Facebook Twitter

№ ას-1203-1163-2016 31 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „სადაზღვევო კომპანია უ." (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ა.დ." (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2014 წლის 17 იანვარს სს „სადაზღვევო კომპანია უ–სა“ (შპს სადაზღვევო კომპანია „უ–ის“ უფლებამონაცვლე) (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ბენეფიციარი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და სს „ე.მ–ია ა.ტ.ე.ვ.ე.“-ს საქართველოს ფილიალს (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „პრინციპალი“) შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება №015967, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გაცემული საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილ იქნა პირველი მოპასუხის მიერ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში - „საავტომობილო გზების დეპარტამენტი“) წინაშე 2013 წლის 24 დეკემბრის წერილის/ოქმის №2-08/7167 საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საბანკო გარანტიის თანხა განისაზღვრა 25200 ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა საბანკო გარანტიის გაცემისათვის საზღაური 807.78 ლარის ოდენობით, რომელიც პირველ მოპასუხეს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2014 წლის 21 იანვრისა, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით;

2. 2014 წლის 17 იანვარს პირველ მოპასუხესა და სს „ა.დ–ას“ (შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ჯ–ის“ უფლებამონაცვლე) (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „გარანტი“) შორის გაფორმდა ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება №FRI/14-040033 და გაიცა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული №015967 ხელშეკრულებით შესასრულებელი ვალდებულება. საგარანტიო თანხა განისაზღვრა 25200 ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა საბანკო გარანტიის გაცემისათვის პრემია 1512 ლარი;

3. 2014 წლის 17 იანვარს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება №015968, რომლის თანახმად, მოსარჩელემ გასცა საბანკო გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა პირველი მოპასუხის მიერ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინაშე 2013 წლის 24 დეკემბრის წერილის/ოქმის №2-08/7610 საფუძველზე დადებული ხელშეკრულების თანახმად ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საბანკო გარანტიის თანხა განისაზღვრა 74250 ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა საბანკო გარანტიის გაცემისათვის საზღაური 3124.60 ლარის ოდენობით, რომელიც პირველ მოპასუხეს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2014 წლის 21 იანვრისა, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით;

4. 2014 წლის 17 იანვარს პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება №FRI/14-040032 და გაიცა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული №015968 ხელშეკრულებით შესასრულებელი ვალდებულება. საგარანტიო თანხა განისაზღვრა 74250 ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა საბანკო გარანტიის გაცემისათვის პრემია 4455 ლარი;

5. 2014 წლის 17 იანვარს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება №015969, რომლის თანახმად, მოსარჩელემ გასცა საბანკო გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა პირველი მოპასუხის მიერ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინაშე 2013 წლის 24 დეკემბრის წერილის/ოქმის №2-08/95 საფუძველზე დადებული ხელშეკრულების თანახმად ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საბანკო გარანტიის თანხა განისაზღვრა 120 000 ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა საბანკო გარანტიის გაცემისათვის საზღაური 6864.66 ლარის ოდენობით, რომელიც პირველ მოპასუხეს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2014 წლის 21 იანვრისა, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით;

6. 2014 წლის 17 იანვარს პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება №FRI/14-040031 და გაიცა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული №015969 ხელშეკრულებით შესასრულებელი ვალდებულება. საგარანტიო თანხა განისაზღვრა 120 000 ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა საბანკო გარანტიის გაცემისათვის პრემია 7200 ლარი;

7. 2014 წლის 17 იანვარს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება №015970, რომლის თანახმად, მოსარჩელემ გასცა საბანკო გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა პირველი მოპასუხის მიერ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინაშე 2013 წლის 24 დეკემბრის წერილის/ოქმის №2-08/7614 საფუძველზე დადებული ხელშეკრულების თანახმად ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საბანკო გარანტიის თანხა განისაზღვრა 165000 ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა საბანკო გარანტიის გაცემისათვის საზღაური 8598.08 ლარის ოდენობით, რომელიც პირველ მოპასუხეს უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2014 წლის 21 იანვრისა, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით;

8. 2014 წლის 17 იანვარს პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება №FRI/14-040030 და გაიცა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული №015970 ხელშეკრულებით შესასრულებელი ვალდებულება. საგარანტიო თანხა განისაზღვრა 165 000 ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა საბანკო გარანტიის გაცემისათვის პრემია 9900 ლარი;

9. მოსარჩელის მიერ 2014 წლის 17 იანვარს გაცემული №015967, №015968, №015969 და №015970 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებების გაცემისათვის გადასახდელმა საზღაურმა შეადგინა 19395.12 ლარი.

10. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 19395.12 ლარის გადახდის დაკისრება.

11. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 17 იანვარს გაფორმებული №015967, №015968, №015969 და №015970 ხელშეკრულებების 1.3. პუნქტების თანახმად, საბანკო გარანტიის გაცემისათვის საზღაური (პრემიის თანხა) პირველ მოპასუხეს უნდა დაეფარა არაუგვიანეს 2014 წლის 21 იანვრისა, რაც მას არ შეუსრულებია. პირველი მოპასუხის მიერ საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის/ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (საბანკო გარანტიის გაცემისათვის საზღაურის „პრემიის“ გადაუხდელობის გამო) მეორე მოპასუხე ვალდებული იყო დაეფარა ზემოაღნიშნული თანხა, საერთო ჯამში, 19395.12 ლარი.

12. პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:

12.1. სამოქალაქო კოდექსის 464-ე, 463-ე, 879-ე, 881-ე და 890-ე მუხლები სამართლებრივად გამორიცხავს პრინციპალისა და გარანტის თანამოპასუხეობას მოცემულ საქმეში;

12.2. მოსარჩელეს უნდა აერჩია: გამოიყენებდა ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მიღებულ საბანკო გარანტიას და იდავებდა გარანტთან თუ ვალდებულების შესრულებას მოითხოვდა მოვალისგან (პირველი მოპასუხისგან). მოსარჩელემ ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულება მის ნაცვლად მოსთხოვა მეორე მოპასუხეს, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნას პირველი მოპასუხის მიმართ, რადგან სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლოდ გამდიდრებას ან გარანტი დაკარგავს რეგრესული მოთხოვნის უფლებას.

13. მეორე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:

13.1. მეორე მოპასუხემ 2014 წლის 17 იანვარს გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტიებით იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა, მოსარჩელის წინაშე პირველი მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, მაგრამ არა უმეტეს გარანტიის თანხისა;

13.2. არცერთი საბანკო გარანტია არ მოიცავს დათქმას იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელის წინაშე პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დებიტორული დავალიანების (სადაზღვევო პრემიის) დაფარვის შესახებ;

13.3. დებიტორული დავალიანების (სადაზღვევო პრემიის) გადახდა წარმოადგენს დამზღვევსა და მზღვეველს შორის არსებულ პირადი ხასიათის ურთიერთობას და სადაზღვევო კომპანიამ თვითონ უნდა მოახერხოს საპრემიო დავალიანების ამოღება.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 19395.12 ლარის გადახდა.

15. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით შპს „სადაზღვევო კომპანია უ–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „სადაზღვევო კომპანია უ–ი“, ხოლო შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ჯ–ის“ უფლებამონაცვლედ - სს „ა.დ–ა“.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება მეორე მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

19. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე და 338-ე მუხლებით და 2014 წლის 17 იანვარს პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულებების და მათ საფუძველზე გაცემული ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის პირობების ერთიანობაში გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ პირველ მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულებები ითვალისწინებდა მხოლოდ პრინციპალის მიერ რეგრესული დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში გარანტის მოთხოვნის უზრუნველყოფას. აღნიშნული დასკვნის საფუძველს ამყარებდა ის გარემოება, რომ მეორე მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიებით თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნა სწორედ ის თანხები, რაც წარმოადგენდა 2014 წლის 17 იანვარს მოსარჩელის მიერ გაცემულ საბანკო გარანტიებში მოცემული საგარანტიო თანხების ოდენობას. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გარიგებაში გამოვლენილი ნების განმარტების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი - ნების გამოვლენის განმარტებისას გონივრული განსჯის კრიტერიუმით და არა მარტოოდენ გარიგების ტექსტით ხელმძღვანელობა, ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, გარიგების განმარტებისას მთლიანობაში უნდა იქნეს შესწავლილი გარიგების შინაარსი მასში გამოვლენილი მიზნის (ნების) დასადგენად.

20. ნების განმარტების მიზნებისათვის, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულებების 1.1 პუნქტზე, რომლის თანახმად, მზღვეველი/გარანტი (მეორე მოპასუხე) დამზღვევის/პრინციპალის (პირველი მოპასუხე) მიერ პრემიის გადახდის სანაცვლოდ კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს მოსარგებლეს/ბენეფიციარს (მოსარჩელე) ფულადი თანხა არა უმეტეს საბანკო საგარანტიო თანხისა, გარანტიის მოქმედების პერიოდში გადახდის შესახებ მოსარგებლის მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი სათანადოდ ვერ ასრულებს მოსარგებლის წინაშე ნაკისრ ძირითად ვალდებულებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არაგონივრულად მიიჩნია საბანკო გარანტიის პირობების იმგვარი განმარტება, რომ საბანკო გარანტიით ასევე უზრუნველყოფილი იყო საბანკო გარანტიების გაცემისათვის დაწესებული ერთჯერადი საზღაური, რომლის გადახდაც პირველ მოპასუხეს მოსარჩელესთან გაფორმებული 2014 წლის 17 იანვრის ხელშეკრულების 1.3 პუნქტის შესაბამისად, ეკისრებოდა არაუგვიანეს 2014 წლის 21 იანვრისა. ამდენად, სააპელაციო პალატამ არაგონივრულად მიიჩნია საზღაურის გადაუხდელობის (რომლის გადახდის ვალდებულებაც ხელშემკვრელ მხარეს გააჩნდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 დღის ვადაში) დაკავშირება იმ ძირითადი ვალდებულების დარღვევასთან, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც მეორე მოპასუხემ გასცა საბანკო გარანტიები.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ 2014 წლის 17 იანვარს გაცემული საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებისათვის გადასახდელი ერთჯერადი საზღაურის თანხა, ჯამში 19395.12 ლარის ოდენობით, არ წარმოადგენდა მეორე მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიებით უზრუნველყოფილ თანხას და, ამდენად, ამ უკანასკნელს, როგორც გარანტს, არ ეკისრებოდა აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება.

22. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება.

23. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

23.1. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელის მიერ 2014 წლის 17 იანვარს გაცემული საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებისთვის გადასახდელი ერთჯერადი საზღაურის თანხა, ჯამში 19395.12 ლარის ოდენობით, არ წარმოადგენდა მეორე მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიებით უზრუნველყოფილ თანხას. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის (საქმე №ას-1353-1277-2012, 2013 წლის 1 ივლისი; საქმე №ას-781-996-08, 2009 წლის 17 მარტი) თანახმად, გარანტის სამსახური იმაში გამოიხატება, რომ გარანტიით გათვალისწინებული თანხა ბენეფიციარს გადაუხადოს პრინციპალის მიერ სწორედ ვალდებულების შეუსრულებლობისას;

23.2. 2014 წლის 17 იანვარს გაცემულ საბანკო გარანტიებში მეორე მოპასუხე არ უთითებს, თუ კონკრეტულად რომელი პირობის დარღვევის შემთხვევაში წარმოეშობოდა მას ანაზღაურების ვალდებულება და აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ იგი კისრულობს ვალდებულებას აუნაზღაუროს ბენეფიციარს მოთხოვნილი თანხა ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში. მოსარჩელემ სწორედ იმიტომ მიიღო მეორე მოპასუხის მიერ გაცემული გარანტია, რომ მასში მითითებული იყო ანაზღაურების ვალდებულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში. მოსარჩელე ვერც ივარაუდებდა, რომ „პირობებში“ იგულისხმებოდა ერთი რომელიმე პირობა და არა მთლიანად - ხელშეკრულების პირობები. შესაბამისად, წინამდებარე შემთხვევაში, ნების მიმღებისთვის მითითება - „ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე“ წარმოშობს უფლებას პირველი მოპასუხის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში, საგარანტიო თანხის ფარგლებში, მოთხოვნა წაუყენოს გარანტს;

23.3. გარანტის პასუხისმგებლობა ბენეფიციარის წინაშე საბანკო გარანტიებში მითითებული მაქსიმალური თანხებით შემოიფარგლებოდა, რაც არ გულისხმობს პირველი მოპასუხის მიერ მხოლოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში თანხის ანაზღაურებას, არამედ მოიაზრებს პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში თანხის ანაზღაურების მაქსიმალურ ლიმიტს;

23.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი. იგი დაეყრდნო მხოლოდ პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას და არ გაითვალისწინა მეორე მოპასუხის მიერ 2014 წლის 17 იანვარს გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტიებით გამოვლენილი ნება. მეორე მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე გამოვლენილი ნება და ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა დგინდება მის მიერ გაცემული საბანკო გარანტიებით და არა - გარანტსა და პრინციპალს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომლის შინაარსი ბენეფიციარისთვის უცნობია კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე. პრინციპალსა და გარანტს შორის დადებული ხელშეკრულება არეგულირებს ურთიერთობებს მხოლოდ მათ შორის და არ აისახება ბენეფიციარის მიმართ გარანტის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე;

23.5. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ასანაზღაურებელი თანხის ბუნების გასარკვევად, თუნდაც სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დასადგენი რეალური ნების განსამარტად ანალოგიის სახით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანება „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, რომლის თანახმად, გარანტი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს ვალდებულების დარღვევისათვის თანხა, მაგრამ იმ საგარანტიო თანხის ფარგლებში, რაზეც გაცემულია გარანტია. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა არც ერთი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე არ აღემატება მეორე მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის მაქსიმალურ ოდენობას;

23.6. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, როდესაც მეორე მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შინაარსი დაუკავშირა პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსს;

23.7. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 1.7 პუნქტში [წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრინციპალის ვალდებულებები გარანტის წინაშე უზრუნველყოფილია შპს „სადაზღვევო კომპანია „ა–ის“ მიერ გაცემული გარანტიით] ცნება „ვალდებულება“ მოიცავდა საზღაურის გადახდის ვალდებულებასაც, მით უმეტეს, რომ ერთადერთი რეალური ვალდებულება, რაც პრინციპალს გააჩნდა მოსარჩელის წინაშე, იყო საზღაურის დროული გადახდა;

23.8. ხელშეკრულებების 2.2.5. პუნქტის თანახმად, გარანტი უფლებამოსილია პრინციპალის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების (საზღაურის/საგარანტიო თანხის გადახდა) შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები უზრუნველყოფის საგნების ხარჯზე. მოცემულ შემთხვევაში სხვა უზრუნველყოფის საშუალება, გარდა საბანკო გარანტიისა, გამოყენებული არც ყოფილა.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

26. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

28. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილი]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები [სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი]. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილი].

29. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ და წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია საკასაციო პრეტენზია, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის.

30. მხარეთა შორის სადავოა საკითხი იმის თაობაზე, რამდენად წარმოადგენს მოსარჩელის მიერ საბანკო გარანტიების გაცემისთვის გადასახდელი საზღაურის თანხა მეორე მოპასუხის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტიებით უზრუნველყოფილ თანხას.

31. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

32. ბენეფიციარისათვის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ფულადი თანხის გადახდა განისაზღვრება საბანკო გარანტიის პირობებით [სსკ-ის 887-ე მუხლის პირველი ნაწილი: გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს]. საბანკო გარანტიის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს შეთანხმება გადასახდელი თანხის ოდენობასთან მიმართებით [სსკ-ის 888–ე მუხლი: საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია]. გარანტიის პირობას შეიძლება წარმოადგენდეს, თუ რომელი ვალდებულების შესასრულებლად იქნა გაცემული საბანკო გარანტია [სსკ-ის 880.1 მუხლი: საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას].

33. განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ორი სადაზღვევო კომპანიის - მოსარჩელისა (ბენეფიციარი - საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გარანტი - მოსარჩელე, პრინციპალი - პირველი მოპასუხე) და მეორე მოპასუხის (ბენეფიციარი - მოსარჩელე, გარანტი - მეორე მოპასუხე, პრინციპალი - პირველი მოპასუხე) მიერ გაცემული საბანკო გარანტიები.

34. მოსარჩელის საბანკო გარანტიები №015967, №015968, №015969, №015970 (ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია) უზრუნველყოფს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წინაშე პრინციპალის (პირველი მოპასუხის) მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ხოლო მეორე მოპასუხის საბანკო გარანტიები №FRI/14-040030, №FRI/14-040031, №FRI/14-040032, №FRI/14-040033 (ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია) უზრუნველყოფს მოსარჩელესა და პრინციპალს შორის გაფორმებული №015967, №015968, №015969, №015970 საბანკო გარანტიის ხელშეკრულებების შესაბამისად, პრინციპალის ნაკისრ ვალდებულებას. სწორედ ამ უკანასკნელი საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ითხოვს მოსარჩელე (ბენეფიციარი) მეორე მოპასუხისგან (გარანტი) პირველი მოპასუხის (პრინციპალის) მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, მოსარჩელის მიერ №015967, №015968, №015969, №015970 საბანკო გარანტიების გაცემისათვის საზღაურის ანაზღაურებას.

35. საკასაციო სასამართლოს ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ მოსარჩელისა და მეორე მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიებით უზრუნველყოფილი თანხების ოდენობები ყოველი კონკრეტული საბანკო გარანტიის შემთხვევაში ერთმანეთის იდენტურია.

36. მოსარჩელის №015967 საბანკო გარანტია გაცემულია 25200 ლარზე, №015968 საბანკო გარანტია - 74250 ლარზე, №015969 საბანკო გარანტია - 120 000 ლარზე და №015970 საბანკო გარანტია - 165 000 ლარზე.

37. მოპასუხის №FRI/14-040033 საბანკო გარანტია გაცემულია №015967 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების შესაბამისად - 25200 ლარზე, №FRI/14-040032 საბანკო გარანტიის შემთხვევაში - №015968 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების შესაბამისად 74250 ლარზე, №FRI/14-040031 საბანკო გარანტიის შემთხვევაში - №015969 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების შესაბამისად 120000 ლარზე და №FRI/14-040030 საბანკო გარანტიის შემთხვევაში - №015970 საბანკო გარანტიის ხელშეკრულების შესაბამისად 165000 ლარზე.

38. ამდენად, მოსარჩელისა და მეორე მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მეორე მოპასუხის მიერ გაცემული №FRI/14-040030, №FRI/14-040031, №FRI/14-040032 და №FRI/14-040033 საბანკო გარანტიებით თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნა მოსარჩელის მიერ გაცემულ №015967, №015968, №015969 და №015970 საბანკო გარანტიებში მითითებული საგარანტიო თანხები. აღნიშნულს ამყარებს ასევე მეორე მოპასუხის მიერ გაცემულ საბანკო გარანტიებში არსებული ჩანაწერი: "მხედველობაში ვიღებთ რა, რომ სს "ე.მ–ია ა.ტ.ე.ვ.ე"-ს ფილიალი საქართველოში ს/კ .... (შემდეგ - "პრინციპალი") და თქვენს შორის გაფორმებული საბანკო გარანტიის №015967 (№015968, №015969 და №015970) ხელშეკრულების შესაბამისად, პრინციპალმა იკისრა ვალდებულება თქვენს წინაშე მითითებულ თანხაზე, ჩვენ თანახმა ვართ, გავცეთ მიმწოდებლის სახელზე ზემოთ აღნიშნული გარანტია" (იხ. ტ. 1. ს. ფ. 21, 26, 32, 38). ამდენად, თავად საბანკო გარანტიების ტექსტებიდან ირკვევა, რომ მეორე მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიები უზრუნველყოფდა მოსარჩელის მოთხოვნას პრინციპალის მიერ რეგრესული დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში.

39. აღნიშნულს ვერ აქარწყლებს მოსარჩელის პრეტენზია, რომ მეორე მოპასუხის მიერ გაცემულ №FRI/14-040033, №FRI/14-040032, №FRI/14-040031, №FRI/14-040030 საბანკო გარანტიებში მითითებულ „ხელშეკრულების პირობების დარღვევაში“ იგულისხმება მთლიანად ხელშეკრულების პირობები [მეორე მოპასუხის მიერ გაცემული №FRI/14-040033, №FRI/14-040032, №FRI/14-040031, №FRI/14-040030 საბანკო გარანტიების პირველ პუნქტებში მითითებულია შემდეგი: გარანტი პასუხისმგებელია თქვენს წინაშე პრინციპალის სახელით საერთო თანხაზე 25200 ლარზე (74250 ლარზე, 120000 ლარზე, 165000 ლარზე) და უპირობოდ ვკისრულობთ ზემოაღნიშნული თანხის გადახდას პრინციპალის მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე მოთხოვნისთანავე 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში თქვენი მხრიდან მოთხოვნის ან მოთხოვნილი თანხის დასაბუთების საჭიროების გარეშე (იხ. ტ. 1. ს. ფ. 21, 26, 32, 38]. კასატორის მოსაზრებით, ნების მიმღებისთვის მითითება - „ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე“ წარმოშობს უფლებას პირველი მოპასუხის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში, საგარანტიო თანხის ფარგლებში, მოთხოვნა წაუყენოს გარანტს.

40. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

41. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება (იხ. სუსგ №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).

42. ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირების შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული (იხ. სუსგ. №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი 2015 წელი). სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება. აღნიშნულის დასტურია სამოქალაქო კოდექსის 338-ე მუხლი, რომლის ძალითაც ხელშეკრულებაში ურთიერგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს (იხ. სუსგ. №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).

43. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (იხ. სუსგ №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი). გარიგების სადავო დებულების განმარტება უნდა მოხდეს თავად გარიგების მთელი შინაარსის, იმ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, რაც შესაძლოა, მხარეებს ევარაუდათ სადავო დებულების ფორმირებისას.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, თუ კასატორმა მეორე მოპასუხის მიერ გაცემულ საბანკო გარანტიებში მითითებული სიტყვები „ხელშეკრულების პირობების დარღვევა“ აღიქვა პრინციპალის მიერ არა მარტო ძირითადი ვალდებულების, არამედ - საგარანტიო მომსახურებისთვის საზღაურის გადახდის ვალდებულების დარღვევად, მაშინ მეორე მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის თანხის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო აღნიშნულ ვალდებულებათა ჯამური ოდენობა. სხვაგვარად რომ ითქვას, მეორე მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიები ვერ უზრუნველყოფდა პრინციპალის მიერ ორივე ვალდებულების (საზღაურისა და პრინციპალის რეგრესული დავალიანების გადახდა) დარღვევის შემთხვევაში თანხის გადახდას. როგორც ზემოთ აღინიშნა, მეორე მოპასუხის მიერ საბანკო გარანტიები გაცემულია მხოლოდ იმ თანხებზე, რაც უზრუნველყოფდა პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების შესრულებას ანუ რეგრესის წესით თანხის გადახდას. ამდენად, „გონივრული განსჯის“ შედეგად, ნების მიმღებს (მოსარჩელეს) არ შეიძლება შექმნოდა იმის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მეორე მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიები უზრუნველყოფდა საზღაურის ანაზღაურებასაც, მით უმეტეს, რომ თავად მოსარჩელე წარმოადგენს სადაზღვევო ბაზარზე მოქმედ მეწარმე სუბიექტს, რომელსაც მისი ყოველდღიური საქმიანობის გამოცდილებიდან გამომდინარე, მოეთხოვებოდა მეტი წინდახედულობა და გულისხმიერების გამოჩენა.

45. განსახილველ შემთხვევაში, მეორე მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიები არ უზრუნველყოფდა მოსარჩელის წინაშე პრინციპალის ვალდებულებას საზღაურის თანხის გადახდაზე. შესაბამისად, მეორე მოპასუხეს არ ეკისრება აღნიშნული საზღაურის ანაზღაურების ვალდებულება [სსკ-ის 316.1 მუხლი: ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. 317.1 მუხლი: ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან], რის გამოც სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

46. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, რაც მისი ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

47. ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები და აღნიშნული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „სადაზღვევო კომპანია უ–ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე