Facebook Twitter

საქმე №ას-1231-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი.ბ–ძე (მოპასუხე პირველ სარჩელზე, მოსარჩელე მეორე მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.დ–ძე (მოსარჩელე პირველი სარჩელზე, მოპასუხე მეორე სარჩელზე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის 150 ლარით განსაზღვრა

დავის საგანი – წარსული და მომავალი დროისათვის ალიმენტის დაკისრება (პირველ სარჩელში), შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა (მეორე სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელების ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. თ.დ–ძემ (შემდგომში _ პირველი მოსარჩელე, მოპასუხე მეორე სარჩელზე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ბ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე პირველ სარჩელზე, მეორე მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა არასწრულწლოვანი შვილის _ ა.ბ–ძის სასარგებლოდ, ყოველთვიურად 350 ლარის, ასევე, წარსული სამი წლის ალიმენტის _ 1 600 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

1.1.1. პირველი სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 16 თებერვლიდან მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, 2012 წლის 8 ნოემბერს შეეძინათ შვილი. 2013 წელს მხარეები განქორწინდნენ და არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის ტვირთი სრულად პირველ მოსარჩელეს აკისრია, მოპასუხე არ იჩენს მზრუნველობას და მატერიალურად არ ეხმარება შვილს. პირველი მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე შემოიფარგლება მხოლოდ დაპირებებით. მოპასუხე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი რომელიც თვეში საშუალოდ 1 140 ლარს შეადგენს. ა.ბ–ძის რჩენისათვის მოსარჩელეს ყოველთვიურად საშუალოდ 600-700 ლარი ესაჭიროება.

1.2. მოპასუხემ აღძრა სარჩელი პირველი მოსარჩელის მიმართაც და მოითხოვა უფლების მიცემა, შვილი ინახულოს ყოველ დღე შეუზღუდავად, შაბათ-კვირას, 48 საათის განმავლობაში, დარჩენის უფლებით იმყოფებოდეს მასთან, ასევე, ზამთრის არდადეგებზე 15 დღით _ 5 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით, ხოლო, ზაფხულში _ ერთი თვით, აგვისტოში წაიყვანოს ბავშვი თავისთან.

1.2.1. მეორე სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში მეუღლეებს შეეძინათ შვილი, რომელიც, მხარეთა განქორწინების შემდეგ დარჩა დედასთან და მოპასუხეს არ ეძლევა შესაძლებლობა, იქონიოს შვილთან ურთიერთობა, წაიყვანოს თავისთან.

1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მეორე მოსარჩელემ თავდაპირველი სარჩელი მომავალი დროისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ ცნო და თანხმობა განაცხადა 130 ლარის მისთვის დაკისრებაზე, წარსული პერიოდისათვის ალიმენტის დაკისრებაზე კი, უარი განაცხადა;

2.2. პირველმა მოსარჩელემ ასევე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, შესაგებლით იგი დაეთანხმა მეორე მოსარჩელის მოთხოვნას, იქონიოს მამამ ურთიერთობა შვილთან და პერიოდულად წაიყვანოს ბავშვი თავისთან.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, პირველი მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის (2012 წლის 8 ნოემბერს დაბადებული ა.ბ–ძის) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2017 წლის 11 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში პირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მეორე სარჩელიც, მოპასუხეს (მეორე სარჩელზე) დაევალა, ხელი არ შეუშალოს მეორე მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან (2012 წლის 8 ნოემბერს დაბადებულ ა.ბ–სთან) ურთიერთობაში. მეორე მოსარჩელეს მიეცა საშუალება, ურთიერთობა იქონიოს თავის არასრულწლოვან შვილთან და მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაში, შესაბამისად, წაიყვანოს ა.ბ–ძე საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე ყოველი თვის მეორე შაბათს, დილის 12:00 საათიდან, კვირას, საღამოს 18:00 საათამდე დედასთან დაბრუნების უფლებით. ასევე, მიეცა საშუალება, ზამთრის სასკოლო დასვენებების პერიოდში ა.ბ–ძე მამამ წაიყვანოს 15- დღით, ხოლო, საზაფხულო დასვენების პერიოდში _ ერთ თვემდე ვადით.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით თვეში 150 ლარის დაკისრება, ასევე, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული ბაჟის _ 100 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის 150 ლარით განსაზღვრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მხარეები 2012 წლის 16 თებერვლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2012 წლის 8 ნოემბერს შეეძინათ ქალიშვილი - ა.ბ–ძე;

1.2.2. 2013 წელს მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით;

1.2.3. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად და მასზეც ის ზრუნავს;

1.2.4. მხარეები არ დავობენ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე;

1.2.5. მეორე მოსარჩელე ამჟამად მუშაობს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში და მისი ერთი თვის დარიცხული შრომის ანაზღაურება შეადგენს 948,75 ლარს, ხოლო, ხელზე ასაღები თანხა _ 759 ლარს. მის კმაყოფაზე ამჟამად არავინ იმყოფება;

1.2.6. მხარეთა საერთო შვილი არის ქ.ბათუმის შპს „ს-ლ–მ. მ–სის“ აღსაზრდელი და მისი სწავლის საფასური ყოველთვიურად შეადგენს 230 ლარს, დადის „ბასტი-ბუბუ ბ–ის“ სტუდიაში, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 125 ლარს;

1.2.7. პირველმა მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილს მიმართა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ საოჯახო საქმეთა განხილვის პროცესუალური თავისებურება სასამართლო ინკვიზიციურობაა (იხ. სსსკ-ის 354.1 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს შეუძლია, თავად განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე, რათა მიღწეულ იქნას საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. განსახილველი საკითხი, გარდა იმისა, რომ უკავშირდება მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის დადგენას, მიმართულია ბავშვის საარსებო წყაროს განსაზღვრაზე. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბავშვის ინტერესთა უპირატესობის პრინციპი (იხ. ევროკონვენციის მე-8 მუხლი, ასევე, ევროსასამართლოს პრაქტიკა ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან მიმართებით, მაგ: Maslov v. Austria [GC], საჩ. ნომ. 1638/03, 2008 წლის 23 ივნისი). სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობა და „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლიდან გამომდინარე მართებულად დაადგინა სარჩოს ოდენობა (როგორც სააპელაციო, ისე _ საკასაციო საჩივრის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ის, რომ ალიმენტვალდებული პირის კმაყოფაზე იმყოფებიან მისი მშობლები, მოპასუხეს გააჩნია საბანკო ვალდებულებები, ასევე, სამსახურიდან გამომდინარე, უწევს ბინის დაქირავება და კომუნალური ხარჯების გაღება, ეს გარემოებები, საკასაციო პალატის აზრით, არ შეიძლება ბავშვის საარსებო მინიმუმის შემცირების საფუძველი გახდეს, მით უფრო, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომელთა ანალიზი დაადასტურებდა, როგორც მშობლების კასატორის კმაყოფაზე ყოფნის, ისე _ ბინის დაქირავებისა და შესაბამისი ოდენობით ხარჯის გაღების ფაქტს, რაც შეეხება საბანკო ვალდებულების არსებობას, ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, იგი დროებითი მოვლენაა და ვალდებული პირის გადახდისუნარიანზობაზე და არა გადაახდისუუნარობაზე მეტყველებს. ამ მხრივ იხ. მაგ: სუსგ ას-1356-1194-2010, 4 მარტი, 2011 წელი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება გონივრულ პროპორციას ადგენს ალიმენტის შინაარსობრივ დატვირთვასა და მშობლის ვალდებულებას შორის, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, დაადგინოს გონივრული თანაფარდობა ალიმენტვალდებული პირის (იხ. სკ-ის 1212-ე მუხლი) რეალურ მატერიალურ მდგომარეობასა და ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის ინტერესებს შორის და ისე განსაზღვროს სარჩოს ოდენობის საკითხი (სკ-ის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სწორად მოიძია/განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი და არასრულწლოვნის ინტერესებს გათვალისწინებით მართებულად ჩათვალა, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობიდან და ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, ალიმენტის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 250 ლარით. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს თ.ბ–ძის მიერ კასატორის სახელით 05.10.2018წ. #18191992 საგადახდო დავალებით, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ი.ბ–ძეს (პ/#........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს თ.ბ–ძის მიერ კასატორის სახელით 05.10.2018წ. #18191992 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური