საქმე №ას-1035-2018 24 დეკემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი –შპს „ძ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ-ა.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ბ-ა–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ძ–ას“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) მიმართ მოპასუხისათვის შესყიდული საქონლის ღირებულების დარჩენილი დავალიანების _ 38 304 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 3 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ წარადგინა მარტივი შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სადავო ფაქტობრივი გარემოებები და მოითხოვა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა შესყიდული საქონლის ღირებულების დარჩენილი დავალიანების _ 38 304 ლარისა და მიყენებული ზიანის _ 3 000 ლარის ანაზღაურება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს: სააპელაციო საჩივრით აპელანტმა, კომპანიის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (კომპანიას არ აქვს შემოსავალი, აქვს სახელმწიფოს წინაშე დავალიანება და ადევს ყადაღა), იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რაც სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა და არ მისცა მოვალეს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ძ–ას“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, დადგენილი ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ. სააპელაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ მხარე შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე საქმის განხილვის დასრულებამდე. შუამდგომლობის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია კომპანიაში დიდი ხნის განმავლობაში შექმნილი მძიმე ფინანსური მდგომარეობა, ხოლო ამ მდგომარეობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილია შედარების აქტი;
1.2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რა, რომ მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტი არ იძლეოდა კომპანიის ფინანსური მდგომარეობის დადასტურების შესაძლებლობას, არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი, რომლითაც მის ავტორს დაავალა 7 დღის ვადაში სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის _ 1 704,60 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა;
1.2.3. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კომპანიის დირექტორმა ჩაიაბარა 2018 წლის 4 ივნისს და არც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და არც მოგვიანებით ხარვეზის გამოსწორების მიზნით აღარ მიუმართავს სააპელაციო პალატისათვის. ეს გარემოება დაედო საფუძვლად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
1.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური, არამედ ის შეიძლება გარკვეულ შეზღუდვას ექვემდებარებოდეს. შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს დასახული მიზნის მიღწევის პროპორციული. სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება წარმოადგენს, რომელიც სასამართლოთა დაუსაბუთებელი გადატვირთვის თავიდან აცილების მიზანს ემსახურება, თუმცა, ამავდროულად კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისებს, მაგალითად: ამავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თუმცა, ამ უკანასკნელმა უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცოს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის არსებობა, რაც მოცემული საქმის მასალებით არ დგინდება, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი შედარების აქტი არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ კომპანიას არ გააჩნია მატერიალური აქტივი, არ აქვს შემოსავალი, ისევე, როგორც კერძო საჩივარზე დამატებით დართული ამონაბეჭდი ვებგვერდიდან _ www.rs.ge. ამ უკანასკნელი დოკუმენტით ირკვევა, რომ კომპანიას, ვადაგადაცილებული დავალიანების გამო, ქონება გირავნობა/იპოთეკით აქვს დატვირთული. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც ერთი, ისე _ მეორე დოკუმენტი შედგენილია და ემსახურება საჯარო-სამართლებრივ მიზნებს, მათში მოცემული საკითხები რეგულირდება საგადასახადო კოდექსის შესაბამისი დებულებებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის კომპანიის გადახდისუნარიანობაზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ვერ ახდენს, უფრო მეტიც, რომც გავიზიაროთ მხარის პოზიცია სასამართლოს მხრიდან მისი შუამდგომლობის არასწორად უარყოფის შესახებ, უდავოა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ადრესატს კანონით დადგენილი წესით (სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლები) ჩაბარდა და მას განსაზღვრულ ვადაში არც ხარვეზი არ გამოუსწრებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
1.4. ამდენად, პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ გარემოებას, რომ აპელანტმა არ გამოასწორა საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რის გამოც არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 368-ე (5) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით განსაზღვრული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ძ–ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური