Facebook Twitter

№ას-569-540-2014 11 მარტი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ბ.კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ც.შ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ჟურნალ „რეიტინგის“ (შემდეგში - ჟურნალი) 09.07.2012 წლის 28-ე ნომერში დაიბეჭდა ც.შ–ას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი) ინტერვიუ, რომელშიც მან ბ.კ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) შესახებ განაცხადა: „მისი პატივი და ღირსება ერთი გახვრეტილი თეთრიც არ ღირს. ძალიან მრცხვენია, რომ ამ ნაძირალა არაკაცს ჩემი ქმრის სახელი ერქვა“.

2. 2012 წლის 7 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

- მოპასუხისათვის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფის დავალება ინფორმაციის იმავე საშუალებით და შემდეგი ფორმით - „სიცრუეა, რომ მოსარჩელის პატივი და ღირსება ერთი გახვრეტილი თეთრიც არ ღირს. სიცრუეა, რომ მოსარჩელე არის ნაძირალა არაკაცი“;

- მოპასუხისათვის ზიანის - 5000 ლარის დაკისრება;

- მოპასუხისათვის მკურნალობის ხარჯების - 1470.36 ლარის დაკისრება.

3. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ ჟურნალში გამოქვეყნებული სადავო ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ცრუ ინფორმაციის გავრცელებით კი, მოსარჩელეს პატივი და ღირსება შეელახა. ამასთან, მოპასუხესთან არსებულმა დავებმა მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა, მოსარჩელეს დასჭირდა საავადმყოფოში მკურნალობა და მნიშვნელოვანი თანხის გაღება.

4. მოპასუხემ მოთხოვნის წარმოშობის დამაბრკოლებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის მტკიცებით, ინტერვიუში არსებული სადავო ფრაზები საკუთარი აზრის გამოხატვა, შეფასება იყო, რომელიც არ სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.

5. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა მატერიალური ზიანის - 355 000 რუსული რუბლის ეკვივალენტი ლარისა და მორალური ზიანის - 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოთხოვნით. მისი მტკიცებით, მოსარჩელესთან თანაცხოვრების პერიოდში ამ უკანასკნელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ჯანმრთელობა დაუზიანდა, დაუქვეითდა შრომის უნარი. მოპასუხემ განიცადა როგორც ფიზიკური ტკივილი, ისე მორალური ტანჯვა.

6. მოსარჩელემ შეგებებული სარჩელის მოთხოვნები არ ცნო, ამასთან მიუთითა, რომ ამ მოთხოვნებზე სასამართლომ უკვე იმსჯელა, რის გამოც შეგებებულ სარჩელზე წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- მოსაპუხეს დაევალა 2012 წლის ჟურნალის №28 გამოცემაში (გვ. 38) მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა იმავე საინფორმაციო საშუალებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გამოცემული ჟურნალის პირველივე ნომერში შემდეგი ფორმით: ,,მოსარჩელის პატივი და ღირესება ერთი გახვრეტილი თეთრიც არ ღირს, მოსარჩელე არის ნაძირალა არაკაცი - არ შეესაბამება სინამდვილეს“;

- მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;

- შეგებებული სარჩელი, მოპასუხისათვის მორალური და მატერიალური ზიანის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

8. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში კონვენციის) მე-10 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) მე-18, 408-ე, 413-ე მუხლები და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში სპეციალური კანონი) პირველი, მე-3 მე-4, მე-9 , მე-13, მე-17 მუხლები.

8.1. სასამართლომ მიუთითა, რომ 2009 წლის 6 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა ჟურნალში. მითითებული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად 2012 წლის 18 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული ვალდებულების შესრულებისას, მოპასუხემ კვლავ შელახა მოსარჩელის პატივი და ღირსება, საჯარო შეურაცხყოფა მიაყენა მას.

8.2. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ვალდებული იყო, დაემტკიცებინა: ა - მოპასუხის მიერ მის შესახებ შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელება და ბ - აღნიშნული განცხადებებით, მისი პატივისა და ღირსებისათვის ზიანის მიყენება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ორივე გარემოება დაამტკიცა, კერძოდ: მოპასუხემ საჯაროდ გაავრცელა განცხადება და მის მიერ მოსარჩელეზე გავრცელებული ინფორმაცია ზიანის მიმყნებელი და სახელის გამტეხი იყო ამ უკანასკნელისათვის, ლახავდა მის პატივსა და ღირსებას.

8.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ მან გამოხატა თავისი აზრი და მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები არ გაუვრცელებია. სასამართლომ განმარტა, რომ მაშინაც კი, როდესაც განცხადება „შეფასებით მსჯელობას“ წარმოადგენს, ჩარევის თანაზომიერების შეფასება შეიძლება, დამოკიდებული აღმოჩნდეს იმაზე, არსებობდა თუ არა შესაბამისი სადავო განცხადებების საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი. შეფასებითი მსჯელობაც შეიძლება, გადაჭარბებულად ჩაითვალოს, თუკი იგი არ ემყარება საკმარის ფაქტობრივ საფუძველს. სასამართლოს მითითებით, გავრცელებული ფაქტები საზოგადოებამ აღიქვა რეალობად, მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ აღნიშნული განცხადებების გავრცელებას მოჰყვა მისი დისკრედიტაცია, მოსარჩელე უარყოფითი კუთხით წარმოჩნდა საზოგადოებაში. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული გამონათქვამები შეიცავდა მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს.

8.4. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მან განიცადა მორალური და მატერიალური ზიანი. 2010 წლის 22 სექტემბერს მოსარჩელე კლინიკაში მოათავსეს, ჩაუტარდა სამედიცინო პროცედურები, რაშიც 1470.36 ლარი გადაიხადა, თუმცა არ დგინდება, რომ ეს მოპასუხის მოქმედებამ გამოიწვია. სადავო ინტერვიუ მოსარჩელის ავადმყოფობიდან ორი წლის შემდეგ, 2012 წელს გამოქვეყნდა. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხის ქმედებით.

8.5. მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მიუთითა, რომ ეს მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს გადასახდელად დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება - 5000 ლარი. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია იმავე მოთხოვნის ხელახლა განხილვა.

8.6. რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, მოპასუხემ წარმოადგინა სამედიცინო კლინიკის მიერ გაცემული 2009 წლის 17 ნოემბერს ცნობა, რომლის საფუძველზეც იგი 355 000 რუსული რუბლის ანაზღაურებას მოითხოვდა. მასზე 2012 წლის 3 აპრილის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უკვე იმსჯელა და განმარტა, რომ არ დგინდებოდა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის.

9. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

9.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს მითითება, რომ უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 3 აპრილის განჩინებით საკასაციო სასამართლომ ვერ დაადგინა მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის ქმედებასა და შედეგს შორის, არასწორია. პირიქით, უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა მტკიცება, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით მოპასუხემ, როგორც ფიზიკური, ისე ზნეობრივ-ფსიქიკური ტანჯვა განიცადა, ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა უარყოფით გავლენას ახდენს მის ფსიქიკაზე, მით უფრო, განზრახ და ძალის გამოყენებით.

9.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადება იყო ცილისწამება, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი, რომ ამით მას ზიანი მიადგა, პატივი და ღირსება შეელახა, სახელი გაუტყდა. მოსამართლე ზიანის (სავარაუდოდ, მორალურის) მიყენებაზე მიუთითებს, თუმცა კი, საბოლოოდ, ყოველგვარი ზიანის მიყენების ფაქტს უარყოფს.

9.3. ცილისწამების შემადგენლობის უმთავრესი ელემენტი სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელებაა. შესაბამისად, მოსარჩელეს, უპირველესად, ის უნდა ემტკიცებინა, რომ მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა ფაქტები, რომლებიც არსებითად მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება. აპელანტის მტკიცებით, შეფასებითი მსჯელობა ცილისწამებად არ მიიჩნევა. სადავო გამონათქვამები ცალკე აღებული შესაძლოა, შეურაცხმყოფელიც ყოფილიყო, მაგრამ სტატიის მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს გამონათქვამები უნდა შეფასდეს როგორც მოპასუხის მიერ საკუთარი შეხედულებების მკვეთრი (უხეში) ფორმით გამოხატვა, კერძოდ, მოპასუხის მიერ მოსარჩელის შეფასება ისე უნდა გავიგოთ, რომ იგი ღირსეული, პატივსაცემი პიროვნება არ არის.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც მოპასუხეს დაევალა ჟურნალის 2012 წლის №28 გამოცემაში მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა იმავე საინფორმაციო საშუალებით.

10.1. პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობდა მტკიცებულებები, რომელიც მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას დაადასტურებდა. სასამართლოს განმარტებით, პატივი გულისხმობს პიროვნების მორალური თუ სხვა ობიექტური თვისებების შეფასებას საზოგადოების მიერ, რომელიც განსაზღვრავს პიროვნების დამოკიდებულებას სხვათა მიმართ, ხოლო ღირსება მორალური თუ სხვა თვისებების შეფასებაა თავად პიროვნების მიერ. პატივისა და ღირსების შელახვა გულისხმობს ისეთი ცნობების გავრცელებას, რომელიც შეიცავს პირის მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევას. ცილისწამების შემთხვევაში, უნდა გავრცელდეს კონკრეტული ფაქტი. ამასთან, ინფორმაციის გამავრცელებელი პირი არაორაზროვნად უნდა მიუთითებდეს, რომ განცხადებაში აღწერილი ფაქტი შეესაბამება სინამდვილეს.

10.2. სასამართლოს დასკვნით, მოპასუხის განცხადება ჟურნალში შეფასებითი მსჯელობა იყო მისი ყოფილი მეუღლის მიმართ, რომელიც არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტებს. სადავო გამონათქვამების დადასტურება ან უარყოფა რაიმე ფორმით, მით უფრო, მტკიცებულების წარმოდგენით, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის განცხადება იყო მისი დამოკიდებულება მოსარჩელის მიმართ, რომელიც, როგორც მისი სუბიექტური აზრი და შეფასება პიროვნების მიმართ, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

10.3. პალატამ განმარტა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ შინაარსობრივი მსგავსებისა და მყარი ურთიერთკავშირის გამო მოსაზრებებისა და ფაქტების (ცნობების) ერთმანეთისგან ხისტი გამიჯვნა რთულია, მაინც უნდა განისაზღვროს, რომ აზრი მტკიცებას არ ექვემდებარება, რადგან მისი სისწორე თუ მცდარობა ადამიანის პირად წარმოდგენაზეა დამოკიდებული და ის შეფასებითი მსჯელობის შედეგია. ამდენად, ნამდვილობის მტკიცება შესაძლებელია მხოლოდ ფაქტთან (ცნობასთან) და არა - მოსაზრებასთან მიმართებით. მოსაზრებები, თუნდაც შეურაცხმყოფელი, ნამდვილობის მტკიცებას არ ექვემდებარება.

10.4. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოპასუხემ ცილისმწამებლური, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაცია გაავრცელა. ვერც იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარადგინა, რომ ეს განცხადება მისთვის ზიანის მიმყენებელი იყო და საზოგადოებაში, ოჯახსა თუ საქმიან წრეებში მისი სახელის, საქმიანი რეპუტაციის შელახვა გამოიწვია.

10.5. პალატამ შეგებებულ სარჩელზე საქმისწარმოება შეწყვიტა, რადგან მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება გამოტანილი იყო დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაზეც მოცემულ საქმეში აღძრული შეგებებული სარჩელი. ორივე საქმეზე დავა წარმოებდა იმავე მხარეებს შორის, დავის საგანი იყო მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ხოლო საფუძველი –2005 წლის 13 ივნისს ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სხეულის დაზიანებით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 3 აპრილის განჩინებით მითითებულ ნაწილში საქმისწარმოება შეწყდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტები გაუქმდა.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, სადავო გამონათქვამები რომც არ განეკუთვნებოდეს ცილისწამებას, არ ნიშნავს იმას, რომ ის პატივისა და ღირსების შემლახველი არ არის. სასამართლომ, მართალია, გამონათქვამები მოპასუხის აზრად მიიჩნია და მასზე აბსოლუტური პრივილეგია გაავრცელა, მაგრამ არ დაასაბუთა შეიძლება თუ - არა აზრი შეურაცხმყოფელი და უხამსი ფორმით გამოიხატოს. კასატორის მტკიცებით, გამონათქვამები უხეშად ლახავს საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკის ნორმებს. განცხადებით მოსარჩელე შეფასებულია, როგორც პიროვნება, რომელიც საზოგადოებაში დადგენილი მორალური პრინციპების შეუსაბამოა და არ გააჩნია პატივი და ღირსება.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის სადავო გამონათქვამებმა მისი პატივი და ღირსება შელახა. მოსარჩელის ეს უფლებები აღიარებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით (გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად), კონვენციის მე-10 მუხლითა (ყველას აქვს უფლება, გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება, დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად) და სსკ-ის მე-18 მუხლით, რომლის მე-2 ნაწილის (პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან) ჩანაწერი პატივისა და ღირსების „კანონით დადგენილი წესით“ დაცვასთან დაკავშირებით „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ სპეციალურ კანონს გულისხმობს. ამრიგად, არაქონებრივი უფლებების დაცვის საფუძვლით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე მსჯელობისას მითითებული კანონი გამოიყენება.

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფის თაობაზე, სპეციალური კანონის მე-13 მუხლს (პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა) ეფუძნება (აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე მიჩნეულია კერძო პირად და ეს გარემოება საკასაციო საჩივრით სადავოდ არაა გამხდარი).

16. მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს, რომ შესრულებულია ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებლი ყველა წინაპირობა, კერძოდ:

ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება;

ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია;

გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.

17. განცხადება რომ მოპასუხეს ეკუთვნის, სადავო არ არის. რაც შეეხება მეორე წინაპირობას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განცხადება არ შეიცავს ისეთ კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის დადასტურება ან უარყოფა შესაძლებელია. უპირველესად, აღსანიშნავია, რომ სპეციალური კანონით მოცემულია როგორც აზრის (შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს), ისე ცილისწამების (არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება) დეფინიცია, რომელთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის. მითითებული ნორმის მიხედვით, „აზრი“ ფართოდ უნდა განიმარტოს. იგი გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ერთმანეთისაგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ევროსასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფაქტების არსებობა შეიძლება, დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს (Lingens v. Austria; Jerusalem v. Austria; Dichand and Others v. Austria).

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (სუსგ, #ას-1477-1489-2011, 3.04.2012). მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადება შეფასებითი ფორმისაა და მკითხველზე ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის მხოლოდ რესპონდენტის მოსაზრებაა. სადავო ფრაზები არ აღწერს ობიექტურად არსებულ გარემოებას და არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისად, მასზე ვერც სისწორისა და ნამდვილობის მტკიცების კრიტერიუმები ვერ გავრცელდება. ამდენად, მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სადავო ინტერვიუ შეიცავდა ფაქტებზე მითითებას და არა - შეფასებას (აზრს), გაზიარებული ვერ იქნება.

19. როგორც უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა (№ას-677-638-2011, 24.09.2012) ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომელიც რეალობისგან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია. ნიშანდობლივია, რომ სადავო განცხადება არცერთ ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ინტერვიუს სადავო ნაწილი ფაქტობრივ ინფორმაციას საერთოდ არ შეიცავს.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამი მოპასუხის პირადი შეფასებაა მოსარჩელისა, რომელიც არც ეყრდნობა და არც ეხება ფაქტებს. სასამართლო განმარტავს, რომ ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე - ფაქტობრივი ელემენტები. სადავო განცხადება სწორედ ის შემთხვევაა, როცა მასში მხოლოდ მოპასუხის შეფასება, მოსარჩელისადმი მისი პირადი დამოკიდებულებაა გადმოცემული და არც მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით და არც იზოლირებულად განხილვის შემთხვევაში არ იძლევა მისი ფაქტის კატეგორიისადმი მიკუთვნების მინიმალურ საფუძველსაც კი.

21. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო კასატორმა მოპასუხის განცხადებისათვის „ფაქტის“ სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, ვერ წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია. აქედან გამომდინარე, სადავო გამონათქვამები, როგორც შეფასებითი მსჯელობა, ცილისწამებად ვერ მიიჩნევა. აზრი კი, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც გამორიცხავს სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

22. კასატორი ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ სადავო გამონათქვამები შესაძლოა, არ შეიცავდა ფაქტებს და, შესაბამისად, არ იყო ცილისწამება, თუმცა აზრი გამოთქმული იყო შეურაცხმყოფელად, სუბიექტური შეფასება გამოიხატა უხამსი ფორმით, რამაც შელახა მისი პატივი და ღირსება.

23. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართალია, მოპასუხის მიერ აზრი უხეში ფორმითაა გამოთქმული, მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება. საკასაციო პალატა მიუთითებს ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის თანახმად, „აზრის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი და პროგრესისა და ინდივიდუალური თვითრეალიზაციის მთავარი პირობაა. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების მიხედვით, სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ სასურველ, უწყინარ ან ნეიტრალურ „ინფორმაციებსა“ და „იდეებს“, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, შოკის მომგვრელი ან შემაშფოთებელია. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და გონიერების მოთხოვნები, ურომლისოდაც „დემოკრატიული საზოგადოება“ ვერ იარსებებს (Nilsen v. Norway). აზრის გამოხატვის თავისუფლებაში მოიაზრება „ისეთი განცხადებისა და გამოთქმის უფლებაც, რომელიც შეურაცხმყოფელი, აღმაშფოთებელი და შემაწუხებელია“ (Castells v. Spain).

24. ამდენად, კონვენციის მე-10 მუხლიდან გამომდინარე, კერძო პირის რეპუტაციის დასაცავად შეურაცხმყოფელი გამონათქვამების შეზღუდვა, ევროსასამართლოს მიერ, აზრის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად ფასდება. ეს არ გულისხმობს იმას, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის სარგებლობს უპირატესობით სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან ან საზოგადოებრივ ინტერესებთან დაპირისპირებისას. ასეთი მიდგომა გამოხატვის თავისუფლებას აბსოლუტურ უფლებად აქცევდა, თუმცა პიროვნების შეურაცხყოფის საქმეების განხილვის დროს სასამართლოს წინაშეა მთავარი კითხვა: იყო თუ არა აღნიშნული განცხადება „გადაჭარბებული“? ევროსასამართლოს განმარტებით, განცხადების შეფასებისას მნიშვნელოვანი ელემენტია, რამდენად შეიცავს იგი შეურაცხმყოფელ ტერმინებს, ასევე, მათი შინაარსი და გავლენა საზოგადოებაზე (Chauvy v France). ამდენად, შესაფასებელია გამოხატვის ფორმა და ღირებულება, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამი ფორმულირებულია უსიამოვნო, უხეში ტერმინებით, თუმცა მათი მიზნისა და იმ ზემოქმედების გათვალისწინებით, რაც მას საზოგადოებაზე შესაძლოა, მოეხდინა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმდენად გადაჭარბებულად, რომ გამართლებული იყოს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა, კერძოდ, როგორც აღინიშნა, სადავო განცხადება ჩამოყალიბებულია იმდაგვარად, რომ მკითხველზე მხოლოდ მოსარჩელის მიმართ მოპასუხის პირადი განწყობისა და დამოკიდებულების შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ თვალსაზრისით, ევროსასამართლოს პრაქტიკაში აშკარა ტენდენციაა, რომ შეფასებით მსჯელობად მიიჩნიონ სრულიად სხვადასხვა კრიტიკული განცხადებები და კომენტარები: ერთ-ერთ საქმეზე ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ავსტრიის ხელისუფლების მიერ მოპასუხის დევნა მომჩივნის მისამართით, ტერმინ „იდიოტის“ გამოყენების გამო, წარმოადგენდა დარღვევას, კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ სიტყვის გამოქვეყნება არ იყო გადაჭარბებული მომჩივნის მხრიდან მანამდე გავრცელებული პროვოკაციული განცხადებების ფონზე (Oberschlick v. Austria (no.2). ასევე, ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც მოსარჩელე მოხსენიებული იყო როგორც „უცნაური“, „უზნეო“ და „უხეში“, სასამართლომ დაადგინა, რომ, გამონათქვამები იყო უხეში, თუმცა კრიტიკა არ იყო გაზვიადებული და წარმოადგენდა პასუხს მის პროვოკაციულ გამოსვლაზე (Lopes Gomes DA Silva v. Portugal).

26. ამ მიმართებით, საყურადღებოა ისიც, რომ ევროსასამართლოს განმარტებით, როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის, ვინაიდან სუბიექტური შეფასებაც კი, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლით გამყარების გარეშე შეიძლება, ზედმეტი იყოს (Dichand and Others v. Austria). მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ მოპასუხის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დადგინდა. შესაბამისად, მოპასუხის მოსარჩელისადმი უარყოფითი სუბიექტური დამოკიდებულება გამყარებულია გარკვეული ობიექტური ფაქტობრივი საფუძვლებით. ამდენად, მოპასუხის უხეშ შეფასებით მსჯელობას რომც არ მივანიჭოთ აზრის პრივილეგია, მაინც არ არსებობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის წინაპირობა.

27. გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვა პირთა უფლებებისა თუ რეპუტაციის დასაცავად უხამსობის (სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, უხამსობა არის განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს) შეზღუდვა და, შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია არა ყოველთვის, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ევროპულმა სასამართლომ უხამსობის შეზღუდვის ფარგლებთან მიმართებით განმარტა, რომ გამოხატვის თავისუფლება, ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს და მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობას. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ის გამოიყენება არა მხოლოდ ისეთი „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობად მიიღება ან განიხილება, როგორც უვნებელი, ან როგორც ინდიფერენტიზმის საგანი, არამედ ისეთების მიმართაც, რომლებიც, თავისი არსით, შეურაცხმყოფელია, აღშფოთებას იწვევს და ადამიანების სიმშვიდეს არღვევს. ეს არის პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და საღი აზროვნების არსებითი ნიშანი, რომლის გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება (Handyside v. United Kingdom; Lingens v. Austria). ამდენად, გამოხატვის შეზღუდვის აუცილებლობის ხასიათი განისაზღვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული სტანდარტით, კერძოდ, შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას, რა თქმა უნდა, დასაშვები კრიტიკის ფარგლებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით.

28. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ, კრიტიკის ვიწრო ფარგლების მიუხედავად, დავა გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, სხვაგვარად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შეზღუდვა ხელყოფდა შეხედულებების თავისუფლების არსს, იმის გათვალისწინებითაც, რომ ინტერვიუში გამოყენებული სადავო სიტყვები ერთმნიშვნელოვნად სუბიექტური დამოკიდებულებით გაჯერებული აზრის გამოხატვაა.

29. მოსარჩელემ სპეციალური კანონით დაცული უფლების დარღვევა ვერ დაამტკიცა. სადავო განცხადება სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცილისწამების შემადგენლობას არ შეიცავს. ის მოპასუხის შეფასებითი მსჯელობაა, მისი შეხედულება, დამოკიდებულება პიროვნებისა და მოვლენის მიმართ, რაც სავსებით თავსდება ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში გადმოცემულ „აზრის“ კატეგორიაში, თავის მხრივ, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულად და უპირობოდ გათავისუფლების საფუძველია (ამავე კანონის 4.1 მუხლი და პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი). ამასთან, მოპასუხის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ წარმოადგენს აუცილებლობას დემოკრატიული საზოგადოებისათვის, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე, ვერ აკმაყოფილებს შეზღუდვის სტანდარტს.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 263.4-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.კ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი