№ ას-1578-2018 14 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – თ.ჯ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – მ.უ–ძე
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აგვისტოსა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2018 წლის 24 აგვისტოს თ.ჯ–ძემ (შემდგომში − „განმცხადებელი“, „მოპასუხე“ ან „აპელანტი“) განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მ.უ–ძისთვის (შემდგომში − „მოსარჩელე“) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, ......., საკადასტრო კოდი: №......., გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვა მოითხოვა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. მოპასუხემ საჩივარში მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი და მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მოსარჩელეს არ დააკისრა მოპასუხის მიერ გაღებული პროცესის ხარჯები, რაც შეადგენს 4001 ლარს (იურიდიული მომსახურების საფასური − 3000 ლარი, ფაქტების კონსტანტაციის საფასური − 200 ლარი და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მომსახურების საფასური − 801 ლარი);
4.2. მოსარჩელისთვის ცნობილია აპელანტის მოთხოვნა პროცესის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, მან შესაძლოა გაასხვისოს, გააჩუქოს ან უფლებრივად დატვირთოს კუთვნილი უძრავი ქონება, რაც დააბრკოლებს გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, ამგვარი საფრთხის არსებობა ყოველთვის ემყარება ვარაუდს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
6. სააპელაციო პალატამ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებითა და საქმის მასალებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ არ არსებობდა ისეთი უკიდურესი აუცილებლობა, რაც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას გაამართლებდა და მიუთითა, რომ მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მოთხოვნილ საგანზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში მოსარჩელის უფლებასა და მოპასუხის ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი დაცული არ იქნებოდა.
7. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად უთითებდა მხოლოდ მოთხოვნის არსებობაზე, ისე, რომ მოთხოვნა არ იყო გამყარებული სხვა გარემოებებით და იგი ეფუძნებოდა მხოლოდ მის ვარაუდს, რაც ვერ მიიჩნეოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მხარის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
13. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.
14. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი სააპელაციო მოთხოვნის − მოსარჩელისათვის 4001 ლარის დაკისრების უზრუნველსაყოფად მოითხოვა მოსარჩელისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, ......., საკადასტრო კოდი: № ......, გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვა, იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა გაასხვისოს, გააჩუქოს ან უფლებრივად დატვირთოს კუთვნილი უძრავი ქონება, რაც დააბრკოლებს გადაწყვეტილების აღსრულებას.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მხოლოდ მითითება იმ გარემოებაზე, რომ არსებობს მოწინააღმდეგე მხარის მიერ ქონების გასხვისების ალბათობა, საკმარისი არ არის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების აკრძალვისათვის.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
17. საკასაციო პალატა მხარის ყურადღებას მიაქცევს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დანიშნულებაზე და აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნას უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი − აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება მისი აღსრულება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში.
18. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის ზემოაღნიშნული ვარაუდი (ქონების მოსალოდნელი გასხვისების შესახებ) არ ემყარება საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომელთა წარმოდგენის ვალდებულებაც მას ეკისრებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების შესაბამისად. საქმეში ასევე არ მოიპოვება ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულების დამდგენი რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილ თანხასთან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულების შესაბამისობას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინების გარეშე კი არ არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ მოსარჩელე ამ ქონებას აუცილებლად გაასხვისებს და ამით საფრთხე შეექმნება გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც საკასაციო სასამართლოს აზრით, არ ქმნის მოთხოვნილი სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას.
19. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქონების გასხვისების აკრძალვის გამოყენება, მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, არ არის გამართლებული.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ.ჯ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აგვისტოსა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე