Facebook Twitter

№ ას-1433-1353-2017 . 9 თებერვალი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ხ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.დ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2016 წლის 9 ნოემბერს მ.დ–მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ხ–ის (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მათი საერთო შვილის, მცირეწლოვანი ნ.ხ–ის სასარგებლოდ ყოველთვიური ალიმენტის სახით 500 ლარის გადახდის დაკისრება ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე, ასევე სარჩელის აღძვრამდე წარსული დროის სამი თვის ალიმენტი 1500 ლარის ოდენობით.

2. მოსარჩელის განცხადებით, იგი 2015 წლის 15 თებერვლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან და 2015 წლის 30 ნოემბერს მათ შეეძინათ შვილი. ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში მოპასუხე თავს არიდებდა მამის მოვალეობის შესრულებას, არ მონაწილეობდა შვილის აღზრდის პროცესში, ფლანგავდა ოჯახის სახსრებს აზარტულ თამაშებში, რაც მათი თანაცხოვრების დასრულების მიზეზი გახდა. მოსარჩელე 11 თვის შვილთან ერთად გადავიდა ნაქირავებ ბინაში და ამჟამად იმყოფება დედის კმაყოფაზე, თუმცა დედის შემოსავალი არ არის საკმარისი ბავშვის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, რაც სასამართლოში სარჩელის აღძვრისა და ალიმენტის მოთხოვნის საფუძველი გახდა.

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანხმობა განაცხადა შვილისათვის ალიმენტის სახით 100 ლარის გადახდაზე, ამასთან, მიუთითა, რომ იგი კეთილსინდისიერად ასრულებს მამის მოვალეობას, ყოველთვიურად ყიდულობს ბავშვისათვის საჭირო ნივთებს და შესაძლებლობის ფარგლებში უხდის ალიმენტს, თუმცა ვინაიდან იგი არის მეორე კურსის სტუდენტი, არ არის დასაქმებული და თავადაც იმყოფება დედის კმაყოფაზე, ვერ შეძლებს სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდას.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 30 ნოემბერს დაბადებული ნ.ხ–ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით 200 (ორასი) ლარის გადახდა სარჩელის შეტანიდან, 2016 წლის 9 ნოემბრიდან ყოველთვიურად მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე. სარჩელი წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 30 ნოემბერს დაბადებული ნ.ხ–ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით 250 (ორასორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის შეტანიდან, 2016 წლის 9 ნოემბრიდან, ყოველთვიურად მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს 2015 წლის 30 ნოემბერს, ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, ნ.ხ.;

7.2. ამჟამად მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ერთიან საოჯახო მეურნეობას აღარ ეწევიან. არასრულწლოვანი ნ.ხ. ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელესთან ერთად. მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი;

7.3. მოპასუხე 2014 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და არის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი. იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით;

7.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მთავარი სამმართველოს მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს მონაცემების თანახმად, ფიქსირდება მოპასუხის მიერ სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრამდე (2015 წლის 8 იანვარი - რეისი დოჰა, გასვლა აზერბაიჯანი; 2015 წლის 18 ივლისი - რეისი ურმუჩი, გასვლა ჩინეთი; 2016 წლის 9 იანვარი - რეისი ბაქო დოჰა, გაფრენა კატარი; 2016 წლის 30 აგვისტო - რეისი ურმუჩი, გასვლა ჩინეთი);

7.5. მოპასუხის დედის, ლ.ხ–ის სახელზე რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დისნეი“;

7.6. მოპასუხის დედის სახელზე რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ...... და ..... მდებარე საცხოვრებელი ბინები და ქ. გურჯაანში, ....... მდებარე უძრავი ქონება.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-18, 27-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით და აღნიშნა, რომ არასრულწლოვან ნ.ხ–ზე ზრუნვის მოვალეობა თანაბრად ეკისრებოდა ორივე მშობელს. ამასთან, მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს შვილი, იტვირთება მხოლოდ მატერიალური დახმარების გაწევის კუთხით, განსხვავებით იმ მშობლისაგან, რომელიც ძირითადად მცირეწლოვნის მოვლითა და აღზრდითაა დაკავებული. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის არგუმენტი, რომ უმუშევარია და არ გაჩნია სტაბილური შემოსავალი, არ წარმოადგენს მშობლის კანონისმიერი მოვალეობისაგან გათავისუფლების საფუძველს, ფინანსური მდგომარეობა ვერ გაათავისუფლებს მშობელს არჩინოს არასრულწლოვანი შვილი და შეუქმნას მას ცხოვრების ნორმალური პირობები აღზრდისა და განვითარებისთვის.

9. იმის გათვალისწინებით, რომ მცირეწლოვანი ნ.ხ. ცხოვრობს მოსარჩელესთან, ხოლო მოპასუხეს არ ჰყავს სხვა არასრულწლოვანი შვილები, სასამართლომ მოპასუხის მიერ გადასახდელი ალიმენტის გონივრულ ოდენობად მიიჩნია 250 ლარი.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

11. კასატორის განცხადებით, დაკისრებული ალიმენტის ოდენობა არაგონივრულია იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არ გააჩნია არანაირი შემოსავალი და თავადაც სხვის კმაყოფაზეა. სააპელაციო სასამართლომ ალიმენტის გაზრდილი ოდენობა იმ გარემოების გათვალისწინებით დააკისრა მოპასუხეს, რომ მოსარჩელე არ მუშაობდა და არ ჰქონდა შემოსავალი. ეს ვითარება კი ამჟამად შეცვლილია - მოსარჩელე დასაქმებულია კაზინო „ი–ში“, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების წინაპირობებს ქმნის.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩნებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

16. კასატორის მთავარი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს არ გააჩნია შემოსავალი და მიუხედავად ამისა, დააკისრა მას ალიმენტის გაზრდილი ოდენობა - 250 ლარი.

17. საკასაციო სასამართლო გამარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლი კი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. გაერთიანებული ერების „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ №ას-1112-1047-2015, 2016 წლის 4 მარტი). ამდენად, ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 2017 წლის 17 ოქტომბერი).

18. როგორც წინამდებარე საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი შეფასების შედეგად, დაადგინა ალიმენტის განსაზღვრული ოდენობა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მიდგომა შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას და, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით.

19. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ალიმენტის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილის რჩენა-აღზრდისა და ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით 250 (ორასორმოცდაათი) ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია. ამასთან, მართალია, კასატორი მისთვის დაკისრებული ალიმენტის შემცირების საფუძლად მიუთითებს ახალ გარემოებაზე - მოსარჩელის დასაქმებაზე, თუმცა მას აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

20. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რასაც შეიძლება არსებითად ემოქმედა საქმის გადაწყვეტის საბოლოო შედეგზე. კასატორს, აგრეთვე, არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლითსააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ა.ხ–ს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს ქ.მ–ის (პ/ნ: .....) მიერ 2017 წლის 12 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე