Facebook Twitter

საქმე №ას-543-543-2018 11 იანვარი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ნ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ვ.ნ–მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპეანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინაარმდეგე მხარე, კასატორი, ცენტრი ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის 2015 წლის 8 ივნისის #88 ბრძანების (შემდგომში _ გათავისუფლების შესახებ ბრძანება) ბათილად ცნობა, ცენტრის ნ–ოს ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის სახით თვეში 175 ლარის ანაზღაურება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლის 5 იანვარს 2010 წლის 31 მაისამდე მხარეთა შორის გაფორმდა #20 შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დაინიშნა ცენტრის ნ–ოს ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მოსარჩელემ გააგრძელა საქმიანობა ამავე პოზიციაზე 2015 წლის 8 ივნისამდე. 2015 წლის 16 ივნისს მას ჩაბარდა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე სადავო ბრძანება. აღნიშნული ბრძანება არ შეიცავდა შრომითი ურთიერთოობის მოშლის დასაბუთებას, ამიტომ 2015 წლის 20 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა გათავისუფლების წერილობითი დასაბუთება. დამსაქმებლის #41 წერილით მას განემარტა, რომ დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო, საფუძვლად ცენტრმა მიუთითა 2010 წლის 5 იანვარს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 4.1. ქვეპუნქტის დარღვევა (უთანხმოება დასაქმებულსა და მის თანამშრომლებს შორის), ასევე, 2015 წლის 9 მაისს ფილიალში ჩატარებული ღონისძიების არაორგანიზებულობა, რაც უსაფუძვლოა და ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელესთან ხელშეკრულება მოიშალა დასაქმებულის მიერ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, კერძოდ, 2015 წლის 9 მაისს სოფელ ნ–ში დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდა ხარვეზებით, ფილიალში იყო უწესრიგობა. ამასთან მოსარჩელეს თანამშრომლებთან ჰქონდა სისტემატური უთანხმოება, რის თაობაზე არაერთხელ მიეცა გაფრთხილება და განემარტა მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები. შრომითი ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, დაქირავებულის საქმიანობა წარმოადგენს ძირითად საქმიანობას. სამუშაო დროის ფარგლებში სხვა ორგანიზაციაში საქმიანობა შეთავსებით დაქირავებულს შეუძლია მხოლოდ დამქირავებლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. მოსარჩელე ასევე მუშაობდა ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის წრის ხელმძღვანელად.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გაადწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2015 წლის 8 ივნისის #88 ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა ცენტრის ნ–ოს ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე, დამსქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2015 წლის 8 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 180 ლარის ოდენობით, მასვე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 553.60 ლარის, ხოლო, მოსარჩელის სასარგებლოდ _ 150 ლარის გადახდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ მატერიალური მოთხოვნის ნაწილში იგი დაუშვებელია, ხოლო, პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში _ დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2010 წლის 5 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 31 მაისამდე, შრომის ანაზღაურება კი, ყოველთვიურად - 180 ლარით. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, დაქირავებული ახორციელებს შემდეგ სამუშაოს: გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ნ–ოს ფილიალში მენეჯერის ფუნქციას, ღონისძიებების ორგანიზებულად ჩატარებისათვის ხელისშეწყობა და მოსახლეობის კულტურული და სულიერი მოთხოვნის გამოვლენა. ასევე კონცერტების, გასართობი და შემეცნებითი, შოუ და სხვა სახის პროგრამებისა და პროექტების მომზადება, უშუალო მონაწილეობის მიღება კულტურის ცენტრის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში. ამავე პუნქტით, დაქირავებული წარმოადგენდა ფილიალთან არსებული წრეების მუშაობაზე და ადგილზე არსებულ კულტურის ცენტრის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე პასუხისმგებელ პირს. 4.1. პუნქტის თანახმად კი, დაქირავებულის საქმიანობა წინამდებარე კონტრაქტით, წარმოადგენდა მის (დასაქმებულის) ძირითად საქმიანობას. სამუშაო დროის ფარგლებში სხვა ორგანიზაციაში საქმიანობა შეთავსებით ან ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებულს შეეძლო მხოლოდ დამქირავებლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე;

1.2.2. 2010 წლის 5 იანვრის შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დასაქმებულმა გააგრძელა საქმიანობა დაკავებულ პოზიციაზე;

1.2.3. დამსაქმებლის #88 ბრძანებით მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2015 წლის 8 ივნისს, ამ უკანასკნელს, 2015 წლის 22 ივნისის განცხადების პასუხად, 2015 წლის 25 ივნისს ეცნობა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა შრომითი ხელშეკრულების 4.1 პუნქტის საფუძველზე, ასევე, თანამშრომლებთან მუდმივი უთანხმოებისა და 2015 წლის 9 მაისის ღონისძიების არაორგანიზებულად ჩატარების გამო;

1.2.4. მენეჯერის თანამდებობაზე ყოფნის პარალელურად, დასაქმებული მუშაობდა ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში წრის ხელმძღვანელად;

1.2.5. დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა შრომითი ურთიერთობის მოშლის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოებების არსებობა. დასაქმებულის კონფლიქტურობა, რაც შეუძლებელს ხდიდა მასთან მუშაობას და აფერხებდა სამუშაო პროცესს, არ დასტურდება საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულებით. გარდა განმარტებისა, მოპასუხეს ასევე არ წარუდგენია სარწმუნო მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ 2015 წლის 9 მაისის ღონისძიება არაორგანიზებულად ჩატარდა და ფილიალში იყო უსუფთაობა. არც მოწმეთა ახსნა-განმარტებებიდან არ გამომდინარეობს დასკვნა მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევის შესახებ. ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი ფუნქციონერებდა იმავე შენობაში, სადაც განთავსებულია მოპასუხე ორგანიზაცია. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია დამქირავებლის წერილობითი თანხმობა პარალელურად სხვა საქმიანობის შეთავსებასთან დაკავშირებით, თუმცა, საქმის მასალებით არ დგინდება მოსარჩელის მიერ მენეჯერის მოვალეობების შესრულების შეუძლებლობა და შრომის შინაგანაწესის დარღვევა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში, შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივად გაგრძელება სწორად შეაფასა შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებად, ხოლო მისი მოშლისათვის დამსაქმებლის მიერ მითითებული საფუძვლის (შკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი) არსებობის დადგენა, სასამართლომ სწორად დააკისრა მოპასუხეს. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა მის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერება, ამ მხრივ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები შეფასებულია ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად (სსსკ-ის 105-ე მუხლი), ერთადერთი დარღვევა, რომელიც დასტურდება დასაქმებულის მიერ, შრომითი ხელშეკრულების 4.1. პუნქტით დადგენილი შეთავსებით სამუშაოზე დამსაქმებლის წინასწარი თანხმობის არარსებობაა, თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ ამ დარღვევის შედეგად შრომითი ურთიერთობის შეფერხება არ დადასტურდა, ხოლო, ამ პირობებში, დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი და უკიდურესი ღონისძიების გამოყენება _ პირის სამსახურიდან გათავისუფლება, ეწინააღმდეგება, როგორც სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის, ისე _ საერთაშორისო სამართლით დადგენილ სტანდარტებს პატივსადები მიზეზის არარსებობისას შრომითი ურთიერთობის მოშლის აკრძალვის თვალსაზრისით. ხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა/განმარტა შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი და 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი და სწორად აღადგინა პირვანდელი მდგომარეობა. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს დავის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის კანონიერების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ ნაწილში, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „კ“ ქვეპუნქტების, ასევე, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით, 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება 4 000 ლარით, ასევე დადგენილია, რომ დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდს თვეში 180 ლარს. მისი გათავისუფლებიდან საკასაციო საჩვრის შეტანამდე გასული დროის გათვალისწინებით (33 თვე) განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 5 940 ლარს და სწორედ ამ ოდენობით უნდა განისაზღვროს საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება, ხოლო, მასზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად _ 300 ლარით (5 940 ლარის 5% არ აღემატება კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ოდენობას). კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 324 ლარი, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი) მას უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 24 ლარი, ასევე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო, ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), ასევე დარჩენილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის დასაბუთება:

3.1. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ასევე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა (სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე).

3.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

3.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნას მხარეთა დაუსწრებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის საკასაციო საჩივარი პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში მიჩნეულ იქნას დასაშვებად, ხოლო, დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს (ს/კ #426521784)სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 15.05.2018წ. #00529 საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 324 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 24 ლარი, ასევე, დარჩენილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე