უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელზე ხელმოწერითაც მოსარჩელემ თავისი ნება გარკვევით გამოხატა.

7.4 სასამართლომ სსკ-ის 81-ე მუხლზე მითითებით ,,თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა“ განმარტა, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მოსარჩელემ თავისი ნება გარკვევით გამოხატა.

7.5 სასამართლომ განმარტა, რომ გარიგების დადებაზე ნების გამოვლენის დროს, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ გამყიდველს, გარიგების დადებისას, ხელშეკრულების შინაარსი და მოსალოდნელი შედეგები სრულად ჰქონდა გაცნობიერებული.

7.6 სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება, მოსარჩელეს შესაბამისი მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, თუმცა, ასეთი ვერ წარუდგინა სასამართლოს.

7.7 სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტს საქმეში არსებულ ხელწერილს უკავშირებდა, თუმცა ხელწერილში მითითებული მხარეები, სადავო ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტებს არ წარმოადგენენ, რაც იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ თანხის გადაცემის ხელწერილი მოცემულ დავას არაფრით უკავშირდება.

8. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

8.2 აპელანტის განმარტებით, მოპასუხე შუამავლის მეშვეობით, სესხის პროცენტს იღებდა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენილია საქმეში.

8.3 აპელანტის განმარტებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხემ სადავო ქონება საკუთრებაში მოგვიანებით დაირეგისტრირა.

8.4 აპელანტის მტკიცებით, ამ შემთხვევაში, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიფარა.

8.5 აპელანტის განმარტებით, მისთვის, 90 წლის სმენადაქვეითებული მოხუცისათვის არც გარიგების შინაარსი არ იყო ცნობილი და არც ის, რომ უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებას აწერდა ხელს.

8.6 აპელანტმა ყურადღება გაამახვილა მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის ჩვენებაზე და განმარტა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მოწმის ჩვენება არ შეუფასებია, რომელმაც ზუსტად არც იცოდა მოსარჩელემ რა ხელშეკრულება დადო, შემდეგ კი, უცებ გაიხსენა, რომ მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა გამოსყიდვის უფლებით, თუმცა, რატომ სურდათ მხარეებს მსგავსი ხელშეკრულების დადება, მან ვერ ჩამოაყალიბა.

8.7 აპელანტმა სადავო გახადა წინამდებარე განჩინების 7.7 ქვეპუნქტში მითითებული სასამართლოს მსჯელობაც.

8.8 აპელანტმა ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხე სადავო ქონებას არ დაუფლებია. ამასთან, ქონების საბაზრო ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებაშია მითითებული.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამყიდველის სარჩელის უარყოფის თაობაზე;

9.2 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ნოტარიუსმა მხარეთა ქმედუნარიანობა შეამოწმა, გარიგების შინაარსი დაადგინა, ხელშეკრულების შინაარსი წაუკითხა მხარეებს, რის შემდეგაც მათ დაადასტურეს, რომ ხელშეკრულების დადება სურდათ, სწორედ ხელშეკრულებაში მითითებული პირობებით, რომელზეც ნოტარიუსის თანდასწრებით ხელი მოაწერეს.

9.4 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ასაკი თავისთავად არ ქმნის ნების გამოვლენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. 87 წლის მოსარჩელის ჯანმრთელობის ამსახველი 2013 წლის რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა. ამასთან, ამის შემდეგაც მოსარჩელე სამართლებრივ ურთიერთობებში აქტიურადაა ჩართული, მან 2016 და 2017 წელს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობები გასცა.

9.5 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, რაიმე მტკიცებულება, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების მოტყუებით გაფორმებაზე მიუთითებდა, საქმეში არ მოიპოვება, მარტოოდენ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელსაც მეორე მხარე კვალიფიციურად ედავება, არასაკმარისია; ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობით გათვალისწინებული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები დამაჯერებლად არ დასტურდება, სადავო გარემოებას ვერ დაამტკიცებს.

9.6 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თანხის გადაცემის თაობაზე საქმეში არსებული ხელწერილი, რომელსაც მოსარჩელე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტს უკავშირებს, განსახილველ დავას არაფრით უკავშირდება. რაც შეეხება საქმეში არსებულ სატელეფონო ჩანაწერებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით, აღნიშნული მტკიცებულება, სსსკ-ის 103-104-ე მუხლების საფუძველზე, საქმის მასალებიდან ამოირიცხა (იხ. საოქმო განჩინება - ტ, 1, ს.ფ. 113-114), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეში არარსებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მხარე ვერ მოითხოვს მისი პოზიციის გაზიარებას.

9.7 სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პრეტენზიაზე, მოწმის ჩვენების შეფასების შესახებ, განმარტა, რომ გარიგების მოტყუებით დადების ფაქტის დადასტურება მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს და იმ პირობებში, როდესაც გარიგება დადებულია და უძრავი ქონება მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია, მოპასუხეს რაიმე დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გზით არ ევალება, დადებული გარიგების შინაარსი ადასტუროს.

9.8 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტის, როგორც უძრავი ქონების გამყიდველის, ნება სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს ნამდვილი იყო.

10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1 აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება. კასატორმა (გამყიდველმა) მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავისი სარჩელის დაკმაყოფილება მოთხოვნა.

10.2 კასატორის განმარტებით, მას ნასყიდობის ხელშეკრულების დადება არ სურდა, მისი ნება, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებით გამოიხატებოდა.

10.3 კასატორის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის ჩვენება არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინაღმდეგოა. მოწმის ჩვენებით, მისთვის და მხარისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ ხელშეკრულებას გააფორმებდა, მთავარი იყო, ფული აეღო.

10.4 კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ხელშეკრულების ისეთ არსებით პირობებზე არ შეთანხმებულან, როგორიცაა გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის გარიგება.

10.5 კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება და დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინება იურიდიული კვალიფიკაციის თვალსაზრისითაც.

17. კასატორი ძირითად პრეტენზიას სსკ-ის 81-ე მუხლის პირველ ნაწილზე აფუძნებს, თუმცა, ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელი პრეტენზია წარმოადგინა, რომელიც ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სსკ-ის 81-ე მუხლი (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 7.4 ქვეპუნქტში). კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება.

19. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მოტყუების დროს პირს უნდა შეექმნას ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენას ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (შდრ. სუსგ-ები: №ას-182-171-2014, 16.06.2014 ; №ას-1117-1051-2015, 20.01.2016).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუება გარიგებაში ხელყოფს ერთი მხარის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან მიმართებით. მოტყუებისას ნების ნაკლი განპირობებულია გარიგების მეორე მხარის განზრახი სამართლებრივად გასაკიცხი მოქმედებით, რომლის მიზანიც ნების გამომვლენისათვის არასწორი წარმოდგენის შექმნაა. განსხვავებით თვალთმაქცური გარიგებისაგან, რომელიც დადებულია ისე, რომ მხარეებს ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგი არ სურთ, მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში, ორივე მხარეს სურს ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა, მოტყუებულის თავისუფალი გადაწყვეტილებით არ არის განპირობებული და მოტყუების შედეგია. მოტყუებასა და გარიგების დადებას შორის მიზეზობრივი კავშირის, განზრახვის, ისევე, როგორც მართლწინააღმდეგობის ცალკეული წინაპირობების მტკიცების ტვირთი მოტყუებულს, ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს აწევს (შდრ. სუსგ: Nას-1382-2018, 25.01.2019წ.).

21. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გარდა მოსარჩელის განმარტებისა, საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო ხელშეკრულების შედგენისას მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებას დაადასტურებდა. მხოლოდ მოსარჩელის განმარტება კი, სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისთვის, სასამართლოს არასაკმარისად მიაჩნია.

22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, მხარეებს შორის სანოტარო წესით გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, ხელშეკრულების თანახმად, ნოტარიუსმა, ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი შეადგინა, რომელიც მხარეებს წაუკითხა. მათ განაცხადეს, რომ ხელშეკრულების დადება სწორედ ამ პირობებით სურდათ, ხელშეკრულება წაიკითხეს და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი (იხ. ხელშეკრულება-ტ.1, ს.ფ.45-49). აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძვლები.

23. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ კასატორმა სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა სსკ-ის 81-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის წანამძღვრების არსებობა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებანი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას არ ქმნის.

24. საკასაციო სასამართლო მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, მხარეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა (სსსკ-ის 105-ე მუხლი), ამასთან, მოწმეს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდასტურებია.

25. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

26. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა,რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ი–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. დ.ი–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ქ–ას (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3021 ლარის (საგადახდო დავალება N54, გადახდის თარიღი 2018 წლის 14 სექტემბერი და საგადახდო დავალება N3, გადახდის თარიღი 2018 წლის 25 ოქტომბერი), 70% – 2114,7 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე