Facebook Twitter

№ას-962-923-2014 9 ნოემბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ჯ.ც.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ჯ.ც. (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების (მითვისება) ჩადენისათვის და დაენიშნა შესაბამისი სასჯელი; დანაშაული გამოიხატა შემდეგ ქმედებაში: მოპასუხემ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, გ.გ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი) კუთვნილი ტრაქტორი „ტ-150“ და ჯართად ჩააბარა. განაჩენით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, დადგინდა, რომ ტრაქტორი, როგორც შავი ლითონის ჯართი, 930 ლარი ღირდა.

2. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 10370 ლარის დაკისრების მოთხოვნით და შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა: 1999 წელს აუქციონზე შეიძინა ამბროლაურის „სოფტექსერვისის“ კუთვნილი ტრაქტორი მისაბმელსა და გუთანთან ერთად, რომელსაც ფლობდა მოპასუხე. ეს უკანასკნელი მოსარჩელის პირველი მოთხოვნისთანავე ვალდებული იყო, ტრაქტორი გამართული ჩაებარებინა მესაკუთრისათვის. ნაცვლად ამისა, მან ჯართში ჩააბარა ქონება და თანხა მიითვისა, რის გამოც იგი გასამართლდა. ტრაქტორის საბაზრო ფასი 5000 აშშ დოლარი იყო, ანუ - 8300 ლარი, ხოლო მისაბმელისა და გუთნის საბაზრო ღირებულება - 3000 ლარი. მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 930 ლარი, შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 10 370 ლარი.

3. მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და არც 2013 წლის 11 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

4. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა.

5. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2013 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმისწარმოება განახლდა.

6. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 316.1, 317.1, 992-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 30917.2 , 30920.2 მუხლები და დაასკვნა:

6.1. სარჩელი აღძრულია დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. განაჩენის მიხედვით, მოპასუხემ მოსარჩელეს მიაყენა 930 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, რაც დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.

6.2. სასამართლომ განმარტა, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ოდენობის დასადგენად დასაშვები მტკიცებულებაა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი. ამასთან, შესაძლებელია, იგი საკმარისი აღმოჩნდეს, თუ განაჩენი შეიცავს შესაბამის გაანგარიშებას, ხოლო, თუ განაჩენი ზოგადად ადგენს ზიანის მიყენების ფაქტს და მასში რაოდენობაზე არ არის მითითებული, საჭიროა უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება მიყენებული ზიანის ოდენობა.

6.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მინდობილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შედეგად მიყენებული ზიანი 930 ლარით განისაზღვრა, რაც ეფუძნება დაზარალებულის, მოწმეების ჩვენებებს, საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს, მოპასუხის მიერ ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანი სწორედ ამდენი იყო.

6.4. სასამართლომ მიუთითა, რომ, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ისე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევდა დაზარალებულს (მოსარჩელეს), რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა ზიანის ოდენობის განმსაზღვრელი მტკიცებულება.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

7.1. არც სასამართლოს და არც მოპასუხეს აპელანტისათვის არ ჩაუბარებია შესაგებელი, რითაც სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპი. მოსარჩელისათვის უცნობი იყო, თუ რომელ გარემოებებს ედავებოდა მოპასუხე. შესაბამისად, შეუძლებელი იყო, სასამართლოს გამოეტანა იურიდიულად დასაბუთებული გადაწყვეტილება.

7.2. განაჩენში არ იყო ნახსენები ტრაქტორის მისაბმელი და გუთანი, რომელთა არც ჯართში ჩაბარება არ მტკიცდება.

7.3. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნა 9 000 ლარამდე შეამცირა.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად, საქმის არსებითი განხილვისათვის მომზადების ეტაპზე, დაუბრუნდა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.

8.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 2321 მუხლზე და განმარტა, რომ მოპასუხე ვალდებული იყო, სარჩელის ჩაბარებიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარედგინა წერილობითი პასუხი (შესაგებელი) ან - დაემტკიცებინა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უნდა მიჩნეულიყო დამტკიცებულად და სარჩელი დაკმაყოფილებულიყო, თუ ისინი იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია და არც საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის საპატიო მიზეზის არსებობა არ დაუმტკიცებია.

8.2. სარჩელში მითითებული გარემოებებისა და სსკ-ის 992-ე მუხლის ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალურ-სამართლებრივი წინაპირობები და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არსებითად აღარ უნდა განეხილა.

8.3. პალატამ სსსკ-ის 248-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, თავად დაეკმაყოფილებინა სარჩელი, რადგან აპელანტი მოითხოვდა საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოეკვლია - არსებობდა თუ არა მოპასუხის მიერ სარჩელზე წერილობითი პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის საპატიო მიზეზი. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოპასუხეს, სსსკ-ის 240-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, უნდა აღუდგეს შესაგებლის წარდგენისათვის დანიშნული საპროცესო ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

9.1. სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლი და მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება ითხოვა. ამასთან, მოითხოვა, რომ გადასცემოდა მოპასუხის შესაგებელი და მისცემოდა გონივრული ვადა საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად. სააპელაციო სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა საქმის არსებითად განხილვისათვის მომზადების ეტაპიდან, მაგრამ გადაწყვეტილებით ისეთი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა და ისეთი მითითებები მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ ფაქტობრივად, თვითონ გადაწყვიტა საქმის ბედი და ისიც - არაობიექტურად.

9.2. რაიონულმა სასამართლომ უკვე იმსჯელა შესაგებლის წარუდგენლობის თაობაზე და 29.01.2014 წლის განჩინებით ის საპატიოდ მიიჩნია. ეს განჩინება არავის გაუსაჩივრებია და ძალაშია.

9.3. პალატამ არასწორად განმარტა სსსკ-ის 2321 მუხლი. ნორმა ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც გარემოებები ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, მოცემულ შემთხვევაში კი, აბსურდული ფაქტობრივი გარემოების - ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დასახელებული ტრაქტორის „საბაზრო ფასის“ დადასტურებულად მიჩნევა დაუშვებელი იყო.

9.4. სსსკ-ის 30917 მუხლის თანახმად, თუ განაჩენი არ შეიცავს გაანგარიშებას, მხოლოდ მაშინ შეიძლება, დაერთოს სარჩელს სხვა გაანგარიშება. მოცემულ შემთხვევაში კი, განაჩენი, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ზუსტად განსაზღრავდა ზიანის ოდენობას.

9.5. რაც შეეხება მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობას, ის არის რაჭის მაღალმთიან სოფელში მცხოვრები იურიდიული განათლების არმქონე პირი, რომელმაც უგზოობისა და უტრანსპორტობის გამო, დროულად ვერ წარადგინა შესაგებელი, რაც სსსკ-ის 215.3 მუხლის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს საპატიო გარემოებად.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.

14. კასატორის ძირითადი პრეტენზია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას უკავშირდება, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ სსსკ-ის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა (იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის (სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი) თანახმად, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან დაბრუნება, ისევე, როგორც საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააპელაციო სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. ამასთან, ამ დროს სასამართლო არ არის შებოჭილი მხარის მოთხოვნით, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ განმარტა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეეძლო, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან დაბრუნება ისევე, როგორც - თავად შეემოწმებინა მოთხოვნის კანონიერება.

15. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ აპელანტი მოითხოვდა საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებულიყო, მოპასუხის შესაგებელი გადასცემოდა და მისცემოდა გონივრული ვადა არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო, თავისი მსჯელობით, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალურ-სამართლებრივი წინაპირობები და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არსებითად აღარ უნდა განეხილა, გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს.

16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ამ პრეტეზიას და მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება, განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, ამ დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016).

17. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობებზე მითითებით, არ დაურღვევია შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპი. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას შესაგებლის გადაცემის თაობაზე, ჯერ ერთი, იგულისხმებოდა მისი არსებობის შემთხვევაში გადაცემა. რადგან მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია, ვერც გადაეცემოდა მოსარჩელეს. მეორეც, ვინაიდან შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა კანონისმიერი ვალდებულებაა და არა უფლებამოსილება, მოსარჩელე თანახმაც რომ იყოს მოპასუხისათვის შესაგებლის წარდგენის ვადის აღდგენაზე, თუ არ იარსებებს ამისი წინაპირობები, სასამართლომ მაინც უნდა გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამდენად, შესაგებელთან დაკავშირებით მოსარჩელის პოზიცია, მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივ ვითარებას არ ცვლის.

18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ამასთან დაკავშირებულ კასატორის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე იმსჯელა შესაგებლის წარუდგენლობის თაობაზე და 29.01.2014 წლის განჩინებით ის საპატიოდ მიიჩნია. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა არა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის (სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად), არამედ მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო (სსსკ-ის 230-ე მუხლი), ხოლო 29.01.2014 წლის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გააუქმა იმიტომ, რომ სასამართლომ მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნია (ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო). ამ განჩინებით სასამართლოს შესაგებლის წარუდგენლობაზე საერთოდ არ უმსჯელია.

19. შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზთან დაკავშირებით, მოპასუხემ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ ის არის რაჭის მაღალმთიან სოფელში მცხოვრები იურიდიული განათლების არმქონე პირი, რომელმაც, უგზოობისა და უტრანსპორტობის გამო, დროულად ვერ წარადგინა შესაგებელი, რაც, სსსკ-ის 215.3 მუხლის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს საპატიო გარემოებად. პალატა განმარტავს, ის, რომ მოპასუხეს იურიდიული განათლება არ აქვს, შესაგებლის წარუდგენლობით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებს ვერ ცვლის, რადგან საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესები ყველასათვის საერთოა. საყურადღებოა, რომ სასამართლომ მოპასუხეს განუმარტა სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაგებლის წარდგენის სავალდებულობის შესახებ და ისიც აცნობა, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვებოდა ამ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობას. კასატორი ამას პირველ ინსტანციაში დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარშიც ადასტურებს. ამასთან, მოპასუხე ამავე საჩივარში შესაგებლის წარუდგენლობის სულ სხვა მიზეზზე მიუთითებდა, კერძოდ, რომ საპროცესო უფლების გამოყენებაზე მოსარჩელემ ათქმევინა უარი, რადგან შეჰპირდა, რომ სარჩელს გამოიხმობდა. ამდენად, შესაგებლის წარუდგენლობის საკასაციო საჩივარში მითითებული მიზეზი გასაზიარებელი არ არის.

20. კასატორის მტკიცებით, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მითითებული ტრაქტორის ფასს არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებდა, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას. მითითებული მსჯელობა არასწორია, რადგან მოთხოვნა იურიდიულად მართებულია, თუ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმით გათვალისწინებულ წინაპირობებს ქმნის. როგორც აღინიშნა, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმა სსკ-ის 992-ე მუხლია, რომლის წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებადია, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს არა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არამედ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას, ანუ შესრულებულია თუ არა ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის განმაპირობებელი ოთხივე წინაპირობა. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 2321 მუხლი.

21. რაც შეეხება აპელირებას, რომ განაჩენი ზუსტად განსაზღვრავდა ზიანის ოდენობას და მოსარჩელეს არ აქვს უფრო მეტის მოთხოვნის უფლება, პალატა მიუთითებს, რომ, შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, დამტკიცებულად ითვლება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არა ისინი, რაც განაჩენმა დაადგინა. ასეთ დროს განაჩენს, ისევე როგორც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო საერთოდ არ იკვლევს, ვინაიდან დამტკიცებულად ითვლება სწორედ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და თუ ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო ვალდებულია, დააკმაყოფილოს სარჩელი. სხდომის დანიშვნისა და საქმის ზეპირი განხილვის შედეგად გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც კი, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის 201.4 (პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება საჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს) მუხლით და მოპასუხისგან სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან შედავება აღარ უნდა მიეღო, ანუ ამ დროსაც სარჩელში მითითებული ფაქტები დამტკიცებულად ითვლება და მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრებების წარდგენა შეუძლია, შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლომ სარჩელი უნდა დააკმაყოფილოს.

22. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ.ც–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი