Facebook Twitter

საქმე №ას-711-664-2017 17 ოქტომბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი – ი.დ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

მეორე კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.დ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, სამინისტრო, მეიჯარე, აპელანტი ან მეორე კასატორი) და ი.დ–ძეს (შემდეგში: მოიჯარე, მოპასუხე ან პირველი კასატორი) შორის, 2014 წლის 12 მარტს, ერთი წლის ვადით, 2015 წლის 12 მარტამდე იჯარის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება) გაფორმდა ქალაქ ბათუმში, ..... მდებარე 521 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 22-26).

2. ხელშეკრულების თანახმად წლიური საიჯარო ქირა 11 750 ლარით განისაზღვრა. საიჯარო ქირა მოიჯარეს თანაბარწილად, ყოველთვიურად, არაუგვიანეს ყოველი თვის ბოლო რიცხვისა უნდა გადაეხადა. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების (გარდა საიჯარო ქირის გადაუხდელობისა) დარღვევის შემთხვევაში, თითოეულ დარღვევაზე - ქონების ღირებულების 0.05 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 22-26).

3. მოსარჩელემ 2015 წლის 2 მარტის წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ 2015 წლის 12 მარტს სრულდებოდა ხელშეკრულების ვადა, გადაუხდელი საიჯარო ქირა 745 ლარს შეადგენდა და ის ვალდებული იყო არაუგვიანეს 2015 წლის 12 მარტისა ქონება მეიჯარისათვის დაებრუნებინა (იხ. წერილი, ს/ფ 27).

4. სამინისტროსა და მოიჯარეს შორის 2015 წლის 19 ივნისს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მოპასუხემ მიუთითა, რომ მის მიერ მოწყობილი კონსტრუქციები დაშლილი და დასაწყობებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, მაგრამ პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩებზე, წყლისა და საკანალიზაციო სისტემის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ჩაკეტილი იყო მისასვლელი გზა, რის გამოც ვერ შეძლო სატვირთო ავტომობილის მიყვანა და ტერიტორიის სრულად გამოთავისუფლება (იხ. ს/ფ 30-33).

5. სარჩელის საფუძვლები

5.1. სამინისტრომ 2015 წლის 21 აგვისტოს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ საიჯარო ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის საიჯარო ქირის 3 024,81 ლარისა და, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს - 11 347,4 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

5.2. მოსარჩელემ ამ განჩინების 1-4 პუნქტებზე მითითებით აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან, ქონების დაბრუნების დაყოვნების პერიოდამდე, გასულია 99 დღე, შესაბამისად მოიჯარის მიერ გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენდა 3 186,81 ლარს, მაგრამ რადგან მოიჯარეს ზედმეტად ჰქონდა გადახდილი 162 ლარი, შესაბამისად, 2015 წლის 19 ივნისისთვის, საიჯარო ქირა 3 024,81 ლარი იყო.

6. მოპასუხის შესაგებელი

6.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულა,გადახდის გრაფიკის დარღვევის გარეშე.

6.2. მისი განმარტებით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ საიჯარო ქონებით სარგებლობა მას არ გაუგრძელებია.

6.3. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მარტის თვის დასაწყისში გადაიკეტა საიჯარო ქონებასთან მისასვლელი გზა და გათხრითი სამუშაოები დაიწყო, რის გამოც იმ მონაკვეთში გადაადგილება შეუძლებელი გახდა და ამიტომ ტერიტორიის გამოთავისუფლება ვერ შეძლო.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

7.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 581-ე, 591-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში გარემოება, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მოპასუხე კვლავ აგრძელებდა საიჯარო ქონების ფლობას და სარგებლობას არ დასტურდებოდა, ასევე არც ის დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მოსთხოვა მოპასუხეს ქონების დაბრუნება და ამ მიზნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების აღწერის ოქმის შედგენა.

8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის 2 775 ლარისა და პირგასამტეხლოს 137.36 ლარის გადახდა დაეკისრა.

9.2. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 564-ე, 567.1-ე მუხლებსა და ხელშეკრულების მე-9 პუნქტზე /ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ... მიწის ნაკვეთების გადაცემა მოხდება ქონების აღწერის ოქმის საფუძველზე. თუკი მოსარგებლე ურთიერთობის დამთავრების შემდგომ არ აბრუნებს სარგებლობით აღებულ ქონებას, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც/ დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მოიჯარემ აპელანტს საიჯარო ქირა 2015 წლის 12 მარტიდან 2015 წლის 19 ივნისამდე ქონების დაუბრუნებლობისათვის უნდა გადაუხადოს.

9.3. სასამართლოს დასვნით მოიჯარის 2015 წლის 19 ივნისის განცხადებიდან დგინდებოდა, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც, იჯარით აღებულ ტერიტორიაზე მოიჯარის კუთვნილი ნივთები იყო განლაგებული. აღნიშნულს ადასტურებდა სამინისტროს საკუთრებაში არსებული ქონების აღწერის აქტიც. შესაბამისად, რადგანაც მოპასუხემ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, მან აპელანტს ქონებით სარგებლობისათვის ქირა უნდა გადაუხადოს.

9.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქონებით ერთი წლის განმავლობაში სარგებლობისათვის საიჯარო ქირა შეადგენდა 11 750 ლარს. ყოველთვიურად, მოიჯარეს უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა - 11750/12=979,16 ლარი. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოიჯარემ აპელანტს არ დაუბრუნა ქონება კიდევ სამი თვის განმავლობაში. ამის გამო, მან აპელანტის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს საიჯარო ქირა - 979X3=2937 ლარი. თუმცა, უდავოა, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მოპასუხემ აპელანტის სასარგებლოდ ზედმეტად გადაიხადა ქირა, 162 ლარი. ამიტომ, საბოლოოდ, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს ქირა, 2937-162=2775 ლარი.

9.5. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 420-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ 2 775 ლარის გადაუხდელობისათვის 11 347,4 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება, დარღვეულ ვალდებულებასთან შედარებით, ძალზე არაგონივრულია. პირგასამტეხლო უნდა გამოთვლილიყო არა ქონების ღირებულებიდან, არამედ დარღვეული ვალდებულების ოდენობიდან. ამგვარად, მოიჯარემ მეიჯარეს უნდა გადაუხადოს 2 775 ლარის 0,05%, ქონებით დაგვიანებით გადაცემის მთელი პერიოდისათვის, ე.ი. 99 დღისათვის, 2775X0,05%X99=137,36 ლარს შეადგენს.

10. პირველი კასატორის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებით მოპასუხემ (მოიჯარემ) მისი გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

10.2. პირველი კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოიჯარეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში იჯარით აღებული ქონება მეიჯარისათვის არ დაუბრუნებია, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა ხელშეკრულების 11.1 პუნქტი, რომელიც დაუძლეველ ძალაზე მიუთითებს.

10.3. პირველმა კასატორმა ამ განჩინების 6.2-6.3 ქვეპუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ დაუდგენელია, რა ფორმით უნდა დაებრუნებინა მოიჯარეს იჯარის საგანი მეიჯარისათვის.

10.4. მოიჯარის განმარტებით ოქმი, რომლითაც მოსარჩელეს სურდა დაედასტურებინა, რომ იჯარის ვადის გასვლის შემდეგაც მოპასუხე ფლობდა იჯარით გაცემულ ქონებას, სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა.

10.5. პირველი კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 567-ე მუხლი, რადგან იჯარის საგნის დაუბრუნებლობა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით და მოიჯარეს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ უძრავი ქონებით არ უსარგებლია.

11. მეორე კასატორის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. აპელანტმა (სამინისტრომ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

11.2. მეორე კასატორის მოსაზრებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რადგან სსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად მოიჯარეს დაგვიანებული 99 დღის საიჯარო ქირის გადახდა უნდა დაჰკისრებოდა, ვინაიდან მან მეიჯარეს საიჯარო ქონება დაგვიანებით გადასცა, რაც საქმის მასალებით დადასტურებულია.

11.3. მეიჯარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 420-ე მუხლი, რადგან ყოველგვარი მტკიცებულებებისა თუ მოპასუხის სარჩელის ან/და შეგებებული სარჩელის გარეშე პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია.

11.4. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მოპასუხე საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ საიჯარო ქონებით აღარ სარგებლობდა და ასევე უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ საიჯარო ურთიერთობის გაგრძელების შესაბამისი მტკიცებულებები სამინისტროს არ წარუდგენია. სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, რის გამოც საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასწორად შეაფასა.

11.5. მოპასუხის განმარტებით, სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა 2015 წლის 18 მარტის ქონების აღწერის აქტი, რომლის მიხედვითაც დგინდებოდა, რომ მოიჯარის ავტოსამრეცხაო ფუნქციონირებდა, ამ ფაქტს კომისიის წევრები და დამსწრე პირი ზ.ა. ხელმოწერით ადასტურებდნენ, მეიჯარემ მოწმის ჩვენებაზეც მიუთითა.

11.6. მეორე კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება უსაფუძვლოა და საიჯარო ქონების გამოთავისუფლება, სარემონტო სამუშაოების მიუხედავად, შესაძლებელი იყო, ასევე, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სამინისტროს არგუმენტაცია, რომ ობიექტი ფუნქციონირებდა და რომც არ ეფუნქციონირა, ხელშეკრულების საგანი იყო მიწის ნაკვეთი და არა კონკრეტულად მისი გამოყენება რაიმე დანიშნულებით.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივნისისა და 3 ივლისის განჩინებებით მეიჯარისა და მოიჯარის საკასაციო საჩივრები წარმოებაშია მიღებულია სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13.სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14.განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

15.სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი შედავება არ წარმოუდგენიათ.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

17. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობასა (იხ. ამ განჩინების 9.2-9.4 ქვეპუნქტები) და სსკ-ის 591-ე მუხლზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ მეიჯარის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დასაბუთებულია, მას აქვს სამართლებრივი საფუძველი, მოიჯარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ საიჯარო საგნის დაბრუნებამდე პერიოდისათვის ქირის გადახდა მოსთხოვოს. ასევე, მოსარჩელეს აქვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლება, რადგან მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ითვალისწინებდა (სსკ-ის 418-ე მუხლი) (იხ. ამ განჩინების მეორე პუნქტი). რაც შეეხება, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების დასაბუთება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია ქვემდგომი სასამართლოს შეფასება მოთხოვნილი პირგასამტეხლოსა და საიჯარო ქირის შეუსაბამოდ მიჩნევასთან დაკავშირებით (სსკ-ის 420-ე მუხლი) (იხ. ამ განჩინების 9.5 ქვეპუნქტი).

18. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია მოიჯარის მიერ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ საიჯარო საგნის მეიჯარისათვის დაუბრუნებლობის ფაქტი, რასაც თავად მოპასუხეც ეთანხმება, თუმცა ამ უკანასკნელს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას. საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 18 მარტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების აღწერის აქტი #01/2015 (იხ. ს/ფ 28), რომლითაც დასტურდება, რომ საიჯარო საგნის დათვალიერების დროს მოიჯარის მიერ მოწყობილი ავტოსამრეცხაო ფუნქციონირებდა. იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2015 წლის 12 მარტამდე იყო (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი), მოპასუხე კი საიჯარო საგანს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც იყენებდა, რის გამაქარწყლებელ გარემოებასა და მტკიცებულებაზე მოიჯარეს არ მიუთითებია (სსკ-ის 581.2-ე, 564-ე მუხლები) (შდრ. სუსგ #ას-542-775-08, 12.11.2008 წ., #ას-2-2-2016, 14.06.2016 წ., #ას-1203-1130-2015, 01.06.2016 წ.) ასეთ ვითარებაში, პირველი კასატორის (მოიჯარის) მიერ დაუძლეველ ძალაზე მითითება უსაფუძვლოა და საკასაციო სასამართლო მას ვერ გაიზიარებს.

19. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

20.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადების დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

21.სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირველ კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, მეორე კასატორი (სამინისტრო) სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3 ი.დ–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.ა–ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N13621073, გადახდის თარიღი 2017 წლის 28 ივნისი), 70% – 210 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე