საქმე №ას-543-543-2018 22 თებერვალი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ნ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ვ.ნ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპეანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინაარმდეგე მხარე, კასატორი, ცენტრი ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის 2015 წლის 8 ივნისის #88 ბრძანების (შემდგომში _ გათავისუფლების შესახებ ბრძანება) ბათილად ცნობა, ცენტრის ნ–ოს ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის სახით თვეში 175 ლარის ანაზღაურება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლის 5 იანვარს 2010 წლის 31 მაისამდე მხარეთა შორის გაფორმდა #20 შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დაინიშნა ცენტრის ნ–ოს ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მოსარჩელემ გააგრძელა საქმიანობა ამავე პოზიციაზე 2015 წლის 8 ივნისამდე. 2015 წლის 16 ივნისს მას ჩაბარდა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე სადავო ბრძანება. აღნიშნული ბრძანება არ შეიცავდა შრომითი ურთიერთოობის მოშლის დასაბუთებას, ამიტომ 2015 წლის 20 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა გათავისუფლების წერილობითი დასაბუთება. დამსაქმებლის #41 წერილით მას განემარტა, რომ დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო, საფუძვლად ცენტრმა მიუთითა 2010 წლის 5 იანვარს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 4.1. ქვეპუნქტის დარღვევა (უთანხმოება დასაქმებულსა და მის თანამშრომლებს შორის), ასევე, 2015 წლის 9 მაისს ფილიალში ჩატარებული ღონისძიების არაორგანიზებულობა, რაც უსაფძვლოა და ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელესთან ხელშეკრულება მოიშალა დასაქმებულის მიერ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, კერძოდ, 2015 წლის 9 მაისს სოფელ ნ–ში დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდა ხარვეზებით, ფილიალში იყო უწესრიგობა. ამასთან მოსარჩელეს თანამშრომლებთან ჰქონდა სისტემატური უთანხმოება, რის თაობაზე არაერთხელ მიეცა გაფრთხილება და განემარტა მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები. შრომითი ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, დაქირავებულის საქმიანობა წარმოადგენს ძირითად საქმიანობას. სამუშაო დროის ფარგლებში სხვა ორგანიზაციაში საქმიანობა შეთავსებით დაქირავებულს შეუძლია მხოლოდ დამქირავებლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. მოსარჩელე ასევე მუშაობდა ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის წრის ხელმძღვანელად.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გაადწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2015 წლის 8 ივნისის #88 ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა ცენტრის ნ–ოს ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე, დამსქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2015 წლის 8 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 180 ლარის ოდენობით, მასვე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 553.60 ლარის, ხოლო, მოსარჩელის სასარგებლოდ _ 150 ლარის გადახდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძველები და მიიჩნვს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):
1.1.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის საკასაციო საჩივარი პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო, დანარჩენ ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად, შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებიც მხოლოდ ხარჯების განსაზღვრის კანონიერებას შეეხება.
1.1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), სასამართლო იმსჯელებს კასატორის შემდეგი პრეტენზიების საფუძვლიანობაზე:
1.1.3. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაცია, ცენტრი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ;
1.1.4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და დავის საგნის ფასი განსაზღვრა 3 წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, რაც არასწორია, რადგანაც დასაქმებულის გათავისუფლებიდან არ იყო გასული სამი წელი, ის გათავისუფლდა 2015 წლის 8 ივნისს და ხელფასი შეადგენდა 180 ლარს, შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება 5 400 ლარს, ხოლო ამ თანხის 4% _ 216 ლარს შეადგენდა. სააპელაციო პალატამ კი, ნაცვლად ხსენებულისა, დავის საგნის ღირებულება განსაზღვრა 6 480 ლარით, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობა _ 553,60 ლარით, რაც არასწორია.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი, სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1.2.1. მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა 2015 წლის 8 ივნისიდან;
1.2.2. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 180 ლარს;
1.2.3. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2015 წლის 31 ივლისს, სააპელაციო საჩივარი კი _ 2016 წლის 30 დეკემბერს;
1.2.4. დასაქმებულის მოთხოვნას წარმოადგენდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;
1.2.5. პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას მოსარჩელეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო, სააპელაციო საჩივარზე მან ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა 150 ლარი.
1.2.6. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად (საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან), მოსარჩელე შრომის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან;
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო წესების დარღვევის თვალსაზრისით საკასაციო საჩივრის წარმატებას განაპიროებებს კასატორის მხრიდან არა მხოლოდ ამ დარღვევაზე მითითება, არამედ, სასამართლომ უნდა დაადგინოს შედეგობრივად იქონია თუ არა გავლენა გადაწყვეტილების კანონიერებაზე ამ დარღვევამ.
1.3.2. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პოზიციას, რომ ის სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ კანონის საფუძველზეა გათავისუფლებული. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ყველა საქმეზე თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დასახელებული ნორმის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ორგანიზაციის გათავისუფლების უალტერნატივო წინაპირობაა ის გარემოება, რომ ორგანიზაციის დაფინანსების ერთადერთ წყაროს უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო ბიუჯეტი. საქმეში წარმოდენილი ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წესდების 5.15 პუნქტის თანახმად, ცენტრის საქმიანობის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა შესაძლებელია მოხდეს დამფუძნებლის დაფინანსებით, მიზნობრივი, საქველმოქმედო ან ნებაყოფლობითი შენატანებით, საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლებით და სხვა ნებისმიერი წყაროდან მიღებული შემოსავლებით, რომელიც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით. წესდებით გათვალისწინებული მითითებული დაშვებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი ორაგანიზაცია, გარდა სახელმწფიფო ბიუჯეტისა, შეიძლება დაფინანსებას სხვა წყაროდანაც იღებდეს, ამასთანავე, არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც ამგვარი შემოსავლის მიღებას გამორიცხავს, შესაბამისად, კასატორის ხსენებული არგუმენტი უსაფუძვლოა.
1.3.3. რაც შეეხება უშუალოდ დაკისრებული თანხის ოდენობასა და მისი გამოთვლის წესს, პალატა ამ ნაწილში იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „კ“ ქვეპუნქტების, ასევე, მე-2 ნაწილის დისპოზიციაზე, რომელთა თანახმადაც, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. 4 000 ლარს შეადგენს იმ სარჩელის ფასი, როდესაც შეუძლებელია მისი დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა. თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.
1.3.4. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ გათავისუფლებიდან სარჩელის აღძვრამდე გასული პერიოდი შეადგენს 2 თვეს, შესაბამისად, ქონებრივი თვალსაზრისით პირველი ინსტანციის წესით განხილვისას დავის საგნის ღირებულება უნდა შეფასებულიყო 4 000 ლარით, რომელიც აღემატება ქონებრივი დავის ღირებულებას (180X2), ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა განსაზღვრულიყო ამ თანხის 3%-ით _ 120 ლარით, რომელიც გადავადებული აქვს მოსარჩელეს. სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის დასაქმებულის გათავისუფლებიდან გასული იყო 18 თვე, შესაბამისად, სააპელაციო საჩვრის ღირებულება ასევე უნდა განსაზღვრულიყო 4 000 ლარით, რადგანაც არც ამჯერად აღემატებოდა ქონებრივი დავის ღირებულება კანონით გათვალისწინებულ ოდენობას (180X18), ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟი, ზემოხსენებული ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად _ 160 ლარით, საიდანაც 150 ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ჰქონდა აპელანტს.
1.3.5. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლებზე და მათი ანალიზის შედეგად განმარტავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებულ მხარეს ეკისრება იმ ხარჯების გადახდა, რომელიც წინასწარ იყო გაღებული. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, წაგებული მხარე გათავისუფლებულია თუ არა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. რაც შეეხება ბიუჯეტს, წაგებულ მხარეს, თუ ის არ არის ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებული, ეკისრება მის წინააღმდეგ მიმართული მოთხოვნის პროპორციულად იმ ხარჯის გადახდა, რომლისგანაც გათავისუფლებული იყო მოსარჩელე. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო პალატამ სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნები, მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადავადებული ბაჟის სახით 120 ლარის, ხოლო, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟიდან დამატებით 10 ლარის გადახდა.
1.3.6. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილ 150 ლარს, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და იგი სწორად დაეკისრა დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ.
1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორების ნაწილში აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ვინაიდან არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები) თანახმად თავად იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე: ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 130 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
2.1. კასატორ ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს (ს/კ #426521784) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს 130 ლარის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე