საქმე №ას-276-276-2018 13 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.ჭ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ.ე.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების შეჩერება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ.ჭ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ.ე–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა ნოტარიუს ც.ბ–ძის მიერ 2016 წლის 9 ივნისს გაცემულ #160623155 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა _ აღსასრულებელი მოთხოვნის 23 400 აშშ დოლარითა (ძირი თანხა) და 587,6 აშშ დოლარით (პროცენტი) განსაზღვრა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 24 იანვარს მოსარჩელის შვილ ე.გ–სა და მ.მ–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მ.მ–მა შეიძინა ქ.თბილისში, ......., მე-8 სართულზე მდებარე #104 ბინა (62,90 კვ.მ საკადასტრო კოდი: #.....). მ.მ–მა სადავო უძრავი ქონება დატვირთა იპოთეკით შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ.ე–თან“ დადებული ხელშეკრულებით 26 400 აშშ დოლარის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით. მოსარჩელემ გადაწყვიტა უძრავი ქონების კვლავ მის საკუთრებაში გადასვლა და 2015 წლის 20 თებერვალს გააფორმა უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება. იპოთეკის ხელშეკრულება დადებული იყო შპს „რ.კ–ში“. მოსარჩელის მიერ ყოველთვიურად გადახდილი თანხიდან 464 აშშ დოლარიდან იფარებოდა მხოლოდ პროცენტი და არ იფარებოდა ძირი. ამ გარემოების შეტყობის დღესვე მან 2016 წლის 20 ივნისს დაწერა განცხადება შპს „რ.ე–ის“ დირექტორის სახელზე დოკუმენტების გადმოცემის მოთხოვნით, თუმცა, მოპასუხეს სიტყვიერად განუმარტეს, რომ მოსარჩელე არ იყო სასესხო ურთიერთობის მხარე და შესაბამისად, არ გადასცემდნენ დოკუმენტაციას. ბინის გადაფორმების შემდეგ, მოსარჩელე ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებდა. 2016 წლის 24 ივნისს მას ჩაბარდა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ნოტარიუსმა ც.ბ–ძემ 2016 წლის 9 ივნისს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის ძალითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 26 400,00 აშშ დოლარითა და მასზე დარიცხული სარგებლით _ 587,61 აშშ დოლარით, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯით _ 125,54 ლარით. ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად მოსარჩელეს განესაზღვრა 7 დღე. სარჩელის შეტანის დღისათვის მას გადახდილი აქვს 6 960 აშშ დოლარი. ყოველთვიური სარგებელი განსაზღვრული იყო 1%-ით, ანუ თვეში 264 აშშ დოლარით, 6 960,00 აშშ დოლარიდან პროცენტი გადახდილი გამოდის 39 600 აშშ დოლარი 15 თვეზე, ხოლო, ძირი თანხა უნდა დაფარულიყო 3 000 აშშ დოლარით, ანუ ძირი თანხა დარჩენილი გამოდის 23 400 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას და მ.მ–ს შორის 2014 წლის 11 დეკემბერს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #10644 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ამავე დღეს დაიდო იპოთეკის #10644 ხელშეკრულება და #10644 საკრედიტო ხელშეკრულება. ამის შემდეგ გაფორმდა #10644-01 საკრედიტო ხელშეკრულება, სადაც წინა #10644 საკრედიტო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სარგებელი შემცირდა და განისაზღვრა წლიური 12%, ვადა 35 თვით, კრედიტის თანხა 26 400 აშშ დოლარი. სარგებელი უნდა გადახდილიყო ყოველი თვის 11 რიცხვში. ამ ვალდებულებათა შესრულება უზრუნველყოფილი იყო მოსარჩელის კუთვნილი ქონებით. მ. მ–გან 2015 წლის 20 თებერვალს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ.ჭ–ძემ შეისყიდა აღნიშნული ნივთი. მასზე, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეზე, გადავიდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გარკვეული სახის უფლება-მოვალეობები, რაც გააჩნდა წინა მესაკუთრეს. უძრავ ქონებაზე თავდაპირველად დარეგისტრირდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები თ.ბ–სა და თ. ჟ–ის სახელზე, კრედიტის თანხას წარმოადგენდა 10 000 – 10 000 აშშ დოლარი, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ იპოთეკის საგნის შეძენის დროისათვის იპოთეკის საგანზე რეგისტრირებული იყო სამი იპოთეკა, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის კუთვნილი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე მოსარჩელის მიერ ამავე ქონების შეძენის შემდგომ გადასახდელი იყო ჯამში 464 აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს მხოლოდ სესხების სარგებელს. 464 აშშ დოლარის გადახდით, ძირი თანხა ვერ დაიფარებოდა, სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი ძირი თანხა - 26 400 აშშ დოლარი და სარგებელი - 587,61 აშშ დოლარი, არის მ.მ–ის მიერ 2014 წლის 11 დეკემბერს დადებული #10644 საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნილი თანხა და შესაბამისად, სხვა სესხებზე გადახდილი თანხების ასახვა მასში ვერ მოხდებოდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტყილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი, ასევე, საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების შეჩერება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2014 წლის 14 აპრილს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ.ე–სა“ და თ.ბ–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მ.მ–ის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით. მხარეებს შორის 2014 წლის 30 დეკემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით (2014 წლის 14 აპრილის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დანართი) კრედიტის თანხა განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარით, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 12%-ით, კრედიტის ვადა _ 35 თვით;
1.2.2. 2014 წლის 17 სექტემბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ.ე–სა“ და თ.ჟ–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მ.მ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით. მხარეებს შორის 2014 წლის 30 დეკემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით (2014 წლის 17 სექტემბრის 9811 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დანართი) კრედიტის თანხა განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარით, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 12%-ით, კრედიტის ვადა 35 თვით;
1.2.3. 2014 წლის 11 დეკემბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ.ე–სა“ და მ.მ–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მ.მ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით. მხარეებს შორის 2014 წლის 30 დეკემბერს დადებული 10644-01 საკრედიტო ხელშეკრულებით (2014 წლის 11 დეკემბრის №10644 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დანართი) კრედიტის თანხა განისაზღვრა 26 400 აშშ დოლარით, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 12%-ით, კრედიტის ვადა _ 35 თვით. იპოთეკის ხელშეკრულების 10.3.2 ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ.ე–ი” უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად;
1.2.4. 2015 წლის 20 თებერვალს მ.მ–სა და მ.ჭ–ძეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მ.ჭ–ძემ მ.მ–გან შეიძინა სადავო უძრავი ქონება;
1.2.5. 2016 წლის 9 ივნისს ნოტარიუსმა ც.ბ–ძემ 2014 წლის 11 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 26 400 აშშ დოლარს, მასზე დარიცხული სარგებელი _ 587,61 აშშ დოლარს, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი _ 125,54 ლარს;
1.2.6. 2014 წლის 11 დეკემბერს მოპასუხესა და მ.მ–ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ნოტარიუს ც.ბ–ძის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის გადასახდელი სესხის ძირი თანხა შეადგენს 26 400 აშშ დოლარს, ხოლო სარგებლის თანხა - 587,00 აშშ დოლარს. მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ იგი ფარავდა მისი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამი სესხის ხელშეკრულებიდან, მხოლოდ ერთს - 2014 წლის 11 დეკემბერს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ.ე–სა“ და მ.მ–ს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს. მოპასუხე კი, განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ პერიოდულად გადახდილი თანხიდან იფარებოდა სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი, როგორც კრედიტორის მოთხოვნები. საქმეში წარმოდგენილი ქვითრების მიხედვით, მოსარჩელის მიერ, მ.მ–ის, როგორც კლიენტის ვალდებულების დაფარვის მიზნით სესხის ყოველთვიური პროცენტის სახით 264 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს მხარეები სადავოდ არ ხდიან. საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით ასევე დგინდება მოსარჩელის მიერ თ.ჟ–სა და თ.ბ–ის, როგორც „კლიენტის“, ვალდებულებების დაფარვის არჩევისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყოველთვიურად განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთების შესაბამისი ოდენობების (100 აშშ დოლარი თითოეული მათგანის სასარგებლოდ), ჯამში 1 800 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. ამდენად, მოსარჩელის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ თანხის გადახდისას ხდებოდა შესრულების დროს დასაფარი ვალდებულების ამორჩევა, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის შესაბამისი მოვალეების სასარგებლოდ ამორჩევით დაფარვაში. ხოლო დანარჩენი ოდენობის 1200 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები მოსარჩელეს არ წარუდგენია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, მართებულად დააკისრა მოსარჩელეს კონკრეტული ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, რომელიც შესრულების პროპორციულად შეამცირებდა ვალდებულების მოცულობას. უდავოა, რომ მხარემ ვერ დაძლია მტკიცების პროცესუალური სტანდარტი, შესაბამისად, არ არსებობს მისი იმ მოსაზრების გაზიარების წინაპირობა, რომ სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა არასწორია. ეს გარემოება თავისთავად გამორიცხავს სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებას. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შესრულების გზით ფულადი ვალდებულების შეწყვეტისა და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. საქმის წარმოების შეერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების ძალაში დატოვება/შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება:
2.1. კასატორი შუამდგომლობს საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე სასამართლოს წარმოებაში არსებული სხვა დავის გადაწყვეტამდე, თავად ეს დავა კი, თ.ბ–თან და თ.ჟ–თან მოპასუხის მიერ დადებული იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას შეეხება. ამავე საფუძვლებით მოითხოვდა იგი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების შეჩერებას.
2.2. საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის კონტექსტში აფასებს საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონიერებას, ასევე ამოწმებს შუამდგომლობის საფუძვლიანობას და მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. განსახილველ შემთხვევაში, მხარე ვარაუდობს, რომ იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა ხელს შეუწყობს წინამდეარე საქმეზე სარჩელის წარმატებას, რასაც პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ ნორმით რეგლამენტირებული აუცილებლობა საქმის წარმოების შეჩერებისა, არ იკვეთება, ამასთანავე, თუკი დადგინდება, რომ მოსარჩელის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულება უსაფუძვლოა, მას სამოქალაქო კოდექსის 976-ე ან 986-ე მუხლის საფუძველზე შეეძლება შესრულების გამოთხოვა. შესაბამისად, არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმების/შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ხ.გ–ძის მიერ 09.03.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 366,93 ლარის 70% _ 256,851 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე, 391-ე, 401-ე, 404-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. კასატორ მ.ჭ–ძეს (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ხ.გ–ძის მიერ 09.03.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახეწლმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 366,93 ლარის 70% _ 256,851 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი