Facebook Twitter

საქმე №ას-1288-2018 17 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ.ა. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.ა–ის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2016 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, დაეკისრა 3 258,40 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა − 2 033,37 ლარი, პროცენტი − 559,27 ლარი და პირგასამტეხლო − 665,76 ლარი.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად განჩინების ასლის ჩაბარებიდან განესაზღვრა 5 დღე. განჩინებაში მითითებულ ვადაში აპელანტს უნდა წარედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა რ.ა–ის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში (ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტები) ან უშუალოდ მხარის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. მასვე განემარტა ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2018 წლის 25 ივნისს, აპელანტის წარმომადგენელმა, რ.ა–მა წარადგინა განცხადება, რომლითაც ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული ვადა მხარეს გაუგრძელდა 5 დღით. განჩინებით განსაზღვრულ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა წარადგინა მის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი და კვლავ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება მოითხოვა.

7. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლები, რადგან აპელანტს არ წარუდგენია ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი ისეთი უტყუარი მტკიცებულებები, რაც დაასაბუთებდა სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას.

8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის სრულად შევსება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, იგი უფლებამოსილი არ იყო თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა, რადგან აპელანტს სასამართლოსთვის ასეთი შუამდგომლობით არ მიუმართავს.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

10. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

10.1. აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი ვერ გადაიხადა, რადგან არ აქვს არანაირი შემოსავალი. მან სააპელაციო სასამართლოში არაერთი შუამდგომლობა წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე, თუმცა სააპელაციო პალატამ, ისე, რომ არ იმსჯელა აპელანტის შუამდგომლობებზე, განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი;

10.2. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი. იგი ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა აპელანტის შუამდგომლობა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა რ.ა–ის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ან უშუალოდ მხარის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 161-163).

15. დადგენილია ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული ვადა მხარეს გაუგრძელდა 5 დღით. ამასთან, საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 168-169). განჩინებით განსაზღვრულ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა წარადგინა მის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი და კვლავ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება მოითხოვა (იხ. ტ. 1. ს.ფ. 174-182). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 183-185).

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ აპელანტის შუამდგომლობებზე და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე ორჯერ იმსჯელა, კერძოდ, 2018 წლის 15 ივნისისა (იხ. ტ.1. ს.ფ. 161-163) და 2018 წლის 20 ივლისის (იხ. ტ.1. ს.ფ. 183-185) განჩინებებით და ორივეჯერ უარი უთხრა აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლები, რადგან აპელანტს არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რაც დაასაბუთებდა სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას.

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ვერც იმ შედავებას გაიზიარებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლი.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ მხარის მიერ მისი ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

19. მოცემულ შემთხვევაში აპელანტს თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დადასტურების მიზნით სააპელაციო სასამართლოსთვის სათანადო მტკიცებულებები არ წარუდგენია. ამასთან, არც კერძო საჩივარს ერთვის რაიმე მტკიცებულება აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის თაობაზე მხოლოდ მხარის მითითება, რომელიც გამყარებული არ არის უტყუარი მტკიცებულებებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტის გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი სრულყოფილად არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ უშუამდგომლია სასამართლოს წინაშე, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამგვარად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე