საქმე №ას-851-851-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ლ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა (გამყოფი კედლის დემონტაჟი)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ბ.ლ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.კ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი და კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება, მოშალოს ქ.თბილისში, ..... და ..... ქ#7-ს შორის არსებულ #1 კორპუსში მდებარე #01.10.17.042.022.01.02.501 და #01.10.17.042.022.01.502 ფართების გამყოფი კედელი.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეთა თანასაკუთრების საგანს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ..... და ..... ქ#7-ს შორის არსებულ #1 კორპუსში მდებარე 123,68 კვ.მ ფართი, რომელზეც 2013 წლის 7 მარტს მხარეებმა გააუქმეს საზიარო უფლება. აღნიშნული ფართი დაიყო ორ თანაბარ ნაწილად და თითოეულის საკუთრება განისაზღვრა 61,84 კვ.მ-ით, შესაბამისად, საჯარო რეესტრში აღირიცხა ცალკე საკადასტრო კოდებით. მოპასუხემ მოსარჩელესთან შეუთანხმებლად განახორციელა ფართების ფაქტობრივი გამიჯვნა ტიხრის აღმართვით, თუმცა ტიხარი ისე არის მოწყობილი, რომ ის არასწორად მიჯნავს მოსარჩელისა და მოპასუხის კუთვნილ ფართებს. კერძოდ, ტიხრის ადგილმდებარეობით მოპასუხეს ფაქტობრივად მიტაცებული აქვს მოსარჩელის კუთვნილი ფართის გარკვეული ნაწილი, ამასთან, ტიხრის მიღმა დარჩენილი მოსარჩელის კუთვნილი ფართი რეალურად არ შეადგენს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემის - 61,84 კვ.მ-ის შესატყვის ფართს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შედავებით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საზიარო საგნის გაუქმების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს გადაეცა ფართის ის ნაწილი, რომელიც თავად სურდა. მოსარჩელის კუთვნილ ქონებას აქვს ოთხი ფანჯარა, ხოლო მოპასუხის ფართში სინათლე მხოლოდ კარიდან შედის, რადგანაც იგი ნახევარსარდაფია. მოსარჩელეს მიღებული აქვს თბილისის არქიტექტურის სამსახურის ნებართვა ფართში შესასვლელი კარის მოსაწყობად. მან თვითნებურად მოშალა ფართში ჩასასვლელი კიბე, გარდა ამისა, მოსარჩელეს შეუძლია, მოაწყოს ფართში ალტერნატიული შესასვლელი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა სადავო ფართებს შორის მოწყობილი გამყოფი კედლის დემონტაჟი.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. თბილისში, ..... ქ#2-სა და ..... ქ#7-ს შორის მდებარე #1 კორპუსში არსებული 123,68 კვ.მ #.... უძრავი ქონება (-9,30 ნიშნული) რეგისტრირებული იყო მხარეთა თანასაკუთრებად. შემდგომში მოხდა ფართების ინდივიდუალურ საკუთრებად აღრიცხვა, კერძოდ:
ა) ქ.თბილისში, ..... ქ#2/ ..... ქ#7 მისამართზე მდებარე 61,84 კვ.მ #..... უძრავი ქონება (-9,30 ნიშნული) დარეგისტრირდა მოპასუხის საკუთრებად;
ბ) იმავე მისამართზე მდებარე 61,84 კვ.მ # ..... უძრავი ქონება (-9,30 ნიშნული) აღირიცხა მოსარჩელის სახელზე;
1.2.2. ამ ეტაპზე მხარეთა შორის უდავოა, რომ მათ საკუთრებაში არსებულ ფართებს აქვს ინდივიდუალური შესასვლელები (იხ.: 17.04.2018წ. სხდომის ოქმში მხარეთა ახსნა-განმარტება);
1.2.3. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 27.07.2016წ. დასკვნით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ..... ქ#2-სა და .... ქ#7-ს შორის არსებულ #1 კორპუსში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართი და იმავე მისამართზე მდებარე მოპასუხის საკუთრებაში არსებული ფართი ამჟამად ერთმანეთისგან გამიჯნულია თაბაშირმუყაოს ტიხრით;
1.2.4. საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.08.2016წ. დასკვნის თანახმად, ექსპერტს დაესვა კითხვა, თუ ფაქტობრივად რამდენი იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის მოცულობა. დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, ექსპერტმა აზომა განმცხადებლის მიერ მითითებული ფართი. ქ.თბილისში, ..... ქ#2-სა და ..... ქ#7-ს შორის არსებულ #1 კორპუსში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართი შეადგენს 52,03 კვ.მ-ს;
1.2.5. მოწმე ე.ქ–ის ჩვენებით, ტიხარი მოწყობილია მოპასუხის ნების შესაბამისად (იხ.: 03.05.2017წ. სხდომის ოქმი);
1.2.6. ნეგატორული სარჩელის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის მოცულობა შემცირდა მოპასუხის ნების შესაბამისად მოწყობილი თაბაშირმუყაოს ტიხრის საფუძველზე, ანუ ხელშეშლად ის მიიჩნევს ტიხრის არასწორად მოწყობას;
1.2.7. მოპასუხის განმარტებით, სადავო არ არის ის, თუ რა ფართია მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში, არამედ სადავოა ის, რომ მხარეთა საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სარემონტო სამუშაოების წარმოების შემდგომ ადგილზე არსებული ფართები არ შეესაბამება საჯარო რეესტრში აღრიცხული ფართების მოცულობას. მოპასუხის განმარტებით, მართალია, მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართი შეადგენს 52,03 კვ.მ-ს, მაგრამ არც მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართი არ შეესაბამება რეგისტრირებულ მონაცემებს, კერძოდ, ნაცვლად რეგისტრირებული 61,84 კვ.მ-სა, მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართია 56.31 კვ.მ (იხ.: 17.04.2018წ. სხდომის ოქმი 14:37:54 -14:38:10). მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, თუმცა, ასეთის არსებობისა და მითითებული ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც იარსებებდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანაც, თუ სარემონტო სამუშაოებმა გარკვეულწილად შეამცირა ფართის მოცულობა, მხარეთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები მაინც თანაბარი უნდა იყოს (თუნდაც თანაბრად შემცირებული).
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170.1 და 172.2 მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს და ამტკიცებდეს რომ:
ა) არის ქონების მესაკუთრე;
ბ) მოპასუხის მხრიდან განხორციელებული ზემოქმედება არსებითი ხასიათისაა და დაუშვებლად ხელყოფს მოსარჩელის ინტერესებს.
რაც შეეხება მოპასუხეს მას სარჩელისაგან თავდაცვა შეუძლია იმაზე მითითებით, რომ ხელშეშლას არ აქვს ადგილი ან იგი არსებითი ხასიათის არაა (სკ-ის 175-ე მუხლი).
1.5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაამტკიცა ის გარემოება, რომ ფართის ფაქტობრივად გამიჯვნის შემდგომ (რომელიც განახორციელა მოპასუხემ) მისი ფაქტობრივი და რეგისტრირებული საკუთრება არ ემთხვევა ერთმანეთს, არამედ, რეალურად შემცირებულია, მოპასუხე საკასაციო საჩივრით ცდილობს დაამტკიცოს, რომ მოსარჩელემ ფართში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად ამოაშენა კედლები, რის შედეგადაც შემცირდა ფართის მოცულობა, თუმცა ეს მხოლოდ მისი განმარტებაა, რომელსაც არ ეთანხმება მოსარჩელე, ხოლო მტკიცებულების არარსებობის პირობებში ამ განმარტებას სასამართლო მტკიცებულებით ძალას არ ანიჭებს, ისევე, როგორც ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პოზიცია, რომ სადავო ტიხარი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისადაა დამონტაჟებული, რადგანაც საქმის მომზადების ეტაპზე მისი მხრიდან წარდგენილ იქნა მხოლოდ ნახაზი, რაიმე პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ნახაზი კანონიერია და გამყოფი კედელი მის შესაბამისადაა მოწყობილი, საქმეში არ მოიპოვება, რაც შეეხება შპს „კ–ძე და კ–ის“ დასკვნასა და მასზე დართულ ნახაზებს, ისინი პირველად საკასაციო სასამართლოში იქნა წარმოდგენილი, რომელსაც პალატა ვერ მიიღებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს რა ფაქტების დამდგენ სასამართლოს, ამ ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღება/გამოკვლევას არ ითვალისწინებს კანონი, შესაბამისად, პალატა შეფასების გარეშე ტოვებს მათ და, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უბრუნებს მხარეს. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნეგატორული სარჩელის საფუძვლიანობის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) კასატორს უნდა დაუბრუნდეს მ.ლ–ძის მიერ 20.07.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი, 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა.კ–ძეს (პ/#.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ.ლ–ძის მიერ 20.07.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
3. ა.კ–ძეს ასევე დაუბრუნდეს დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული შპს „კ–ძე და კ–ის“ 28.05.2018წ. დასკვნისა და მასზე დართული ნახაზების ასლები 5 (ხუთი) ფურცლად, 24.07.2018წ. #ა-3601-18 განცხადებაზე დართული სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #5004156416 დასკვნის, საგადახდო დავალებისა და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის ასლი 16 (თექვსმეტი, 2 ეგზემპლარი) ფურცლად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური