Facebook Twitter

საქმე №ას-458-432-2014 22 აპრილი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - თ.ა. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ.ს.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 1999 წლის 21 სექტემბერს რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გ.ს–ის“ (შემდეგში: გიმნაზია, საზოგადოება, დამსაქმებელი, მოსარჩელე, აპელანტი) 34%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი და დირექტორია ი.ქ.(შემდეგში: დირექტორი), 33%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი და სასწავლო პროცესის მმართველია ლ.მ. და 33%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი და ფინანსური საკითხების მმართველი - თ.ა. (შემდეგში: დასაქმებული, მოპასუხე, კასატორი).

2. მოპასუხეს, დირექტორის 2009 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით (№01-09/02), შეუწყდა შრომითი ურთიერთობა ბუღალტრის თანამდებობაზე და მიღებულ იქნა ფინანსურ მენეჯერად 2009 წლის 9 სექტემბრიდან 2010 წლის 22 ივნისამდე, ხოლო №01-03/07 ბრძანებით - განისაზღვრა მისი შრომითი მოვალეობები. დირექტორის 2010 წლის 22 ივნისის ბრძანებით, მოპასუხეს შრომითი ურთიერთობა გაუგრძელდა 2010 წლის 22 ივნისიდან 2011 წლის 15 ივლისამდე, 2011 წლის 15 ივლისის ბრძანებით - 2011 წლის 15 ივლისიდან 2012 წლის 30 ივნისამდე, 2012 წლის 30 ივნისის ბრძანებით კი - 2012 წლის 30 ივნისიდან 2013 წლის 30 ივნისამდე.

3. დირექტორის მიმართვის (12.07.2012) საფუძველზე ჩატარებული 2012 წლის 11 სექტემბერის აუდიტორული დასკვნის მიხედვით (შემდეგში: 11.09.2012 წ. აუდიტორული დასკვნა), 2010-2011 წლებში საზოგადოების მიერ წარმოებულ საბუღალტრო და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლინდა დარღვევები. საბოლოო ჯამში კი, საბუღალტრო ჩანაწერებით არ ჩანდა 353 569 ლარის დასაბეგრი მოგება.

4. დირექტორის 2012 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ პუნქტებისა და 38-ე მუხლის თანახმად, მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.

5. დამსაქმებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ 353 569 ლარის ამ უკანასკნელისათვის დაკისრების მოთხოვნით. შემდგომში მოთხოვნა 240 853 ლარამდე შეამცირა. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ფინანსურმა მენეჯერმა დაარღვია შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მოპასუხე დაეუფლა იმ თანხას, რომელიც არ აღრიცხა საზოგადოების შემოსავალში 2010-2011 წლებში და იმ თანხას, რომელთა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები საზოგადოებაში არ არსებობს. შესაბამისად, იგი ვალდებულია, თანხა დაუბრუნოს საზოგადოებას.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ:

6.1. ბრძანება, რომლითაც განსაზღვრულია ფინანსური მენეჯერის უფლება-მოვალეობები არ გასცნობია და, სავარაუდოდ, იგი სარჩელის აღძვრის შემდგომ არის შედგენილი, რადგან საზოგადოების კრებაზე ფუნქციათა გადანაწილების საკითხი არასოდეს განხილულა;

6.2. 2010 წლის საანგარიშო პერიოდის დეკლარაცია შედგენილია საკასო მეთოდით, ანუ იმ მონაცემების მიხედვით, რაც ფაქტობრივად დასტურდებოდა საბუღალტრო-საფინანსო დოკუმენტაციის შესაბამისად. მოსწავლეთა გადასახადს აგროვებდა სკოლის ხელძღვანელობა: დირექტორი, მისი მოადგილე და ფინანსური მენეჯერი. თანხა გროვდებოდა დირექტორთან სეიფში. თანხის ნაწილი, დირექტორის მითითებით, ბუღალტრულად არ აღირიცხებოდა და საკუთარი შეხედულებით განკარგავდა. ამასთან, აწარმოებდა ორმაგ ბუღალტერიას. ფინანსურ მენეჯერს ხელთ აქვს 2011 წლის შავი ბუღალტერიის დირექტორის მიერ შესრულებული ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ეს უკანასკნელი, რომელიც წესდების შესაბამისად, პასუხისმგებელია საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვიანობაზე, შეგნებულად ამცირებდა შემოსავალს, უჩვენებდა ხარჯვას შემცირებული შემოსავლებით და გასცემდა განკარგულებას, გაყალბებული შემოსავლებით წარედგინა ბუღალტერს დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში. ამდენად, დეკლარაცია დგებოდა დაფიქსირებული შემოსავლების შესაბამისად, ხოლო შემოსავლების დაფიქსირებას ხელმძღვანელობდა დირექტორი;

6.3. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, რომ სწორედ მოპასუხის ქმედებით მიადგა ზიანი საზოგადოებას, მით უმეტეს, მოთხოვნილი ოდენობით. ვინაიდან აუდიტს არ წარუდგინეს ე.წ. შავი ბუღალტერია, დასკვნა არ არის სრულყოფილი, ზუსტი და სრული, მაგალითად, საიჯარო ქირა, რომელსაც საზოგადოება იხდიდა, საგადასახადო მიზნებისათვის 54 400 ლარით ნაკლებია მითითებული. აუდიტმა გვერდი ვერ აუარა იმ ობიექტურ გარემოებას, რომ არსებული მდგომარეობის მიმართ იკვეთება გიმნაზიის დირექტორის პასუხისმგებლობა.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ აუდიტორული დასკვნა მოგება - ზარალის მონაცემებს ზუსტად არ ასახავდა, ვინაიდან აუდიტისათვის არ იყო წარდგენილი საზოგადოებაში არსებული ყველა დოკუმენტაცია. ამასთან, აუდიტის დასკვნაში არ იყო გათვალისწინებული გიმნაზიის მიერ მოსწავლეთა მიმართ გავრცელებული შეღავათები.

7.2. სასამართლომ მოპასუხის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნით (შემდეგში: 17.03.2013 წლის აუდიტის დასკვნა) დადგენილად მიიჩნია, რომ საზოგადოების მიერ წარდგენილი პირველადი დოკუმენტაცია და საბუღალტრო პროგრამა „ორისი“ საზოგადოებას არ უწარმოებია სრულყოფილად, რაც ვერ უზრუნველყოფდა მოგება-ზარალის ზუსტი ოდენობის განსაზღვრას. მოპასუხემ კი, აუდიტს წარუდგინა როგორც პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია, ისე - სხვადასხვა სახის ჩანაწერები და ახსნა-განმარტებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ცვლიდა საზოგადოების ფინანსურ შედეგებს, ამიტომ მოპასუხის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნით მოგება-ზარალი გაანგარიშდა ორ ვარიანტად. პირველი ვარიანტი, ეფუძნებოდა მხოლოდ პირველად დოკუმენტებს, ხოლო მეორე ვარიანტი როგორც პირველად დოკუმენტებს, ისე - სხვადასხვა სახის ჩანაწერებსა და განმარტებებს, მათ შორის, ე.წ. შავ ჩანაწერებს. როგორც ერთი, ისე მეორე დასკვნის მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ საზოგადოება ბუღალტრულ აღრიცხვას კანონდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით არ აწარმოებდა.

7.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მიერ წარდგენილ აუდიტის დასკვნებში დაფიქსირებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, და, შესაბამისად, მოგება-ზარალის გაანგარიშება არ ასახავდა რეალურ ვითარებას, არ იყო სრულყოფილი. სასამართლომ არ მიიჩნია რა დასკვნები სანდო მტკიცებულებებად, არ დაეყრდნო მათ. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოპასუხის ბრალეული ქმედებით მისთვის მიყენებული ზიანი 240 853 ლარს შეადგენდა.

7.4. სასამართლომ მიუთითა საზოგადოების წესდების 15.1 მუხლზეც, რომლის თანახმად „საზოგადოებაში საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს, რაზედაც პასუხისმგებელია საზოგადოების დირექტორი. ბუღალტრული აღრიცხვა უნდა იყოს სრულყოფილი, სწორი, გასაგები, ორმაგი აღრიცხვის სისტემაზე აგებული, უწყვეტად დაკავშირებული ანგარიშების ნომენკლატურა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან“.

7.5. სასამართლომ განმარტა, რომ დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი პირობა არის ზიანის მიმყენებლის ქმედების არამართლზომიერება. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ფინანსური მენეჯერის მიერ დეკლარაციებში არასწორი მონაცემების მითითებით, ანუ საზოგადოებაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების არასწორი წარმოებით, საზოგადოებისათვის მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანი 240 853 ლარი იყო. სასამართლოს მოსაზრებით, ამის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

8.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ საზოგადოების წარმომადგენლებმა აუდიტს სრულყოფილი დოკუმენტაცია არ წარუდგინეს. გიმნაზიის ხელმძღვანელობამ აუდიტს ვერ წარუდგინა სრული საბუღალტრო დოკუმენტაცია, რადგან ის ინახებოდა მოპასუხესთან, რომელიც უარს აცხადებდა დოკუმენტაციიის საზოგადოებისათვის დაბრუნებაზე. ის ფაქტი, რომ საზოგადოების ბუღალტრული დოკუმენტაციის ნაწილი დღემდე ინახება საზოგადოების ყოფილ ფინანსურ მენეჯერთან, დაადასტურა თავად მოპასუხის წარმომადგენელმაც. ამასთან, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო ვალდებული იყო, სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აუდიტის დასკვნები შეეფასებინა სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებთან ერთად და ისე მიეღო გადაწყვეტილება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების არარსებობის შესახებ.

8.2. აპელანტის განმარტებით არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ე.წ. „შავი ჩანაწერების“ დირექტორის მიერ შედგენის, წარმოების ფაქტს, მოპასუხეს არ წარუდგენია. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი მოცემულ დოკუმენტებთან დირექტორის კავშირის თაობაზე და მასში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობასთან დაკავშირებით, მოპასუხის მხარესაა.

8.3. აპელანტის განმარტებით, თავად მოპასუხის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნის, მის მიერვე ნაწარმოები ბუღალტრული დოკუმენტაციისა და წარდგენილი დეკლარაციების ურთიერთშედარებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება მოპასუხის მიერ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დამსაქმებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, კერძოდ:

- მან საზოგადოების შემოსავალში აღრიცხა იმაზე ნაკლები თანხა, ვიდრე რეალურად მიიღო მოსწავლეთა მშობლებისაგან;

- მან დეკლარაციებში მიუთითა არასწორი ინფორმაცია საზოგადოებაში შემოსული თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით. აუდიტის დასკვნით დასტურდება, რომ დასაქმებულმა ვერ წარადგინა მის მიერ დეკლარაციაში მითითებული ხარჯის საზოგადოების მიერ რეალურად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება. საზოგადოების მოგებად, ნაცვლად 249461 ლარისა, მიუთითა 8609 ლარი, რითაც საზოგადოებამ ვერ მიიღო 240852 ლარის მოგება.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა:

- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეს დაეკისრა 240 853 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

10. სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სშკ-ის 44-ე მუხლი, სსკ-ის 992-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე მუხლები და განმარტა შემდეგი:

10.1. მოპასუხემ, როგორც ფინანსურმა მენეჯერმა, წარადგინა 2010 წლის და 2011 წლის მოგების გადასახადების ელექტრონული დეკლარაციები საგადასახადო ორგანოში. შემოწმებისას გამოვლინდა, რომ სწავლის ქირის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის შემთხვევაში არ ემთხვეოდა ერთმანეთს სალარო აპარატით დაფიქსირებული შემოსავლები და რეალურად მიღებული შემოსავლები, მოწესრიგებული არ იყო ანგარიშვალდებულ პირებზე თანხების გაცემისა და მათგან გონივრულ ვადაში ხარჯვაზე ინფორმაციის წარმოდგენის მექანიზმი. არცერთხელ არ განხილულა წლიური ფინანსური ანგარიშგება პარტნიორთა საერთო კრებაზე და, შესაბამისად, არ მიღებულა გადაწყვეტილება წმინდა მოგების გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, 11.09.2012 წლის დასკვნის თანახმად, საზოგადოების საბუღალტრო ჩანაწერებით არ ჩანდა დასაბეგრი მოგება 353 569 ლარის ოდენობით. ეს კი, საზოგადოების შინაგანაწესის თანახმად, ბუღალტრის/ფინანსური მენეჯერის მოვალეობებში შედიოდა.

10.2. თავად მოპასუხემ, როგორც პირველი ინსტანციის, ისე ნაწილობრივ სააპელაციო სასამართლოშიც დაადასტურა, რომ იგი სრულად არ აღრიცხავდა საზოგადოებაში შემოსულ თანხას: მოსწავლეებისაგან მიღებულ თანხას საკასო აპარატით სრულად არ აღრიცხავდა; საგადასახადო დოკუმენტაციაში ასახული ციფრები რეალობას არ შეესაბამებოდა.

10.3. მოპასუხე მიიჩნევდა, რომ, რადგან საზოგადოებამ აუდიტს საბუღალტრო დოკუმენტაცია სრულად არ მიაწოდა, დასკვნა არ იყო სანდო და სარწმუნო მტკიცებულება გიმნაზიის საბუღალტრო ჩანაწერების შესახებ, ამიტომ მან შპს-ში არსებული ყველა საბუღალტრო ჩანაწერებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტაციის გადაცემით, თავად დაუკვეთა გიმნაზიის ფინანსური აუდიტი 2010 - 2011 წლების საანგარიშო პერიოდისათვის. მოგება-ზარალი გაანგარიშდა ორ ვარიანტად, პირველი ვარიანტი ეფუძნებოდა მხოლოდ ორგანიზაციაში არსებულ ოფიციალურ პირველად დოკუმენტებს, ხოლო მეორე ვარიანტი, როგორც პირველად დოკუმენტებს, ასევე - სხვადასხვა სახის ჩანაწერებს, განმარტებებსა და შავ ჩანაწერებს, რომელიც, მოპასუხის განმარტებით, დირექტორის შესრულებულია.

10.4. პირველი ვარიანტის მიხედვით, 2010 წელს დასაბეგრმა მოგებამ შეადგინა - 119 184 ლარი, 2011 წელს კი - 130 277 ლარი. მეორე ვარიანტის მიხედვით, 2010 წელს დასაბეგრმა მოგებამ შეადგინა 89 244 ლარი, 2011 წელს - 38 134 ლარი. სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისათვის სანდო, სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებად მიიჩნია დასკვნის ის ვარიანტი, რომელიც მხოლოდ პირველად საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ჩატარდა და რომლის თანახმადაც საზოგადოებას 2010-2011 წლებში მოგების სახით შემოსავლებიდან გამომდინარე უნდა მიეღო არა 8 609 ლარი (როგორც ეს მოპასუხის მიერ შედგენილ დოკუმენტაციაშია ასახული), არამედ - 249 461 ლარი.

10.5. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის განმარტება, რომ იგი არ იცნობდა ბრძანებას, რომლითაც მას ფინანსური მენეჯერის მოვალეობა დაეკისრა და 2010-2011 წლების შინაგანაწესს, რომლითაც მისი, როგორც ფინანსური მენეჯერის, ვალდებულებები იყო განსაზღვრული. პირველ ინსტანციაში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე გაცნობილი იყო ბრძანებებსაც და შინაგანაწესსაც.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11.1. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ გიმნაზიაში შემოსული თანხის ნაწილი, დირექტორის მითითებით, არ ტარდებოდა საკასო წესით. ამ თანხას დირექტორი თავისი შეხედულებით ხარჯვადა, სასამართლომ კი, ეს ფაქტი მოპასუხის მიერ მიყენებულ ზიანად მიიჩნია. შეუძლებელია, ხელფასს ზევით დარჩენილი თანხა ისე დამალოს ვინმემ, რომ იგი იმთავითვე ცნობილი არ გახდეს და ორი წლის შემდეგ ჩატარებული აუდიტის შემოწმების შედეგად გამოვლინდეს.

11.2. სასამართლოს დასკვნით, დეკლარაციაში ორი წლის განმავლობაში ნაჩვენები დასაბეგრი მოგების სხვაობა ბუღალტრის მიერ მიყენებული ზიანია, ანუ მითითებული თანხა არა მარტო არ აღრიცხულა სათანადო წესით, არამედ გიმნაზიაში არ შესულა, ბუღალტერმა გადამალა და ეს დირექტორმა არ იცოდა. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ გაუგებარია, როგორ იხდიდა დირექტორი იჯარის თანხას, როგორ ყიდულობდა პირად ნივთებს, როგორ კვებავდა ყოველდღიურად ბავშვებს, რით იძენდნენ საკანცელარიო ნივთებს, ჟურნალებს, წიგნებს, სარემონტო სამუშაოებს რით ასრულებდნენ და რა შემოსავლებით უნაზღაურებდნენ თანხას მუშახელს. ეს და სხვა მრავალი ხარჯი პირველადი დოკუმენტით დადასტურებული არ არის. საზოგადოებაში არსებული თანხის საკასო წესით აღრიცხვის პრაქტიკა ვერ წარმოუშობდა საზოგადოებას ზიანს. შესაბამისად, სასამართლოს, პირველ რიგში, ის უნდა გაერკვია, საკასო წესით აღრიცხული თანხის გარდა, რეალურად შედიოდა თუ არა თანხა გიმნაზიაში, ანუ რა ბედი ეწია მოსწავლეთა მიერ შეტანილ თანხებს. თუ ისინი მოპასუხემ მოიპარა, მიითვისა ან გაფლანგა, ეს სისხლის სამართალწარმოების წესით არის დასადგენი. დირექტორმა არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან მან კარგად იცის და სადავოდაც არ გამხდარა, რომ თვეების განმავლობაში მოპასუხე, ავადმყოფობის და ოჯახური პირობების გამო, არ დადიოდა გიმნაზიაში. შესაბამისად, თანხებს თავად დირექტორი იღებდა, ნაწილს არ ატარებდა და ხარჯავდა. ზიანი დეკლარაციაში დაფიქსირებული ინფორმაციით ვერ დადასტურდება, მითვისებასა და გაფლანგვაზე კი, მოსარჩელე არ აპელირებს.

11.3. სასამართლომ გვერდი აუარა ე.წ. შავ ჩანაწერებს, სადაც, მაგალითად, მითითებულია არაოფიციალური საიჯარო ქირა, რომელიც ორ წელიწადში 96.000 ლარით მეტი იყო, ვიდრე ოფიციალურად ნაჩვენები გადასახადი. არაოფიციალურ აღრიცხვაში დირექტორის ჩანაწერებია, რომელსაც ხელს აწერს ხან მეიჯარე ხან მისი მეუღლე. სასამართლო დავამ აიძულა მეიჯარე, ეჩვენებინა ზუსტი შემოსავალი და აღარ დაემალა გადასახადი. ამგვარი მტკიცებულებით სასამართლოს უნდა შექმნოდა რწმენა, რომ გიმნაზიაში, თუმცა აღირიცხებოდა ნაკლები თანხა, მაგრამ დირექტორის განკარგულებაში რჩებოდა თავისუფალი ფული, რაც მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებას გამორიცხავს. შავი ჩანაწერით დასტურდება ისიც, რომ საკასო აპარატში დაუფიქსირებელი თანხით დირექტორი ყიდულობდა საოჯახო მოხმარების საგნებს. დადასტურებელია სალაროდან თანხის გატანაც, თანხის ერთი ბანკიდან გამოტანა და მეორეში უფრო ნაკლების შეტანა და ა.შ. ყოველივე ეს დასტურდება აუდიტის დასკვნითაც.

11.4. კასატორი მიუთითებს, რომ იგი სადავო ბრძანებებსა და შინაგანაწესს არ იცნობდა და მიიჩნევს, რომ იგი დასაქმებული იყო არა - ფინანსური მენეჯერის, არამედ ბუღალტრის თანამდებობაზე, შესაბამისად, ფინანსურ დარღვევებზე იგი პასუხისმგებელი არ არის.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.

16. კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ საზოგადოების შემოსავალი და გასავალი სათანადო წესით არ აღირიცხებოდა. შედიოდა რა აღნიშნული ვალდებულება მის შრომით მოვალეობაში, კასატორი გარკვეულწილად აღიარებს შრომითი ხელშეკრულების ძირითადი მოვალეობის დარღვევას, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ ქმედებით მას მოსარჩელისათვის ზიანი არ მიუყენებია, რადგან თანხა რეალურად საზოგადოებაში შედიოდა და მას არ მიუთვისებია.

17. პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შინაგანაწესით, სადავო ბრძანებებით, მხარეთა ახნა-განმარტებებითა და აუდტის დასკვნებით, მოპასუხის მიერ შრომითი ხელშეკრულების ძირითადი ვალდებულების (ეწარმოებინა ბუღალტრული აღრიცხვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და შეედგინა ხარჯთაღრიცხვა, ბალანსი) დარღვევა დგინდება, თუმცა, რადგან კასატორი ამტკიცებს, რომ აღურიცხავ თანხას იგი არ დაუფლებია და დირექტორი განკარგავდა, იგი ფაქტობრივად მიუთითებს, რომ გულისხმიერების ვალდებულება - ე.წ. არაძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულება არ დაურღვევია. ეს უკანასკნელი კი, მოიაზრებს, რომ ყოველმა მხარემ უზრუნველყოს მეორე მხარის იმ ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების დაცვა, რომელზეც მას ხელი მიუწვდება და რომელთა დაცვაც ხელშეკრულებით ნაკისრი შესრულების ვალდებულების მიღმაა. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ზოგ შემთხვევაში მხარეს, შესაძლოა, იმაზე მეტი ვალდებულება ეკისრებოდეს, ვიდრე ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი (იხ. სუსგ ას-7-6-2010, 6.07.2010 წელი). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ეს ვალდებულება გამოიხატებოდა იმაში, რომ მას მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედებით მოსარჩელის ქონებრივი ინტერესი არ დაეზიანებინა. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს სსკ-ის 316-ე მუხლის მეორე ნაწილიდან (თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას). გულისხმიერების ვალდებულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეები, კონკრეტული ვალდებულების შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებული არიან, ურთიერთობა ისე წარმართონ, რომ მეორე მხარის უფლებები თუ ინტერესები არ დააზიანონ, ანუ ეს ვალდებულება მიმართულია მხარის ქონებრივი თუ არაქონებრივი ინტერესის შენარჩუნებაზე.

18. პალატა მიიჩნევს, რომ ამ მიმართებით კასატორის შედავება, რომ იგი არ იყო ფინანსური მენეჯერი, არამედ ბუღალტერი იყო, არაარსებითია, რამდენადაც დასაქმებულს ეს ვალდებულება ეკისრებოდა შრომითი მოვალეობების ხასიათიდან გამომდინარე და მისი არსებობა არ იყო დამოკიდებული შეთანხმებაზე და არც იმაზე - მის მიერ დაკავებულ თანამდებობას ბუღალტერი ერქმეოდა თუ ფინანსური მენეჯერი.

19. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დავის გადაწყვეტისათვის იხელმძღვანელეს სსკ-ის 992-ე მუხლით, რაც, პალატის მოსაზრებით, არასწორია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან გულისხმიერების ვალდებულების მიზანი, ძირითადად, სხვა პირის აბსოლუტური უფლებების (სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საკუთრება) დაცვაა, ის დელიქტური მოთხოვნით დაცულ სიკეთეს ემსგავსება, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, გადამწყვეტი ისაა, რომ ზიანი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესშია წარმოშობილი და არ სცილდება სახელშეკრულებო (არაძირითადი) პასუხისმგებლობის ფარგლებს, კერძოდ, ბუღალტრის ვალდებულება, რომ დამსაქმებლის თანხა არ მიეთვისებინა, სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარეობდა და უშუალოდ იყო დაკავშირებული მის ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან - ბუღალტრული აღრიცხვა სწორად და სრულყოფილად ეწარმოებინა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულება და გულისხმიერების ვალდებულება ისეა დაკავშირებული, რომ არა შრომითი ხელშეკრულება, მოპასუხე მოსარჩელეს ამ ზიანს ვერ მიაყენებდა. შესაბამისად, დაზარალებული მხარის ინტერესის დაცვა შესაძლებელი იქნებოდა დელიქტის მარეგულირებელი ნორმებით, თუ დარღვევა არასახელშეკრულებო ხასიათის იქნებოდა. სახელშეკრულებო მოვალეობის შესრულებისას გულისხმიერების ვალდებულების დარღვევისათვის კი, გამოიყენება სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნის საფუძვლები, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების (სსკ-ის 394-ე მუხლი).

20. ამდენად, სააპელაციო პალატას, პირველ რიგში, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი და, პირობითად, არაძირითადი ვალდებულებები უნდა გაემიჯნა. თუ ხელშეკრულება არ სრულდება ან არაჯეროვნად სრულდება (ზარალდება კრედიტორის პოზიტიური ინტერესი), მოვალეს დაეკისრება პასუხისმგებლობა შესრულების ვალდებულების დარღვევისათვის, ხოლო, რამდენადაც გულისხმიერების ვალდებულება ნეგატიურ ინტერესს იცავს, მისი დარღვევისას ზიანდება ის სიკეთე, რომელიც არ დაზიანდებოდა, რომ არა ხელშეკრულება.

21. მოპასუხე მის მიერ საზოგადოების ინტერესისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების ვალდებულების დაურღვევლობას, ანუ იმას, რომ გიმნაზიის თანხა მას არ მიუთვისებია, ადასტურებს საქმეზე მტკიცებულებად დართული მეორადი ჩანაწერებითა და 17.03.2013 წლის აუდიტის დასკვნით, კერძოდ, იმ ვარიანტით, რომელშიც პირველად საბუღალტრო დოკუმენტაციასთან ერთად გათვალისწინებულია სხვა ჩანაწერები, გაანგარიშებები და განმარტებები. მისი მტკიცებით, მეორად ჩანაწერებში მითითებულია საზოგადოების აღურიცხავი შემოსავალი და ის ხარჯიც, რომლის გაღების გარეშეც გიმნაზია ფუნქციონირებას ვერ შეძლებდა.

22. სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და დაადგინა ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივი საფუძველი, რომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები - ახსნა-განმარტება, მეორადი ჩანაწერები, აუდიტის დასკვნა, რომელიც დეტალურად და ერთობლივად უნდა შეფასდეს. გაუგებარია, რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ მეორადი ჩანაწერები და შესაბამისი დასკვნა, იმ პირობებში, როცა საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებითაც დასტურდება მასში მოყვანილი ფაქტები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი საფუძვლის არსებობის სწორად განსაზღვრის მიზნით სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, დაარღვია თუ არა მოპასუხემ არაძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, ე.წ. „შავი ჩანაწერების“ გათვალისწინებით შედგენილი აუდიტის დასკვნის მხედველობაში მიღებით განსაზღვროს ზიანის ოდენობა. ზიანის ოდენობის დადგენისას პალატამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ზიანის ანაზღაურებას არ უნდა მოჰყვეს რომელიმე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება, არამედ გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ უშუალოდ ზიანზე პასუხისმგებელი პირის მიერ გამოწვეული ზიანის ოდენობა. ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, უნდა დაადგინოს, გამოიწვია თუ არა მოპასუხის მიერ მხოლოდ შრომითი მოვალეობების დარღვევამ საზოგადოებისათვის მოთხოვნილი ზიანის მიყენება.

23. ამდენად, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სწორად უნდა გაანაწილოს მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი და მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

24. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ა–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი