№ას-1010-971-2014 9 ნოემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – დ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ.გ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.გ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი) „სოფტექსერვისისაგან“ 1999 წელს აუქციონზე შეიძინა ტრაქტორი დტ-75, რომელსაც დ.გ–ძე (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მართლზომიერად ფლობდა. შეთანხმების შესაბამისად, მოპასუხეს მესაკუთრისათვის ტრაქტორი მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცა.
2. მოსარჩელის არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ მოსარჩელეს ტრაქტორი არ გადასცა. მოგიანებით კი, ის ჯართად ჩააბარა, ხოლო თანხა მიითვისა.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენის მიხედვით, მოპასუხემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მოსარჩელის კუთვნილი ტრაქტორი, ჯართად ჩააბარა ის, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ. განაჩენითვე დადგინდა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს მიაყენა 855 ლარის ზიანი.
4. მოპასუხემ მოსარჩელეს 855 ლარი აუნაზღაურა.
5. მოსარჩელის კუთვნილი ტრაქტორის საბაზრო ღირებულება 6640 ლარი იყო.
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და 1-5 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მოპასუხისათვის 5785 ლარის დაკისრება მოითხოვა.
7. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
8. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 316.1, 317.1, 992-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 30917.2 , 30920.2 მუხლები და დაასკვნა:
8.1. მოსარჩელის მიერ სარჩელი აღძრულია დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. განაჩენის მიხედვით, მოპასუხემ მოსარჩელეს მიაყენა 855 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, რაც დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.
8.2. სასამართლომ განმარტა, რომ დელექტით გამოწვეული ზიანის ოდენობის დასადგენად დასაშვები მტკიცებულება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენია. ამასთან, შესაძლებელია, იგი საკმარისი აღმოჩნდეს, თუ განაჩენი შეიცავს შესაბამის გაანგარიშებას, ხოლო თუ განაჩენი ზოგადად ადგენს ზიანის მიყენების ფაქტს და მასში რაოდენობაზე არ არის მითითებული, საჭიროა უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება მიყენებული ზიანის ოდენობა.
8.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული განაჩენით სადავო ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შედეგად მიყენებული ზიანი 855 ლარით განისაზღვრა, რაც ეფუძნება დაზარალებულის, მოწმეების ჩვენებებს, საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს, მოპასუხის მიერ ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანი სწორედ ამდენი იყო.
8.4. სასამართლომ მიუთითა, რომ, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ისე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევდა დაზარალებულ მხარეს (მოსარჩელეს), რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა ზიანის ოდენობის განმსაზღვრელი მტკიცებულება.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
9.1. არც სასამართლოს და არც მოპასუხეს აპელანტისათვის არ ჩაუბარებია შესაგებელი და საერთოდ უცნობია, არსებობს თუ არა ასეთი საპროცესო დოკუმენტი. ასეთ პირობებში, სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპი. შესაბამისად, შეუძლებელი იყო სასამართლოს გამოეტანა იურიდიულად დასაბუთებული გადაწყვეტილება. ბოლო სხდომამდე აპელანტისათვის უცნობი იყო, თუ რას ედავებოდა მოპასუხე.
9.2. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა ტრაქტორის ღირებულების ანაზღაურება, განაჩენით კი, ჯართის ღირებულებაა დადგენილი. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გამართული ტრაქტორისა და ჯართის ფასი ერთდაიგივეა, რაც საღ აზრს ეწინააღმდეგება.
9.3. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში მოთხოვნა შეამცირა, კერძოდ, მოპასუხისათვის 4 545 ლარის დაკისრება მოითხოვა.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.
10.1. სასამართლომ განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულება არის სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულოობა. მოსარჩელე სწორედ შესაგებლით არკვევს სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და რომელი გარემოებების მტკიცება მოუწევს მას. თუ სარჩელში მითითებულ ამა თუ იმ ფაქტს მოპასუხე არ ედავება, ეს ფაქტი მიიჩნევა უდავოდ, ანუ დადასტურებულად და ამ უკანასკნელს ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამასთან, თუ ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელს არა აქვს სამართლებრივი საფუძველი, იგი ნიშნავს სხდომას, მაგრამ სხდომაზეც მოპასუხეს არა აქვს სარჩელში მითითებული ფაქტების შედავების უფლება.
10.2. მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი არ ჰქონდა. შესაბამისად, პალატამ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად მიიჩნია, კერძოდ, მოსარჩელის კუთვნილ ტრაქტორს, რომელიც 6640 ლარი ღირდა, ფლობდა მოპასუხე. ამ უკანასკნელმა ტრაქტორი „ჯართში ჩაბარა“, ანუ გაანადგურა და განკარგა. მოსარჩელეს კი, გადაუხადა „ჯართის თანხა“, ე.ი. ტრაქტორის ნარჩენი ღირებულება, 855 ლარი.
10.3. პალატამ მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარე, დავობს მხოლოდ მიყენებული ზიანის ოდენობაზე. მისი აზრით, რადგან მოპასუხის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი განაჩენში მითითებული თანხა - 855 ლარია, რაც პალატამ არ გაიზიარა. სასამართლოს მითითებით, დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ მოპასუხემ მოსარჩელე დააზარალა 5785 (6640-855) ლარით, თუმცა, მიუხედავად ამისა, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისათვის მხოლოდ 4 545 ლარის გადახდის დაკისრებაა.
10.4. პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, რომ რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი გამარტივებული წესით. არც მოსარჩელეს მოუთხოვია და არც საქმის მასალებით არ დგინდება, რომ რაიონულმა სასამართლომ სარჩელი გამარტივებული წესით განიხილა. სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადად სასამართლოს მიერ 7 დღის მითითება, არ ნიშნავდა საქმის გამარტივებული წესით განხილვას. ამასთან, როგორც არ უნდა განეხილა სასამართლოს საქმე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არცერთი ნორმიდან არ გამომდინარეობს, რომ დანაშაულის შედეგად დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა მაინცდამაინც განჩენით უნდა დადასტურდეს.
10.5. სსკ-ის 30917-ე და 30920-ე მუხლების შესაბამისად, განაჩენით ან ადამინისტრაციული სამართალდარღვევის აქტით დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი და არა მისი ოდენობა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, დადასტურებულად ითვლება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ბრალეულად, არამართლზომიერად მიაყენა ზიანი, ე.ი. ჩაიდინა ის ქმედება, რისთვისაც მიეცა პასუხისგებაში - უნებართვოდ განკარგა მოსარჩელის კუთვნილი ნივთი - და არსებობს მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და მოპასუხის ქმედებას შორის, ხოლო ის, თუ რამდენია ზიანი, შეიძლება დამტკიცდეს, როგორც განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტით, ასევე - სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, პალატის განმარტებით, 30917.2 ნორმის დათქმა - „თუ განაჩენი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას“ - ნიშნავს ამ გაანგარიშების, სავარაუდო სიმცდარესაც, ე.ი. იმასაც, რომ მხარეები უფლებამოსილი არიან, შეედავონ განაჩენში ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტში მითითებული ზიანის გაანგარიშებას და სხვა მტკიცებულებებით დაასაბუთონ თავიანთი პოზიცია, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, გაიზიაროს მხარეთა მოსაზრებები.
10.6. განაჩენის მიხედვითაც, 855 ლარი ტრაქტორის, როგორც შავი ლითონის, ანუ ჯართის ფასია. არც სარჩელშია მითითებული, არც განაჩენიდან არ გამომდინარეობს და, რაც მთავარია, არც მოპასუხეს არ უთქვამს, რომ მოსარჩელემ გამყიდველისაგან ჯართი შეიძინა. პირიქით, უდავოდ დადგენილია, რომ ტრაქტორი იყო გამართული და მოპასუხემ უფლებამოსილი პირისათვის მისი ამ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება იკისრა.
10.7. სასამართლომ განმარტა, რომ პირი, რომელიც სხვის ნივთს გაანადგურებს, დაზარალებულის მიმართ მხოლოდ ნივთის ნარჩენი ღირებულებით პასუხისმგებელი არ არის. პალატის დასკვნით, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი შეესაბამება გამართული ტრაქტორის ღირებულებისა და ჯართის ღირებულებას შორის სხვაობას.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
11.1. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება ითხოვა და არა - ახალი გადაწყვეტილების მიღება.
11.2. პალატამ არასწორად განმარტა სსსკ-ის 2321 მუხლი. მითითებული მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც გარემოებები ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, მოცემულ შემთხვევაში კი, აბსურდული ფაქტობრივი გარემოების - ტრაქტორის არარსებული „საბაზრო ფასის“ დადასტურებულად მიჩნევა დაუშვებელი იყო.
11.3. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პირველმა ინსტანციამ საქმე გამარტივებული თუ სასარჩელო წარმოების წესით განიხილა, რადგან განაჩენი ზუსტად განსაზღვრავდა ზიანის ოდენობას და აპელანტს არ ჰქონდა უფრო მეტის მოთხოვნის უფლება.
11.4. სასამართლო ცდილობს, დაასაბუთოს, რომ განაჩენით დადგენილი ზიანის ოდენობა საბოლოო არ არის, მაშინ, როდესაც 6640 ლარის ზიანის თაობაზე საქმეში მტკიცებულება არ არსებობს. მოსამართლის ლოგიკით, რადგან მოპასუხემ შესაგებელი დროულად არ წარადგინა, მოსარჩელეს ტრაქტორი მილიონადაც რომ შეეფასებინა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ეს ღირებულება დადასტურებულად მიიჩნეოდა. არასწორია მოსარჩელის მითითება, რომ ტრაქტორი დავის წარმოშობის პერიოდისათვის გამართული იყო, ექსპერტიზამ ტექნიკის გამოშვების წელიც კი ვერ დაადგინა, რის გამოც, მისი ექსპლუატაციის მიახლოებითი ვადის გათვალისწინებით, ჯართის ფასად შეაფასა.
11.5. კასატორმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებაც გახადა სადავოდ იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისას აპელანტს ბაჟი მხოლოდ 855 ლარის შესაბამისად გადაახდევინა, დავის საგნის დანარჩენ ნაწილზე კი, ბაჟის გადახდა არ დააკისრა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.
15. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტს საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა (იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის (სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი) თანახმად, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან დაბრუნება, ისევე, როგორც საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააპელაციო სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. ამასთან, ამ დროს სასამართლო არ არის შებოჭილი მხარის მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლო, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, უფლებამოსილია, თავად გამოიკვლიოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები და ამ მიზნით წარდგენილი მტკიცებულებები, რადგან, სსსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
16. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს თავადაც შეეძლო, შეემოწმებინა მოთხოვნის კანონიერება, მით უფრო, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნეოდა და მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით უნდა შემოწმებულიყო, ამართლებდა თუ არა ისინი მოთხოვნას. ამდენად, მიუხედავად აპელანტის მიერ საქმის უკან დაბრუნების მოთხოვნისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებით დისპოზიციურობის პრინციპი არ დაურღვევია.
17. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მიერ ტრაქტორის აბსურდული ფასის მითითების გამო, ის არ ამართლებდა მოთხოვნას და განმარტავს, რომ მოთხოვნა იურიდიულად მართებულია, თუ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებულ წინაპირობებს ქმნიან. როგორც აღინიშნა, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმა სსკ-ის 992-ე მუხლია, რომლის წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებადია, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს არა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არამედ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას, ანუ შესრულებულია თუ არა ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის განმაპირობებელი ოთხივე წინაპირობა. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 2321 მუხლი.
18. რაც შეეხება აპელირებას, რომ განაჩენი ზუსტად განსაზღვრავდა ზიანის ოდენობას და აპელანტს არ ჰქონდა უფრო მეტის მოთხოვნის უფლება, პალატა მიუთითებს, რომ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია, კასატორის ეს არგუმენტი სამართლებრივ სურათს არ ცვლის. შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, დამტკიცებულად ითვლება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არა ისინი, რაც განაჩენმა დაადგინა. ასეთ დროს განაჩენს, ისევე როგორც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო საერთოდ არ იკვლევს, ვინაიდან დამტკიცებულად ითვლება სწორედ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და თუ ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო ვალდებულია, დააკმაყოფილოს სარჩელი. სხდომის დანიშვნისა და საქმის ზეპირი განხილვის შედეგად გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის 201.4 (პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება საჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს) მუხლით და მოპასუხისგან სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან შედავება აღარ უნდა მიეღო, ანუ ამ დროსაც სარჩელში მითითებული ფაქტები დამტკიცებულად ითვლება და მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრებების წარდგენა შეუძლია, შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლომ სარჩელი უნდა დააკმაყოფილოს.
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. 1-5 პუნქტები), სსკ-ის 992-ე, 408.1-ე, 409-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
20. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე გადასახდელ სახელმწიფო ბაჟს, რამდენადაც მოსარჩელე დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა, სსსკ-ის 46.1 მუხლის „ბ“ პუნქტის (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე) შესაბამისად, იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნებისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა სარჩელი სასარჩელო თუ გამარტივებული წარმოების წესით განიხილებოდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით და არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის განჩინების გაუქმების საფუძველი.
21. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
22. კასატორის მოწინააღმდეგე მხარის საკასაციო შესაგებელს ერთვოდა მტკიცებულებები. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 104-ე და 407-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს ამოწმებს. კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებასა და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, რამდენადაც ეს შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. შესაბამისად, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულებები - შპს „ა.ფ.ა–ის“ შეფასების ანგარიშის ასლი (10 ფურცელი), გ.გ–ძის განცხადების ასლი (1 ფურცელი), 2014 წლის 15 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის ასლი (1 ფურცელი), 2014 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების ასლი (1 ფურცელი), სალაროს შემოსავლის ორდერის ასლი (1 ფურცელი), ანგარიშ-ფაქტურის ასლი (1 ფურცელი), გ.გ–ძის განმარტების ასლი (1 ფურცელი), გ.გ–ძის შუამდგომლობის ასლი (1 ფურცელი), მიღება-ჩაბარების აქტის ასლი (1 ფურცელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 104-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.გ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის განჩინება;
3. კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს, გ.გ–ძეს, დაუბრუნდეს საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულებები - შპს „ა.ფ.ა–ის“ შეფასების ანგარიშის ასლი (10 ფურცელი), გ.გ–ძის განცხადების ასლი (1 ფურცელი), 2014 წლის 15 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის ასლი (1 ფურცელი), 2014 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების ასლი (1 ფურცელი), სალაროს შემოსავლის ორდერის ასლი (1 ფურცელი), ანგარიშ-ფაქტურის ასლი (1 ფურცელი), გ.გ–ძის განმარტების ასლი (1 ფურცელი), გ.გ–ძის შუამდგომლობის ასლი (1 ფურცელი), მიღება-ჩაბარების აქტის ასლი (1 ფურცელი);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი