Facebook Twitter

საქმე №ას-1611-2018 26 თებერვალი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს "G.D.G." (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.ს., მ.ბ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.ს. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი, პირველი დასაქმებული ან მოწინააღმდეგე მხარე), 2013 წლის 1 ივნისიდან განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „G.D.G-“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი ან კომპანია) გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 1250 ლარი იყო.

2. მ. ბ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე, მეორე აპელანტი, მეორე დასაქმებული ან მოწინააღმდეგე მხარე) 2015 წლის 1 ივლისიდან, განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიის გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე იყო დასაქმებული. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო, 800 ლარს შეადგენდა.

3. 2015 წლის 30 ნოემბერს კომპანიის დირექტორმა - ი.ბ–ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დირექტორი) და ერთ-ერთმა პარტნიორმა მოსარჩელეებს ზეპირსიტყვიერად აცნობეს, რომ იმავე წლის 1 დეკემბრიდან მათთან შრომითი ურთიერთობა შეწყდებოდა. მოსარჩელეების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით არ გამოცემულა.

4. მოსარჩელეებმა 2015 წლის 15 დეკემბერს მიმართეს მოპასუხეს და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთება მოითხოვეს, თუმცა აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია.

5. 2015 წლის 30 დეკემბერს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვეს :

5.1. პირველ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მისი გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენა, ასევე - მოპასუხისათვის პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის - 1250 ლარის (ხელზე ასაღები) დაკისრება, 2015 წლის 1 დეკემბრიდან, სამსახურში აღდგენამდე;

5.2. მეორე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მისი გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე აღდგენა, ასევე - მოპასუხისათვის, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის - 800 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება, 2015 წლის 1 დეკემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე.

5.3. მოსარჩელეებმა წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით განმარტეს, რომ დამსაქმებელმა მათთან შრომითი ურთიერთობა გაურკვეველი მიზეზით შეწყვიტა. კომპანიის დირექტორმა მოსარჩელეებს სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი არც წერილობითი მოთხოვნის შემდეგ განუმარტა. შესაბამისად, დირექტორის ბრძანება დაუსაბუთებელია და არღვევს მოსარჩელეთა შრომით უფლებებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, ისინი ყოველთვის ჯეროვნად ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობებს.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მისი წერილობითი შესაგებელი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 201-ე მუხლის მოთხოვნებს და, აქედან გამომდინარე, არაკვალიფიციური (დაუსაბუთებელი) იყო. მოპასუხემ შრომის ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველზე მხოლოდ 2016 წლის 23 ივნისის სასამართლო სხდომაზე მიუთითა. მან განმარტა, რომ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამო შეწყდა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე და 24-ე მუხლები, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები; ევროპის სოციალური ქარტიის პირველი და მე-4 მუხლები; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4 მუხლი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებები, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, სშკ-ის მე-2, 31-ე, 37-ე, 38-ე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე, 317-ე და 976-ე მუხლები გამოიყენა.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; პირველი მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის ბრძანება პირველი დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით - 15 000 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ანაზღაურება დაეკისრა; პირველი მოსარჩელის სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, უარყოფილ იქნა. მეორე მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის ბრძანება მეორე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით - 9600 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) გადახდა დაეკისრა; მეორე დასაქმებულის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და აღდგენამდე იძულებითი განაცდურის მოთხოვნის თაობაზე, უარყოფილ იქნა.

9.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, განსახილველ შემთხვევაში, წერილობითი დოკუმენტი მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნებოდა მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლები, არ გამოცემულა. მათთან შრომითი ურთიერთობა ზეპირი ბრძანების საფუძველზე შეწყდა. ამასთან, საქმის მასალებით არც ის გარემოება დასტურდებოდა, რომ მოპასუხემ დასაქმებულებს ზეპირსიტყვიერად მაინც განუმარტა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები;

9.2. რადგანაც დამსაქმებელმა ვერც დავის სასამართლოში დაწყებამდე და ვერც შემდეგ უზრუნველყო არათუ გათავისუფლების საფუძვლების დასაბუთება, არამედ გათავისუფლების კონკრეტული საფუძვლის მითითებაც კი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის ბრძანება არ ემყარებოდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სშკ-ის 37-ე მუხლის განსაზღვრულ რომელიმე საფუძველს, რაც იმთავითვე შეუძლებელს ხდიდა მოპასუხის ქმედების მართლზომიერების შემოწმებას მოსარჩელეებთან მიმართებით და უკვე საკმარისი საფუძველი იყო, სადავო ბრძანებების ბათილად ცნობისათვის;

9.3. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემისა და დასაკავებელი გადასახადების შესახებ 2015 წლის დეკემბრის თვის შესახებ ინფორმაციას (ს.ფ. 65), რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მოპასუხემ არათუ შეამცირა სახელფასო განაცემები, არამედ გაზარდა და დარჩენილ თანამშრომლებზე გასცა ხელფასების დადგენილ ოდენობაზე მეტი თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა საწარმოს ფინანსური სიძნელეებით გამოწვეული ორგანიზაციული ცვლილებების (შტატების ოპტიმიზაციის) აუცილებლობა და მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რის გამოც სარჩელი სადავო ზეპირი ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში, საფუძვლიანი იყო;

9.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის საშტატო განრიგით, ის საშტატო ერთეულები, რომლებიც მოსარჩელეებს ჰქონდათ დაკავებული, აღარ არსებობდა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მათი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე, უსაფუძვლო იყო. გარდა ამისა, მოსარჩელეებს ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა არ მოუთხოვიათ. ამდენად, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელეთა აღდგენა შეუძლებელი იყო, ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ, კომპანიას კომპენსაციის გადახდა უნდა დაჰკისრებოდა, რაც ორივე დასაქმებულის მიმართ ერთი წლის შრომის ანაზღაურებით უნდა განსაზღვრულიყო.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც მოპასუხეს, მოსარჩელეთა სასარგებლოდ, კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. კასატორის მტკიცებით :

10.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და, შესაბამისად, უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულება არამართლზომიერად შეწყდა;

10.2. სააპელაციო პალატამ უგულებელყო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ კომპანიას სწორედ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები შეექმნა, რამაც სამუშაო ძალის შემცირება, ე.წ საკადრო ოპტიმიზაცია განაპირობა;

10.3. მოსარჩელეებს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების თაობაზე, ზეპირსიტყვიერად ეცნობათ, რაც დასტურდება ასევე იმ გარემოებით, რომ მათ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა სრული დაცვით გადაეცათ 2 თვის შრომის ანაზღაურება;

10.4. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უსაფუძვლოდ მიეთითა, რომ მოპასუხემ გაზარდა სახელფასო განაკვეთები. საყურადღებოა, რომ აღნიშნული მხოლოდ 2015 წლის დეკემბერში განხორციელდა, რაც განაპირობა მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ხარჯებად დაკვალიფიცირებამ, რომელიც ასევე აისახა საშემოსავლო დეკლარაციაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 თავის მოთხოვნათა დაცვით.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);

14. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

15. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმაზე, რომ შრომითი ურთიერთობა არის, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება, ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით (შდრ. სუსგ № ას-921-871-2015, 26.11.2015).

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა საწარმოს ფინანსური პრობლემებით გამოწვეული ორგანიზაციული ცვლილებების (შტატების ოპტიმიზაციის) აუცილებლობა (სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) და მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, სახელდობრ:

16.1. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. მითითებული ნორმის ანალიზით, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შესაწყვეტად კუმულაციურად უნდა არსებობდეს ხსენებული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შედეგობრივად უნდა იწვევდეს სამუშაო ძალის შემცირებას. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელი მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ორგანიზაციული ცვლილებების (შტატების ოპტიმიზაციის) აუცილებლობით ხსნის, კერძოდ, მოპასუხის მითითებით, ორგანიზაციული ცვლილებები განპირობებული იყო, საწარმოს ფინანსური პრობლემებით და მოპასუხეს არ გააჩნდა აღნიშნული შტატებისთვის ფულადი სახსრები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ რეორგანიზაცია, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე (შდრ. სუსგ №ას-1444-1364-2017, 9.03.2018).

16.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური წესი: „სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. საყურადღებოა, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და, ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომრის განჩინება საქმეზე Nას-483-457-2015).

16.3. ამდენად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დაადასტუროს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღარ ესაჭიროებოდა იმ ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეულები, რომელზეც მოსარჩელეები იყვნენ დასაქმებულები.

მოპასუხემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგინა კვალიფიციური შესაგებელი. მის მიერ წარდგენილი შესაგებელი სარჩელის გამომრიცხველ გარემოებებზე არც დასაბუთებულ მითითებასა და არც მათ მტკიცებას არ შეიცავდა, რაც სარჩელის უარყოფას უნდა დადებოდა საფუძვლად.

16.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა საწარმოს ფინანსური სიძნელეებით გამოწვეული ორგანიზაციული ცვლილებების (შტატების ოპტიმიზაციის) აუცილებლობა და მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიტანა დასკვნა სადავო ზეპირი ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე.

17. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს, რომელშიც მას არ მიუთითებია, თუ სშკ-ის 37-ე მუხლით განსაზღვრული რომელი კონკრეტული საფუძვლით შეწყვიტა დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობა, მაშინ, როდესაც, სასარჩელო მოთხოვნა სწორედ იმ გარემოებას ემყარებოდა, რომ მოპასუხემ კანონით გათვალისწინებული საფუძვლის მითითების გარეშე დაითხოვა მოსარჩელეები სამსახურიდან. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე მოპასუხემ მხოლოდ 2016 წლის 23 ივნისის სასამართლო სხდომაზე მიუთითა (შესაგებელი წარდგენილია 2016 წლის 27 იანვარს).

17.1. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტით, თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში, დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.

17.2. გამომდინარე იქიდან, რომ დავის სასამართლოში დაწყებამდე და შემდეგაც, დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო არათუ გათავისუფლების საფუძვლების დასაბუთება, არამედ გათავისუფლების კონკრეტული საფუძვლის მითითებაც კი, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის ბრძანება არ ემყარებოდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სშკ-ის 37-ე მუხლის განსაზღვრულ რომელიმე საფუძველს, რაც იმთავითვე შეუძლებელს ხდის მოპასუხის ქმედების მართლზომიერების შემოწმებას მოსარჩელეებთან მიმართებით და უკვე საკმარისი საფუძველია სადავო ბრძანებების ბათილად ცნობისათვის.

18. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სხვა საქმეზე განმარტა შემდეგი : „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).

18.1. ვინაიდან დავის განხილვის დროისათვის მოპასუხე კომპანიაში მოსარჩელეთა მიერ უწინდელად დაკავებული და სხვა ტოლფასი თანამდებობები აღარ არსებობდა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ, მართებულად დაეკისრა ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურება.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

21. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 861 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "G.D.G--ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "G.D.G--ს" (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1230 (ათას ორასოცდაათი) ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 05.11.2018წ.) 70% - 861 (რვაასსამოცდაერთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი