საქმე №ას-70-70-2018 21 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ლ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ღ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რ.ღ–ძე (შემდგომში − „მოსარჩელე“) და ნ.ლ–ძე (შემდგომში − „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) 2011 წლის 25 თებერვლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას.
2. მოსარჩელე და მოპასუხე დაქორწინდნენ 1990 წლის 22 სექტემბერს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. მხარეები საქორწინო ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში ცხოვრობდნენ ხარაგაულის რაიონის სოფელ ...... ისინი 2006 წლიდან საცხოვრებლად გადმოვიდნენ თბილისში.
3. მოპასუხე დასაქმებულია ფარმაცევტად აფთიაქში. იგი შვილებთან და ახლობელთან ერთად ცხოვრობს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელე ფინანსურად არ ეხმარება მოპასუხეს.
4. 2017 წლის 6 იანვარს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 1990 წლის 22 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:
5.1. მას არ სურს რამდენიმეწლიანი საქორწინო ურთიერთობის შეწყვეტა. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია;
5.2. მოსარჩელეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. გადატანილი ფსიქოლოგიური სტრესის გამო იგი საჭიროებს მოვლას და შესაბამის მკურნალობას.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 1990 წლის 22 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტები და დამატებით დაადგინა, რომ მოსარჩელე შრომისუნარიანი იყო, საქმის განხილვისას იგი არ იყო დასაქმებული და არ გააჩნდა სტაბილური შემოსავალი, მას არ ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაძაბული ურთიერთობის, მათი ერთ ოჯახად ცხოვრებისა და მათ შორის ოჯახის შენარჩუნების შეუძლებლობის ფაქტი. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ისიც, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის შვილები (თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი) საქმის განხილვისას სრულწლოვანები იყვნენ.
10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 1127-ე და 1123-ე მუხლებით და მიუთითა, რომ სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად უნდა გადაწყვიტოს, მიზენშეწონილია თუ არა მხარეთათვის შესარიგებელი ვადის მიცემა. შესარიგებელი ვადის დაწესების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი მიიჩნევს, რომ ვადის დაწესების შედეგად შესაძლებელი იქნება ქორწინების შენარჩუნება და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გადაჭრა. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნია, რომ შესარიგებელი ვადის დაწესება შედეგს ვერ გამოიღებდა, რისი დასტურიც იყო მოსარჩელის კატეგორიული მოთხოვნა განქორწინებულიყო მოპასუხესთან − მოსარჩელე გამორიცხავდა მოპასუხესთან ქორწინების შენარჩუნების შესაძლებლობას და არ გამოთქვამდა სურვილს, ჰქონოდა მასთან რაიმე სახის კავშირი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის კონფლიქტური ურთიერთობის დამადასტურებელი იყო ასევე სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას მხარეთა მიერ წარმოთქმული ახსნა-განმარტებები, რაც სასამართლოს არწმუნებდა იმაში, რომ მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე ქორწინების შენარჩუნება შეუძლებელი იყო, რის გამოც შესარიგებლად დროის განსაზღვრა შედეგის მომტანი არ იქნებოდა.
11. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლზე და განმარტა, რომ დასახელებული ნორმის თანახმად, ქორწინებისთვის, ასევე ქორწინების შენარჩუნებისათვის, აუცილებელ პირობას მხარეთა ორმხრივი ნება წარმოადგენდა. მისი არარსებობისას კი შეუძლებელი იყო ქორწინების შენარჩუნება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ნება იყო ნათელი, მას სურდა მოპასუხესთან განქორწინება, ხოლო მოპასუხის სურვილი, შერიგებოდა ქმარს, არ იყო საკმარისი ოჯახის შენარჩუნებისთვის.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
13. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
13.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს არ აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები;
13.2. ასევე არასწორად არის დადგენილი ის ფაქტი, რომ მეუღლეთა შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
14. კასატორმა იშუამდგომლა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში გადატანილი მძიმე სტრესის გამო, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მეუღლეთა განქორწინების სამართლებრივ წინაპირობებს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლი, რომლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მეუღლეთა შორის დავის არსებობისას განქორწინების საქმეს წყვეტს სასამართლო.
23. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები 2011 წლის 25 თებერვლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი, რომლებიც დღეის მდგომარეობით არიან სრულწლოვანები.
24. დადგენილია, ასევე რომ მოსარჩელე არის შრომისუნარიანი და მას არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
25. დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაძაბული ურთიერთობაა, მათი ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
26. აღნიშნული გარემოებების უარსაყოფად კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ აქვს წარმოდგენილი.
27. კასატორის შედავება, რომ მოსარჩელეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, იმ პირობებში, როდესაც მას არ წარუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება.
28. საკასაციო პალატა კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა მეუღლეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შეუძლებლობის ფაქტი და აღნიშნავს, რომ მხარეები უკვე წლებია (2011 წლის 25 თებერვლიდან) ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის პოზიცია უცვლელია და მას მოპასუხესთან განქორწინება სურს (იხ. საკასაციო შესაგებელი). ამასთან, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს დასაბუთებული პოზიცია არ წარმოუდგენია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი აღნიშნული საფუძვლითაც არ არის დასაშვები.
32. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის შუამდგომლობა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებასა და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ასეთი დანაწესი განპირობებულია საკასაციო განხილვის თავისებურებით, რაც, უპირველესად, გულისხმობს იმას, რომ საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო. მას შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და შეამოწმოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით.
33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს №15754196 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ნ.ლ–ძეს (პ/ნ: ....) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 1 თებერვალს №15754196 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე