საქმე №ას-948-2018 12 ნოემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქარელის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''ქ–ი'' (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობასა (შემდეგში: მოსარჩელე, გამგეობა, შემსყიდველი, შემკვეთი ან კასატორი) და შპს „ქ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, შემსრულებელი, მენარდე, ან კომპანია) შორის, 2016 წლის 15 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № 110 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მენარდემ აიღო ვალდებულება, ქარელის ქუჩების მოასფალტების სამუშაოები შეესრულებინა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 427000 ლარით, ხოლო, 2016 წლის 2 სექტემბერის შეთანხმების მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა - 2016 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 17-23; 24).
2. ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.2 % (იხ. ტ. 1, ს.ფ. 17-23).
3. ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის განხორციელებისას, პირგასამტეხლო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებელი ნაწილის 120 %-ით უნდა განისაზღვროს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 17-23).
4. სარჩელის საფუძვლები
4.1 მოსარჩელემ (შემკვეთმა) სარჩელი აღძრა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული მოპასუხის წინააღმდეგ და, მოითხოვა, ამ უკანასკნელს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტელოს - 23103 ლარის გადახდა დაკისრებოდა.
4.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს 427 000 ლარის სამუშაოები უნდა შეესრულებინა, თუმცა, ფაქტობრივად 414 152,45 ლარის სამუშაოები შეასრულა. შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებამ 12 847,55 ლარი შეადგინა.
4.3 მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს, ხელშეკრულების თანახმად, შეუსრულებელი სამუშაოების ნაწილის 120% პირგასამტეხლო ეკისრება, რაც 15417.06 ლარია.
4.4 შემკვეთმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადა 2016 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა, ხოლო სამუშაოების დასრულების დოკუმენტაცია, მოპასუხემ (მენარდემ) 9 დღის დაგვიანებით - 20 სექტემბერს წარადგინა, შესაბამისად, მას ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,2% (854 ლარი დღეში) ეკისრება, რაც 7686 ლარია.
5. შეგებებული სარჩელის საფუძვლები
5.1 მენარდემ შეგებებული სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ, სამუშაოების შესრულებულად ცნობა და შემკვეთისათვის 3234.58 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
5.2 შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითა და განმარტა, რომ ხელშეკრულება თავიდანვე ხარვეზით შედგა, რის გამოც, გამგეობასთან შეთანხმებით, ხელშეკრულებაში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა, რაც საბოლოო ჯამში ვერ აღმოიფხვრა და მხარეთა შორის სამართლებრივი დავის წარმოშობის საფუძველი გახდა.
5.3 მენარდემ განმარტა, რომ მისი განცხადების საფუძველზე, 2016 წლის 24 აგვისტოს, საპროექტო ცვლილებები 2016 წლის 24 აგვისტოს სამუშაოების მიმღები კომისიის დასკვნაში აისახა და მხარეთა შორის, 2016 წლის 25 აგვისტოს, შეთანხმება გაფორმდა.
5.4 შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ (მენარდემ) აღნიშნა, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს გამგეობას მიმართა და აცნობა, რომ ლ–ძის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები პროექტით გათვალისწინებული კიუვეტის მოწყობაზე უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, მიმწოდებელმა პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოები საპროექტო ხარჯთაღრიცხვიდან გაუსვლელად დამატებით შეასრულა, რის საფუძველზეც, სამუშაოების დასრულების ვადამ 7 დღით გადაიწია.
5.5 მენარდის განმარტებით, სამუშაოების დასრულებისას, გამოიკვეთა მცდარი მონაცემები საპროექტო მოცულობებში, რამაც თავდაპირველ და ფაქტობრივ ხარჯთაღრიცხვაში განასხვავება გამოიწვია.
5.6 მენარდემ, დამატებით შეასრულა 3234,58 ლარის სამუშაოები, რომელიც თავიდან პროექტით არ გათვალისწინებულა. დამატებით შესრულებული სამუშაოს თანხა გამგეობის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება.
6. მენარდის პოზიცია თავდაპირველ სარჩელზე
6.1 მოპასუხემ (რომელიც იმავდროულად შეგებებული სარჩელის ავტორია) წერილობით წარდგენილი შესაგებლით გამგეობის (შემკვეთის) სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მან 3235,58 ლარის სამუშაოები ზედმეტად შეასრულა.
6.2 შემსრულებლის განმარტებით, საქმეში შემკვეთის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი არ დასტურდება. ამასთან, შემკვეთი შესრულებული სამუშაოების ნაკლოვანებისა ან/და 12847,55 ლარის ღირებულების სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზის შესახებ, არ უთითებს სარჩელში.
7. მოსარჩელის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
7.1 შეგებებული სარჩელის მოპასუხემ (გამგეობამ; შემკვეთმა) წერილობით წარდგენილი შესაგებლით, მენარდის მიერ მის წინააღმდეგ აღძრული მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ თუ მენარდემ დამატებითი სამუშაოები შეასრულა, მას უფლება ჰქონდა გამგეობისათვის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიემართა, შეეთანხმებინა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები შეეტანა, რაც მას არ გაუკეთებია.
7.2 შეგებებულ სარჩელში არ არის მითითებული, მენარდემ დამატებით რა სამუშაოები შეასრულა.
8. ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1 ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, შემკვეთის (გამგეობის) თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მენარდეს პირგასამტეხლოს - 7686 ლარის გადახდა დაეკისრა. სასარჩელო მოთხოვნა შეუსრულებელი სამუშაოთა ღირებულების 120%-ის - 15417.06 ლარის მენარდისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
8.2 მენარდის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8.3 რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-317-ე, 316-ე, 417-ე, 629-ე, 973-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ მოპასუხეს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს - 7686 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა, რადგან მენარდემ სამუშაოთა დამთავრების შესახებ ინფორმაცია, დოკუმენტები და ექსპერტიზის დასკვნა, ნაცვლად 2016 წლის 10 სექტემბრისა, იმავე წლის 20 სექტემბერს, 9 დღის დაგვიანებით წარადგინა.
8.4 რაიონული სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მოთხოვნა, შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულების 120 %-ის მენარდისათვის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა, რადგან აზომვითი სამუშაოების შემსრულებლისა და ანგარიშის მომმზადებელი ინსპექტორის განმარტებით, 12847,55 ლარის სამუშაოების შეუსრულებლობა განპირობებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობისა და ღირებულების სამუშაოების, შესაბამის ქუჩებსა და ობიექტებზე, შესასრულებელ სამუშაოთა სივრცის გამო, ფაქტობრივი შეუძლებლობით. რაც შეეხება საკანალიზაციო ჭების გასწორებას, ქუჩის ზედაპირის ნიშნულამდე, ინსპექტორის განმარტებით, ფაქტობრივად, საკანალიზაციო ჭები აიზომა, სხვა რაოდენობის ჭები ადგილზე ვერ ნახეს და ვერც პროექტთან მიმართებით შეამოწმეს, რადგან მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა იყო წარდგენილი.
8.7 რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდემ დამატებით 3234.58 ლარის სამუშაოები შეასრულა, რომელიც ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული და მისი ჩათვლის საკითხი დამკვეთის პრეროგატივაა.
8.7 რაიონულმა სასამართლომ, სსკ-ის 973 მუხლზე მითითებით ,,შემსრულებელს შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც საქმის გარემოებებიდან გამომდინარე აუცილებლად იქნება მიჩნეული“, განმარტა, რომ მენარდის შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ამ უკანასკნელმა ვერ დაადასტურა, მის მიერ ზედმეტად შესრულებული სამუშაოების აუცილებლობა.
9. მენარდის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1 ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება თავდაპირველმა მოსარჩელემ და შეგებებულმა მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
9.2 მენარდემ, მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, შემკვეთის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 7686 ლარის დაკისრებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში თავდაპირველი სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9.3 მენარდის განმარტებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ხელშეკრულება, ფაქტობრივად, 2016 წლის 5 სექტემბერს შესრულდა, კერძოდ, მენარდემ იმავე დღეს ექსპერტთან ხელშეკრულება გააფორმა, რაც ადასტურებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, იმ დროისათვის, უკვე დასრულებული იყო.
9.4 მენარდის განმარტებით, ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის წარდგენა ჯერ კიდევ დაუსრულებელ სამუშაოებზე შეუძლებელი იყო. თუკი გამგეობა ექსპერტიზის დასკვნას 2016 წლის 20 სექტემბერს წარადგენდა, ეს არ ნიშნავდა, რომ მენარდემ სამუშაოები ვადაგადაცილებით შეასრულა.
9.5 მენარდემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზა ცალმხრივად არ ჩატარებულა, არამედ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.2 ქვეპუნქტის თანახმად, სამუშაოები მოწმდებოდა შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ, რომლის ორგანიზება და მუშაობა, ამავე ხელშეკრულების 5.2 ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველის ვალდებულებაც იყო.
9.6 შემსრულებლის (კომპანიის) განმარტებით, 2016 წლის 5 სექტემბრის მონაცემებით, ვლინდებოდა სამუშაოების და შესრულების ჩაბარება, ხოლო ის, თუ რამდენი დრო დასჭირდათ სპეციალისტებს საკუთარი დასკვნებისა და ანაგარიშის დასამზადებლად, აღნიშნული მენარდის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ უნდა გამხდარიყო.
9.7 მენარდის განმარტებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მან გაუთვალისწინებელი ხარჯები გასწია, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც შემკვეთს ეკისრებოდაა. ამ უკანასკნელისათვის ცნობილი იყო ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების (გაზრდის) აუცილებლობის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებული იყო, სამუშაოები შეეწყვიტა.
9.8 შემსრულებელმა (კომპანიამ) აღნიშნა, რომ ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანა და, შესაბამისად, მისი შესრულების აუცილებლობა დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია, სპეციალისტის ჩვენებით, ნათლად ჩანდა, რომ ხარჯთაღრიცხვა ფაქტობრივი გარემოებების ადეკვატური არ იყო. არც გამგეობას (შემკვეთს) და არც თავად ექსპერტიზას არ ჰქონია პროექტი, ამიტომაც, გზის საფრის მოწყობა, ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ნაწილობრივ სრულდებოდა.
9.9 მენარდემ ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 631-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, და გამარტა, რომ მენარდემ დამკვეთს მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის გაზრდის თაობაზე მიმართა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო, თუმცა, მას ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, რაც შემკვეთის მხრიდან, ზედმეტად შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების საფუძველია.
10. შემკვეთის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
10.1 აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შემკვეთმა, მენარდისათვის შეუსრულებელი ვალდებულებებისათვის 120% პირგასამტეხლოს - 15 417 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.2 შემკვეთმა სადავო გახადა სასამართლოსეული მსჯელობა, რომლის თანახმად, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც ექსპერტიზამ შესრულებულად ვერ მიიჩნია, რეალურად არ არსებობდა.
10.3 შემკვეთის განმარტებით, სასამართლო მხოლოდ ექსპერტის განმარტებებს დაეყრდნო. ექსპერტიზა 2017 წლის 16 სექტემბერს ჩატარდა და, 2016 წლის 20 სექტემბერს, გამგეობას დასკვნა წარედგინა. ექსპერტი 2017 წლის მაისში დაიკითხა, შესაბამისად, შეკითხვას, რეალურად შესრულდა თუ არა სამუშაოები პასუხს ვერ გაცემდა. ამასთან, ექსპერტი ჩვენების დროს პასუხებს ვერ აკონკრეტებდა, შესაბამისად, სასამართლოს ექსპერტის განმარტებები არ უნდა გაეთვალისწინებინა.
10.4 შემკვეთის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელიც მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას ადასტურებს. ხელშეკრულების შესაბამისად, მხარე ვალდებულებას იღებდა, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები შეესრულებინა და, თუ ცდომილება აღმოჩნდებოდა, წერილობითი შეთანხმებით, ხელშეკრულებაში მე-14 პუნქტის შესაბამისად, ცვლილებები უნდა შესულიყო, რაც მხარეს არ განუხორციელებია.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, გამგეობის (შემკვეთის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
11.1.1 კომპანიის (მენარდის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში გაუქმდა, რომლითაც მოპასუხეს თავდაპირველი მოსარჩელის (შემსყიდველის) სასარგებლოდ, 7686 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 230.58 ლარის, გადახდა დაეკისრა. ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი მოსარჩელის (შემკვეთის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11.1.2 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა.
11.2 სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დროულად შეასრულა.
11.3 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დაცვით, შესრულების ფაქტის დადასტურების მიზნით, მენარდემ ინსპექტირების ორგანოს, 2016 წლის 5 სექტემბერს, ანუ ვადის მიმდინარეობისას მიმართა. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნით დადგინდა ვალდებულების შესრულება.
11.4 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ექსპერტიზის ჩატარებას მხოლოდ მას შემდეგ მოითხოვდა, როდესაც რეალურად შესაბამის ვალდებულებას შეასრულებდა.
11.5 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებსა და ვადაში როდის გავიდოდა ადგილზე კვლევის ჩასატარებლად, მოპასუხის (მენარდის) მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის უპირობოდ დარღვეულად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდებოდა.
11.6 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხემ დროულად შეასრულა და მისთვის (მენარდისათვის) პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობდა.
11.7 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა წინამდებარე განჩინების 8.4 ქვეპუნქტში მითითებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და განმარტა, რომ შემკვეთს რაიმე მტკიცებულება, რაც ექსპერტის განმარტებების საპირისპირო გარემოებების არსებობაზე მიუთითებდა, არ წარუდგენია.
11.8 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სადავო არ იყო და ექსპერტის განმარტებებითაც დგინდებოდა, რომ ერთიანი პროექტი, წინასწარ შედგენილი გეგმა, რომლითაც კონკრეტულად განისაზღვრებოდა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა ყველა ქუჩაზე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში არ შედგენილა.
11.9 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხემ ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 427 000 ლარის სამუშაოებისა, ფაქტობრივად, 414 152,45 ლარის სამუშაოები შეასრულა, იმთავითვე მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე არ მიუთითებდა.
11.10 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს ნივთობრივ ნაკლზე პრეტენზია არ განუცხადებია - ანუ მოსარჩელის მიზანი ფაქტობრივად მიღწეული იყო.
11.11 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დაუშვებელია, მენარდეს პირგასამტეხლო დაეკისროს იმ სამუშაოს შეუსრულებლობისათვის, რომელიც ფაქტობრივად შესასრულებელი არც იყო.
11.12 სააპელაციო სასამართლომ, მენარდის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.5 და 2.6 ქვეპუნქტებზე მითითებით ,,ხელშეკრულების ფარგლებში, ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის შემსყიდველთან შეთანხმებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე არსებობს უშუალოდ შემსყიდველის და საამისოდ შერჩეული პირის (საზედამხედველო კომისიის) მიერ დადასტურებული აქტი (2.5 ქვეპუნქტი); გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხების ხარჯვა მოხდება აუცილებლობიდან გამომდინარე, შემსყიდველთან შეთანხმებით (2.6 ქვეპუნქტი)“ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ ზედმეტად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების წინაპირობა არ არსებობდა.
11.13 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ შემკვეთს (გამგეობას) თანხმობა არ გაუცია მენარდის მიერ 3234,58 ლარის გზის მოწყობის სამუშაოების შესრულებაზე, მხარეთა შორის სადავო არ იყო და არც საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარდგენილა.
11.14 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ვერ მიუთითა, სამუშაოები ხელშეკრულების გარეშე აუცილებლად შესასრულებელს რამდენად წარმოადგენდა. შესაბამისად, არ დასტურდებოდა მათი შესრულების აუცილებლობაც.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1 შემკვეთმა (მერიამ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება მენარდისათვის, მერიის სასარგებლოდ 7686 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 230.58 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და, ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, შემკვეთის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე, იმ ნაწილში, რომლითაც შემკვეთის სააპელაციო საჩივარი მენარდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს, 15417 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მერიამ, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
12.2 კასატორმა სადავოდ გახადა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმადაც, მენარდემ, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულება შეასრულა და ამ უკანასკნელისათვის, შემკვეთის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს.
12.3 კასატორმა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ მენარდის მიერ წარდგენილი და სისტემაში ატვირთული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ბოლო 10 დღეში ექსპერტიზის დასკვნა უნდა შედგენილიყო, ანუ #110 ხელშეკრულების მე-15 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადა საექსპერტო დასკვნის წარდგენასთან ერთად, 50 დღეს შეადგენდა და 2016 წლის 3 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო. მხარეთა 2016 წლის 2 სექტემბრის შეთანხმებით, მიწოდების ვადამ გადაიწია 10 სექტემბრის ჩათვლით და ამ ვადაში ექსპერტიზის დასკვნის წარდგენაც გათვალისწინებული იყო.
12.4 მენარდემ, 2016 წლის 20 სექტემბერს, სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით, მიმართა გამგეობას (შემკვეთს), შესაბამისად, მენარდემ სამუშაოების შესრულების მიწოდების ვადას გადააცილა.
12.5 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შეთანხმებით გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არ იმსჯელა, რომლითაც მხარეები მნიშვნელოვან პირობებზე შეთანხმდნენ, მათ შორის მიწოდების ვადებზეც, რაც ატვირთულია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე. გამგეობისათვის მნიშვნელოვანი იყო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად ჩაბარება.
12.6 კასატორის მტკიცებით, სასამართლოს მსჯელობა, რომ შემსრულებელმა (მენარდემ) კეთილსინდისიერად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ ხელშეკრულების პირობები და დამკვიდრებული პრაქტიკა არ გაითვალისწინა, რომლის თანახმადაც, შემსრულებელი კომპანიები წინასწარ, სამუშაოების დასრულებამდე, განაცხადს ექსპერტიზის ბიუროში წარადგენენ, რათა შემდეგ დრო და საშუალება ჰქონდეთ ექსპერტიზის ადგილზე ჩატარებამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულონ. ამასთან, საქმეზე შემკვეთმა წარადგინა მიმართვები, რომლითაც დასტურდება, რომ მენარდემ სამუშაოები დაგვიანებით დაიწყო და ექსპერტიზის ჩატარებისა და წარდგენის დროც სრულად გამოიყენა
12.7 კასატორი დავობს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოსეულ მსჯელობაზე, რომლის თანახმადაც, გზები, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა, ექსპლუატაციაში შევიდა. კასატორის განმარტებით, სამუშაოები მიმდინარეობდა ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ქუჩებზე და იქ მოსახლეობა პარალელურად მოძრაობდა, რაც სულაც არ ნიშნავს სამუშაოების ვადის დაცვით და ჯეროვნად შესრულებას. ამასთან, სამუშაოების ნაწილი ესქპერტიზის დასკვნის შემდეგაც შესასრულებელი დარჩა.
12.8 საკასაციო პრეტენზია ეხება, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც წინამდებარე განჩინების 11.8 ქვეპუნქტშია მითითებული და განმარტავს, რომ პროექტის არსებობაზე მხარეებს არ უდავიათ, ვინაიდან, იგი ჯერ კიდევ სატენდერო წინადადებაში იყო ატვირთული, შემდეგ ხელშეკრულების 14.7 ქვეპუნქტში მიეთითა, რომ სატენდერო წინადადება, ნახაზები, გეგმა-გრაფიკი, ხარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ამასთან, შემკვეთმა პროექტი, მისი მოცულობიდან გამომდინარე, არ წარადგინა სასამართლოში.
12.9 კასატორის მტკიცებით, ექსპერტი საქმეზე, როგორც მოწმე ისე უნდა დაკითხულიყო, ჩატარებული ექსპერტიზის ფარგლებში, თუმცა მხარემ ექსპერტის იმ საკითხებზე დაკითხვა მოითხოვა, რასაც საქმესთან კავშირი არ ჰქონდა, ამასთანავე, მოპასუხის წარმომადგენელი ექსპერტს ჰკარნახობდა და პასუხებს უსწორებდა.
12.10 კასატორის შეფასებით, მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება მოგების მიღების საშუალებას არ წარმოადგენს, არამედ იგი ვალდებულების შესრულების ერთადერთი მექანიზმია, რეალური პრაქტიკა განსხვავებულია ასეთ ურთიერთობაში. გამგეობასა და ყველა სახაზინო დაწესებულებას, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვას ახორციელებენ, სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ შექმნან მექანიზმი, რათა მენარდისაგან შესრულება მაქსიმალურად მიახლოებულად მაინც მიიღონ.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემკვეთის (გამგეობის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
19. წინამდებარე შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია მენარდის მიერ არაჯეროვანი და ვადის დარღვევით შესრულებული სამუშაოსათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლებაა.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიუთითებენ მათზე (შდრ. სუსგ #ას-129-122-2014, 30.04. 2014 წ.).
22. სასამართლო სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე და 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით ,,სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (მე-4 მუხლი); თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (102-ე მუხლი)“ განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მითითებული გარემოებების არსებობა თავიანთი პოზიციის გასამყარებლად. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად და დამაჯერებლად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადასწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
23. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მიუთითა, რომ „მტკიცების ტვირთის განაწილებისას მნიშვნელოვანია ის გარემოება, თუ ვინ უნდა დაადასტუროს კონკრეტული ფაქტი. ასევე, საგულისხმოა ის გარემოება, რომ მხარე მოკლებულია შესაძლებლობას ადასტუროს ის, რაც არ მომხდარა, მან უნდა დაადასტუროს ის, რაც მოხდა, შესაბამისად, ქმედების განმახორციელებელმა მხარემ უნდა ადასტუროს მის მიერ ქმედების განხორციელება. ამდენად, ნარდობის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, სწორედ შემსრულებელი (მენარდე) არის ვალდებული დაადასტუროს, როგორც სამუშაოს შესრულების, ისე მისი ჯეროვანი (მათ შორის ვადაში) განხორციელების ფაქტი“ (იხ. სუსგ # ას-891-858-2016, 04.04.2017წ.).
24. საკასაცასიო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, 2016 წლის 2 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა 2016 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა. უდავოა, რომ მენარდემ (კომპანიამ) 2016 წლის 5 სექტემბერს, ანუ ვადის მიმდინარეობისას მიმართა ინსპექტირების ორგანოს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მენარდემ ხელშეკრულებით დადგენილ ვადას არ გადააცილა, ვინაიდან იმის ალბათობა, რომ მან ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, ვალდებულების შესრულებამდე მიმართა ექსპერტიზას, არ არსებობს.
25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში (2016 წლის 10 სექტემბერს) იყო გათვალისწინებული ექსპერტიზის დასკვნის წარდგენაც.
26. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სსკ-ის 8-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით ,,სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანი უფლებები და მოვალეობები“, განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების შემოწმებას და მიღება-ჩაბარებას შემსყიდველის (გამგეობის) მიერ შექმნილ ინსპექტირების ჯგუფი ახორციელებდა (4.2 ქვეპუნქტი) და საბოლოოდ მიღება შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერის, შესრულებული სამუშაოს მოცულობის და ხარისხის დადებითი საექსპერტო დასკვნის, ასფალტის და ბეტონის ხარისხის ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის შემდეგ უნდა მომხდარიყო (4.3 ქვეპუნქტი); სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების 13.3 ქვეპუნქტზეც, რომელიც თანახმადაც, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ინსპექტირებას შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი სამსახური და ინსპექტირების ჯგუფი ახორციელებდა.
27. საკასაციო სასამართლო, ხელშეკრულების ზემოაღნიშნული ქვეპუნქტებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მენარდემ ხელშეკრულების დასრულებამდე 5 დღით ადრე, 2016 წლის 5 სექტემბერს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების დადასტურების მიზნით, მიმართა ინსპექტირების ჯგუფს. იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი სამსახური ატარებდა ექსპერტიზას, სასამართლო სსკ-ის 8.3 მუხლის საფუძველზე, განმარტავს, რომ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისმა სამსახურმა ხელშეკრულების დასრულებამდე (2016 წლის 10 სექტემბერი) ვერ უზრუნველყო ექსპერტიზის ჩატარება, შემსრულებლის (მენარდის) მიერ ვადის დარღვევად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.
28. საკასაციო სასამართლო მტკიცებულებათა არარსებობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შემსრულებელი (მენარდე) კომპანიები, წინასწარ სამუშაოების დასრულებამდე განაცხადს ექსპერტიზის ბიუროში წარადგენენ, რათა შემდგომ დრო და საშუალება ჰქონდეთ ექსპერტიზის ადგილზე ჩატარებამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულონ. კერძოსამართლებრივი დავის ფარგლებში მხარეთა მიერ დასამტკიცებელი გარემოებების შეფასებას საფუძვლად ვერ დაედება მენარდე კომპანიების სავარაუდოდ არსებული პრაქტიკა, რადგან ნარდობის ურთიერთობიდან, როგორც ორმხრივმავალდებულებელი გარიგებიდან, გამომდინარე დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს და შეაფასოს, თუ რა ფარგლებითაა განსაზღვრული მხარეთა სახელშეკრულებო ბოჭვა, რა გარემოებები შედის თოთოეული მხარის მტკიცების საგანში და მტკიცების ტვირთს თითოეულმა მხარემ როგორ გაართვა თავი, რამდენად წარმატებით დაძლია მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია. სწორედ ამ მიდგომით არის შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო სამართალურთიერთობა.
29. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, შეუსრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების 8.4 ქვეპუნქტი), იზიარებს ექსპერტის ჩვენებას და განმარტავს, რომ შემკვეთმა აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება სამართლებრივად წონადი მტკიცებულებით ვერ გააქარწყლა, მხარე მხოლოდ ექსპერტის ჩვენების ნეგატიური შეფასებით შემოიფარგლება, რომელთან დაკავშირებითაც, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობების დამდგენ სსსკ-ის 105-ე მუხლზე, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
30. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული სამუშაოს დროულად შესრულება. ზოგადად, ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება იმ განსაზღვრული მომენტის დადგომა, როდესაც ვალდებულებები შესრულებული უნდა იყოს. ის ჩვეულებრივ განისაზღვრება ხელშეკრულებით (თუმცა შესაძლებელია შესრულების დრო განსაზღვრული იყოს სასამართლო გადაწყვეტილებით, კანონით ან ცალმხრივი გარიგებითაც). ყველაზე მეტად გავრცელებულია ვალდებულების შესრულების გარიგებით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული ვადები. ამ შემთხვევაში შესრულების დროის შეთანხმება შეიძლება აშკარად გამოხატული ან დუმილით ნაგულისხმევი იყოს. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების დრო შეიძლება იყოს როგორც აბსოლუტური, ისე რელატიური ბუნების. აბსოლუტურია ვადა, როდესაც ვადის გადაცილების შემდეგ შესრულება კარგავს ყოველგვარ ინტერესს. რელატიური ვადის შემთხვევაში ვადის გადაცილება აზრს არ უკარგავს ვალდებულების შესრულებას, მხოლოდ ართულებს მას ანუ შესრულება გამოსწორებადია. ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა შეიძლება განსაზღვრონ არა მხოლოდ სამუშაოთა დასრულების ვადები, არამედ სამუშაოთა დაწყებისა და შუალედური ვადებიც. იმ შემთხვევაში, როდესაც შესრულების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ ნარდობის ხელშეკრულებით, შესრულების დრო განისაზღვრება, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა -time is of the essence. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ერთ-ერთ გავრცელებულ შემთხვევას წარმადგენს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან შემკვეთის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. თუ შემკვეთის მოთხოვნის მიუხედავად მენარდე არ ასრულებს სამუშაოს, იგი არღვევს ვალდებულებას სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მნიშვნელობით. გაფრთხილება ვალდებულების შესრულების უპირობო და არაორაზროვან მოთხოვნას წარმოადგენს. გაფრთხილება იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული, რომ გამორიცხავდეს ყოველგვარ ეჭვს კრედიტორის ინტერესში მიიღოს დროული შესრულება. ... მენარდის მიერ სსკ-ის 629-I, 394-I-ისა და მე-400 მუხლის პირობათა დარღვევა ვადის გადაცილებას წარმოადგენს და მენარდე ვალდებულია სსკ-ის 404-ე მუხლის საფუძველზე აუნაზღაუროს კრედიტორს ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანი (mora debitoris), ასევე სსკ-ის 417-ე მუხლის საფუძველზე გადაიხადოს შეთანხმებული პირგასამტეხლო“ (იხ. საქმე # ას 1226-1146-2017, 17.11.2017წ.)
31. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, შემკვეთისათვის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად წარდგენა მნიშვნელოვანი იყო, საკასაციო სასამართლო განმარტავს, თუ მენარდემ ხელშეკრულებით შესრულებული ვალდებულების შესრულება გადააცილა, შემკვეთს შეეძლო, წერილობით შეტყობინება გაეგზავნა მისთვის, რომ ვადის დარღვევით ჩატარებულმა სამუშაოებმა მისთვის ინტერესი დაკარგა.
32. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მენარდემ (კომპანიამ) ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შეასრულა სამუშაოები, ხოლო 12847.55 ლარის ღირებულების სამუშაოების შეუსრულებლობა მას ბრალად არ შეერაცხა, ამასთან შემკვეთს შესრულებული სამუშაოების ნივთობრივ ნაკლზე პრეტენზია არ გაუცხადებია, ყოველივე აღნიშნული კი, შემკვეთის (გამგეობის) მხრიდან პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას ფაქტობრივ საფუძველს აცლის.
33. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე