Facebook Twitter

საქმე №130210018002559972

საქმე №ას-301-2019 12 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ბ.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ი.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საიჯარო ქირის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ა. ი.–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ბ.–ის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელი ნაწილის – 21 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 1 სექტემბერს მოსარჩელის კუთვნილ 18 ჰა. მიწის ნაკვეთზე მხარეებს შორის დაიდო სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება 2016 წლის 30 ოქტომბრამდე. მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედება მოგვიანებით კიდევ ერთი წლით – 2017 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდა. საიჯარო ქირა განისაზღვრა წელიწადში 15 000 ლარით, სულ – 30 000 ლარით, საიდანაც მოპასუხემ 9 000 ლარი გადაუხადა მეიჯარეს. გადასახდელი კი დარჩა 21 000 ლარი.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, დაადასტურა სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ მეიჯარეს გადაუხადა 9000 ლარი და ეტაპობრივად, შესაძლებლობის ფარგლებში, დაფარავდა დარჩენილ თანხასაც.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 21 000 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და, მისი შევსების მიზნით, აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 840 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერის), სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან, გადავადების მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობისა და მტკიცებულებების წარდგენა, რაც სასამართლოს შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა.

7. 2018 წლის 29 დეკემბერს აღნიშნული განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს პირადად მის მიერ სააპელაციო საჩივარში (ტ.2. ს.ფ 111) მითითებულ მისამართზე (ტ.2. ს.ფ. 130).

8. სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადა, ფარგლები და დარწმუნდა, რომ მას განჩინების ჩაბარების უფლება ჰქონდა (ტ. 2, ს.ფ 104).

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის წარმომადგენელი რეგისტრირებულია ადვოკატთა ერთიან სიაში საერთო სპეციალიზაციით.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-60 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 59-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე, 65-ე მუხლებით და მოცემულ შემთხვევაში მიიჩნია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2019 წლის 8 იანვრის ჩათვლით უნდა შეევსო. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, უნდა ჩაითვალოს გაქარწყლებულად.

11. 2019 წლის 11 იანვარს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაგვიანებით, ფოსტის მეშვეობით, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა. ხარვეზის შევსების ვადის დარღვევის საპატიო მიზეზად განმცხადებელმა მიუთითა აპელანტის სამკურნალოდ სტაციონარში განთავსებაზე, ამასთან, მოითხოვა აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, ხოლო აპელანტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დასადასტურებლად განცხადებას დაურთო ბავშვის მინდობით აღზრდის ხელშეკრულებები. განცხადებას ასევე ერთვის სააპელაციო საჩივრის შემცირებული მოთხოვნის შესაბამისად, 600 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, იმ შემთხვევისათვის, თუ სასამართლო აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარს ეტყოდა (ტ.2. ს.ფ. 131-139).

12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი მხარეს 2019 წლის 8 იანვრის ჩათვლით უნდა შეევსო. განცხადებაზე დართული ცნობის შესაბამისად, 2018 წლის 27 დეკემბერს მოპასუხე მოათავსეს სტაციონარში, ხოლო 2019 წლის 1 იანვარს ის სტაციონარიდან გაეწერა (ტ.2. ს.ფ. 134). აღნიშნული მოწმობს, რომ აპელანტს საკმარისი დრო ჰქონდა, რათა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიემართა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება მოეთხოვა. მით უფრო, რომ აპელანტს ჰყავს წარმომადგენელი – ადვოკატი.

13. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შუამდგომლობის ავტორის მოსაზრება ხარვეზის შევსების თაობაზე განცხადების დაგვიანებით წარმოდგენის საპატიოობის თაობაზე.

14. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ აღარ იმსჯელა აპელანტის მიერ განცხადებაზე დართული მტკიცებულებების საფუძველზე აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხზე.

15. შესაბამისად, სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო პალატამ დატოვა განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

17. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოს დაგვიანებით მიმართა საპატიო მიზეზის არსებობის გამო, კერძოდ, ხარვეზის განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2018 წლის 28 დეკემბერს, 27 დეკემბრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე მხარე გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას, შემდეგი 4 დღე კი მკურნალობას განაგრძობდა ამბულატორიულად. ხარვეზის გამოსწორებისათვის მისთვის მიცემული დარჩენილი ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი ხარვეზის გამოსასწორებლად. შესაბამისად, აპელანტმა ვერ ისარგებლა ხარვეზის აღმოფხვრისათვის 10-დღიანი ვადით, რაც სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

19. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

20. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

21. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

22. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და, მისი შევსების მიზნით, აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის სახით 840 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერის), სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან, გადავადების მიზნით, შესაბამისი შუამდგომლობასა და მტკიცებულებების წარდგენა, რაც სასამართლოს შუამდგომლობაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა.

23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 29 დეკემბერს (და არა 27 დეკემბერს, როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორი უთითებს) აღნიშნული განჩინება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს (რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეზე დართული მინდობილობით, ტ. 2, ს.ფ 104) პირადად მის მიერ სააპელაციო საჩივარში (ტ.2. ს.ფ 111) მითითებულ მისამართზე (ტ.2. ს.ფ. 130).

24. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

25. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაბარდეს მის წარმომადგენელს. ასეთ შემთხვევაში, მხარის ნაცვლად, სასამართლო გზავნილის მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

26. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

27. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებლად მიიჩნია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2019 წლის 8 იანვრის ჩათვლით უნდა შეევსო, რაც მას არ განუხორციელებია და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

28. 2019 წლის 11 იანვარს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაგვიანებით, ფოსტის მეშვეობით, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა. აღნიშნული განცხადების დაგვიანებით წარდგენის საპატიო მიზეზად მხარემ მიუთითა 2018 წლის 28 დეკემბრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე აპელანტის სტაციონარში, ხოლო შემდეგი 4 დღე ამბულატორიულად მკურნალობაზე.

29. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

30. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომლებიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – ხარვეზის დროულად გამოსწორებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

31. მოცემულ შემთხვევაში აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად დაუდგინა სრულიად გონივრული 10 დღის ვადა, რომლის ათვლა დაიწყო 2018 წლის 29 დეკემბრის მომდევნო დღიდან და ამოიწურა 2019 წლის 8 იანვარს.

32. აპელანტის მითითებით, იგი სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 2009 წლის 1 იანვრის ჩათვლით, რის შემდეგ მან ვერ დაადასტურა იმგვარი ობიექტური გარემოების არსებობა, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა თავად აპელანტის ან მისი წარმომადგენლის – ადვოკატისათვის, მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის და ეშუამდგომლა თუნდაც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ.

33. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ სსსკ-ის 63-ე მუხლზე მითითებას, რომლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა მხარემ განცხადება ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებით წარადგინა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისად აღნიშნული, როგორც შუამდგომლობის, ისე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.

35. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე