Facebook Twitter

საქმე №ას-228-2019 25 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ჩ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „აკად.ო.ღ–ის ს–ბის ე. სამედიცინო ცენტრი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს „აკად.ო.ღ–ის ს–ბის ე. სამედიცინო ცენტრი“-ის სარჩელი მ.ჩ–ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივის განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ჩ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინების ასლი 2019 წლის 11 იანვარს ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის დედას - ი.გ–ძეს, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელმოწერით უკუგზავნილზე (ტ. 1, ს.ფ. 250). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 12 იანვრიდან და ამოიწურა ამავე წლის 23 იანვარს (ოთხშაბათი). საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი შეტანილია 2019 წლის 28 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (იხ. საფოსტო კონვერტი, ტ.1, ს.ფ. 255).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივარი შეიტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს და კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ჩ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. მ.ჩ–ძეს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი, 2019 წლის 28 იანვარი);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი