საქმე №-80210017002070414
საქმე №ას-283-2019 12 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ა.-ი, ნ. ო.-კ.-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ.-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. ბ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ა.-ისა და ნ. ო.-კ.-ას (შემდგომში – მოპასუხეები) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, თავდაპირველად სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „რ.-მა“ (შემდგომ – თავდაპირველი მოსარჩელე) იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 30 ივნისს აუქციონზე შეიძინა სადავო უძრავი ნივთი, რომელსაც უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები. შემდგომ თავდაპირველი მოსარჩელე შეიცვალა სათანადო მხარით – მოსარჩელით.
მოპასუხეთა პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 30 ივნისის განკარგულების საფუძველზე უძრავი ნივთი იძულებით აუქციონზე შეიძინა თავდაპირველმა მოსარჩელემ.
7. აღნიშნული ქონება მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულია 2018 წლის 2 ივლისიდან, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დადებულია 2018 წლის 26 ივნისს.
8. მოპასუხეები ცხოვრობენ მოსარჩლის კუთვნილ ფართში და, მისი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ მას.
9. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ მოპასუხეებს არ აქვთ მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების ფლობის უფლება, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც საქმის განხილვის დროისათვის უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლად შეიძლება განხილულიყო.
10. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
11. ზემოთ მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მისივე მოვალეობაა. ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
12. ვინდიკაციურ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს: მოსარჩელე მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომ ის წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც ის ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და რომ ეს ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს კი წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.
13. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრების უფლების დამადასტურებელ საჯარო რეესტრის ამონაწერზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 312-ე მუხლი, რომლის თანახმად მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, უდავოა, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეები ფლობენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას არათუ უარყოფილი, არამედ დადასტურებულია თვით მოპასუხეების მიერ, შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლდა მტკიცების ტვირთისაგან. ამდენად, მოსარჩელემ დაამტკიცა მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები, მოპასუხეებმა კი უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება ვერ შეძლეს. სახელდობრ, სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავ ან შემაფერხებელ გარემოებაზე, ხოლო რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში აპელანტების მიერ გადმოცემულ მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან შეფასება უნდა მისცემოდა, იყო თუ არა მოსარჩელე ან/და თავდაპირველი მოსარჩელე კეთილსინდისიერი შემძენი, რამდენად სწორად მოხდა აუქციონზე ქონების შეძენა და შემდეგ მოსარჩელისათვის მიყიდვა, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ფართზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერების შემოწმება სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს, რადგან მოსარჩელის საკუთრების უფლება შეგებებული სამოქალაქო სარჩელით შედავებული არ ყოფილა. პირიქით აპელანტი აცხადებს, რომ სამომავლოდ აპირებს ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენას.
14. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეების უკანონოდ ფლობენ მოსარჩელის უძრავ ქონებას, რადგან მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მესაკუთრე შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებით. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია, სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
16. კასატორის მოსაზრებით, ყველა მტკიცებულება წარუდგინა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის წინააღმდეგ იმის დასადასტურებლად, რომ მის მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა, მაგრამ სასამართლომ არ დაურთო აღნიშნული მტკიცებულება საქმის მასალებს, რადგან თავდაპირველი მოსარჩელის ნაცვლად საქმეში ჩაება მოსარჩელე. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები განსახილველ დავას არ ეხებოდა. მხარემ მოითხოვა პროცესის გადადება, როგორც მორიგების კუთხით, ასევე, თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ სარჩელის შეტანისათვის. აღნიშნული გარემოებები სასამართლომ არ გაითვალისწინა. სასამართლომ არ მისცა საშუალება მხარეს, რომ წარედგინა მტკიცებულებები და დაემტკიცებინა, რომ მოსარჩელეები არ იყვნენ კეთილსინდისიერი მესაკუთრეები. თავდაპირველ მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლება, გაესხვისებინა უძრავი ქონება, მან დაარღვია როგორც მორალური, ასევე კანონით მინიჭებული უფლებები.
17. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კასატორთა მიერ დაყენებული არც ერთი შუამდგომლობა, არ მისცა იმის საშუალება, რომ შეესწავლა ძირფესვიანად აღნიშნული საქმე და არ გადადო თუნდაც მორიგების მიზნით სასამართლო პროცესი. კასატორი მხარე გეგმავდა ადმინისტრაციული სარჩელის შეტანას სასამართლოში განკარგულების ბათილობასთან დაგავშირებით, ასევე, თავდაპირველი მოსარჩელის მიერ თაღლითური გზით სადავო ქონების მითვისებისა და მისი გასხვისების ფაქტზე განცხადების შეტანას.
18. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესზე დაირღვა სსსკ-ის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრითობის პრინციპი.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 30 ივნისის განკარგულების საფუძველზე უძრავი ნივთი იძულებით აუქციონზე შეიძინა თავდაპირველმა მოსარჩელემ.
22. აღნიშნული ქონება მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულია 2018 წლის 2 ივლისიდან, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დადებულია 2018 წლის 26 ივნისს.
23. მოპასუხეები ცხოვრობენ მოსარჩლის კუთვნილ ფართში და, მისი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ მას.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
26. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის პრეტენზია არამართლზომიერი მფლობელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
27. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012)
28. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
29. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
31. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
32. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
33. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).
34. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სააპელაციო პალატის მიერ. კასატორს კი მითითებული გარემოების გამაქარწყლებელი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
36. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
37. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას, უპირველესად, მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტის დადასტურების ვალდებულება, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა და მოპასუხე მისი ნებართვის გარეშე ფლობს ქონებას. აღნიშნული გარემოებების დადგენის შემდეგ მტკიცების ტვირთი გადაინაცვლებს მოპასუხეს, რომელმაც საპასუხოდ უნდა ამტკიცოს, რომ სადავო ნივთის მართლზომიერად ფლობის უფლება გააჩნია. ამგვარი მტკიცების ტვირთის რეალიზებისათვის, როგორც ზემოთაც აღინიშნა, მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაზე აპელირება საკმარისი ვერ გახდება.
38. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით კასატორმა ვერ დაასაბუთა სადავო ფართის მართლზომიერად ფლობის ფაქტი.
39. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა ვერ გახდება კასატორის ვერც ის არგუმენტი, რომ სასამართლომ მოცემული დავის ფარგლებში საქმეს არ დაურთო მტკიცებულებები, არ იმსჯელა და არ გამოიკვლია ის საკითხი, თუ რა გზით მოიპოვა საკუთრება სადავო ნივთზე თავდაპირველმა მოსარჩელემ, ასევე, იმ ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ სადავო უძრავი ქონება შეიძინა.
40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს გააჩნდა შესაძლებლობა, ზემოთ მითითებული გარიგების კანონიერება სადავოდ გაეხადა კანონით დადგენილი წესით ჯერ კიდევ მოცემული საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესის ჩანიშვნამდე, რაც არ განუხორციელებია. ამჟამად აღნიშნული საკითხის კანონიერების განხილვა განსახილველი დავის ფარგლებს სცდება.
41. რაც შეეხევა კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამარტლომ არ გადადო საქმის განხილვა თუნდაც მორიგების მიზნით, საკასაციო პალატა არ იზიარებს არც ამ პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 216-ე და 218-ე მუხლები არ ავალდებულებს სასამართლოს, მორიგების მიზნით, საქმის განხილვის გადადებას. ასევე, განემარტოს კასატორს, რომ მორიგება შესაძლებელია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის აღსრულების პროცესშიც.
42. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც მოპასუხეების მიერ სათანადოდ უარყოფილი არ ყოფილა.
43. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
44. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
46. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
48. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ს. ქ.-ას მიერ 2019 წლის 11 მარტს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ა.-ისა და ნ. ო.-კ.-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ თ. ა.-სა (პირადი №..) და ნ. ო.კ.-ას (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ს. ქ.-ას მიერ 2019 წლის 11 მარტს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური