Facebook Twitter

საქმე №ას-411-411-2018 14 ნოემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „იუსტიციის სახლი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.კ–ძე (მოსარჩელე)

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „იუსტიციის სახლი“ (მოპასუხე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – გენერალური ინსპექციის დასკვნისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ქ.კ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, შეგებებული კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „იუსტიციის სახლისა“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, აპელანტები, პირველი მოპასუხე ასევე, წოდებული, როგორც დამსაქმებელი ან კასატორი, ხოლო მეორე მოპასუხე _ თავდაპირველი თანამოპასუხე) მიმართ, და მოითხოვა დამსაქმებლის აღმასრულებელი დირექტორის 02.06.2014 წლის #178/კ ბრძანებისა (სსიპ „იუსტიციის სახლის“ იურიდიული სამსახურის უფროს ქ.კ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ) და მეორე მოპასუხის გენერალური ინსპექციის 25.04.2014 წლის #06-2014 დასკვნის (სსიპ „იუსტიციის სახლში“ სტაჟირების პროცესის კანონმდებლობის დარღვევით წარმართვის შესაძლო ფაქტზე ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ) ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე (სსიპ „იუსტიციის სახლის“ ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის უფროსის თანამდებობა) აღდგენა, გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე (ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის დღემდე) იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ყოველთვიური ხელფასის _ 2 500 ლარის (დარიცხული) გათვალისწინებით).

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 14 იანვრიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ იურიდიული სამსახურის უფროსად. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 2 500 ლარს თვეში. შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მის მიმართ რაიმე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა არ გამოყენებულა, როგორც სიტყვიერად, ისე _ წახალისების სახით (ინდივიდუალური პრემია) დამსაქმებელი გამოხატავდა კმაყოფილებას დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოს მიმართ. 2014 წლის 2 ივნისს, დისციპლინური გადაცდომის მოტივით დასაქმებულთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2014 წლის 25 აპრილის დასკვნა. აღნიშნული დასკვნა და სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ გამოცემული ბრძანება არის უკანონო. დასკვნის თანახმად, სსიპ „იუსტიციის სახლში“ სტაჟირების პროცესი წარიმართა კანონდარღვევით, რისი მიზეზიც მოსარჩელის მიერ არასწორი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და სავალდებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოუმზადებლობა იყო. მოსარჩელემ სრულად უზრუნველყო სტაჟირების პროცესი კანონით დადგენილი წესით, მას არასწორი კონსულტაცია არ გაუწევია, ასევე, ადგილი არ ჰქონია სავალდებულო აქტების მოუმზადებლობას. „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 18.06.2014 წლის #410 დადგენილების მიღებამდე მოქმედ კანონმდებლობაში სტაჟირების ზოგადი დეფინიცია არ არსებობდა. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სტაჟირების წესი, პირობები, სტაჟიორად მიღებისა და სტაჟირების შეწყვეტის საკითხები მოწესრიგებული იყო დაწესებულების ხელმძღვანელთა ინდივიდუალური აქტებით. სტაჟირებასთან დაკავშირებული ურთიერთობა ითვალისწინებს პირის შრომით ურთიერთობაში ჩართვას (ანაზღაურებით ან მის გარეშე) მისი სწავლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება-გაუმჯობესების მიზნით და თავისი შინაარსით ახლოს დგას შრომით და ასევე, სწავლებასთან დაკავშირებულ (მომსახურების გაწევა) ხელშეკრულებებთან. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო სამსახურად, არამედ სასამართლოს მიერ იგი განმარტებულია კერძო სამართლებრივ (შრომით) ურთიერთობად, ისევე, როგორც სწავლების ხელშეკრულება, არის კერძო სამართლებრივი ურთიერთობა. მისი წარმოშობის უმთავრესი საფუძველია გარიგება. შრომითი და განათლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა წარმოიშობა ხელშეკრულების (ორმხრივი გარიგების) საფუძველზე. გარიგება ფორმასავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულს ითვალისწინებს კანონი, ან ამას მოითხოვენ მხარეები. სტაჟირებასთან დაკავშირებული ურთიერთობის წარმოშობისათვის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე ფორმას. კერძო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოსაშობად, კანონი მით უმეტეს არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული აქტის გამოცემას. ორი ხელშეკრულების (შრომითი, განათლების) კომპილაციით მიღებული ურთიერთობა (ატიპიური ხელშეკრულება), ასევე, წმინდა კერძო სამართლებრივია და მის წარმოსაშობად, შესაცვლელად ან შესაწყვეტად საჭირო არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არამედ, საკმარისია მხარეთა შეთანხმება არსებით პირობებზე. აღნიშნულის საფუძველზე, ადამიანური რესურსების სამსახურისთვის მოსარჩელის მიერ მიცემული კონსულტაცია, რომ სტაჟირება შეიძლება გაფორმებულიყო როგორც ბრძანებით (რომელიც არ იყო მოაზრებული როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ _ გარიგება), ასევე, მხარეთა შეთანხმებით (ხელშეკრულებით), _ არის სწორი. მოსარჩელეს არ ჩაუდენია დისციპლინური გადაცდომა _ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისადმი გულგრილი დამოკიდებულება. დასკვნაში მითითებული არგუმენტი, რომ სტაჟირების შესახებ აქტის გამოცემა არ შედიოდა აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებაში, რადგან ამის შესახებ არ იყო მითითებული დამსაქმებლის დებულებაში (მისი უფლებამოსილების ჩამონათვალში), სამართლებრივ არგუმენტსაა მოკლებული. დასაქმებულმა აღმასრულებელი დირექტორისგან მიიღო დავალება, შეემუშავებინა სტაჟირების შესახებ დებულების პროექტი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტი (მინისტრი ამტკიცებს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესსა და სტაჟიორის ანაზღაურების ოდენობას) შეეხებოდა მხოლოდ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს და არა სსიპ-ებს. სამინისტროს დებულებაში (2013 წლის ოქტომბერში მოქმედი რედაქცია) ზემოაღნიშნული ნორმა იყო ბუნდოვანი და არსებობდა მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ შემდგომში, დებულებაში- ჩანაწერის „იუსტიციის სამინისტროს სისტემაში“ ნაცვლად, მიეთითა _ „იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში“. დამსაქმებლის მხრიდან მოსარჩელისათვის სახდელის დაკისრება დისკრიმინაციული მიდგომის მანიშნებელია, გარდა ამისა, არსებობს სადავო ბრძანების გაუქმების ისეთი საფუძვლები, როგორიცაა ბრძანების გამოცემის ვადის დარღვევა და მისი დაუსაბუთებლობა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს, კერძოდ:

i პირველი მოპასუხის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნით დადასტურებულად ჩაითვალა სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის ნ.ჩ–ას, იურიდიული სამსახურის უფროს ქ.კ–ძისა და ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დირექტორ ა.გ–ძის მხრიდან შინაგანაწესით გათვალისწინებული, დასაქმებულის საქმიანობის სპეციალური მარეგულირებელი კანონმდებლობისა და სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, აღმასრულებელი დირექტორი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო გენერალური ინსპექციის, დასკვნის საფუძველზე, იურიდიული სამსახურის უფროს ქ.კ–ძესთან და ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დირექტორთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა „სსიპ იუსტიციის სახლის შინაგანაწესის“ 30-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, მის მიერ ჩადენილი მძიმე გადაცდომის გამო, რაც გამოიხატა სტაჟიორების მიღების გაფორმებით და „სსიპ იუსტიციის სახლში სტაჟირების წესის შესახებ“ აღმასრულებელი დირექტორის 18.10.2013 წლის #414/ს ბრძანების გამოცემაში, მინისტრის საკანონმდებლო აქტის პროექტის მოუმზადებლობაში. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის #541 ბრძანებულების მე-5 მუხლის „ც“ ქვეპუნქტის თანახმად, იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილებას განეკუთვნება სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესისა და სტაჟიორის ანაზღაურების განსაზღვრა, შესაბამისად, სსიპ „იუსტიციის სახლში“ სტაჟირების გავლის წესი უნდა განხორციელებულიყო იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, როგორც ეს მოხდა სხვადასხვა სსიპ-ში. სსიპ „იუსტიციის სახლში“ სტაჟირების წესის დადგენა, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე არ განხორციელებულა. მიუხედავად სტაჟირების წესის არარსებობისა, სსიპ „იუსტიციის სახლმა“ გამოაცხადა კონკურსი სტაჟიორების მიღებასთან დაკავშირებით, რაც განახორციელა 2013 წლის სექტემბრიდან, შესაბამისი პროცესის მარეგულირებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გარეშე, ხოლო, 2013 წლის 18 ოქტომბერს, აღმასრულებელი დირექტორის #414/ს ბრძანებით -დამტკიცებულ იქნა სსიპ „იუსტიციის სახლში“ სტაჟირების წესი, რაც ითვალისწინებდა სტაჟიორების შერჩევას გასაუბრება-ტესტირების გზით. აღნიშნული წესით, სტაჟირების ვადა განისაზღვრა მინიმუმ 2-3 თვით. სსიპ „იუსტიციის სახლში“ სტაჟიორთა მიღება განხორციელდა ქაოსურად. არსებული დოკუმენტაციით შეუძლებელია, გაირკვეს, რომელი სტაჟიორი რა თარიღიდან და რა ვადით იქნა მიღებული სტაჟირებაზე. „სსიპ იუსტიციის სახლის დებულების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღმასრულებელი დირექტორი, იუსტიციის სახლის სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს. შესაბამისად, აღმასრულებელ დირექტორს უნდა გამოეცა შესაბამისი აქტი სტაჟიორად დანიშვნის შესახებ, სადაც მითითებული იქნებოდა სტაჟირების ვადა და სხვა პირობები. ერთადერთი დოკუმენტი, რაც იუსტიციის სახლში მოიპოვება, არის „სტაჟიორთა ვალდებულებები“, რომელშიც არც სტაჟირების ვადა და არც სხვა პირობებია მითითებული, აღნიშნული დოკუმენტი არ არის სათანადო წესით რეგისტრირებული, არ აქვს თარიღი, ნომერი, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და, შესაბამისად, არ შეიძლება განხილულ იქნას იუსტიციის სახლის სახელით გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტად. მოსარჩელის მტკიცება, რომ სტაჟიორთა მისაღებად არ იყო სავალდებულო რაიმე აქტის გამოცემა, არამედ, მხოლოდ მხარეთა ნება იყო საკმარისი, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. „სსიპ იუსტიციის სახლის დებულების“ 23-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, იურიდიული სამსახურის ფუნქციას განეკუთვნება იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა. მოსარჩელის მიერ გაწეული კონსულტაცია სტაჟიორებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დასაშვებობის თაობაზე, ეწინააღმდეგება მოქმედ შრომის კანონმდებლობას. სტაჟირება ხორციელდებოდა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების გარეშე, შესაბამისად, იგი შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ვერ შეფასდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს #148 ბრძანებით დამტკიცებულ „სსიპ იუსტიციის სახლის დებულებაში“ მოცემულია სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებათა ჩამონათვალი, სადაც გათვალისწინებული არ არის იუსტიციის სახლში სტაჟირების წესის განსაზღვრის უფლებამოსილება. დებულების 23-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იურიდიული სამსახურის ფუნქციას მიეკუთვნება ინდივიდუალურსამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება. მან შეადგინა „სსიპ იუსტიციის სახლში სტაჟირების წესის შესახებ“ ინდივიდუალურსამართლებრივი აქტის პროექტი, რომლის გამოცემა განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის _ აღმასრულებელი დირექტორის მიერ, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან. არასწორია მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სსიპ „იუსტიციის სახლი“ არ შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და სამინისტროს დებულების კონკრეტული ნორმა (მე-5 მუხლის „ც“ ქვეპუნქტი) არის ბუნდოვანი. სამინისტროს დებულების (2013 წლის ოქტომბერში მოქმედი რედაქცია) მე-4 თავში მოცემულია სამინისტროს სისტემის შემადგენლობა, სადაც მე-10 თავის „პ“ ქვეპუნქტი პირდაპირ მიუთითებს „იუსტიციის სახლს“, როგორც იუსტიციის სამინისტროს სისტემის ნაწილს. „სსიპ იუსტიციის სახლის დებულების“ 23-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიულ სამსახურს ეკისრება ვალდებულება, განახორციელოს „იუსტიციის სახლის“ საქმიანობასთან დაკავშირებული ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფების და ფილიალების დროული ინფორმირება. მოსარჩელე არ იყო ჩართული იუსტიციის სახლის ყოველდღიურ საქმიანობაში, ის სრულყოფილად არ იცნობდა იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, რისი დასტურიცაა მის მიერ სტაჟირების გავლის წესის შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება. იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე უნდა მომხდარიყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ სტაჟირების წესის დამტკიცება. დასაქმებულს უნდა მოემზადებინა შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი, რაც მოსარჩელის მტკიცებით, არ წარმოადგენდა მის ვალდებულებას. მოსარჩელის მიერ მძიმე გადაცდომის ჩადენა გამოიხატა იურიდიული სამსახურისათვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაში და ზოგი ვალდებულების შეუსრულებლობაში, იმ ქმედების განხორციელებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დამსაქმებლის ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და რეპუტაციას, დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევაში, რამაც განაპირობა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა;

ii მეორე მოპასუხის განმარტებით, 2014 წლის 27 იანვარს, სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება სსიპ „იუსტიციის სახლში“ სტაჟირების პროცესის კანონმდებლობის დარღვევით წარმართვის შესაძლო ფაქტზე. შემოწმებას საფუძვლად დაედო რეგიონებში არსებული სსიპ „იუსტიციის სახლის“ ფილიალების გეგმიური შემოვლის დროს, საქართველოს იუსტიციის მინისტრისათვის მიწოდებული ცნობები სტაჟირების პროცესის კანონმდებლობის დარღვევით წარმართვის შესაძლო ფაქტებზე. თელავის იუსტიციის სახლის ყოფილმა სტაჟიორმა (თ.მ–მა) იუსტიციის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გენერალურმა ინსპექციამ ახსნა-განმარტება ჩამოართვა თელავისა და თბილისის იუსტიციის სახლის 68 სტაჟიორს, რომელთაგან 10 სტაჟიორი იუსტიციის სახლში საქმიანობას შეუდგა 2013 წლის სექტემბერში, 16 _ ოქტომბერში, 21 _ ნოემბერში. ისინი ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის მომენტისთვისაც აგრძელებდნენ სტაჟირებას. დადგინდა, რომ სტაჟირების კანდიდატებმა გაიარეს 2-3 ეტაპიანი კონკურსი, რის შემდეგაც, ყოველგვარი სამართლებრივი დოკუმენტაციის გარეშე შეუდგნენ იუსტიციის სახლში სტაჟირებას. არ არსებობდა კონკურსანტების შეფასებათა ამსახველი და მათი სტაჟიორებად მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა გაიარა კონსულტაცია იურიდიული სამსახურის უფროსთან და მისგან იცოდნენ, რომ ამ დოკუმენტაციის შედგენა არ იყო სავალდებულო. მოსარჩელის განმარტებით, მასთან კონსულტაცია გაიარა ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დირექტორმა, რომელსაც განუმარტა, რომ სტაჟიორების მიღება შეიძლებოდა, როგორც ბრძანების გამოცემით, ისე ხელშეკრულების დადების გზით. იუსტიციის სახლის დებულებით, სტაჟიორის დანიშვნა ხდება აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით. იუსტიციის სახლის აღმასრულებელ დირექტორს არ ჰქონდა უფლებამოსილება, გამოეცა ბრძანება „სსიპ იუსტიციის სახლში სტაჟირების წესის შესახებ“. მოსარჩელე კი, ადასტურებს აღნიშნული ბრძანების პროექტის მის მიერ მომზადების ფაქტს და ამავე დროს, ხსენებულ ბრძანებას მიიჩნევს იურიდიული ძალის მქონედ. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის #541 ბრძანებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრი „ამტკიცებს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესსა და სტაჟირების ანაზღაურების ოდენობას“. „სსიპ იუსტიციის სახლის დებულების“ 23-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იურიდიული სამსახურის ფუნქციას მიეკუთვნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, დასაქმებულის მიერ მომზადებულ იქნა ბრძანების პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულების დანაწესს, რადგან იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და არა იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი. სსიპ „იუსტიციის სახლი“ შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში. მოსარჩელეს ევალებოდა „იუსტიციის სახლში სტაჟირების გავლის წესის“ პროექტის, უფლებამოსილი პირის (იუსტიციის მინისტრის) ხელმოსაწერად მომზადება და არა _ მთელ სისტემაში ამ საკითხის მარეგულირებელი აქტის პროექტის მომზადება. მოსარჩელემ დაარღვია დამსაქმებლის საქმიანობის სპეციალური მარეგულირებელი კანონმდებლობა, მან არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობები, რაც გამოიხატა იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტის პროექტის მოუმზადებლობასა და მისი მიღების პროცესში მონაწილეობის მიუღებლობაში, „იუსტიციის სახლში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2013 წლის 18 ოქტომბრის #414/ს ბრძანების პროექტის შედგენისას კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფაში, სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის არასწორი კონსულტაციების მიცემასა და იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მონიტორინგის განუხორციელებლობაში. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების ხანგრძლივობა შეესაბამება „გენერალური ინსპექციის დებულების“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ 3-თვიან პერიოდს. რაც შეეხება გენერალური ინსპექციის დასკვნის სსიპ იუსტიციის სახლისათვის 2014 წლის 24 მაისს გადაგზავნას, „დებულების“ შესაბამისად, აღნიშნული კონკრეტული ვადით შეზღუდული არ არის. გასაჩივრებული დასკვნა არ შეიძლება ჩაითვალოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. იგი წარმოადგენს სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს, რომელიც შედგენილია სსიპ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მიერ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დასაქმებულის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ არ დაკმაყოფილდა, ხოლო, სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 2 ივნისის #178/კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და სსიპ „იუსტიციის სახლს“ ქ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის _ 55 000 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო სასამართლოს შეგებებული საკასაციო საჩივრით მომართა დასაქმებულმაც, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო/შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. თავდაპირველი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2013 წლის 14 იანვრიდან 2014 წლის 3 ივნისამდე მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა სსიპ „იუსტიციის სახლთან“. იგი დასაქმებული იყო სსიპ „იუსტიციის სახლის“ იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და თანამდებობრივი სარგო შეადგენდა თვეში 2 560 ლარს;

1.2.2. სსიპ „იუსტიციის სახლის“ იურიდიული სამსახურის ფუნქციებს წარმოადგენდა:

- წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

- იუსტიციის სახლის სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა და შრომითი ხელშეკრულებებისა) მომზადება და რეგისტრაცია, სამართლებრივი ექსპერტიზა და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება;

- იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი მიღების პროცესში ჩართულობა;

- იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

- იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ფილიალების დროული ინფორმირება;

- იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა და სხვა;

1.2.3. სსიპ „იუსტიციის სახლში“ მუშაობის პერიოდში დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ზომა არ გამოყენებულა, პირიქით, მის მიმარ გამოყენებული იყო წახალისების ღონისძიება (ინდივიდუალური პრემია, რაც შეადგენდა თანამდებობრივი სარგოს 100%-ს), რაც ასევე მიიღო თანამშრომელთა საერთო რაოდენობის 8%-მა, ასევე, გაცემულ იქნა საყოველთაო პრემია აღდგომისა და საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით;

1.2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2014 წლის 25 აპრილის #06.2014 დასკვნის თანახმად, სსიპ „იუსტიციის სახლის“ იურიდიული სამსახურის უფროსის მხრიდან ადგილი ჰქონდა სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის 2013 წლის 14 მარტის #11/ს ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ იუსტიციის სახლის შინაგანაწესის“ 29-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული - დამსაქმებლის საქმიანობის სპეციალური მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ჩადენასა და სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას, კერძოდ, იურიდიული სამსახურის უფროსმა დაარღვია „სსიპ იუსტიციის სახლის დებულების“ 23-ე მუხლის „ა“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების მოთხოვნები, რაც გამოიხატა იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტის მოუმზადებლობასა და მისი მიღების პროცესში მონაწილეობის მიუღებლობაში, ასევე, „იუსტიციის სახლში სტაჟირების წესის შესახებ“ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2013 წლის 18 ოქტომბრის #414/ს ბრძანების პროექტის შედგენისას კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულვებელყოფაში, სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის არასწორი კონსულტაციის მიცემასა და იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებზე მონიტორინგის განუხორციელებლობაში. გენერალური ინსპექციის დასკვნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სსიპ იუსტიციის სახლის იურიდიული სამსახურის უფროსისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება;

1.2.5. 2014 წლის 2 ივნისს დამსაქმებელმა გამოსცა #178/კ ბრძანება, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის იურიდიული სამსახურის უფროს ქ.კ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ“, რომლითაც, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2014 წლის 3 ივნისიდან. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2014 წლის 25 აპრილით დათარიღებული დასკვნა, რომელიც შემდგომი რეაგირებისათვის სსიპ „იუსტიციის სახლში“ გაიგზავნა 2014 წლის 24 მაისის წერილით. ბრძანების თანახმად, ქ.კ–ძე, როგორც იურიდიული სამსახურის უფროსი, პასუხისმგებელია „იუსტიციის სახლის დებულების“ 23-ე მუხლით განსაზღვრული იურიდიული სამსახურის ფუნქციების შეუსრულებლობის გამო. ქ.კ–ძემ არ უზრუნველყო იურიდიული სამსახურის რიგი ფუნქციების განხორციელება: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი მიღების პროცესში მონიტორინგი და მათ შესახებ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფების და ფილიალების დროული ინფორმირება; იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა. ყოველივე ეს იყო არასწორი და სისტემური, ვინაიდან მან გამოიწვია მრავალი ადამიანის მიმართ სამართლებრივი თვალსაზრისით არასწორი მოპყრობა. დარღვევის გამოვლენის შემდეგაც, იურიდიული სამსახურის უფროსს არ მიუღია რაიმე ზომა დაშვებული შეცდომებისა და შექმნილი პრობლემის გამოსასწორებლად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელესთან, როგორც იურიდიული სამსახურის უფროსთან, შრომითი ურთიერთობის გაგრძელება. ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი და 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი, „სსიპ იუსტიციის სახლის შინაგანაწესის“ 29-ე მუხლის „ა“, „ბ“, „დ“ და „მ“ ქვეპუნქტები;

1.2.6. უდავოა, რომ:

- დასაქმებულმა სტაჟირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაცია გაუწია ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დირექტორს, რომელსაც განუმარტა, რომ სტაჟიორების მიღება შეიძლებოდა, როგორც ბრძანების გამოცემით, ისე _ ხელშეკრულების დადების გზით;

- მოსარჩელემ მოამზადა „სსიპ იუსტიციის სახლში სტაჟირების წესის შესახებ“ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2013 წლის 18 ოქტომბრის #414/ს ბრძანების პროექტი;

1.2.7. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება აპელანტის მხრიდან შესასრულებელი სამუშაოსადმი გულგრილი დამოკიდებულების გამოვლენა;

1.2.8. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2013 წლის 14 მარტის #11/ს ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 30-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოდან დათხოვნა, როგორც პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა, გამოიყენება თუ დასაქმებულის მხრიდან დისციპლინარულ გადაცდომას სისტემატური ხასიათი აქვს, ან ჩადენილია მძიმე გადაცდომა, რომელიც მიუთითებს შესასრულებელი სამუშაოსადმი დასაქმებულის გულგრილ დამოკიდებულებაზე;

1.2.9. 2014 წლის 27 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება სსიპ „იუსტიციის სახლში“ სტაჟირების პროცესის კანონმდებლობის დარღვევით წარმართვის შესაძლო ფაქტზე. გენერალური ინსპექციის 2014 წლის 25 აპრილის დასკვნით დადგინდა ქ.კ–ძის მხრიდან სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტი. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოცემული სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 2 ივნისის ბრძანებით ქ.კ–ძესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება 2014 წლის 3 ივნისიდან. ხსენებული ბრძანების თანახმად, გენერალური ინსპექციის 2014 წლის 25 აპრილის დასკვნა სსიპ „იუსტიციის სახლს“ გადაეგზავნა 2014 წლის 24 მაისს. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2013 წლის 14 მარტის #11/ს ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება დარღვევის გამომჟღავნებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს აღმოჩენიდან ერთი თვისა. დარღვევის აღმოჩენის დღედ მიიჩნევა ის დღე, როდესაც უშუალო ხელმძღვანელისთვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო გადაცდომის შესახებ. ამდენად, მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების ერთთვიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო გენერალური ინსპექციის მიერ დასკვნის შედგენიდან, როდესაც აპელანტის უშუალო ხელმძღვანელი შეიტყობდა გადაცდომის შესახებ. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის #389 დადგენილების მე-10 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, იუსტიციის სახლი წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. იმავე დადგენილების მე-11 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გენერალური ინსპექცია იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია. 22-ე მუხლის თანახმად კი, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილებები ვრცელდება როგორც სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ისე _ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირებზეც, ამდენად, რადგანაც, როგორც სსიპ „იუსტიციის სახლი“, ისე _ გენერალური ინსპექცია ერთ ბიუროკრატიულ სტრუქტურაში შემავალი ორი რგოლია, მათ შორის დროული კომუნიკაციის არ არსებობა არ შეიძლება, ბრალად შეერაცხოს დასაქმებულს;

1.2.10. გენერალური ინსპექციის სადავო დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა, მას დამოუკიდებლად მოსარჩელისათვის რაიმე უარყოფითი შედეგი არ გამოუწვევია;

1.2.11. სსიპ „იუსტიციის სახლის“ იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობის ტოლფას თანამდებობას არ წარმოადგენს ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობა. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 მარტის #131 ბრძანებით ცვლილება შევიდა სსიპ „იუსტიციის სახლის“ დებულებაში და იურიდიულ სამსახურის, საქმისწარმოებისა და პროტოკოლის სამსახურის, ადმინისტრაციის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა ახალი, ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური. შესაბამისად, აღნიშნულმა სამსახურმა შეითავსა მასში შემავალი ძველი სამსახურების ფუნქციები. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის 2017 წლის 30 ივნისის #583/კ ბრძანებით დასტურდება, რომ იუსტიციის სახლის ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის თანამდებობა არ არის ვაკანტური.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის (დამსაქმებელი) პრეტენზიებს და განმარტავს, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის (დამსაქმებლის შინაგანაწესის 29-ე მუხლის „ა“, „ბ“, „დ“ და „მ“ ქვეპუნქტები) მიზნებისათვის დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო, დაედასტურებინა დასაქმებულის მხრიდან შრომითი მოვალეობების იმგვარი დარღვევა, რომელიც გაამართლებდა შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლას, ამ მხრივ, პალატამ მტკიცების ტვირთი სწორად დააკისრა დამსაქმებელს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებს შრომითი მოვალეობების დარღვევის ფაქტის არარსებობის თაობაზე ვერ აქარწყლებს კასატორის პოზიცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სამართლის ნორმების არასწორად განმარტების თაობაზე, ასევე მისი, როგორც ინსტიტუტის იმიჯის შელახვის თაობაზე. ამ მხრივ, საკმარის მტკიცებულებად ვერ განიხილება გენერალური ინსპექციის დასკვნა, რადგანაც მასში აღწერილი ფაქტების კანონდარღვევად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, გაუმართლებელია დამსაქმებლის მხრიდან ე.წ „Ultima Ratio“-ს პრინციპის დარღვევა და დასაქმებულის მიმართ ყველაზე მკაცრი სახის სანქციის გამოყენება. დამსაქმებლის ქცევა არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილითა და 115-ე მუხლით განსაზღვრული უფლების გამოყენების მართლზომიერების პრინციპს და აჭარბებს მის უფლებამოსილებას, რადგანაც თანამედროვე ცივილიზაციის ეპოქაში არ შეიძლება, დამსაქმებელმა შრომითი დისციპლინა ინდივიდუალური დასაქმების სამაგალითო დასჯაზე დაამყაროს, არამედ მას ევალება მენეჯერული მართვა განახორციელოს კანონით გარანტირებული პრინციპების გათვალისწინებით. სადავო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების შესაფასებლად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს შრომის კანონმდებლობისათვის დამახასიათებელი პრინციპებით, როგორიცაა: მხარეთა თანასწორობა, დისკრიმინაციის აკრძალვა (იხ. შკ-ის მე-2 მუხლი), ასევე, ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ დამსაქმებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. თანამედროვე ევროპული სტანდარტებისა და გამოცდილების შესწავლის საფუძველზე, პალატა ასკვნის, რომ სწორად ორგანიზებული და ფუნქციონირებადი საჯარო სამსახური არის დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისა და ეფექტური მმართველობის განხორციელების წინაპირობა. ამგვარი სისტემის ჩამოყალიბება შეუძლებელია სამართლებრივი და ინსტიტუციონალური გარემოს გაუმჯობესების, მიკერძოებულობის, არაეთიკური ქცევის დაუშვებლობისა და დისკრეციის გარეშე. საზოგადოების თანამონაწილეობის ხარისხი და მასშტაბი მმართველობის განხორციელებაში დიდწილად არის დამოკიდებული სახელმწიფოსადმი, მისი ინსტიტუტებისადმი ნდობის, რწმენის ხარისხზე. მოსახლეობის ნდობის კოეფიციენტს კი, რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის, გამჭვირვალობა, კანონიერება, პროფესიონალიზმის დაფასება, ხელშეწყობა, წახალისება, ობიექტურობა და ა.შ. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას დამსაქმებლის ცალმხრივი ნების მართლწინააღმდეგობრიობის შესახებ (სკ-ის 54-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად მოიძია და განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი. იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის უდავოა ის გარემოება, რომ სარჩელით მოთხოვნილ ტოლფას თანამდებობაზე დასაქმებულია სხვა პირი, ამასთან, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობს მოსარჩელის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობა, პალატა შეფასების გარეშე ტოვებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას ტოლფასი თანამდებობის არარსებობის შესახებ, რაც გამართლებულს ხდის დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრებას, ამასთან, საგულისხმოა, რომ კომპენსაცია გონივრული ოდენობითაა განსაზღვრული (გათავისუფლებიდან მოსაჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმებამდე), რის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ დამსაქმებელი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შრომითი ურთიერთობის ცალმხრივად მოშლის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. შეგებებული საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 379-ე მუხლის ბოლო წინადადებით კი, დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად საკასაციო საჩივართან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კასატორი უარს იტყვის თავის საკასაციო საჩივარზე ან საკასაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს მას, მაშინ შეგებებული საკასაციო საჩივარიც იმავე სამართლებრივ ბედს გაიზიარებს. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი, როგორც ძირითადი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო, შეგებებული საკასაციო საჩივარიც, მისი პროცესუალური ბუნებიდან გამომდინარე, დაუშვებლობის მოტივით განუხილველად დატოვებას ექვემდებარება (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: №ას-127-470-07, 30 აპრილი, 2007 წელი; №ას-1004-925-2017, 10 ნოემბერი, 2017 წელი).

3. სასამართლო ხარჯები:

ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70-70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე, 391-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „იუსტიციის სახლის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. ქ.კ–ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. კასატორ სსიპ „იუსტიციის სახლს“ (ს/კ #....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 16.03.2018წ. #04491 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 750 ლარის 70% _ 1 925 ლარი.

4. კასატორ ქ.კ–ძეს (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 23.04.2018წ. #11 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ნ. ბაქაქური