Facebook Twitter

№ ას-890-857-2016 9 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანება (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.კ–ძე (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) 2005 წლიდან მუშაობდა შუახევის ბაგა-ბაღში ექთნის თანამდებობაზე, ხოლო 2011 წლის 18 იანვრიდან ა(ა)იპ „შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „დამსაქმებელი ორგანიზაცია“) დირექტორის №22 ბრძანებით დაინიშნა დიეტ-ექთნის თანამდებობაზე.

2. დასაქმებულთან, ისევე როგორც სხვა თანამშრომლებთან, ფორმდებოდა ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებები, რის გამოც ყოველწლიურად მორიგი ბრძანების საფუძველზე ხელახლა ინიშნებოდნენ ისინი.

3. 2014 წლის 3 იანვარს დამსაქმებელი ორგანიზაციის დირექტორის №29 ბრძანებით მოსარჩელე კვლავ დაინიშნა დიეტ-ექთნის თანამდებობაზე და იმავე დღეს მასთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება №49.

4. დამსაქმებლის 2014 წლის 31 დეკემბრის №71 ბრძანებით, დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და დამსაქმებელი ორგანიზაციის დებულებისა და წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.

5. 2015 წლის 11 თებერვალს დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 2014 წლის 31 დეკემბრის №71 ბრძანების ბათილად ცნობა, შუახევის ბაგა-ბაღის დიეტ-ექთნის თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება 2015 წლის 1 იანვრიდან მის სამუშაოზე აღდგენამდე.

6. მოსარჩელის განმარტებით, ყველა თანამშრომელს გაუგრძელეს შრომითი ხელშეკრულება ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებით, ხოლო მოსარჩელეს აუხსნეს, რომ იგი განთავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, ხოლო ახალი ხელშეკრულება ვეღარ გაფორმდებოდა მასთან, ვინაიდან რეორგანიზაციის შედეგად მისი შტატი გაუქმებული იყო. მანამდე, მოსარჩელე არავის გაუფრთხილებია მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შესაძლო გათავისუფლების თაობაზე. ამასთან, მოპასუხე ორგანიზაციაში რეორგანიზაცია რეალურად არ განხორციელებულა. დამსაქმებელმა ამ მოტივით გააუქმა დიეტ-ექთნის თანამდებობა, შემოიღო „ექიმის“ შტატი და დაასაქმა მისთვის სასურველი პიროვნება ფარმაცევტის სპეციალობით. ადგილი აქვს მოსარჩელის მიმართ შრომითი დისკრიმინაციის განხორციელებას.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:

7.1. მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მასთან დადებული იყო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება და, შესაბამისად, მისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება შეწყდებოდა. ამდენად, მოპასუხეს გათავისუფლების თაობაზე გაფრთხილების ვალდებულება არ გააჩნდა;

7.2. მოპასუხე ორგანიზაციაში ნამდვილად განხორციელდა რეორგანიზაცია. 2014 წლის 1 იანვარს დამტკიცებული საშტატო ნუსხით, დაბა შუახევის ბაგა-ბაღში გათვალისწინებული იყო მედდა-დიეტოლოგის 2 საშტატო ერთეული, 2015 წლის 1 იანვარს დამტკიცებული საშტატო ნუსხით კი დარჩა 1. დამსაქმებლის წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამსაქმებელი ორგანიზაციის დირექტორი საშტატო ნუსხას ამტკიცებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანხმობით. ამდენად, დირექტორი ვერ შეძლებს მხოლოდ საკუთარი შეხედულებით, ანგარების მიზნით, შექმნას ან გააუქმოს რომელიმე საშტატო ერთეული.

8. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2014 წლის 31 დეკემბრის №71 ბრძანება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილ იქნა დამსაქმებელი ორგანიზაციის შუახევის ბაგა-ბაღის დიეტ-ექთნის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 1 იანვრიდან მის სამუშაოზე აღდგენამდე მიუღებელი ხელფასის, თვეში 230 ლარის გადახდა.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით დაადგინა, რომ შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანება 2011 წლიდან შეიქმნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით. შუახევის ბაგა-ბაღი, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, ამ თარიღიდან აღარ არსებობდა და ის შუახევის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებთან ერთად შეერწყა დამსაქმებელ ორგანიზაციას.

11. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საწარმოთა უფლებამონაცვლეობა არის სპეციფიკური სამართლებრივი ურთიერთობა და იგი გამომდინარეობს კანონიდან. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 38-ე მუხლის 11 პუნქტითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 144 მუხლის მე-4 პუნქტის ბოლო წინადადებით [საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე] და დაასკვნა, რომ თავად კანონმა განსაზღვრა რეორგანიზაციამდე არსებული საწარმოების სამართალმემკვიდრედ ახალი საწარმო - მოპასუხე ორგანიზაცია.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე შუახევის ბაგა-ბაღში და მის სამართალმემკვიდრე დამსაქმებელ ორგანიზაციაში მუშაობდა 2005 წლიდან, შესაბამისად, მოპასუხე ორგანიზაციაში (და მის წინამორბედ ორგანიზაციაში) მისი მუშაობა აღემატებოდა 5 წელს.

13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სშკ-ის მე-6 მუხლის 13 პუნქტითა [თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.] და ამავე მუხლის შენიშვნით [მე-6 მუხლის 11-13 პუნქტების მოქმედება ვრცელდება ამ კანონის (12.06.2013, №729), ამოქმედების შემდეგ დადებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაზე ან/და კოლექტიურ ხელშეკრულებაზე. მე-6 მუხლის 13 პუნქტის პირობების მიუხედავად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ამ კანონის (12.06.2013, №729) ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო თუ ასეთივე დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად დადებულად ჩაითვლება ამ კანონის (12.06.2013, №729) ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ.], 38.8 და 44-ე მუხლებითა და სსკ-ის 408.1 მუხლით და აღნიშნა, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მიჩნეული უნდა ყოფილიყო უვადო ხელშეკრულებად, რადგან მოსარჩელე საბავშვო ბაღში მუშაობდა 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და, გამომდინარე აქედან, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება ხელშეკრულების ვადის გასვლის მოტივით უსაფუძვლო იყო. შესაბამისად, მოსარჩელე უნდა აღდგენილიყო თავდაპირველ თანამდებობაზე და მისცემოდა განაცდური 2015 წლის 1 იანვრიდან მის სამუშაოზე აღდგენამდე.

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, ხოლო 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

16. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ დასაქმებულთან გაფორმებული იყო განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება, თუმცა კასატორის პრეტენზიის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დამატებით უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა, რამდენად იყო შესაძლებელი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, რათა საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება აღსრულებაუნარიანი ყოფილიყო.

17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენაზე და კომპენსაციის სახით მიეცა 2208 ლარი (ხელზე ასაღები).

18. სააპელაციო სასამართლომ საქმეში განთავსებული შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოს ჩამონათვალით (2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) დაადგინა, რომ ამ პერიოდისათვის მოპასუხე ორგანიზაციაში არსებობდა მედდა-დიეტოლოგის 2 საშტატო ერთეული, მათ შორის, ერთი ეკავა მოსარჩელეს, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოს ჩამონათვალით (2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) დაადგინა, რომ მოპასუხე დაწესებულებაში 2014 წელს არსებული საშტატო განრიგი შეიცვალა და მედდა-დიეტოლოგის საშტატო ერთეული განისაზღვრა ერთით, რომელიც ამჟამად დაკავებული იყო, ამასთან, მეორე მედდა-დიეტოლოგის საშტატო განაკვეთის ნაცვლად შეიქმნა ფსიქოლოგის 1 საშტატო ერთეული.

19. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის (აპელანტის) წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ, მართალია, მედდა-დიეტოლოგის საშტატო ერთეული შემცირდა და მისი რაოდენობა განისაზღვრა ერთით, მაგრამ მისი ტოლფასი თანამდებობა იყო აღმზრდელის თანაშემწე (ძიძა) და ამ თანამდებობაზე ითხოვეს მოსარჩელის აღდგენა.

20. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენელთა მითითება, რომ მედდა-დიეტოლოგის ტოლფას თანამდებობას წარმოადგენდა აღმზრდელის თანაშემწე (ძიძა), მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, მოპასუხე ორგანიზაციის წესდების შესაბამისად [წესდების 8.4 პუნქტი: აღმზრდელის თანაშემწედ (ძიძა) შეიძლება იყოს პირი, რომელსაც არ მიუღწევია საპენსიო ასაკისათვის, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება და საგანმანათლებო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება] არ შეიძლება აღმზრდელის თანაშემწედ დანიშნულიყო საპენსიო ასაკს მიღწეული პირი. გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელის პირადობის მოწმობის ასლით დგინდებოდა მოსარჩელის საპენსიო ასაკისთვის მიღწევის ფაქტი [„სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლი: პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია ქალებისთვის საპენსიო ასაკის – 60 წლის მიღწევა], სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელი იყო.

21. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 38.8 და 44-ე მუხლებით, სსკ-ის 408.1 და 409-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა მისცემოდა კომპენსაცია 1 წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობით, რაც შეადგენდა 2208 ლარს (დარიცხული 230 ლარიx12 თვე - 20%).

22. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა გასაჩივრების საპროცესო ვადის გაშვების გამო.

24. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სამუშაოზე აღდგენასა და მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

25. მოსარჩელემ მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

25.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მტკიცებულებათა არასწორი შეფასების შედეგად. სასამართლომ არ გამოიკვლია, თუ რამდენად სამართლიანი იყო ადმინისტრაციის მხრიდან მედდა-დიეტოლოგის შტატის გაუქმება და მის ნაცვლად, ფსიქოლოგის შტატის შემოღება. ამ უკანასკნელ თანამდებობაზე არ არის დასაქმებული ფსიქოლოგი. ამის გამო მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოპასუხე ორგანიზაციიდან ფსიქოლოგის შტატზე დანიშნული პირის შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომის გამოთხოვის თაობაზე, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა;

25.2. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საპენსიო ასაკის გამო მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობასთან დაკავშირებით, კასატორმა აღნიშნა, რომ განთავისუფლების მომენტში მოსარჩელე აკმაყოფილებდა წესდების მოთხოვნებს და არ იყო საპენსიო ასაკის. ამასთან, თუ წესდების მიხედვით, მედდა-დიეტოლოგის შტატზე დაუშვებელია პენსიონერის მუშაობა, რეალობა საწინააღმდეგოს უთითებს, რადგან ამ თანამდებობაზე დასაქმებული პირი პენსიონერია;

25.3. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მედდა-დიეტოლოგის ფუნქციები ტოლფასია აღმზრდელის თანაშემწის ფუნქციებისა, რაც ადასტურებს იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებების სრულყოფილად შესწავლის გარეშე არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ტოლფას სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის დაკისრების ნაწილში. გადაწყვეტილებით არ ირკვევა, თუ რას დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, როდესაც დაადგინა, რომ არ არსებობდა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა;

25.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული საქმე დაუბრუნდა მხოლოდ სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, ხოლო მოპასუხე ორგანიზაციის 2014 წლის 31 დეკემბრის №71 ბრძანების ბათილად ცნობისა და 2015 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენამდე მიუღებელი ხელფასის თვეში 230 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული. შესაბამისად, საქმის ხელახლა განხილვისას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ამ ნაწილში გადაწყვეტილება მიეღო. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა მხოლოდ აღდგენის ნაწილში და დანარჩენ ნაწილში უცვლელი დატოვა, მაშინ როდესაც განაცდურისა და ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და კანონიერ ძალაშია შესული;

25.5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სშკ-ის 38.8 მუხლის საფუძველზე, სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად, მიეცა კომპენსაცია, რაც უთანაბრდება სამუშაოზე აღდგენას. შესაბამისად, მოსარჩელეს მიუღებელი ხელფასი უნდა მიეცეს მანამ, სანამ მოპასუხე სრულად არ აუნაზღაურებს კომპენსაციას. ამდენად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება აღსრულებადი იყო და სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ემსჯელა იმ საკითხზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით კანონიერ ძალაში იყო შესული;

25.6. შრომის ხელშეკრულების საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების ბათილობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი განთავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, სსკ-ის 408-ე და 411-ე მუხლების თანახმად, დამსაქმებლის არამართლზომიერი ქმედების სამართლებრივი შედეგებია. დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით დასაქმებულს მიადგა ზიანი. მან ვერ მიიღო შრომის ანაზღაურების სახით ის შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა, რომ არა დამსაქმებლის უკანონო მოქმედება. ამის გამო, მას უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სსკ-ის 408.1 მუხლით გათვალისწინებული ზიანი განსხვავდება სშკ-ის 38.8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციისგან, რადგან ეს უკანასკნელი იმ შემთხვევისათვის უნდა გამოიყენოს, როდესაც შეუძლებელია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ვერ ხდება პირის სამუშაოზე აღდგენა, მაგრამ დადგენილია, რომ განთავისუფლება მოხდა უკანონოდ, დასაქმებულს გარდა კომპენსაციისა, უნდა მიეცეს განაცდური კომპენსაციის სრულად აღებამდე;

25.7. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა, რადგან რეორგანიზაციას არ მოჰყოლია შტატების შემცირება. პირიქით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შტატები გაიზარდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოპასუხემ არამართლზომიერად გამოიყენა თავისი უფლებები;

25.8. რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთი კანონისმიერი საფუძველია რეორგანიზაციამდე დასაქმებული კადრის არასაკმარისი კვალიფიკაცია, კერძოდ, ის, რომ განახლებული ფუნქციების შედეგად იგი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს და ამდენად დაკავებული თანამდებობისთვის შეუფერებელია. მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი გარემოებები, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო, არ დადასტურდა. შესაბამისად, არ დადასტურდა უფლების გამოყენების მართლზომიერება, რაც იმთავითვე ბადებდა დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძვლიან ეჭვს, რომლის გაქარწყლება დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო;

25.9. ამასთან, დამსაქმებელს უნდა მიეღო ზომები მოსარჩელის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, თუ მის მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა მოსარჩელე.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

28. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს კომპენსაციის სახით მიეცა 2 208 ლარი (ხელზე ასაღები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოსარჩელეს კომპენსაციის სახით მიეცეს 3 680 ლარი.

29. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.

30. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

31. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენაზე მსჯელობისას არ გამოიკვლია დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერება მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის (მედდა-დიეტოლოგი) ნაცვლად ფსიქოლოგის საშტატო ერთეულის შემოღების თაობაზე. ამასთან, მისი განმარტებით, ფსიქოლოგის შტატზე არ არის დასაქმებული ფსიქოლოგი.

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორგანიზაციული ხასიათის ცვლილებების განხორციელება დამსაქმებლის ნებაზეა დამოკიდებული და მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სასამართლო არ იკვლევს იმ ფაქტს, დამსაქმებელს დიეტ-ექთნის თანამდებობის ნაცვლად ესაჭიროებოდა თუ არა ფსიქოლოგის შტატი და რამდენად მართლზომიერია მისი ეს მოქმედება. სასამართლოს კვლევის ფარგლები ვრცელდება მხოლოდ მასზე, არის თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ორგანიზაციულ ცვლილებებსა და თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილებას შორის. სხვაგვარად რომ ითქვას, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერი იყო დამსაქმებლის გადაწყვეტილება დასაქმებულის გათავისუფლების თაობაზე ორგანიზაციული ცვლილებების მოტივით.

33. უდავოა, რომ სააპელაციო პალატამ დამსაქმებლის სადავო ბრძანება ბათილად ცნო მასში მითითებული და სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამო (შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა), რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული. უდავოა ისიც, რომ დასაქმებულის თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია აღნიშნული შტატის გაუქმების გამო (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-18 პუნქტი). გამომდინარე აქედან, დასაქმებულის მითითება დიეტ-ექთნის თანამდებობის ნაცვლად ფსიქოლოგის შტატის შემოღების თაობაზე რელევანტურია მხოლოდ ამ უკანასკნელი შტატის მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან ტოლფასოვნების შემოწმების თვალსაზრისით. თუმცა, აღნიშნულ თანამდებობაზე, როგორც ტოლფასზე, მოსარჩელეს არ მიუთითებია. დასაქმებული დავობს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ, მისი განმარტებით, ფსიქოლოგის შტატზე დასაქმებული პირი არ არის ფსიქოლოგი, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ მოცემული დავის საგნის ფარგლებს სცდება ფსიქოლოგის შტატზე დანიშნული პირის დასახელებული თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და აღნიშნული ფაქტის დადგენას საქმის განხილვის შედეგზე გავლენა ვერ ექნება.

34. რაც შეეხება მოსარჩელის პრეტენზიას ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული შეუძლებელია მოსარჩელის საპენსიო ასაკისთვის მიღწევის გამო.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნისას ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოთხოვნის ავტორს (მოსარჩელეს) უნდა დაეკისროს და არა მოთხოვნის ადრესატს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე მიუთითოს, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა. აღნიშნული კი, შესაძლებელია, გაირკვეს მოპასუხე საზოგადოების საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის გამოკვლევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-902-864-2014, 2015 წლის 30 მარტი; №ას-475-456-2016, 2016 წლის 24 ივნისი; №ას-761-712-2017, 2017 წლის 10 ივლისი).

36. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მის მიერ დაკავებული თანამდებობის (დიეტ-ექთნის) ტოლფასად მიიჩნია აღმზრდელის თანაშემწის (ძიძა) თანამდებობა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 6 იანვრის №06-02 ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ „შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ წესდების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღმზრდელის თანაშემწედ (ძიძა) შეიძლება იყოს პირი, რომელსაც არ მიუღწევია საპენსიო ასაკისათვის და აქვს შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება (იხ. ს. ფ. 66). გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეს საპენსიო ასაკი შესრულებული აქვს (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლის მიხედვით, მოსარჩელე დაბადებულია 1954 წელს (იხ. ს. ფ. 15)), მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია. აღნიშნული გარემოება უსარგებლოს ხდის იმის დეტალური კვლევის ჩატარებას, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა (დიეტ-ექთანი) ფუნქციური თვალსაზრისით აღმზრდელის თანაშემწის (ძიძა) ტოლფასს. ამასთან, მოსარჩელის მითითება, რომ იგი პენსიონერი არ იყო გათავისუფლების მომენტისათვის, უსაფუძვლოა, რადგან სასამართლო საქმის განხილვისას ხელმძღვანელობს მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის პერიოდისთვის არსებული მოცემულობით.

37. კასატორის პრეტენზიის თანახმად, 2015 წლის 1 იანვრიდან მის სამუშაოზე აღდგენამდე მიუღებელი ხელფასის თვეში 230 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა და, შესაბამისად, ამ ნაწილში სააპელაციო პალატას გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ ჰქონდა. კასატორი ითხოვს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას გადაწყვეტილების აღსრულებამდე და მიიჩნევს, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ვერ ხდება პირის სამუშაოზე აღდგენა, მაგრამ დადგენილია, რომ განთავისუფლება მოხდა უკანონოდ, დასაქმებულს, გარდა კომპენსაციისა, უნდა მიეცეს განაცდური კომპენსაციის სრულად აღებამდე.

38. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული პრეტენზიის საპასუხოდ, კასატორს განუმარტავს, რომ იძულებითი განაცდური და კომპენსაცია განსხვავებული სამართლებრივი ინსტიტუტებია. იძულებითი განაცდურის მიღება დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის თანამდევი სამართლებრივი შედეგია [სშკ-ის 32.1. მუხლი: თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით], ხოლო კომპენსაცია გაიცემა მაშინ, როდესაც პირის სამსახურში აღდგენა ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია [სშკ-ის 38.8 მუხლი: სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით]. განაცდური ის შემოსავალია, რომელიც უკანონოდ გათავისუფლებულმა პირმა გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდში ვერ მიიღო, ხოლო კომპენსაცია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ალტერნატივაა, რომლითაც უკანონოდ გათავისუფლებული პირის მატერიალური და არამატერიალური დანაკარგის კომპენსირება ხდება. შესაბამისად, ორივეს - განაცდურისა და კომპენსაციის ერთდროულად მოთხოვნის უფლება დაუშვებელია.

39. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია ასევე კასატორის მოსაზრება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით უცვლელი დარჩა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება 2015 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენამდე მიუღებელი ხელფასის, თვეში 230 ლარის ოდენობით მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, შესაბამისად, გაუქმდა მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგიც - მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენამდე მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის დაკისრება.

40. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ დასაქმებულს, გარდა კომპენსაციისა, უნდა მიეცეს განაცდური კომპენსაციის სრულად აღებამდე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ პრეტენზიით მოსარჩელე ფაქტობრივად სადავოდ ხდის მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას და აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

41. სააპელაციო სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ ერთი წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობა - 2208 ლარი (ხელზე ასაღები).

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სშკ არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომით-სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.

43. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი კომპენსაციის ოდენობა ვერ ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ განიცადა უკანონო გათავისუფლებით, დადგენილი კომპენსაციის ოდენობა ვერ ფარავს განაცდურის იმ ოდენობასაც კი, რასაც მოსარჩელე მიიღებდა პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის შემთხვევაში (დასაქმებულის გათავისუფლებიდან სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე გასულია 1 წელი და 7 თვე). ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე უვადო შრომით სამართლებრივ-ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან, ასევე მოსარჩელის საპენსიო ასაკს და მის მიერ სამუშაოს შოვნის პერსპექტივას, რის გამოც მიიჩნევს, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და დასაქმებულს მიეცეს გონივრული და სამართლიანი კომპენსაცია მის მიერ 20 თვის განმავლობაში მისაღები ხელფასის 3680 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით (184 (230 ლარის 80%) x 20 თვე).

44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

45. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

47. მოსარჩელეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 300 ლარი, დაკმაყოფილებულია მისი მოთხოვნების 80%. გამომდინარე აქედან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 300 ლარის 80%-ის 240 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, რომლითაც ნ.კ–ძეს კომპენსაციის სახით მიეცა 2 208 ლარი (ხელზე ასაღები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ნ.კ–ძეს კომპენსაციის სახით მიეცეს 3 680 (სამი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარი (ხელზე ასაღები);

5. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

6. ა(ა)იპ შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანებას ნ.კ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 80%-ის, 240 (ორას ორმოცი) ლარის გადახდა;

7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე