Facebook Twitter

№ას-769-737-2016 20 ივნისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – გ.ლ.

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ზ.გ., კ.თ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ლ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მსესხებელი, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) და ფ.ს–ამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გამსესხებელი, იპოთეკარი, კრედიტორი), რომელსაც კ.თ–ძე წარმოადგენდა (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან გამსესხებლის წარმომადგენელი), 2009 წლის 15 ივლისს დადეს სესხის ხელშეკრულება (დამოწმებულია სანოტარო წესით), რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელმა მოსარჩელეს 35 000 აშშ დოლარი ყოველთვიური 5%-იანი სარგებლით, სამი თვის ვადით - 2009 წლის 15 ოქტომბრამდე გადასცა. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ..... მდებარე ... ბინა.

2. შპს „ქ.მ.ა–ის“ 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გამსესხებელსა და მსესხებელს შორის დამტკიცებული მორიგების თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, 2009 წლის 15 ოქტომბრამდე გადაეხადა სარგებელი და პირგასამტეხლო - 4988 აშშ დოლარი, კონტრაქტის ერთი თვით (2009 წლის 9 ნოემბრამდე) გაგრძელებისათვის კი - 2 625 აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იპოთეკით დატვირთული ბინა იპოთეკარის საკუთრებაში აღირიცხებოდა.

3. მსესხებელმა გამსესხებელს 2009 წლის 10 სექტემბერს - 1969 აშშ დოლარი, 2009 წლის 16 ოქტომბერს - 4000 აშშ დოლარი, 2009 წლის 16 ნოემბერს - 2000 აშშ დოლარი, 2010 წლის 16 იანვარს - 1500 აშშ დოლარი, ხოლო 2010 წლის 3 და 10 თებერვალს - 6000 აშშ დოლარი გადაუხადა.

4. 2009 წლის 20 ოქტომბერს მუდმივმომქედმა არბიტრაჟმა, 09.10.2009 წლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე, კრედიტორის სასარგებლოდ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც იპოთეკის საგანი იპოთეკარის საკუთრებად საჯარო რეესტრში აღირიცხა 2010 წლის პირველ თებერვალს.

5. 2010 წლის 17 მაისს გამსესხებელს, რომელსაც პირველი მოპასუხე წარმოადგენდა, და დ.რ–ძეს (შემდეგში - მყიდველი) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება ამ უკანასკნელის საკუთრებად აღირიცხა, 2012 წლის პირველი ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე კი - ი.გ–ას საკუთრებად.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის პირველი მარტის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, პირველი მოპასუხე და ზ.გ. (მეორე მოპასუხე, ასევე, ერთობლივად მოხსენიებული როგორც მოპასუხეები) ცნობილ იქნენ დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობის) ჩადენისათვის. განაჩენის მიხედვით, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებით მათ დაზარალებულ გ.ლ–ს მიაყენეს 6000 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და მიიღეს ქონებრივი უფლება ამ უკანასკნელის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე.

7. კანონიერ ძალაში შესეული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი პირველი და მეორე მოპასუხის, გამსესხებლისა და მყიდველის მიმართ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების გამოთხოვისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და პირველ და მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 6000 აშშ დოლარის გადახდა.

8. მოპასუხეებმა მოსარჩელეს გადაუხადეს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა.

9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის - 81 000 აშშ დოლარისა და 29 800 აშშ დოლარის ანაზღაურებისა და მორალური ზიანის - 8000 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

9.1. მოსარჩელის მითითებით, თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მოპასუხეთა ბრალეული ქმედების შედეგად, ჯერ გამსესხებლის სახელზე აღირიცხა, შემდეგ კი, რამდენიმეჯერ გასხვისდა. განაჩენით დგინდება, რომ მოპასუხეებმა თაღლითური გზით მიიღეს ქონებრივი უფლება მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე, რომლის ღირებულება 81 000 აშშ დოლარია. განაჩენისვე მიხედვით, მოპასუხეები მოტყუებით დაეუფლნენ მოსარჩელის კუთვნილ 6000 აშშ დოლარს. სადავო ბინის იპოთეკარის სახელზე აღრიცხვის შესახებ მოსარჩელისათვის არ იყო ცნობილი და იგი, მოპასუხეთა მითითებით, 09.10.2009 წლის მორიგების აქტის შესაბამისად, აგრძელებდა თანხის ჩარიცხვას.

9.2. საცხოვრებელი ბინის დაკარგვით მოსარჩელეს მიადგა უმძიმესი მატერიალური და მორალური ზიანი. საცხოვრებელი ბინიდან გამოტანილი ავეჯის, ინვენტარის, მოწყობილობების, წიგნებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების საბაზრო ღირებულება შემცირდა 12 900 აშშ დოლარით. ბინიდან გამოსახლების შემდეგ, მოსარჩელის მიერ გადახდილი ქირა 16 900 აშშ დოლარია.

9.3. მორალური ზიანი გამოიხატა მოსარჩელის მეუღლის ჯანმრთელობის უკიდურესად გაუარესებით, ოჯახის დანგრევით, მისი სიმამრის მოულოდნელი გარდაცვალებით, მოსარჩელის ქალიშვილის, პირველი კურსის სტუდენტის მიერ სწავლის შეწყვეტითა და ოჯახის დასახმარებლად გერმანიაში სამუშაოდ გამგზავრებით.

10. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სასამართლომ უკვე იმსჯელა ზიანის ანაზღაურების თაობაზე და გამოიტანა გადაწყვეტილება. რაც შეეხება ბინის ღირებულებას, საარბიტრაჟო პროცესზე მხარე თანახმა იყო თანხის გადახდასა და ვალდებულების შესრულებაზე, რის შედეგადაც მხარეებს შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომლის პირობებიც მოსარჩელემ დაარღვია. ამასთან, სარჩელი ხანდაზმულიცაა - განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 3 წელი. მოსარჩელემ იცოდა ქონების აუქციონზე გასხვისების თაობაზე, ამ თარიღიდანაც გასულია სარჩელის აღძვრის ვადა.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 992-ე, 413-ე, მე-18 მუხლები და დაასკვნა:

11.1. მოსარჩელემ ვერ წარადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ამ გარემოებამ გამოიწვია მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება - ქონების გასხვისება. მოსარჩელის ქონება იპოთეკით დაიტვირთა მისივე თავისუფალი ნების საფუძველზე. სადავო ქონების იპოთეკარის სახელზე აღრიცხვა განაპირობა მოსარჩელის მიერ დადგენილ ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობამ.

11.2. მითითება იმაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 01.03.2011წ. განაჩენით დგინდება მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება. მოსარჩელის კუთვნილი ქონება გასხვისდა მესამე პირებზე და ამ ქონების გასხვისებით მოპასუხეების მიერ სარგებლის მიღების ფაქტი არ დადგინდა.

11.3 სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის პირველი მარტის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 8 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით. სარჩელი აღძრულია 2014 წლის 12 ნოემბერს. შესაბამისად, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა არ გასულა.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

12.1. არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადასტურება. მოსარჩელემ ზუსტად გამოკვეთა მოპასუხეთა მიზანი და მართლსაწინააღმდეგო მიზნით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებით დადასტურდა ისიც, რომ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ მოპასუხეები და არა იპოთეკარი.

12.2. სასამართლომ გადასინჯა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადგენილია მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედება.

12.3 სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ არბიტრაჟის მიერ დამტკიცებული მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევით გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, რაც საფუძვლად დაედო აპელანტის ქონებრივი უფლების დარღვევას. მას 2009 წლის 15 ნოემბრამდე ჰქონდა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა, თუმცა სააღსრულებო ფურცელი გამოიწერა 2009 წლის 20 ოქტომბერს. ამასთან, მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი გარიგება, რომლითაც მსესხებელს გაუგრძელდა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს მოსარჩელის მიერ ბინის გამსესხებლის სახელზე აღრიცხვის შემდგომაც შეთანხმებულ საბანკო ანგარიშზე რამდენიმე ეტაპად - ჯამში 6000 აშშ დოლარის ჩარიცხვა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, მორიგების მიხედვით, მოსარჩელეს 7613 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება გამსესხებლისათვის 2009 წლის 15 ოქტომბრამდე ეკისრებოდა. ამ ვადაში თანხის გადახდის შემთხვევაში, მოსარჩელეს დარჩენილი თანხის გადახდის ვალდებულება 2009 წლის 9 ნოემბრამდე გადაუვადდებოდა. მოსარჩელეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულება არ შეუსრულებია. მართალია, მან ვადის მცირედი დარღვევით გარკვეული თანხა გადაიხადა, თუმცა ეს ვერ განიხილება ვალდებულების შესრულებად და კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად. გამომდინარე იქიდან, რომ მსესხებელმა დაარღვია ვალდებულება 15.10.2009 წლამდე 7613 აშშ დოლარის გადახდის შესახებ, არ არსებობდა ვალდებულების შესრულების ვადის 2009 წლის 9 ნოემბრამდე გადავადების შესახებ პირობის ამოქმედების საფუძველი.

13.2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მხარეებს შორის ზეპირი გარიგება არსებობდა, რომლითაც მოსარჩელეს გაუგრძელდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა. აღნიშნულის დასადასტურებლად აპელანტი მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ იპოთეკის საგნის იპოთეკარის სახელზე აღრიცხვის შემდგომ, რაც აპელანტისთვის არ იყო ცნობილი, იგი კვლავ ასრულებდა ვალდებულებას. გარდა ამისა, აპელანტის მოსაზრებით, ზეპირი გარიგების დადების ფაქტი დადასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა საოქმო განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუმადგომლობის დაკმაყოფილებაზე.

13.3. სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ იპოთეკარის სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციის მომენტიდან მოსარჩელის მიმართ ყოველგვარი მოთხოვნის უფლება შეწყდა, რადგან არ დადასტურდა მხარეთა შორის გარიგების არსებობის ფაქტი. გადარიცხვები კი, მიჩნეულ იქნა კანონიერი საფუძვლის გარეშე გადახდილად. ამასთან, ამ გადარიცხვის ფარგლებში მიღებული თანხა მოპასუხეებმა აპელანტს აუნაზღაურეს. იმ პირობებში, როდესაც ამ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები პრეიდიციული მნიშვნელობისაა წინამდებარე დავაში, პალატამ დაასკვნა, რომ მოწმეთა ჩვენება მხარეთა შორის ზეპირი გარიგების დასადასტურებლად არაარსებითი მტკიცებულება იყო. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს, გასაჩივრებული საოქმო განჩინების გამოტანისას, საპროცესო სამართლის ნორმები არ დაურღვევია.

13.4. პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მოპასუხეების საკუთრებაში არასდროს აღრიცხულა. ის ჯერ კრედიტორის საკუთრებად აღირიცხა, მოგვიანებით კი, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მესამე პირზე გასხვისდა, რომლის კეთილსინდისირება დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის ქონების დაუფლების ფაქტი.

13.5. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დაკარგვის მიზეზი არა მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამედ მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე საარბიტრაჟო სასამართლოში დამტკიცებული მორიგების პირობების შეუსრულებლობა გახდა. რაც შეეხება მოსარჩელისათვის მოპასუხეების მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანის ოდენობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ის 6000 აშშ დოლარი იყო, რაც აპელანტმა აანაზღაურა.

14. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

14.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა. მოსარჩელე ქონების იპოთეკარის საკუთრებაში აღრიცხვის შემდგომაც აგრძელებდა 15.07.2009 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას - რიცხავდა თანხას ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ამ ფაქტით დგინდება ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება.

14.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დგინდება მოპასუხეთა და არა - კრედიტორის განზრახი ქმედება, რაც გამოიხატა მოსარჩელის ბინაზე საკუთრების უფლების არამართლზომიერად მიღებასა და 6000 აშშ დოლარის მითვისების ფაქტში. მოსარჩელემ რომ, სწორედ, მოპასუხეთა ქმედებით განიცადა ზიანი და არა - იპოთეკარის, ადასტურებს კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლითაც იპოთეკარი სოლიდარულ მოვალეთა სიიდან ამოირიცხა.

14.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ მიღებული განაჩენი, რომელშიც ცალსახადაა მითითებული, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელის მიმართ ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, რის შედეგადაც კანონის დარღვევით მიისაკუთრეს მისი უძრავი ქონება და ფული. ამასთან, არც თვითონ გამოიკვლია ეს ფაქტი, რადგან არ დააკმაყოფილა საჩივარი საოქმო განჩინებაზე, რომლითაც მოსარჩელეს მოწმეთა დაკითხვაზე უარი ეთქვა. მოწმეები ფლობდნენ ინფორმაციას ზეპირი ფორმით გარიგების ვადის გაგრძელების შესახებ. ამდენად, სასამართლომ უარი თქვა, გამოეკვლია მტკიცებულებანი, რომელზეც მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებდა, რითაც დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 998.1 (თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) და 413.1 (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით) მუხლები.

19. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი).

20. მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელსაც დაურთო სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი. კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტები პრეიუდიციული მნიშვნელობისაა სსსკ-ის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილის (ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) შესაბამისად. ნორმის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილად მიიჩნევა და მტკიცებას აღარ საჭიროებს განაჩენით დადგენილი ზიანის მიყენების ფაქტი.

21. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ განაჩენით დგინდება მოსარჩელისათვის 6 000 აშშ დოლარის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც, მისივე განმარტებით, აუნაზღაურეს კიდეც მოპასუხეებმა. რაც შეეხება უძრავ ქონებაზე საკუთრების დაკარგვით გამოწვეულ ზიანს, ეს ფაქტი განაჩენით არ დადგენილა.

22. პალატა მიიჩნევს, რომ განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მოპასუხეთა დანაშაულებრივ ქმედებას ადასტურებს, არ გამხდარა მოსარჩელის მიერ სადავო ბინაზე საკუთრების დაკარგვის საფუძველი. არც განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემომებებიდან, არც 10.04.2012 წლის კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (რომლითაც დადგენილი ფაქტები განსახილველ დავასთან მიმართებით პრეიუდიციული მნიშვნელობისაა) დადგენილი ფაქტებიდან და არც საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის მოტყუების გარეშე შედეგი ამ კონკრეტული ფორმით არ დადგებოდა. პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის შეცდომაში შეყვანის მიუხედავად, ეს უკანასკნელი სადავო ბინაზე საკუთრებას დაკარგავდა შემდეგ გარემოებათა გამო:

22.1. შპს „ქ.მ.ა–ის“ 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გამსესხებელსა და მსესხებელს შორის დამტკიცებული მორიგების თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, 2009 წლის 15 ოქტომბრამდე გადაეხადა სარგებელი და პირგასამტეხლო - 4988 აშშ დოლარი, კონტრაქტის ერთი თვით გაგრძელებისათვის კი - 2 625 აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იპოთეკით დატვირთული ბინა იპოთეკარის საკუთრებად აღირიცხებოდა.

22.2. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ 15 ოქტომბრამდე სარგებელი და პირგასამტეხლო - 4988 აშშ დოლარი არ გადაუხდია, არც 2625 აშშ დოლარი არ გადაუხდია 15 ოქტომბრამდე გადაუხდელი 4988 აშშ დოლარის 2009 წლის 9 ნოემბრამდე გადასავადებლად. ამდენად, მოსარჩელემ მორიგების პირობა არ შეასრულა. პირობის შეუსრულებლობის შედეგი კი, იპოთეკით დატვირთული ბინის იპოთეკარის სახელზე აღირიცხვა იყო. 10.04.2012 წლის კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადგენილია, რომ იპოთეკარის სახელზე ქონება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე აღირიცხა, რომლითაც მხარეთა დისპოზიციური ნების შესაბამისად, დამტკიცდა მორიგება.

22.3. თავად იპოთეკარის სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვის საფუძველი - საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შედავებული არ არის. მოსარჩელის ერთადერთი პრეტენზია, ამასთან დაკავშირებით, ის იყო, რომ მორიგების აქტის იმ ნაწილის აღსრულების ვადა არ იყო მოსული, რომლითაც იპოთეკის საგანი კრედიტორის საკუთრებაში უნდა გადასულიყო, ანუ იგი სააღსრულებო ფურცლის დარღვევით გამოწერაზე აპელირებდა. პირველ რიგში, სადავო არ არის, რომ მოსარჩელეს 15 ოქტომბრამდე გადასახდელი თანხა არ გადაუხდია. შესაბამისად, 2009 წლის 20 ოქტომბერს სააღსრულებო ფურცელი მართლზომიერად გამოიწერა და, მეორეც, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება 2010 წლის იანვარში აღსრულდა, როდესაც მსესხებელს ვალდებულება კვლავ არ ჰქონდა შესრულებული.

22.4. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ. სასამართლომ შეთანხმება ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ ნამდვილად რომ მიიჩნიოს, მისი ფორმა უნდა იყოს დაცული. იმგვარი არსებითი პირობის შეცვლა, როგორიც ვალის დაბრუნების ვადის გაგრძელებაა, მოითხოვს იმავე ფორმას, როგორი ფორმითაც ძირითადი ხელშეკრულებაა დადებული, მოცემულ შემთხვევაში, სანოტარო დადასტურებას. ამიტომ ზეპირი შეთანხმება, ფარმადაუცველობის გამო, ბათილია (სსკ-ის 59.1 მუხლი). აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორის ის პრეტენზიაც, რომელიც შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას უკავშირდება სასამართლოს მიერ მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის გამო, რამდენადაც მოწმეებს სწორედ ხელშეკრულების ვადის ზეპირი ფორმით გაგრძელება უნდა დაედასტურებინათ.

22.5. პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ, ვინაიდან ის თანხის ჩარიცხვას აგრძელებდა, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა. ფაქტობრივი შესრულება ფორმის ნაკლს მხოლოდ მაშინ ასწორებს, თუ ამის შესახებ კანონი პირდაპირ მიუთითებს ან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ეს საფრთხეს არ უქმნის სამართლებრივ სტაბილურობას ან მონაწილეებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თანხის ჩარიცხვა ფორმის ნაკლს იმიტომაც ვერ ასწორებს, რომ ჩარიცხვას სამართლებრივი საფუძველი აღარ გააჩნდა, რამდენადაც ამ დროს უძრავი ნივთი (იპოთეკის საგანი) უკვე გადასული იყო კრედიტორის საკუთრებაში, შესაბამისად, თანხის გადახდის ვალდებულება აღარ არსებობდა. ამასთან, 10.04.2012 წლის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც, დადგენილია, რომ ხელშეკრულების ვადა არ გაგრძელებულა.

23. დაუსაბუთებელია, ასევე, კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ გაიზიარა განაჩენით დადგენილი ფაქტი, რომ მოპასუხეებმა განზრახი დანაშაულებრივი ქმედებით მიიღეს ქონებრივი უფლება მოსარჩელის უძრავ ქონებაზე. ჯერ ერთი, განაჩენიდანვე გამომდინარეობს, რომ „ქონებრივი უფლება“ მოპასუხეებს არ მიუღიათ და სადავო ქონება საკუთრების უფლებით იპოთეკარზე აღირიცხა, მეორეც, ფორმალურადაც რომ მივუდგეთ მითითებულ ჩანაწერს, განაჩენში განვითარებული მსჯელობა, ქონებრივი უფლების მიღების თაობაზე, არის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა, შეფასება მის მიერ დადგენილი ფაქტებისა. პრეიუდიციული ძალა კი, სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს გააჩნიათ და არა სამართლებრივ შეფასებას. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ითქვა, განაჩენით დადგენილი ფაქტებიდან არ გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელის უძრავ ქონებაზე რაიმე ქონებრივი უფლება მიიღეს. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტები პრეიუდიციული მნიშვნელობისაა მხოლოდ განაჩენითვე დადგენილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას და არა ნებისმიერ დელიქტურ ქმედებასთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, განაჩენიდან არ გამომდინარეობს, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვის საფუძველი მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედება გახდა. ამასთან, მოსარჩელემ ვერც წარდგენილი სარჩელით ვერ დაამტკიცა სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები, კერძოდ, ადეკვატური მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეთა ქმედებასა და მოსარჩელის მიერ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვას შორის, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

24. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ლ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი